საჩუქრის მაგიური ძალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საჩუქრის მაგიური ძალა

საჩუქარი - ეს არის შესაძლებლობა, ვინმეს თუნდაც მცირედი სიხარული მიანიჭო. ბევრი ამას ვალდებულებად აღიქვამს, თუმცა საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის ძებნისას შეიძლება საკუთარ თავსაც გავუკეთოთ საჩუქარი - წამით ზღაპრულ თოვლის ბაბუად ვიქცეთ.

დღესასწაულის მოახლოებისას გონებაში საჩუქრისა თუ მილოცვის უამრავი ვარიანტი გვიტრიალებს. საჩუქრის არჩევისა თუ მირთმევის ფორმა მჩუქებლის შემოქმედებით უნარზეა დამოკიდებული. ეს თავისებური ნიჭია - არ აქვს მნიშვნელობა, თანდაყოლილია თუ შეძენილი; მთავარია, რომ მისი განვითარება შეიძლება.

“სულიერი” და “მატერიალური” ადამიანები

არსებობს ძველი ანეკდოტი ნაძვის ხის სათამაშოების შესახებ, რომლებიც ბრწყინავენ, მაგრამ სიხარული არ მოაქვთ. ამიტომ ეცადეთ გაიგოთ, რა უფრო ახლოს არის თქვენი საყვარელი ადამიანის სულთან. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პირობითად ადამიანები შეიძლება ორ ჯგუფად - “სულის ადამიანებად” და “მატერიის ადამიანებად” - დავყოთ. თუ განვსაზღვრავთ მეგობრების “მატერიალურობის” ხარისხს, შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, მოეწონებათ თუ არა მათ თქვენი საჩუქარი.

შეიძლება უკვე გაკვალული გზით ვიაროთ: მტვერსასრუტი, სარეცხი მანქანა, ჩაიდანი, ყავის მადუღარა თანამედროვე ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტებია. ყოფა-ცხოვრებაში ეს დამხმარენი საშუალებას გვაძლევენ, ოდნავ მაინც ამოვისუნთქოთ და სამყაროს სხვა თვალით შევხედოთ. თქვენი დახმარებით თქვენი მეგობრები შეიძენენ ყველაფერ იმას, რაც აკლდათ. იმავდროულად, მეტი დრო გაუთავისუფლდებათ თქვენთან ურთიერთობისთვის.

სამკაული - მომავლის სიმბოლო

მრავალი წლის წინ მშვენიერმა მერილინ მონრომ შეასრულა სიმღერა ქალიშვილის საუკეთესო მეგობრებზე - ბრილიანტებზე, და ეს ჭეშმარიტებისგან შორს როდი იყო. ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებს, მეტალს, ხეს, პლასტმასას ბევრი იყენებს მოსართავად. სამკაულების მიხედვით კი შეიძლება მათი მფლობელის მხოლოდ წარსული კი არ ამოვიცნოთ, არამედ მომავალიც ვიწინასწარმეტყველოთ. როცა ახალშობილს სამკაულს უძღვნით, მისთვის კიდევ უფრო ახლობელი ხდებით - ეს ნივთი ხომ საკმაოდ ინტიმურია. არ უნდა დაივიწყოთ, რას ანიჭებენ უპირატესობას თქვენი ნაცნობ-მეგობრები, საჩუქარი აქტუალური უნდა იყოს, და ბოლო შტრიხი - ნამდვილი ქალები ძვირფას სამკაულს ამჯობინებენ. ასეთ დროს ისინი სიამოვნების მწვერვალზე არიან.

ქალის სურნელი

ყოველ დილით მილიონობით ქალი ასრულებს საიდუმლო რიტუალს: “სარკევ, სარკევ, მითხარი...” თუმცა ყოველთვის როდი იღებენ პასუხს: “შენ უდავოდ მშვენიერი ხარ”. ამიტომ კოსმეტიკის მაღაზიები არასდროს განიცდის მყიდველთა ნაკლებობას. ღირს თუ არა პარფიუმერიის მირთმევა? გააჩნია, რამდენად ახლოს ხართ ადამიანთან, რომლისთვისაც საჩუქრის მიძღვნას აპირებთ, ასევე - მის ინდივიდუალურ თვისებებსა და აღზრდას. მრავალ ქვეყანაში სუნამო ძალიან ძვირფას და ნატიფ საჩუქრად ითვლება, აი, ფრანგ ქალებს კი ის იმდენად “ინტიმურად” მიაჩნიათ, რომ ურჩევნიათ, თვითონ შეიძინონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ორიენტაცია ცნობილ საფირმო ნიშნებზე აიღეთ.

იდეა საჩუქარში

ალბათ გახსოვთ ბავშვობიდან შეთვისებული აქსიომა: “წიგნი საუკეთესო მეგობარია”. თუ დავუფიქრდებით, ამ სიტყვებში ნამდვილად არის ჯანსაღი აზრი. სწორად არჩეული წიგნი შთაგონების ამოუწურავი წყაროა, ფილმი ან მუსიკალური დისკი კი შეიძლება ნამდვილ სიხარულად იქცეს - თქვენ ხომ ადამიანს ის აჩუქეთ, რასაც თავად დიდი ხანია ეძებდა, ან თავს შეძენის უფლებას ვერ აძლევდა.

მუსიკალური გატაცებების შესასწავლად ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევები აჩვენებს, რომ კლასიკური მუსიკის ჩანაწერის ჩუქება ადრესატისადმი პატივისცემაზე მიანიშნებს, ჯაზურისა - გემოვნებაზე, საავტორო სიმღერის ჩანაწერების ჩუქება - გულითად დამოკიდებულებაზე, ეთნიკური მუსიკისა კი განსაკუთრებულზე.

საყვარელი ფილმის ჩუქებით შეგიძლიათ დღესასწაულის განუმეორებელი ატმოსფერო შექმნათ. ერთი გოგონა იხსენებს, რომ მეგობარმა აჩუქა კასეტა სერიალით “სექსი დიდ ქალაქში”. ამით საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას: თვეში ერთხელ მასთან მეგობარი გოგონები იკრიბებიან, მათ სუფრას ყოველთვის ამშვენებს შამპანური და ტკბილეული, ფილმის ნახვის შემდეგ კი ისინი დიდხანს საუბრობენ.


რომანტიკა ფანჯრის ქვეშ

შეიძლება არასტანდარტული გზის არჩევაც: დიდი ხანია ცნობილია, რომ ყველაზე უკეთ საკუთარი ხელით ნაკეთი საჩუქრები ამახსოვრდებათ. რა თქმა უნდა, ეს ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, სამაგიეროდ უზარმაზარ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ინდივიდუალური საჩუქარი ხაზს უსვამს ადრესატის მნიშვნელობასა და უნიკალურობას, თქვენ კი იმ ადამიანად იქცევით, რომლისგანაც რაღაც უჩვეულოს ელიან. ყველაფრის მოფიქრება შეიძლება, პირობა ერთადერთია: ფანტაზიის ხორცშესხმამ აუცილებლად სიხარული უნდა მოიტანოს.

ნახატი, შესრულებული ზეთით, აკვარელით, ფანქრით... მნიშვნელობა არ აქვს, სწავლობდით თუ არა სამხატვრო სკოლაში - ეცადეთ, ხაზი გაუსვათ ადრესატის განუმეორებლობას, გადმოსცეთ თქვენი თბილი დამოკიდებულება. იქნებ ჰობიც კი აღმოაჩინოთ ან - ეშმაკს თვალი არ უჩანს! - შედევრიც კი შექმნათ.

ხშირად გაგვიგონია: “ეს სიმღერა ეძღვნება...” ხომ შეიძლება, სიმღერა თვითონვე შექმნათ? პიანინო, გიტარა, თუნდაც მხოლოდ სუფთა ფურცელი და კალამი - სავსებით საკმარისია სიმღერის ან ლექსის დასაწერად. რომანტიკული ადამიანებისთვის, რომლებიც სერენადებზე ოცნებობდნენ, დაუვიწყარი საჩუქარი იქნება იმპროვიზებული კონცერტი ფანჯრებქვეშ.

