რა სურთ ქალებს საჩუქრად 8 მარტს
ჩემს წერილში ვეცადე, საჩუქრებთან დაკაშირებით ქალების სურვილები მაქსიმალურად წარმომეჩინა, გირჩევთ იმასაც, რისი ჩუქება არ ღირს. მამაკაცებო, მთავარი არა საჩუქრის ღირებულება, არამედ თავად ჩუქების პროცესია. ქალმა უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მისთვის დაიხარჯეთ, მასზე იზრუნეთ, სულითა და გულით ეცადეთ მის გახარებას.
ახლა კი უფრო დაწვრილებით:
1. დავიწყოთ რომანტიკით: თუკი ამის შესაძლებლობაა, აჩუქეთ დაუვიწყარი რომანტიკული საღამო. სანთლები, შამპანური და მყუდრო გარემო – საუკეთესო ვარიანტია. რაც მთავარია, გახსოვდეთ, მნიშვნელოვანი ის კი არაა, რა დევს თეფშზე, არამედ საღამოს ატმოსფერო და სიყვარული თქვენს თვალებში.
2. ყვავილები. აქ, რა თქმა უნდა, უმჯობესია ცოცხალი ყვავილების თაიგული. თუ ვარდებს ირჩევთ, კოკრები ბოლომდე გაშლილი არ უნდა იყოს. სასურველია გაითვალისწინოთ ისიც, რა ფერის ვარდები უყვარს თქვენს საყვარელ ქალს. თავი შეიკავეთ ყვითელი ფერისა და გამხმარი ყვავილების ჩუქებისაგან: ცრურწმენაა, რომ მათ უბედურება მოაქვთ, მაგრამ მაინც მათი ყიდვისგან თავის შეკავება ჯობს.
3. სასაჩუქრე სერტიფიკატები სპა-სალონში, მასაჟზე და სილამაზის სალონში ყოველთვის გაახარებს ქალებს, რადგან მათ ძალიან უყვართ ასეთი პროცედურებით თავის განებივრება.
4. საჩუქარი საკუთარი ხელით. ქალები ძალიან აფასებენ იმ ემოციებს და მონდომებას, რომელსაც მამაკაცები ხარჯავენ მათი საჩუქრებისათვის. ამიტომ თუკი მარჯვე ხელები გაქვთ და არც ნიჭს უჩივით, უმჯობესია საყვარელ გოგონას საკუთარი ხელით შექმნილი ნივთი მიართვათ, ის თქვენს მონდომებას აუცილებლად დააფასებს. მაგრამ თუ თქვენ არც ნიჭი გაქვთ და არც დრო, მაშინ ისევ ლამაზ საყურეზე ან გულსაკიდზე შეაჩერეთ არჩევანი.
5. ყურადღების გამოხატულებაა საკუთარი ხელით მომზადებული და მისთვის მირთმეული საუზმეც, თუნდაც მხოლოდ ბლინები და ყავა. შესაძლებელია მამაკაცმა ამ დღეს ბავშვს თავად მიხედოს და ცოლს ერთხელ მაინც მისცეს ნორმალურად გამოძინების საშუალება, დაალაგოს სახლი და დარეცხოს ჭურჭელი.
6. აჩუქეთ საყვარელ ქალს პატარა ფინია ან ფისუნია. მისგან აუცილებლად მიიღებთ სამადლობელ სიტყვებს, თუმცა ამ შემთხვევაში ჯობს წინასწარ იცოდეთ, მზადაა თუ არა გოგონა მოუაროს შინაურ ცხოველს ან რომელი ურჩევნია. იქნებ იადონი ან თუთიყუში უნდა საჩუქრად, ან სულაც ალერგია აქვს შინაური ცხოველების ბეწვზე. ასე რომ, ამ საკითხში წინასწარ ჯობია გარკვევა.
