ფობიები ადამიანთა ცხოვრებაში
ვარ 67 წლის ქალი. მყავს ერთი შვილი. შეძლებისდაგვარად მშვიდი ცხოვრება გამოვიარე. გადავიტანე პატარ-პატარა დაავადებები. მქონდა მძიმე მშობიარობა და, იქიდან მოყოლებული, მარტო სიარულის შიში მაქვს. 35 წელია, სახლიდან მარტო ვერ გავსულვარ. იქნებ მირჩიოთ რამე.
ვარ 42 წლის ქალი. 14 წლის წინ გამძარცვეს. მაშინ ძალიან დიდი სტრესი მივიღე. შინიდან კარგა ხანს ვერ გავდიოდი, გამუდმებით მეგონა, ვიღაც მომდევდა. მას შემდეგ, ქუჩაში რომ დავდივარ, ჩემი ჩრდილისაც კი მეშინია. გული მიჩქარდება, ცუდად მიხდება, მოვიხედავ და - ჩემი ჩრდილია. ასე როდემდე უნდა ვიტანჯო? გთხოვთ, მირჩიოთ რამე.
წერილებში აღწერილი პრობლემების გასაშუქებლად და სათანადო რეკომენდაციების მისაღებად საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს, ექიმ ფსიქიატრს, ქალბატონ მანანა შარაშიძეს ვესტუმრეთ.
- ქალბატონო მანანა, რა პათოლოგიებთან გვაქვს საქმე? როგორც პირველი წერილიდან ირკვევა, ჩვენი მკითხველი მშობიარობის შემდეგ მარტო ვერ გადის შინიდან. სავარაუდოდ, ძლიერმა სტრესმა გამოიწვია ეს პრობლემა. უმეტესად რა სახის სტრესი განაპირობებს ასეთ დარღვევებს? ალბათ ისიც საყურადღებოა, რომ ამ ქალბატონს შინ მარტო დარჩენისა არ ეშინია, ქუჩაში სიარული კი აშინებს, ესე იგი, უფრო მეტად - ხალხმრავლობა, ღია სივრცე.… მეორე წერილის ავტორიც შიშით არის შეპყრობილი. რა ძვრებია ამ ადამიანთა ფსიქიკაში? როგორ უნდა დაძლიონ მათ ეს შიში? რას გულისხმობს მათი რეაბილიტაცია? როგორ უნდა იმკურნალონ?
- ამ წერილებში ქალბატონების ფსიქიკური პრობლემების შესახებ მწირი ინფორმაციაა მოცემული, ამიტომ ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, მხოლოდ სავარაუდო დიაგნოზით თუ შემოვიფარგლებით. უპირველეს ყოვლისა, ამ ქალბატონებს ვეტყოდი, რომ ასეთი აშლილობები ქრონიკულ ხასიათს ატარებს, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, რომელიც მოიცავს ფსიქოთერაპიას და მედიკამენტურ მკურნალობას, იკურნება. ვურჩევდი, დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტისთვის მიემართათ.
- მაინც რა ხდება ამ ქალბატონების ფსიქიკაში? სტრესებმა რატომ დაასვეს მათ ასეთი მძიმე დაღი?
- შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ქალბატონებს, რომლებმაც წერილით მოგვმართეს, აღენიშნებათ შფოთვით-ფობიკური აშლილობანი, კერძოდ, აგორაფობია. აშლილობათა ამ ჯგუფში შფოთვა უმეტესად განპირობებულია სიტუაციებით, რომლებიც დროის მოცემულ მომენტში ინდივიდს რეალურ საფრთხეს არ უქმნის. შედეგად ადამიანი ან თავს არიდებს, ან შიშის გრძნობით უმკლავდება ამ სიტუაციებს. შფოთვა შესაძლოა კონცენტრირებული იყოს ცალკეულ სიმპტომებზე, როგორიცაა გაძლიერებული პულსაცია ან გულის წასვლის შეგრძნება, რასაც თან სდევს სიკვდილის, თვითკონტროლის დაკარგვის ან გაგიჟების მეორადი შიში. ფობიკურ სიტუაციაში მოხვედრის წარმოდგენაც კი, ჩვეულებრივ, იწვევს შფოთვას. ტერმინი “აგორაფობია” აერთიანებს ურთიერთდაკავშირებული და, ჩვეულებრივ, ნაწილობრივ თანმხვედრი ფობიების წყებას: შინიდან გასვლის, მაღაზიაში შესვლის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის, ტრანსპორტით მარტო მგზავრობის შიშს. ახალ და წარსულ ეპიზოდებში ხშირად გვხვდება პანიკური აშლილობა, დეპრესიული და ობსესიური სიმპტომები, გამოხატულია ფობიკური სიტუაციებისთვის თავის არიდების ტენდენცია. ამასთან, ზოგიერთი პაციენტი ოდნავ ღელავს, თუმცა შეუძლია, თავი აარიდოს ფობიკურ სიტუაციას. სავარაუდოა ასევე აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ანუ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. ამ აშლილობით დაავადებულია მოსახლეობის დაახლოებით 2-3 პროცენტი. იგი ფსიქიკის ქრონიკული დარღვევაა, რომელიც ზოგჯერ მძიმედ, ზოგჯერ კი მსუბუქად არის გამოხატული.
- იქნებ დაწვრილებით აუხსნათ მკითხველს, რას წარმოადგენს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა არის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს განმეორებითი, რეციდიული, აკვიატებული აზრები - ობსესიები - და აკვიატებული მოქმედებები - კომპულსიები. ობსესია - გულისხმობს ინდივიდის ნების გარეშე მის ცნობიერებაში აღმოცენებულ აკვიატებულ აზრებს, გრძნობებს, წარმოდგენებს, რომლებიც სტერეოტიპული ფორმით მეორდება გონებაში, თან ახლავს კრიტიკული დამოკიდებულება და მათი ავადმყოფური წარმოშობის განცდა. კომპულსია - გულისხმობს რაიმე მოქმედებისკენ დაუძლეველ, აკვიატებულ ლტოლვას, რომელიც აღმოცენდება გონების, ნების, გრძნობის საწინააღმდეგოდ და ინდივიდის მიერ შეიცნობა როგორც არასწორი, მიუღებელი, რის გამოც მისი რეალიზება არ ხდება. იგი ხშირად წინააღმდეგობაშია ინდივიდის მორალურ-ეთიკურ პრინციპებთან. უფრო ფართო გაგებით - მოძრაობითი სფეროს ნებისმიერი აკვიატება, მათ შორის - აკვიატებული რიტუალები. რიტუალი - გულისხმობს აკვიატებულ ჩვევას, რომლის დანიშნულებაა თითქოსდა მომავალი საფრთხის თავიდან აცილება, შიშის დაძლევა. ხშირად მოწყვეტილია შიშის რეალურ სურათს და აქვს სიმბოლური ხასიათი. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. ავადმყოფს აკვიატებული აზრები მოიცავს, მიუხედავად იმისა, რომ ესმის მათი აბსურდულობა, ებრძვის მათ - თავის დაღწევას ვერ ახერხებს. აკვიატებულ შიშებს (ფობიებს) მიეკუთვნება სამაღლის, ღია ან დახურული სივრცის, ხალხმრავლობის, უცაბედი სიკვდილის, ამა თუ იმ უკურნებელი დაავადების, „გაგიჟების“ შიში. ერთსა და იმავე პიროვნებას შეიძლება სრულიად განსხვავებული ფობიები განუვითარდეს. აკვიატებული მოქმედებები შეიძლება იყოს: გაუთავებელი ბანა, კარების ან გაზქურის შემოწმება, წუხილი, შფოთვა წესრიგის, სიზუსტის, სიმეტრიულობის დაცვის გამო, რელიგიური რიტუალების შესრულება სხვადასხვა საქმიანობის დაწყების წინ. ხშირად გვინახავს ადამიანები, რომლებსაც აუცილებლად მიაჩნიათ პირჯვრის გადაწერა ეკლესიის დანახვისას. ეს რიტუალი განსაკუთრებით გავრცელებულია მძღოლებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მათგანი ამ სახის ნევროზითაა დაავადებული, მაგრამ ნაწილს იგი აქვს. ავადმყოფები ხშირად იტანჯებიან არა მარტო აკვიატებული აზრებისგან, არამედ მოქმედებებისგანაც. ამ მოქმედებებს რიტუალებს უწოდებენ. მათ ასრულებენ შიშისა და შფოთვის შესასუსტებლად, მომავალი უბედურებისგან თავისა და ახლობლების დასაცავად. მაგალითად, ავადმყოფი გამუდმებით ითვლის საგნებს (კიბის საფეხურებს, ფანჯრის რაფებს, სკამის ფეხებს), გონებაში აწარმოებს გამოთვლით ოპერაციებს და სხვა, რათა სიმსივნე ან სხვა საშიში დაავადება არ დაემართოს. ამავე დროს, იცის, რომ ეს ქცევა აბსურდულია, ებრძვის თავის თავს. “რიტუალების” ხშირი გამეორება ზოგჯერ იკავებს მთელ დღეს და შეუძლებელს ხდის ყოველდღიურ საქმიანობას.
- ქალბატონო მანანა, ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ აკვიატებია შემაწუხებელი ფიქრი...
- აკვიატებული ფიქრი შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელ ადამიანსაც, გადაღლილობის, უძილობის, გადატანილი შიშის გამო. ზოგიერთ შემთხვევაში აკვიატება ისე იპყრობს ადამიანს, იმდენ დროს ართმევს, რომ მისი ჩვეულებრივი ცხოვრება ირღვევა: უჭირს მუშაობა, ოჯახსა და სოციალურ გარემოსთან შეგუება. სხვა მხრივ აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზით დაავადებულნი სავსებით გონიერი, ნორმალური ადამიანები არიან. მათ ესმით თავიანთ აკვიატებათა უსაფუძვლობა, მაგრამ დამოუკიდებლად მათი დათრგუნვა არ შეუძლიათ. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზებისგან გამოყოფენ აკვიატებულ შიშებს (ფობიებს). ფობიებით დაავადებულია მოსახლეობის 8-9 პროცენტი. სწორედ ეს დაავადება აქვს ქალბატონს, რომელმაც ზემოთ მოყვანილი წერილი მოგვწერა. აკვიატებული შიშები მეტად მრავალფეროვანია და გვხვდება ძალიან ხშირად. მათ მიეკუთვნება:
- თანატოფობია - სიკვდილის შიში;
- კარდიოფობია - გულის დაავადების შიში;
- აგორაფობია - ღია სივრცის, მოედნების, ხალხმრავალი ადგილების შიში;
- კლაუსტროფობია - დახურული სივრცეების შიში;
- გიპროფობია - სიმაღლის შიში;
- ერეიტოფობია - ხალხში გაწითლების შიში;
- კანცეროფობია - სიმსივნით დაავადების შიში.
ამერიკულ სამედიცინო ლექსიკონში ამ ფობიების რაოდენობამ უკვე 367-ს მიაღწია.
- გამოდის, რომ ჩვენი შეკითხვის ავტორს აგორაფობია აქვს?