ზოგჯერ სანუკვარ საჩუქრად იქცევა დაუვიწყარი მომენტების ამსახველი ფოტოსურათები, რომლებსაც მხიარული წარწერები ახლავს თან. სიყვარულით მირთმეული საჩუქრით მიძღვნის ჩვეულებრივი პროცესი შეგვიძლია იდუმალ რიტუალად ვაქციოთ. თუ კომპიუტერულ გრაფიკას ფლობთ, ფანტაზიამ შესაძლოა უნიკალური ვარიანტები გიკარნახოთ: მულტფილმად ქცეული პატარა, მხიარული ამბავი თქვენი ან იმ ადამიანის ცხოვრებიდან, რომელსაც ეს ქმნილება ეძღვნება.

ეს ნიღაბი მეცნობა...

იქნებ ქარგვა, ბისერი ან ხეზე კვეთა გიტაცებთ - ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, შექმნათ უნიკალური საჩუქარი. თუ კულინარიული საქმიანობა გეხერხებათ, შეგიძლიათ, ნამცხვარი გამოაცხოთ ან ეგზოტიკური ტკბილეული მოამზადოთ, დაურთოთ ლამაზი ლეგენდა და ეს კერძი ნამდვილ საჩუქრად აქციოთ. იმპროვიზებული თეატრალური წარმოდგენა შეიძლება ნამდვილ დღესასწაულად იქცეს როგორც ბავშვების, ისე მოზრდილთა კომპანიისთვის. ამ დროს იყენებენ სახელდახელოდ დამზადებულ ან ნაქირავებ კოსტიუმებს. ბევრი ახალ წელს თოვლის ბაბუის ან ფიფქიას ტანსაცმელში გადაცმული მოულოდნელად ეწვევა ხოლმე ახლობლებს და მათ ნამდვილ ზეიმს სჩუქნის.

სიურპრიზი!

შეიძლება, ამერიკულ ტრადიციას მისდიოთ და მოაწყოთ საღამო-სიურპრიზი. ამისთვის საჭიროა ცარიელი შენობა ან რაიმე ფართი, რომელსაც მოვრთავთ ფერადი ბუშტებითა და სერპანტინებით; იქნება მსუბუქი მაგიდა ფურშეტის სტილში, შამპანური და მხიარული შეძახილები: “სიურპრიზი!” ისღა დაგრჩენიათ, მოიზიდოთ ახლობლები, რომლებსაც აზრადაც არ მოსდით, რა ელით.

საიდუმლო უბრალოა: მთვარია არა საჩუქარი, არამედ ყურადღება, და არა უბრალოდ ყურადღება, არამედ “სწორი” ყურადღება, ანუ საქციელი, რომელსაც ჩაიდენთ მხოლოდ თქვენ და მხოლოდ ერთი ადამიანისთვის. შეიძლება, მოულოდნელად ესტუმროთ, მიართვათ ვარდი - მხოლოდ ერთი ცალი - და გაუღიმოთ... სიყვარულით მიძღვნილი საჩუქარი მხოლოდ ჩვენთვის ძვირფას ადამიანს კი არ ანიჭებს სიხარულს, არამედ ჩვენს პიროვნებასაც ამდიდრებს.

რით განისაზღვრება საჩუქრის მნიშვნელობა?

ფასი და დრო

მილიონერისგან მიღებული ოქროს ჯაჭვი ნაკლებფასეულია, ვიდრე ინჟინრისგან მიღებული ყვავილების კალათა. აქ მთავარი საყვარელი ადამიანისთვის დახარჯული დროა. ქალები აღმერთებენ საჩუქრებს - ისინი ხომ ყურადღების, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა. როცა რაიმეს გვიძღვნიან, ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ მნიშვნელობას და რა საწყენია, როცა საყვარელ მამაკაცს აზრად არ მოსდის საჩუქრის მიძღვნა...

რაც უფრო მეტი შრომა მოუწია მამაკაცს, მით უფრო მნიშვნელოვნად გრძნობს თავს ქალი.

მოლოდინის შესაბამისად

“თუ ბიკინი მაჩუქა, ესე იგი მოხდენილი ვარ, თუ ტრენაჟორი - მსუქანი”. ქალისთვის მნიშვნელოვანია, მეუღლემ იცოდეს, როგორი მუსიკა უყვარს მას, რომელ სუნამოს ან ყვავილს ანიჭებს უპირატესობას, როგორი სამკაული უხდება ყველაზე მეტად, ახსოვდეს დაბადების დღე, ქორწინების წლისთავი, ქალთა დღე, ახალი წელი...

თუ მამაკაცი ყველაფერ ამას ვერ ხვდება, ესე იგი არ არის საკმარისად ყურადღებიანი და გულისხმიერი - ასეთია ქალების ტიპური დასკვნა. იცის თუ არა მამაკაცმა, რას მოელის ქალი მისგან? ხშირად არა.

რჩევაც მარტივია: უთხარით, მიუთითეთ.

საჩუქარი შეიძლება იყოს რომანტიკულ ვახშამზე მიპატიჟება. მოტოციკლისტის ჩაფხუტის ან სათხილამურო კომბინეზონის ჩუქება შეიძლება თავგადასავლად იქცეს. მაგრამ თუ ქალს სხვა რამ სურს, შედეგი მხოლოდ მოლოდინების არათანხვედრის ილუსტრაცია იქნება.

პრობლემის მოგვარებაში კომპრომისი დაგეხმარებათ: მიიღეთ მეუღლის მიპატიჟება, იქნებ მოგეწონოთ, მაგრამ არ დაივიწყოთ საპასუხო ჟესტი - შესაძლოა, თითოეული თქვენგანი თავის თავში რაიმე ახალს ინახავს... შესაძლოა, მამაკაცმა ხაზი გაუსვას თავის ორიგინალურობას, არ მოისურვოს, ჰგავდეს სხვებს. მაგალითად, მოგიძღვნათ მოულოდნელი საჩუქარი ნებისმიერ სხვა დღეს და არა დღესასწაულზე, როგორც ამას სხვები აკეთებენ.

სიურპრიზების მოყვარულს სასიამოვნო მოულოდნელობა შეიძლება უფრო გულახდილი მოეჩვენოს. სამსახურში მიღებულია საჩუქრების მიძღვნა ფორმალურად 8 მარტს ან ახალ წელს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში მიძღვნილი საჩუქრები ხაზს უსვამს მამაკაცის ცხოვრებაში ქალის განსაკუთრებულ ადგილს.

ზოგიერთ ქალს უჭირს საჩუქრებისა და კომპლიმენტების მიღება. რატომ? უმეტესად - დაბალი თვითშეფასების გამო. ასე მოსდით ქალებს, რომლებიც არ არიან დარწმუნებულნი თავიანთ მომხიბვლელობაში და ქვეცნობიერად სამაგიერო პატივისცემისკენ მიისწრაფვიან. თავის თავში ნაკლებად დარწმუნებული ქალი იმისთვისაც მადლობელია, რომ მასთან დროის გატარება სურთ. საჩუქარი ან კომპლიმენტი საბოლოოდ ანგრევს მის შინაგან ბალანსს. ადრინდელი წონასწორობის აღსადგენად მისთვის აუცილებელია საპასუხო ჟესტი.

თანამედროვე თაყვანისმცემლები ნაკლებად მერკანტილურები არიან, ვიდრე გასული საუკუნეებისანი. ემანსიპაციის ეპოქამ თამაშის ახალი წესები დაამკვიდრა, საჩუქრებს ახლა უკან არ აბრუნებენ. თუ მამაკაცი გიძღვნის - ესე იგი გაძლევს სამუდამოდ.