7. სუნამო, სხვადასხვა აქსესუარი – აქ უმჯობესია იცოდეთ, რა სუნამოს იყენებს თქვენი რჩეული ან რომელი სურს საჩუქრად. რა თქმა უნდა, შეიძლება თავად შეარჩიოთ სუნამო, იქნებ ძალიანაც მოგეწონოთ მისი არომატი, მაგრამ ის, რაც თქვენ მოგწონთ, შესაძლოა მისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს და არასოდეს გამოიყენოს. ამიტომ წინასწარ გაიგეთ მისი გემოვნება ამ საკითხში. რაოდენ სასიამოვნოა, როცა ქალი დილით სუნამოს იპკურებს და თან სიყვარულით სავსე ღიმილით ფიქრობს, რომ ეს თქვენი საჩუქარია. საშინელებაა, როცა რუდუნებით შერჩეული საჩუქარი სადღაც უჯრის კუთხეში მიაგდეს ან, კიდევ უარესი, სხვას აჩუქეს.
8. და კიდევ, ძვირფასო მამაკაცებო, ნუ იძუნწებთ კომპლიმენტების თქმისას. როგორი მკაცრი და სიტყვაძუნწიც უნდა იყოთ, ამ დღეს მაინც გატეხეთ ნავსი და უამრავი კომპლიმენტი უძღვენით მის სინაზესა თუ ღიმილს, მშვენიერ კაბას, ვარცხნილობას. გახსოვდეთ, ქალებს ყურებით უყვართ.
9. ჰო, მართლა, თავი შეიკავეთ ტაფების, ქვაბებისა და სამზარეულოს სხვა აქსესუარის ჩუქებისაგან. თუ, რა თქმა უნდა, თავად არ მოგთხოვთ ამის ყიდვას. ქალთა დღე იმას არ ნიშნავს, რომ ქალში მხოლოდ მზარეული და დიასახლისი დაინახოთ... და მეორე მიზეზიც, რატომ არ უნდა აჩუქოთ მას ტაფა: გახსოვდეთ, ამით საკუთარ თავსაც უფრთხილდებით. „თავი“ – ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებითააა ნათქვამი.
10. და თუ მაინც გსურთ მას მიკროტალღური ღუმელი აჩუქოთ, გააკეთეთ ეს სხვა დროს და არა 8 მარტს. ნუ გგონიათ, რომ საჩუქრის მისართმევად მხოლოდ დღესასწაულებია საჭირო. ყოველთვის შეიძლება საყვარელი ქალი პატარ-პატარა სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.
11. ახლა კი მივმართავ გოგონებსა და ქალებს, ვინც ამ პოსტს კითხულობს: ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ უნდა იჯდეთ და კმაყოფილი სახით ელოდოთ საჩუქრებს. თქვენი ვალია, გაახაროთ საყვარელი მამაკაცები სიყვარულითა და მზრუნველობით: იქნება ეს თბილი ღიმილი, გემრიელი სადილი თუ ალერსიანი სიტყვები. გიყვარდეთ და იზრუნეთ ერთმანეთზე და დამერწმუნეთ, ცხოვრება ნამდვილად მშვენიერი იქნება.
კაცს, რომელსაც ქალის გულის მონადირება სურს, საჩუქრის მთავარ ღირსებად მისი სიძვირე მიაჩნია, მაგრამ ნივთი, რომელშიც შესაძლოა ძალიან დიდი თანხა იყოს გადახდილი, ყოველთვის არ აღიქმება ძვირფასად. ზოგჯერ მეტი ფასი აქვს უბრალო სამშვენისს, რომელიც სასიამოვნო მოგონებებს აღვიძებს. საჩუქრის არჩევისას უნდა განსაზღვროთ, ვისთვის არის ის განკუთვნილი. ადამიანთა უმრავლესობა პირადი ნივთების ჩუქებას თავს არიდებს და სწორადაც იქცევა, ჯერ ერთი, ასეთი საჩუქარი ინტიმურია, მეორეც, ძნელი შესარჩევია, თუ მის ადრესატს საკუთარი თავივით არ იცნობ.
