სწორი ფსიქოთერაპია
ჩვენს დროში ხშირად მოჰკრავთ ყურს, როგორ შესჩივის ერთი ადამიანი მეორეს, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - დეპრესია, ემოციური გადაწყვეტის სინდრომი, ნევროზი... სამწუხაროდ, ეს პრობლემები მართლაც ძალზე გავრცელებულია. ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური თუ პოლიტიკური ვითარების გამო ჩვენი საზოგადოება ფსიქიკურად ნაკლებად მტკიცეა. თუ დასავლეთის ქვეყნებში დეპრესიასა და ნევროზს მოსახლეობის მხოლოდ 15-17% უჩივის, ჩვენში ეს მაჩვენებელი თითქმის 100%-ს უტოლდება. ფსიქოლოგიური პრობლემები ბევრს ცხოვრების ნორმალური რიტმიდან აგდებს, ცხოვრებისადმი ინტერესს, ცხოვრების აზრს აკარგვინებს. ადამიანები ვერ გარკვეულან თავიანთ სულიერ მდგომარეობაში, ვერ გაუგიათ, რა იწვევს მათ აუხსნელ ქცევას. ამაში მათ სწორი ფსიქოკონსულტაცია და ფსიქოთერაპია უნდა დაეხმაროს. ფსიქოთერაპია - ეს არის მკურნალობა ფსიქიკური ზემოქმედების მეთოდით, სამკურნალო ვერბალური თუ არავერბალური ზემოქმედება ადამიანის ემოციებზე, თვითშეგნებაზე, აზრებზე მრავალი ფსიქიკური, ნერვული თუ ფსიქოსომატური დაავადების დროს. პირობითად განასხვავებენ კლინიკურად ორიენტირებულ ფსიქოთერაპიას, რომელიც უმთავრესად მიმართულია არსებული სიმპტომატიკის შემსუბუქების ან ლიკვიდაციისკენ და პიროვნებაზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიას, რომლის მიზანია, დაეხმაროს პაციენტს სოციალური გარემოცვისა თუ საკუთარი პიროვნებისადმი დამოკიდებულების შეცვლაში. კლინიკური ფსიქოთერაპიის მეთოდებია ჰიპნოზი, აუტოგენური ვარჯიში, შთაგონება და თვითშეგონება, რაციონალური თერაპია. პიროვნებაზე ორიენტირებული (ინდივიდუალური და ჯგუფური) ფსიქოთერაპია ფართოდ იყენებს პაციენტის კონფლიქტური განცდების ანალიზის სხვადასხვა ვარიანტს. სამკურნალო ზემოქმედების ეფექტიანობის კუთხით გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ექიმისა და პაციენტის ფსიქოთერაპიული კონტაქტი, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ნდობას, ემპათიის (თანაგანცდის) უნარს. იყენებენ თერაპიული ზემოქმედების გამააქტიურებელ მეთოდებსაც (მათ შორის - არომათერაპიას), რომლებიც ხელს უწყობს პაციენტის კომპეტენტურობის ამაღლებას პიროვნებათაშორისი ურთიერთობების კუთხით, მისი თვითშეგნებისა და თვითრეგულაციის უნარების სრულყოფას. ფსიქიკური ჯანმრთელობის აღსადგენად მკურნალობა სწორად რომ წარიმართოს, აუცილებელია ფსიქოლოგიური ხერხებისა და საშუალებების (ჰიპნოზი, შთაგონება, აუტოტრენინგი, ჯგუფური ფსიქოთერაპია) ადეკვატური გამოყენება. უმთავრესად იყენებენ ფსიქოთერაპიის შემდეგ სახეებს:
- ზოგადი ფსიქოთერაპია - ეს იმ ღონისძიებების ერთობლიობაა, რომლებიც აუმჯობესებს პაციენტის ფსიქიკაზე ზემოქმედების გარეგან გარემოებებს (შრომის რაციონალიზაცია, კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრის ხელშეწყობა, ისეთი რეჟიმის ორგანიზება, რომელსაც პაციენტის ყურადღება ფსიქოტრავმული რემინისცენციისგან (მოგონება) გადააქვს და სხვა);
- სპეციალური ფსიქოთერაპია - ეს თერაპიული ზემოქმედებაა პაციენტის დასამშვიდებლად, მისი მტკივნეული შეგრძნებების შესასუსტებლად. შესაძლებელია ჰიპნოთერაპიის გამოყენება პიროვნების ფსიქოკომპენსატორული მექანიზმების მობილიზაციის, პათოლოგიური სტერეოტიპების რღვევის მიზნით;
- რაციონალური ფსიქოთერაპია - გულისხმობს პაციენტისთვის მისი არაადეკვატური ქცევის ახსნას, ქცევის კორექციას, დეფორმირებული წარმოდგენების გარდაქმნას;
- ფუნქციური ვარჯიში - ითვალისწინებს მუდმივ ქცევით ვარჯიშს ნევროზული დარღვევების მოსახსნელად, ფობიების დასაძლევად, საკუთარი ფსიქიკური შესაძლებლობებისადმი პაციენტის დამოკიდებულების შესაცვლელად;
- აუტოგენური ვარჯიში - ეს არის ფსიქიკური მოდუნების მდგომარეობის თვითშეგონება (ფსიქიკურ და ვეგეტატიურ პროცესებთან სიტყვის კავშირის გამოყენება);
- კოლექტიური ფსიქოთერაპია - სუგესტიური (შთაგონებითი) თერაპია კოლექტიური ურთიერთქმედების პირობებში.
ფსიქოთერაპია ყოველგვარ ვითარებაში წარმოადგენს პაციენტის პიროვნებაზე ფსიქიკური ზემოქმედების განსაზღვრულ სისტემას, რომლის მიზანია, შეუმსუბუქოს ან მოუხსნას პაციენტს ავადმყოფობის ნიშნები, შეუქმნას დადებითი ემოციური განწყობა, გამოუმუშაოს ნებითი აქტივობა, საკუთარი ძალებისადმი რწმენა და ავადმყოფური მოვლენებისადმი შეგნებული დამოკიდებულება. განასხვავებენ ზოგად და კერძო ანუ აქტიურ, სპეციფიკურ ე.წ. კაუზალურ ფსიქოთერაპიას. ზოგადი ფსიქოთერაპია გულისხმობს მკურნალობის იმ წესს, რომელშიც ძირითადად გამოყენებულია სიტყვა. აქტიური ფსიქოთერაპიის სახეებია:
- რაციონალური ფსიქოთერაპია - ექიმი მიმართავს ახსნა-განმარტებას, ლოგიკურ მსჯელობას პაციენტის დასარწმუნებლად, რათა მან გამოიმუშაოს თავისი ავადმყოფური განცდების კრიტიკული განსჯისა და შეგნებული შეფასების უნარი;
- შთაგონება ანუ სუგესტიური ფსიქოთერაპია - შთაგონება შეიძლება ჩაუტარდეს როგორც მღვიძარე, ასევე ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს.
არსებობს ფსიქოთერაპიის სხვა სახეებიც: ავტოგენური ფსიქოთერაპია, ნარკოფსიქოთერაპია, კომბინირებული ფსიქოთერაპია, პლაცებოს ეფექტი და სხვა. ფსიქოთერაპიას იყენებენ ნევროზის, ფსიქოპათიის, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის დროს. მისი შედეგი მნიშვნელოვანწილად პაციენტის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული. სწორი მეთოდის შერჩევა წარმატებული მკურნალობის საწინდარია. ჯანმრთელობა, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური კომფორტია. მის შესანარჩუნებლად საჭიროა ვიცხოვროთ სწორად, არ ჩავიდინოთ ისეთი რამ, რისთვისაც ჩვენივე ფსიქიკა ავადმყოფობით დაგვსჯის, არც სხვას მივცეთ საშუალება, ცუდად მოგვექცეს, რათა მის მიმართ აგრესია არ გაგვიჩნდეს; გვიყვარდეს ადამიანები, საკუთარი თავი, ჩვენი ქვეყანა, სამუშაო, რადგან სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალზე მგრძნობიარეა - რაც მეტ სითბოს გავცემთ, მით მეტ ენერგიას მივიღებთ პასუხად.