ფსიქოლოგიური კონსულტაცია
-
მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობთ. თავიდან მეგონა, რომ ეს ძალიან მოხერხებული და სასიამოვნოც კი იქნებოდა, მაგრამ ახლა ვამჩნევ, რომ ხშირად უხერხულად ვგრძნობ თავს და გარკვეულ დისკომფორტს განვიცდი. თუ მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთს ალერსიანად შევხედეთ, ეს შეუმჩნეველი არავის რჩება; თუ ერთმანეთზე ნაწყენი ვართ და ბრაზით გადავხედავთ ერთმანეთს - ესეც სხვების ყურადღებას იპყრობს. ამას ჭორაობა მოჰყვება... როგორ მოვიქცეთ?
უპირველეს ყოვლისა, დაიცავით დისტანცია. გახსოვდეთ: თუნდაც დილით სერიოზულად იკამათოთ, სამსახურში ერთმანეთის მიმართ მაინც კეთილგანწყობილნი უნდა იყოთ.
კრებებზე, თათბირებზე ისე მიმართეთ ერთმანეთს, როგორც კოლეგებმა. შეინარჩუნეთ ოფიციალური ტონი. ეს შეასრულებს თავისებური ნიღბის ფუნქციას, რომელსაც შინ დაბრუნებისთანავე ჩამოიხსნით და კვლავ მოსიყვარულე და ალერსიანი ცოლ-ქმარი გახდებით.
ნუ დაივიწყებთ, რომ მოსიყვარულე წყვილს ხშირად უხდება არჩევანის გაკეთება ურთიერთობასა და კარიერას შორის. ზოგჯერ ერთ-ერთ მეუღლეს სამსახურის მიტოვება ან სხვა სამუშაოზე გადასვლა უხდება.
არცთუ იშვიათად სამსახურებრივი ურთიერთობისას ცოლ-ქმარი ერთმანეთის დაქვემდებარებაში არიან, რაც დაწინაურების პერსპექტივას უსპობს ორივე მათგანს. ერთმანეთის მიმართ ნაზი გრძნობების მიუხედავად, ცოლ-ქმარს შორის მაინც არსებობს კონკურენცია. თუ ერთ-ერთმა მაღალ თანამდებობას მიაღწია და გასამრჯელოც მოემატა, მეორე ეჭვიანობას იწყებს. ამასთან, თუ ერთ-ერთს მაღალი თანამდებობა უჭირავს, მისი პარტნიორი ავტომატურად მიიჩნევა პროტეჟედ.
თუ მეუღლე თქვენი უფროსია, არავითარ შემთხვევაში არ გაეხუმროთ მას თანამშრომლების თანდასწრებით. ნუ მოყვებით მისი ჩვევების შესახებ, ნუ მოახდენთ თქვენი პრივილეგირებული მდგომარეობის დემონსტრირებას. დაემორჩილეთ ოფისში არსებულ წესებს, შეასრულეთ შეფის განკარგულებები. გახსოვდეთ: თქვენი ნებისმიერი შეცდომა საჭორაო მასალას მისცემს თქვენს კოლეგებს.
-
ავად გავხდი, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, არადა მალე რთული გამოცდა უნდა ჩავაბარო. საშინლად ვშფოთავ. არ ვიცი, რა მეშველება.
ჯერ დაფიქრდით, იქნებ შეიძლება, გამოცდა სხვა დღისათვის გადაატანინოთ - ჯანმრთელობა ხომ უფრო მნიშვნელოვანია. თუ ეს ვერ მოხერხდება, ასე მოიქეცით: უპირველეს ყოვლისა, გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია - გაიგეთ, რა პრეპარატები შეიძლება მიიღოთ, რომ ფეხზე წამოდგომა შეძლოთ. ზუსტად შეასრულეთ ექიმის რეკომენდაცია. ნუ მიიღებთ წამლებს დამოუკიდებლად - შესაძლოა, ისეთი შეარჩიოთ, რომლებიც ძილიანობას ან სხვა გვერდით მოვლენებს იწვევს.
მეორე - შეეცადეთ, კარგად გამოიძინოთ. ავადმყოფი თავის დამატებითი ინფორმაციით გადატვირთვა უაზრობაა. დასვენებულ გონებაზე კი გადაიმეორეთ ყველაზე რთული საკითხები. ინსტიტუტში მისვლისას ეცადეთ, ერთ-ერთი პირველი გახვიდეთ გამოცდაზე. ლოდინი მხოლოდ დაგღლით და მდგომარეობას გაგიუარესებთ.
-
საქმიან პარტნიორებთან შესახვედრად მივლინებაში წავედი, მაგრამ მოხდა უსიამოვნო რამ - ჩემი ბარგი დაიკარგა და უტანსაცმლოდ დავრჩი. და ეს პირველად როდი ხდება! იმდენად ნივთების დაკარგვა არ მადარდებს, რამდენადაც ის, როგორ შთაბეჭდილებას მოვახდენ პოტენციურ პარტნიორებზე. არ ვიცი, როგორ მოვექცე აეროპორტის თანამშრომლებს ასეთი უპასუხისმგებლობის გამო!
ნუ აჰყვებით ემოციებს. დამშვიდდით. ახლა დრო არ არის, წინ ბევრი საქმე გაქვთ და ყველაფერი რომ მოასწროთ, ფხიზელი გონებაა საჭირო. აეროპორტის წარმომადგენლებს დაუტოვეთ თქვენი ბარგის აღწერილობა, თქვენ კი ახლავე გაემართეთ უახლოესი სავაჭრო ცენტრისკენ. შეიძლება, საჭირო ნივთები აეროპორტის შენობიდან გაუსვლელადაც შეიძინოთ. თქვენი მიზანი აქსესუარების შეძენაა. შეარჩიეთ რამდენიმე სხვადასხვა ფერის ცხვირსახოცი და აბრეშუმის ყელსახვევი, მათი შესაფერისი ტონალობის ბიჟუტერია. მრავალფეროვანი მაკიაჟისა და აქსესუარების წყალობით ერთი კოსტიუმის პატრონიც კი შეძლებთ, სხვადასხვანაირად წარდგეთ შეხვედრებზე. შეხვედრამდე მიაკითხეთ სილამაზის სალონს და შეიცვალეთ ვარცხნილობა. საქმიანი ეტიკეტის დაუცველობაში ვერავინ შემოგედავებათ, მცირე ხნის შემდეგ კი თქვენი ბარგიც მოიძებნება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
-
შეყვარებულს საშინლად ვეჩხუბე, მაინცდამაინც მაშინ, როცა წინ მნიშვნელოვანი გასაუბრება მაქვს. შიგნით თითქოს ყველაფერი მიდუღს, ისე ვარ გაბოროტებული წყენისა და უსამართლობისგან, მზად ვარ, რაც ხელში მომხვდება, დავხიო, დავამტვრიო. როგორ გადავლახო ეს განწყობა?
მთავარია, ამ მდგომარეობაში ხელში არ მოგხვდეთ ის, ვიზეც არის დამოკიდებული თქვენი კარიერის ბედი. ამიტომ შეეცადეთ დამშვიდდეთ, სხვა რამეზე გადაერთოთ. შევხედოთ სიტუაციას გამორჩენის თვალით. ჯერ ერთი, ახლა თქვენ გაქვთ უამრავი თავისუფალი დრო და შეგიძლიათ, ის საქმეს მოახმაროთ. მეორე - თქვენ გაგიჩნდათ შანსი, დასაჯოთ თავხედი შეყვარებული. მას ჰგონია, რომ თქვენ ცრემლებად იღვრებით და მის გარეშე დაჭკნებით, როგორც გადაგდებული იის კონა? ნურას უკაცრავად, თქვენ მას დაანახვებთ, რა შეგიძლიათ და მიიღებთ სასურველ სამუშაოს და კონტრაქტს. თქვენ მალე შეამჩნევთ, - თუ უკვე არ შეგიმჩნევიათ, - რომ ახალ სამუშაო ადგილას ბევრი სიმპათიური მამაკაცი მუშაობს.
-
ბოლო დროს ხშირად ვიგვიანებ საქმიან შეხვედრებზე იმის გამო, რომ გზაზე საცობებში ვხვდები. ხან უწმაწური სიტყვები წამომცდება, ხან ნერვიულად სიგნალს ვაძლევ. შედეგი - საშინლად ვნერვიულობ, მიფუჭდება ხასიათი და საქმიანი შეხვედრა მეშლება. როგორ მოვერიო თავს?
უმჯობესია, ამ უსიამოვნების მასშტაბი შეაფასოთ. საცობების შესახებ ხშირად გადმოსცემენ რადიოთი, ამიტომ შეგიძლიათ, წინასწარ შეარჩიოთ უფრო მოხერხებული მარშრუტი. ტელეფონით დაუკავშირდით ადამიანებს, რომლებთანაც შეხვედრა გაქვთ დანიშნული, მოუბოდიშეთ და შეატყობინეთ, რამდენ ხანს დაგვიანდებით, რათა მათ შეძლონ, სასარგებლოდ გამოიყენონ დროის ეს შუალედი, ან საერთოდ გადადეთ შეხვედრა. ნაცვლად იმისა, რომ წარმოიდგინოთ, როგორ ბრაზობენ თქვენზე კლიენტები, შეეცადეთ, კიდევ ერთხელ გაიაზროთ ის, რის შესახებაც აპირებთ მათთან საუბარს, დახვეწოთ, უფრო ლაკონიური გახადოთ მონოლოგი. ადგილზე მისვლისას ნუ მოჰყვებით ვაი-ვიშს, მოიბოდიშეთ და პირდაპირ საქმეზე გადადით. ზედმეტი ემოციებით საკუთარ თავსაც და სხვებსაც დისკომფორტს შეუქმნით.
-
მყავს შეყვარებული. დიდი ხანი არ არის, რაც ერთმანეთს ვხვდებით, ჩვენ შორის ახლა დაიწყო ნამდვილი რომანი და უეცრად ამ ბედნიერებას წინ სერიოზული დაბრკოლება გადაეღობა: დედაჩემი გახდა ძალიან ავად და საავადმყოფოში დავაწვინეთ. შეიძლება ითქვას, ორად ვარ გახლეჩილი, დავრბივარ საავადმყოფოში, რომელიც სახლიდან ძალიან შორსაა, თან უნდა მოვამზადო დიეტური და თანაც გემრიელი კერძები ავადმყოფი დედისთვის, გული კი ამ დროს შეყვარებულისაკენ მიმიწევს. ძალიან ვნერვიულობ, ასე მგონია, სათანადო ყურადღებას ვერც ერთს ვერ ვაქცევ. მეშინია, შეყვარებული არ დავკარგო ან დედას არ ვაწყენინო. როგორ მოვიქცე?
შეეცადეთ, ყველაფერი ერთმანეთს შეუთავსოთ. სერიოზული ურთიერთობისთვის ხართ განწყობილი? - შესანიშნავი საშუალება მოგეცათ გაარკვიოთ, როგორ მოიქცევა თქვენი რჩეული რთულ სიტუაციაში. შეამოწმეთ, შეძლებს თუ არა ის, თქვენი დასაყრდენი გახდეს. თუ გაგინაწყენდებათ, რომ მეტ დროს ვერ უთმობთ? დედას კი აუცილებლად უნდა გაუმხილოთ თქვენი სიყვარულის შესახებ. უამბეთ, რას განიცდით, სთხოვეთ რჩევა, როგორ მოიქცეთ, როგორ ჩაიცვათ პაემანზე წასვლისას. ასეთი სასიამოვნო თემის განხილვისას დედა ცოტა ხნით მაინც დაივიწყებს ავადმყოფობას, იგრძნობს, როგორ გჭირდებათ. ამასთან, შვილების ბედნიერება ხომ საუკეთესო წამალია მშობლისთვის.