ასე რომ, შესაძლებელია, თქვენმა საჩუქარმა თაროზე დაიდოს ბინა, ბოლოს კი სულაც სხვენზე, საკუჭნაოში ან სანაგვეზე ამოყოს თავი. თუ საჩუქრის ადრესატთან პერიოდულად მაინც გაქვთ ურთიერთობა, ეს საქმეს აადვილებს, რადგან საშუალება მოგეცემათ, სამიზნე წინასწარ დაზვეროთ. მაგალითად, პრაგმატულ ქალს შეგიძლიათ აჩუქოთ პრაქტიკული ნივთი მისი ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რომანტიკული ბუნების ქალი ჯეროვნად შეაფასებს ლამაზ, საყვარელ, თავშესაქცევ საგანს. არ იფიქროთ, თითქოს პრაქტიკული ყაიდის ადამიანები მოკლებულნი იყვნენ სილამაზის აღქმის უნარს, მაგრამ შესაძლოა, მალევიჩის „შავი კვადრატი“ არ მოეწონოთ...
რა ვაჩუქოთ უფროსი თაობის წარმომადგენელს?
ასაკოვნები განსხვავებულები არიან: ერთნი მთელ დღეს სამზარეულოში ატარებენ, აცხობენ ნამცხვრებს, დაჰყავთ შვილიშვილები სკოლასა და საბავშვო ბაღში, მეორენი სამსახურიდან გვიან ბრუნდებიან, ყოველ კვირა სტუმრობენ სილამაზის სალონს, დადიან წვეულებებზე; ზოგი მოხუცია, ზოგი – ახალგაზრდა; ზოგი აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ზოგი კი მთელი დღე წამლის ფლაკონით ხელში დივანზეა წამოწოლილი და კრუსუნებს... საჩუქრის შეძენისას გაითვალისწინეთ ეს ტიპობრივი განსხვავება, მაგალითად, აქტიურ ბებიას აჩუქეთ კოსმეტიკური საშუალება, იმ კონცერტის ბილეთი, რომელშიც სახელგანთქმული მომღერალი მონაწილეობს, ხოლო დიასახლისობის მოყვარულს – ისეთი ნივთი, რაც საქმიანობას გაუადვილებს ან სახლში სასიამოვნო, მყუდრო ატმოსფეროს შეუქმნის. მაგალითად, ტოსტერი, სამზარეულოს კომბაინი, ლამაზი ჭურჭელი ან სუფრა, მოხერხებული, რბილი და ფაფუკი ჩუსტები... თუ ოჯახში ბავშვები არიან, მათაც მიაღებინეთ მონაწილეობა საჩუქრის შერჩევის სასიამოვნო პროცესში. ბებიას, განურჩევლად იმისა, ღვეზლებს აცხობს თუ ოფისს ხელმძღვანელობს, შვილიშვილის მიერ მიძღვნილი ნივთი ძალიან გაახარებს.
რა ვაჩუქოთ დედას?
დაფიქრდით, რაზე შეიძლება ოცნებობდეს იგი. ოჯახზე ზრუნვისას დედებს ხშირად ავიწყდებათ თავი, ამიტომ მოუწყვეთ დღესასწაული. დაე, ამ დღეს მაინც იგრძნონ თავი ყველაზე ძვირფას ადამიანად. ნუ აჩუქებთ სამზარეულო ნივთებს. შეარჩიეთ ისეთი რამ, რაც აღნიშნავს მათ ქალურობას: ყვავილები, კოსმეტიკა, სამკაული, აქსესუარი...
რა ვაჩუქოთ ბოსს?
არავითარი კოსმეტიკა, შარფი, ჩანთა, მძივი და ქოლგა. საუკეთესო საჩუქარი იქნება ხელოვნების ნაწარმოები, მაგალითად, ცნობილი ოსტატის ქანდაკება ან ტილო, რომელიც უსიტყვოდ იღაღადებს მის მაღალ სტატუსზე.
რა ვაჩუქოთ საყვარელ გოგონას?
რასაკვირველია, თაიგული. თუ კიდევ აპირებთ რამის მიძღვნას, ნუ მოგერიდებათ, ჰკითხეთ, რა სურს. გოგონა, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ, არ მოგთხოვთ მეტისმეტად ძვირად ღირებულ საჩუქარს, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაგდოთ.