კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
თითქმის ყველამ იცის, რა არის მისთვის მავნებელი და რა - სასარგებლო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მაშინვე ათასგვარი მიზეზი იჩენს თავს - სიზარმაცე, მოუცლელობა... ურმის გადაბრუნების შემდეგ კი წამლებსა თუ ქირურგიულ მკურნალობაზე ამყარებენ იმედს. სამწუხაროდ, გარკვეული წესების დაუცველად ვერც ამ გზით მივიღებთ სასურველ შედეგს, რადგან წყლულოვანი დაავადება საკმაოდ ვერაგია. გაგაცნობთ იმ გართულებებს, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას და მოკლედ შევეხებით იმ საკითხსაც, როგორ უნდა მოვუაროთ ნაოპერაციებ კუჭს.
გასტრიტი
გასტრიტი, კუჭის ლორწოვანის ანთება, რომელიც ესოდენ ხშირია საქართველოში და რომლის ერთ-ერთი მიზეზიც ჩვენი კვების თავისებურებებია, თავდაპირველად კუჭის მიდამოში სიმძიმის შეგრძნებით ამჟღავნებს თავს, მოგვიანებით კი ტკივილითა და გულძმარვით. გასტრიტს ბევრი რამ იწვევს, ზემოხსენებული კვების რეჟიმით დაწყებული, ბაქტერიებით დამთავრებული. თუ თავს დროულად მიხედეთ და მხოლოდ სოდიანი წყლითა ან ბორჯომით არ სცადეთ მკურნალობა, პათოლოგია ადვილი სამართავია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანთებამ შესაძლოა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის კედლის სუსტი წერტილი მოძებნოს და წყლული ჩამოყალიბდეს. ამ დროს კლინიკური ნიშნები - ტკივილი უზმოზე ან ჭამის შემდეგ, სიმძიმის შეგრძნება, გულძმარვა და სხვა - უფრო მკვეთრადაა გამოხატული, ვიდრე გასტრიტის დროს, მკურნალობაც გაცილებით რთულია. გარდა ამისა, წყლულის არსებობისას დიდია შანსი, კიდევ ერთი გართულება, კერძოდ, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაცია განვითარდეს. პერფორაციის დროს წყლულის ფსკერის მთლიანობა ირღვევა და კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება, რაც პერიტონიტს იწვევს. პერფორაციას ახასიათებს მოულოდნელი ძლიერი ტკივილი გულის კოვზთან და მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელსაც პაციენტები ხშირად ხანჯლის ჩარტყმას ადარებენ. ტკივილს თან სდევს მუცლის კედლის კუნთების დაჭიმვა - მუცელი ფიცარივით მაგრდება. დაახლოებით ორი საათის შემდეგ დაჭიმულობა და ტკივილი მარჯვნივ და ქვევით, თეძოს ფოსოსკენ გადაინაცვლებს. ამან შესაძლოა შეგვაცდინოს და აპენდიციტი გვაფიქრებინოს ამიტომაც არის აუცილებელი ტკივილის განვითარებისთანავე სასწრაფო დახმარების გამოძახება და პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც მას სასწრაფო ოპერაციას გაუკეთებენ. სადიაგნოსტიკოდ გაცილებით რთულია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მიფარებული პერფორაცია - მდგომარეობა, როცა პერფორირებულ (გახვრეტილ) ადგილს ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი ან ბადექონი ეფარება. ამ დროს მკვეთრი ტკივილი თანდათანობით იკლებს, საერთო მდგომარეობა კი უმჯობესდება. ამ შემთხვევაში სიტუაციის გასარჩევად მიმართავენ კვლევის რენტგენოლოგიურ ან ენდოსკოპიურ მეთოდებს, ასევე დაკვირვებას სტაციონარის პირობებში. ოპერაციული მკურნალობა ჩვენებაზეა დამოკიდებული - პერფორირებული ადგილის გაკერვაც შეიძლება ჩატარდეს და კუჭის რეზექციაც.
სისხლდენა
სისხლდენით გართულებული წყლულის შემთხვევაში სისხლმდინარე ადგილს ფიბროსკოპით (ხალხში ზონდს რომ ეძახიან) მოწვავენ. ეს მცირე ოპერაციული ჩარევაა. შემდეგ მკურნალობა კონსერვატიული მეთოდებით - სამკურნალო პრეპარატებით გრძელდება. თუ სისხლდენა მაინც არ შეჩერდა ან რამდენიმე დღით შეჩერდა და მერე ისევ განახლდა, დაისმის ოპერაციული ჩარევის საკითხი. ოპერაცია უნდა გაკეთდეს მაშინაც, თუ სისხლდენა გარკვეული ხნის (პირველი სისხლდენიდან რამდენიმე თვის, წლის) შემდეგ განმეორდა.
კიბოდ გადაგვარება
კუჭის წყლულის კიბოდ გადაგვარება მძიმე გართულებაა. კუჭის წყლული, ფაქტობრივად, კიბოსწინარე დაავადებად ითვლება, ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური გამოკვლევა წელიწადში ერთხელ მაინც (ორჯერ უკეთესია). თუ წყლულის კიბოდ გადაგვარებაზე მიიტანეს ეჭვი, საჭიროა ოპერაცია.
როგორ მოვუაროთ ნაოპერაციებ კუჭს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გართულებულ შემთხვევებში, ზოგჯერ კი მაშინ, როდესაც დიეტით, რეჟიმით, წამლებით და სხვა საშუალებებით მკურნალობა შედეგს არ იძლევა, კეთდება ქირურგიული ოპერაცია, უმეტესად - კუჭის რეზექცია, ე. ი. მისი გარკვეული ნაწილის ამოკვეთა. ოპერაციის შემდეგ მკვეთრად მცირდება კუჭის წვენის და მარილმჟავას გამომუშავება და ამგვარად ისპობა ლორწოვანი გარსის დაწყლულების პირობები. უნდა ითქვას, რომ კუჭის რეზექცია საკმაოდ მძიმე ოპერაციაა, რომელსაც ზოგჯერ ადამიანი ინვალიდობამდე მიჰყავს. უახლესმა ფარმაკოლოგიურმა პრეპარატებმა ოდნავ თუ შეამცირა ქირურგიული ჩარევის მაჩვენებელი. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ქირურგიული ოპერაციის ტექნიკასა და შესრულების ხერხებზე მკითხველის ყურადღებას არ შევაჩერებთ, ეს მეტად რთული საკითხია და მისი განხილვა შორს წაგვიყვანს. ჯობს, იმ გართულებებს გავეცნოთ, რომლებიც ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღის, კვირისა თუ თვის შემდეგ ვითარდება. ავადმყოფთა დიდი უმრავლესობა ოპერაციის შემდეგ თავს ჯანმრთელად გრძნობს, სრულყოფილად იკვებება და სრული დატვირთვით შრომობს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ორგანიზმი სრულყოფილად ვერ ეგუება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაკარგვას, ოპერაციის შედეგად შექმნილ ახალ გზებს და ამის გამო თავისებური ავადმყოფური მოვლენები ვითარდება.
მანკიერი წრე
იგი წარმოიშობა ოპერაციის პირველივე დღეებში, ზოგჯერ - რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. მიზეზია კუჭნაწლავისწინა შერთული (ეს წყლულის გამოჩასატარებელი ოპერაციის ერთ-ერთი სახეა). მანკიერი წრის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს კუჭის ატონია (ბუნებრივი დაჭიმულობის, ელასტიკურობის უქონლობა) და სპაზმი. მანკიერი წრის თავიდან აცილება შესაძლებელია ტექნიკურად სწორად შესრულებული ოპერაციით. ამ გართულების დროს, უხეშად რომ ავხსნათ, ნაწლავის შიგთავსი ბუნებრივ გზაზე არსებული დაბრკოლების გამო კუჭში ბრუნდება და იქიდან კვლავ მხოლოდ დაბრკოლების არემდე ბრუნავს. ავადმყოფს ეწყება სლოკინი, გულისრევა და პირღებინება უხვი მასით, ძლიერ აწუხებს წყურვილი, მაგრამ სითხის მიღებას ისევ პირღებინება მოსდევს. საბოლოოდ ადამიანი ძლიერ სუსტდება. ამ მეტად მძიმე გართულების სამკურნალოდ თავდაპირველად გამოიყენება კონსერვატიული მკურნალობა: კუჭის სისტემატური ამორეცხვა ან წვრილი ზონდით მისი შიგთავსის მუდმივი ევაკუაცია. საკვების მიღების შემდეგ ავადმყოფს აწვენენ გვერდზე ან ურჩევენ ჯდომას. იყენებენ მაღალ ოყნას, დროებით წყვეტენ საკვების მიცემას და ა.შ. თუ ამ ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო, უნდა გაკეთდეს ოპერაცია. თუ ავადმყოფის მდგომარეობა შესაძლებლობას იძლევა, გარანტირებული ოპერაცია კუჭის რეზექციაა.
