დროის ფენომენი და ადამიანი
.
-
"ჩემზე ამბობენ, რომ დროის შეგრძნება არ მაქვს, რომ დროს არ ვაფასებ, არ ვუფრთხილდები. მაინც როგორ აღიქმება დრო და ფასდება იგი?"
ანი, 26 წლის
-დრო საოცარი ფენომენია. ის ადამიანის ყოფის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა. ადამიანის ცხოვრება დროის გარეშე უაზრობაა. დრო პიროვნების აღქმაში შემოდის, როგორც, მაგალითად, სივრცის, ბგერის, სუნის აღქმა. თუმცა ყოველივე ამას ადამიანი ფიზიკურად აღიქვამს, დრო კი მის განცდაში შემოდის.
ყოველი მოვლენა ხომ დროში მიმდინარეობს და თითოეული მოვლენის აღქმისას, როგორც, საზოგადოდ, ყოველი განცდისას, ადამიანი დროის მიმდინარეობასაც განიცდის, ანუ მას დროის აღქმა გააჩნია. იგი ყველაფერს დროის პერსპექტივაში ჩართულად განიცდის: უშუალოდ განიცდის აწმყოს, წარსულს და მომავალს და დროის მიმდინარეობას, როგორც ამ დროის პერსპექტივის მომენტებს.
აწმყო, წარსული და მომავალი ერთმანეთში უწყვეტ გადასვლაში განიცდება, ე.ი. ადამიანს დროის უწყვეტი მიმდინარეობის, უწყვეტი თანამიმდევრობის - ხანიერების უშუალო განცდა აქვს. მომავლის განცდა ანუ რაღაცის მოლოდინი უწყვეტად გადადის აწმყოს განცდაში, ეს უკანასკნელი კი - წარსულის განცდაში.
დროის მიმდინარეობის განცდა მუდამ თან ახლავს ადამიანის ცნობიერებაში არსებულ პროცესთა მიმდინარეობას. საინტერესოა, როგორ მოდელირდება დრო, როგორ აღიქმება და ფასდება იგი უშუალოდ. დროის რეცეპტორი არ არსებობს. დროს პიროვნება განიცდის თავის "მე"-სთან მთლიანობაში.
როგორც ფიზიოლოგები ამბობენ, ადამიანის ორგანიზმი მთლიანად ემორჩილება რიტმისა და დროის კანონებს. საერთოდ, როგორ აღვნიშნავთ დროს? სხვადასხვა ციკლური მოვლენის მეშვეობით, მზის ჩასვლა-ამოსვლით, საათის ციფერბლატზე ისრების მოძრაობით და ა.შ.
მაგრამ ასეთი ციკლური მოვლენები ჩვენს სხეულშიც არცთუ ისე ცოტაა. თავის ტვინი დღის განმავლობაში იღებს გაღიზიანებას, იქანცება, შემდეგ აღდგება, საჭმლის მომნელებელი არხი ხან საკვებითაა სავსე, ხან თავისუფლდება მისგან და ა.შ. "შინაგანი საათი" მჭიდროდ უკავშირდება ფსიქიკის მთლიან მდგომარეობას. ამაზე მიგვითითებს მოშლის მრავალრიცხოვანი ფაქტი. მის შესაკეთებლად კი უმეტესად ფსიქიატრებს უწევთ მუშაობა.
დეპრესიული, სულდამძიმებული ავადმყოფები დროს თავისებურად აფასებენ - გადააფასებენ ხოლმე. მათთვის დრო მომქანცველია და გაჭიანურებული. აღგზნებადობის დროს, მანიაკურ მდგომარეობაში, იმავე ავადმყოფებს დროის აღქმა მკვეთრად ეცვლებათ: ეჩვენებათ, რომ ის გარბის...
დროის ფსიქოლოგიური ფარდობითობა დაკავშირებულია ადამიანის მოქმედებასთან, მისი აღქმის სიმდიდრესთან, მის აზრებსა და გრძნობებთან, პიროვნულ თვისებებთან, მის ისტორიასთან, ხოლო როცა დროის ორიენტირები გამორთულია, იშლება შინაგანი საათიც (მაგ., ძველად საპატიმროებში, კატორღაში წლობით გამომწყვდეული ხალხი დროის შეგრძნებას კარგავდა, ამგვარ პირობებში, სიცივეში, ერთფეროვნებაში, მოწყენილობაში, ტანჯვაში სწრაფად ქრება წარმოდგენა დროზე).
"დრო იწელება, დრო იკუმშება,
ზოგჯერ სულ ქრება კიდეც,
იმის მიხედვით, თუ რას მოიცავს,
რაგვარ შინაარსს იტევს.
ზოგჯერ გასხლტება, გაგვიფრინდება,
ზოგჯერ დაძვრაც კი უჭირს,
ზოზინით მიდის დაუტვირთველი
ცარიელი და ფუჭი.
თუმცა თანაბრად ყოფს თითქოს დრო-ჟამს
ბრუნვა დღისა და ღამის,
ბევრი ხანმოკლე საათიც გვახსოვს,
ბევრი ხანგრძლივი წამიც".
ს. მარშაკი
ჩვენ დროის აღქმის უდიდესი ფსიქოლოგიური რევოლუციის თანამედროვენი ვართ. თითქოს ფიზიკურად შევიგრძნობთ მის მიზანსწრაფულ რბოლას, მის მკაცრ თანამიმდევრულობას, დაუბრუნებლობას და საოცარ პიროვნულ ფასს.