- აგორაფობია (ხალხმრავალი ადგილების შიში) სოციოფობიის ნაირსახეობაა. სოციოფობია არის ირაციონალური შიში ისეთი სიტუაციების მიმართ, სადაც ავადმყოფს უხდება ამა თუ იმ მოქმედების შესრულება სხვების თანდასწრებით. მაგალითად, შიში აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა, შიში ხალხში გაწითლებისა, როგორ გაივლის, როგორ შეჭამს საჭმელს სხვისი თანდასწრებით, შიში, არ გაოფლიანდეს, მუცელმა ყურყური არ დაუწყოს და სხვა. როდესაც ადამიანი ხვდება მისთვის არასასურველ ადგილას (მეტროში, ლიფტში, ხალხში), ის განიცდის საშინელ შიშს, შფოთვას, ზოგჯერ - ჰაერის უკმარისობას, უჩქარდება გულისცემა. ყოველი ასეთი განცდა აიძულებს მას, თავი აარიდოს მსგავს სიტუაციებს, შემოფარგლოს თავისი შესაძლებლობები. ეს მათში იწვევს უსუსურობის განცდას და უქვეითებს გუნება-განწყობას. ავადმყოფს თავისი საქციელი სისუსტედ, უნებისყოფობად, უცნაურობად მიაჩნია. ის ბრაზობს საკუთარ თავზე თავისი უძლურობის გამო, უქვეითდება თვითშეფასება და ეუფლება არასრულფასოვნების განცდა. ხშირად განიცდის სირცხვილსაც, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ ესმის შიშების უაზრობა, უსაფუძვლობა. ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს შიშს, იპოვოს რაიმე გზა მასთან საბრძოლველად. მაგალითად, ავტობუსში დაჯდეს მძღოლის ახლოს ან გასასვლელთან, მეტროში - პირველ ვაგონში, კართან და ფანჯარასთან ახლოს... როგორც წესი, ავადმყოფობის სიმპტომები წლების განმავლობაში იფარება და ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავენ დახმარებისთვის, როცა თავიანთი მდგომარეობის ატანა და დაფარვა უკვე აღარ შეუძლიათ, რადგან მეტისმეტად იტანჯებიან ან იძულებულნი არიან, ამის გამო თავი დაანებონ სამსახურს, სკოლას, უჭირთ საზოგადოებრივ მოვალეობათა შესრულება. აღნიშნულმა ნევროზმა შესაძლოა ადამიანი სხვადასხვა უსიამოვნებამდე, სამუდამო მარტოობამდეც კი მიიყვანოს. ასეთი ავადმყოფები უფრო ხშირად განქორწინდებიან და ძნელად ქორწინდებიან, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ თავიანთი მდგომარეობის გამჟღავნება არ სურთ.
- როგორ მკურნალობენ ასეთ პაციენტებს?
- ამ სახის ნევროზის მკურნალობა საჭიროა კომპლექსურად - ფსიქოთერაპიითა და ფარმაკოთერაპიით. თითოეული მეთოდის ხვედრითი წილი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ წარმატების მისაღწევად ყველა ერთდროულად უნდა იქნეს გამოყენებული. აკვიატებებისა და ფობიების დროს ხშირად ეფექტურია სუგესტიური ფსიქოთერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, აუტოტრენინგის სხვადასხვა მეთოდი. სუგესტიური ფსიქოთერაპია შთაგონებით მკურნალობას ნიშნავს. შთაგონება შეიძლება განხორციელდეს როგორც ჰიპნოზური ძილის დროს, ისე სიფხიზლეშიც. ერთ მაგალითს გავიხსენებ ჩემი პრაქტიკიდან: პაციენტს ჰქონდა ზუსტად ის სიმპტომი, რომელიც ჩვენი წერილის ავტორს - აუტანელი შიშის გამო შინიდან გამოსვლას ვერაფრით ახერხებდა. მაშინ მობილური ტელეფონი ახალი შემოსული იყო. გადავწყვიტე, „დისტანციურად“ მემართა სიტუაცია. ვაიძულე, გარეთ გამოსულიყო მარტო, ოღონდ მე ახლომახლოს ვიქნებოდი და მობილური ტელეფონით გვექნებოდა ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი. რამდენიმე „შთაგონებითი“ სეანსის შემდეგ, რა თქმა უნდა, მედიკამენტებთან ერთად, საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ექიმმა ავადმყოფს უნდა ასწავლოს თვითშთაგონების ანუ ავტოტრენინგის სხვადასხვა მეთოდი. აუცილებელია ოჯახური თერაპიაც, რომელიც მიმართულია ოჯახში არსებული ურთიერთობების კორექციისკენ. დიდი როლი ეკისრება მედიკამენტებით მკურნალობას, რომელიც მოიცავს ზოგიერთ ანტიდეპრესანტს, ტრანკვილიზატორს. ეფექტურია აგრეთვე ფიზიკური მეთოდებით მკურნალობა, მაგალითად, ჰიდროპროცედურები და სხვა. ნევროზის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ის ექიმისაგან დიდ პროფესიონალიზმს და მოთმინების უნარს მოითხოვს.