დემპინგსინდრომი
დემპინგსინდრომს ანუ “გადაცვენის სინდრომს” მრავალი სიმპტომი აქვს. ამ გართულებას რეზექციის შემდეგ დარღვევათა შორის სიხშირით პირველი ადგილი უკავია. იგი მეტწილად ნაადრევად (რეზექციის შემდეგ სწრაფად, ავადმყოფის გაწერამდე) ან მოგვიანებით (0,5-1 წლის შემდეგ) ვითარდება. დეპინგსინდრომის განვითარების მიზეზები ბოლომდე გარკვეული არ არის. მას განაპირობებს საკვების ნორმალური მონელების მოშლა - საჭმელი არ ყოვნდება კუჭში, სწრაფად გადადის ნაწლავებში, იშლება ორგანოების სეკრეციული (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა) ფუნქციები და ა.შ. საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში ავადმყოფს წამოახურებს, ასხამს ოფლი, ეუფლება სისუსტე, თავბრუხვევა, პულსი უხშირდება, იშვიათად ეწყება გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი. ავადმყოფი იძულებულია დაწვეს (ზოგჯერ მწოლიარე ჭამს). დემპინგსინდრომს აძლიერებს ტკბილი, ზოგჯერ ცხელი, თხიერი საკვები, გაძღომა. მოვლენები გრძელდება რამდენიმე წუთს, არა უმეტეს ნახევარი საათისა. მძიმე შემთხვევებში ავადმყოფმა შესაძლოა მოკლე ხნით დაკარგოს გონი. მკურნალობა ითვალისწინებს ორგანიზმის მომაგრებას. დემპინგსინდრომის მსუბუქი ფორმა სპეციალურ მკურნალობას არ მოითხოვს. კარგ ეფექტს ახდენს დიეტის რეგულირება (ხშირად და მცირე ულუფებით კვება; უმჯობესია მკვრივი საკვები; თხიერი, ნახშირწყლოვანი და ტკბილი საკვები მკვეთრად უნდა შეიზღუდოს). საშუალო სიმძიმის დეპინგსინდრომის შემთხვევაში, გარდა დიეტოთერაპიისა, საჭიროა დროდადრო სტაციონარული და კურორტული მკურნალობა. მძიმე ფორმის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს განმეორებითი, რეკონსტრუქციული ოპერაცია.
ჰიპოგლიკემიური ანუ ჭამის შემდგომი მოგვიანებითი სინდრომი
ზოგჯერ კუჭისოპერაციაგადატანილ ავადმყოფებს ნახშირწყლების ცვლის მოშლის შედეგად ჭამიდან 3-4 საათის შემდეგ მკვეთრად უმცირდებათ სისხლში შაქრის რაოდენობა. ჰიპოგლიკემიის დროს, დემპინგსინდრომისგან განსხვავებით, უზმოზე და არა ჭამის შემდეგ, თავს იჩენს შემდეგი ნიშნები: სპაზმი მუცლის ზედა ნახევარში (“კუჭის თავთან”), პულსაციის შეგრძნება, ძლიერი საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, ცივი ოფლი, თავის ტკივილი, გულის ფრიალი და ძლიერი შიმშილის შეგრძნება - მგლის მადა. ამის გამო ავადმყოფი იძულებული ხდება, დაჯდეს ან დაწვეს და მიიღოს თუნდაც მცირე რაოდენობით საკვები (რომელსაც ასეთი ადამიანები თითქმის ყოველთვის თან ატარებენ). შეტევის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ავადმყოფს აწუხებს ძლიერი საერთო სისუსტე. შეტევას ახშირებს და აძლიერებს ფიზიკური დატვირთვა. მკურნალობა გულისხმობს საკვების ხშირად და მცირე ულუფებით მიღებას. ასეთი დიეტოთერაპია უმეტესად საკმარისია.
ცოლინგერ-ელისონის სინდრომი
ეს არის განსაკუთრებით შეუპოვრად მიმდინარე პეპტიკური (მეორეულია, ჩნდება ნაოპერაციებ მიდამოში) წყლული, რომელიც რეციდივს განიცდის 4-5-ჯერ და მეტჯერ, აგრეთვე პირველადი შეუპოვრად მიმდინარე (არ ემორჩილება არანაირ კონსერვატიულ, მედიკამენტურ მკურნალობას) წყლული, განსაკუთრებით - თორმეტგოჯა ნაწლავისა. მის განვითარებას ზოგჯერ კუჭქვეშა ჯირკვლის ადენომას უკავშირებენ. მკურნალობა ოპერაციულია. ქირურგთა უმეტესობა კუჭის მთლიანად ამოკვეთას ამჯობინებს.
კუჭის რეზექციის ან მისი მთლიანად ამოკვეთის შემდგომი ასთენია
ამ დროს სხვა სიმპტომებს ერთვის აწეული მგრძნობელობა, აღგზნებადობა, წონასწორობიდან ადვილად გამოსვლა, კონფლიქტურობა, აპათია, უძილობა, თავის ტკივილი, ჰიპოქრომული ანემია, წონის დაკლება. ასეთ ავადმყოფებს ხშირად გადატანილი აქვთ ტრავმა, ტუბერკულოზი ან სხვა რომელიმე დაავადება. ზოგადმომამაგრებელ და სედაციურ საშუალებებთან ერთად მნიშვნელოვანია დიეტური და კურორტული მკურნალობა.
დისფაგია, რეფლუქს-ეზოფაგიტი, დიარეა
დისფაგია (ყლაპვის მოშლა) ოპერაციიდან მალევე ვითარდება (ავადმყოფთა 5-15%) და რამდენიმე კვირაში საგრძნობლად მცირდება ან ქრება. რეფლუქს-ეზოფაგიტის (საყლაპავში სითხეების, საკვების უკუდენა) დროს აღინიშნება საყლაპავი მილიდან ნაღვლოვანი მასების ამოსვლა, ძლიერი წვა მკერდის ძვლის უკან. ის უფრო წოლისას ვითარდება. დიარეა (თხიერი განავლის გაძლიერებული გამოყოფა) შესაძლოა იყოს მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა და მძიმე. მძიმე ფორმის დროს დეფეკაციის სადღეღამისო სიხშირე ზოგჯერ რამდენიმე ათეულს აღწევს. საბედნიეროდ, ასეთი დიარეა იშვიათია. ჩამოთვლილი გართულებები კარგად ემორჩილება კონსერვატიულ მკურნალობას. მედიკამენტები უნდა შეარჩიოს პროფესიონალმა ექიმმა.
ნაოპერაციები კუჭის დაავადებები, რომლებიც თერაპიულ მკურნალობას მოითხოვს
მცირე კუჭის სინდრომის დროს ავადმყოფი მცირე ულუფებით კვების დროს მალევე გრძნობს სიმაძღრეს და სიმძიმეს ეპიგასტრიუმის (მუცლის ზედა მიდამო) არეში. მას აღარ შეუძლია ჩვეულებრივი რაოდენობით ჭამა. ეს მოვლენები მოგვიანებით გამოსწორდება. ჭამა საჭიროა მცირე ულუფებით და ხშირად.
აქილიური სინდრომი
იგი კუჭის მჟავიანობის გაქრობითაა გამოწვეული. ამ დროს გამოხატულ დისპეფსიურ (საჭმლის მონელების დარღვევა) მოვლენებს ზოგჯერ ემატება დიარეა, რასაც მარილმჟავას მიცემა სპობს.
აგასტრიული ანემია
ეს გართულება იშვიათია. მას ბ12 ვიტამინით მკურნალობენ.
ფეროდეფიციტური ანემია
ეს პრობლემა კუჭის დაავადების გამო ნაოპერაციებ ადამიანებს რკინის შთანთქმის დაქვეითების შედეგად უვითარდებათ. სამკურნალოდ იყენებენ მარილმჟავას, რკინის პრეპარატებს, სრულყოფილ საკვებს.
საკვებისმიერი ალერგია
ის კუჭიდან ნაკლებად დამუშავებული საკვების წვრილ ნაწლავებში მოხვედრას და დიდი ცილოვანი მოლეკულების შეწოვას მოჰყვება. ცილების (რძე, კვერცხი) გარდა, ზოგჯერ ალერგიას იწვევს ნახშირწყლები, ცხიმი, ზოგიერტი მედიკამენტი. ენტერიტი და კოლიტიც მოუნელებელი საკვების ნაწლავში სწრაფად “გადაცვენის”, მონელების პროცესის შეცვლის და ალერგიის შედეგია. ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი ნარეზექციებ ავადმყოფთა თითქმის მეოთხედს აღენიშნება. პანკრეატიტის მოვლენებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ოპერაციის შემდგომ უახლოეს პერიოდში, ისე მოგვიანებითაც. რეზექციის შემდეგ იშვიათად შეინიშნება ნერვული სისტემისა და ფსიქიკის მოშლა, ზოგჯერ ვითარდება ფილტვის ტუბერკულოზი. მკურნალობა დიეტური და კურორტულია. ჩამოთვლილი პათოლოგიებისა და გართულებების აღმოსაფხვრელად დღეს უამრავი პრეპარატი და მეთოდი არსებობს, მაგრამ თუ ადამიანს ბავშვობიდანვე მივაჩვევთ ჯანსაღი ცხოვრების ელემენტარული წესების დაცვას, ზრდასრულ თუ ჭარმაგ ასაკში პრობლემური დაავადებების განვითარების შანსი მეტად მცირე იქნება.