თუ ბიზნესმენი დროს ფულით ზომავს და ამბობს, დრო ფულიაო, ჩვენთვის დრო ახალი ცოდნაა, ახალი შთაბეჭდილება, ახალი აზრები და ახალი ქმნილება. ჩვენ დროისგან ვაშენებთ პიროვნებას. ქრება დრო - ირღვევა დროის კავშირი, ირღვევა პიროვნება.
-
სხვადასხვა ისტორულ ეპოქაში დროის აღქმა
სხვადასხვა ისტორულ ეპოქაში დროის აღქმა სხვადასხვაგვარი იყო. "ადამიანი, - წერდა ერთი ისტორიკოსი, - არ იბადება დროის გრძნობით, მისი დროისა და სივრცის გრძნობა ყოველთვის განსაზღვრულია იმ კულტურით, რომელსაც ეკუთვნის".
პირველყოფილმა ადამიანმა იცოდა მხოლოდ უახლესი წარსული და უშუალო მომავალი. სივრცე და დრო მისთვის წარმოადგენდა მძლავრ, იდუმალ ძალას, რომელიც შეიძლება იყოს კეთილი და ბოროტი. მრავალი საუკუნე გავიდა, სანამ ადამიანები დროის დაუბრუნებლობის იდეამდე მივიდოდნენ.
ნელა მიედინიბოდა დრო შუა საუკუნეების ევროპის მცხოვრებთათვის. დღე-ღამის ძირითადი ორიენტირი იყო ეკლესიის ზარების რეკვა. ვინაიდან ცხოვრებისა და ადამიანის ძირითადი საქმიანობის ტემპი დამოკიდებული იყო ბუნებრივ რიტმზე, საათის ზუსტი ცოდნის მუდმივი მოთხოვნილება არ არსებობდა. დროს არ უფრთხილდებოდნენ. დღის ჩვეული დაყოფა ნაწილებად სავსებით საკმარისი იყო. წუთის, როგორც დროის მონაკვეთის, ცნება არ არსებობდა.
ევროპაში მექანიკური საათის გამოგონებისა და გავრცელების შემდეგ საათს დიდხანს არ ჰქონდა წუთის ისარი, ის მისი განუყოფელი დეტალი მხოლოდ XVI საუკუნის შემდეგ გახდა.
დროის შეფასება პიროვნულია. ის ხშირად განისაზღვრება ადამიანის ემოციური მდგომარეობითაც. ხომ გახსოვთ შეყვარებული რომეო და ჯულიეტა. რომეო, რომელსაც მოთმინება არ ჰყოფნის, კარგავს დროის ჩვეული აღქმის უნარს. ჯულიეტა ამბობს: "ჩემთვის კი წუთში ბევრი დღეა, ამ ანგარიშით მე დავბერდები, კვლავ რომეოს ვიდრე ვნახავდე". უილიამ შექსპირს ნათქვამი აქვს: "ზოგთათვის ჟამი ნაბიჯებით მოარულია, სხვათათვის რბიან, მესამეთთვის მიჰქრის უწყალოდ, მეოთხეთათვის გაყინულა და დგას უძრავად".
ამბობენ, ბედნიერები საათს არ უყურებენო. რუსმა ფსიქოლოგმა ნ. მარინმა ეს აზრი უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბა: "სიამოვნება ისევე ვერ შექმნის დროს, როგორც მფლანგველი ვერ დააგროვებს სიმდიდრეს". მაგრამ ეს ხდება აწმყოში.
-
წარსულის შეფასება
რაც შეეხება წარსულის შეფასებას, აქ პირუკუ კანონზომიერება მოქმედებს: შეუვსებელი, ცარიელი მონაკვეთები, რომლებიც მტანჯველად დიდხანს გრძელდებოდა, მოგონებისას გაელვებულ წამებად გვეჩვენება, ხოლო წამები, დატვირთული საინტერესო, ემოციურად სავსე ქმედებით, ფასდება როგორც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები.
ამიტომ ხომ არ არის, რომ უფრო ხშირად სიკეთე, სიხარული გვახსოვს, ხოლო ფუჭი და სევდიანი წუთები გვავიწყდება? ამიტომ ხომ არ არის, რომ ყველაფერი, რაც გავიდა, წარმოდგენაში ვარდისფერ ფერებში გვეხატება? ამიტომ ხომ არ ვამბობთ: "აფსუს, რა ხალხი იყო წინათ, ჩვენ რას მივალთ მათთან?" დაბოლოს, ამიტომ ხომ არ გვეჩვენება ყოველთვის ბედნიერად ბავშვობა? ალბათ რა სხვაგვარად აღიქმება დრო ბავშვობის იმ ბედნიერ წლებში...
-
დროის აღქმა ბავშვებში
ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ დროის აღქმა ყველაზე მეტად ბავშვებს უჭირთ. ეს არცაა გასაკვირი. დროს არ გააჩნია თვალსაჩინო ფორმა, იგი არ შეიძლება მოვსინჯოთ, დავინახოთ, დავყნოსოთ, დავაჭაშნიკოთ. ის შეიძლება მხოლოდ განვვლოთ. ამიტომაც არსებობს დროის სიტყვიერი შეფარდებები: "დღეს", "ხვალ", "გუშინ", "დღეს" - ეს გუშინდელი "ხვალაა" და ხვალინდელი "გუშინ". დიდ და პატარა ადამიანს დროის დინების განსხვავებული აღქმა აქვთ. ბავშვი თავიდან უფროსების დადგენილი რეჟიმით ცხოვრობს, შემდეგ კი თავად ეძებს და პოულობს დროის კოორდინატების საიმედო სისტემას თავისი ცხოვრების განმავლობაში.