ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ნუთუ მამაკაცებს მხოლოდ ქალის გარეგნობა აინტერესებთ? ადრე მსუქანი ვიყავი და ყურადღებას არ მაქცევდნენ. შემდეგ წონა დავიკელი და სულ უფრო ხშირად ვამჩნევ ბიჭების შემფასებლურ მზერას. ხშირად მიახლოვდებიან კიდეც და ჩემი გაცნობის სურვილს გამოთქვამენ. მე კი ურთიერთობის გაბმისა მეშინია - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მათ მხოლოდ ჩემი გარეგნობა აინტერესებთ და მეტი არაფერი... მარი, 21 წლის

როცა ჩვენ პირველად ვხედავთ უცნობ ადამიანს, მას მხოლოდ გარეგნობით, გამომეტყველებითა და მანერებით ვაფასებთ, ამიტომ ჭკვიან, კეთილ და ნიჭიერ გოგონებთანაც კი უცნობი მამაკაცები, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ მიდიან, რომ მათი გარეგნობით იხიბლებიან. მოგვიანებით, როცა ურთიერთობა ღრმავდება, ისინი ხედავენ მათ ღირსებებსა თუ ნაკლოვანებებს და წყვეტენ, გააგრძელონ თუ არა მათთან შეხვედრა. ასე რომ, ამაში საშიში არაფერია - თქვენ თვითონაც ალბათ არაერთხელ აგივლიათ გვერდი შესანიშნავი ადამიანებისთვის ისე, რომ არც კი შეგიმჩნევიათ, რადგან მათი გარეგნობით არ მოხიბლულხართ. კიდევ ერთი: როდესაც წონა დაიკელით, ამით მხოლოდ თქვენი გარეგნობა კი არ შეიცვალა, არამედ დამოკიდებულებაც საკუთარი თავის მიმართ. ალბათ ადრე თავდაჯერება გაკლდათ, ამიტომ ვერც ამჩნევდით თქვენკენ მოპყრობილ მზერას, ახლა კი იცით, რომ კარგად გამოიყურებით და ამიტომაც მამაკაცების აღფრთოვანებული გამოხედვა შეუმჩნეველი არ გრჩებათ.

სამსახურში ჩემი კოლეგები მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებულ თემებზე საუბრობენ, მე კი ძალიან აქტიური ვარ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ასეთ გარემოში მუშაობა ძალიან მიჭირს. ხომ შეიძლება, ხანდახან უბრალოდ ვისაუბროთ, ერთმანეთს რაიმე ისეთი ვუამბოთ, რაც სამუშაოსთან არ იქნება დაკავშირებული? მაგრამ როცა ვცდილობ, ასე მოვიქცე, რამდენიმე წუთს თავაზიანად მომისმენენ და მაშინვე სამუშაოს მიუბრუნდებიან ხოლმე... ლიზა, 26 წლის

მყუდოების ალაპარაკება ისევე ძნელია, როგორც ენაჭარტალების დაშოშმინება. სამსახურში თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ, თქვენ ხალხთან კონტაქტი გჭირდებათ. რაკი ასეა, შეგიძლიათ, დაურეკოთ რომელიმე ნაცნობს და განყენებულ თემებზე ესაუბროთ. თუ სწორედ კოლეგებთან ურთიერთობა გჭირდებათ, შეეცადეთ გაიგოთ, რა აინტერესებთ მათ და ასეთ თემებზე ჩამოაგდეთ სიტყვა. ნებისმიერ ადამიანს აქვს საყვარელი თემა, რომელზეც შეუძლია საათობით ილაპარაკოს. ამავე დროს, ყურადღება მიაქციეთ, რომ საუბარმა სამუშაოს ხელი არ შეუშალოს.


ჩემს მშობლებს სურთ, რაც შეიძლება მალე გავთხოვდე. მათ ძალიან მოსწონთ ჩემი შეყვარებული, განუწყვეტლივ მიმტკიცებენ, რომ ძალიან კარგი ადამიანია, აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ძალას მატანენ, რაც შეიძლება მალე გავყვე ცოლად. ჩემმა შეყვარებულმაც უკვე არაერთხელ ჩამოაგდო სიტყვა ქორწინებაზე, მაგრამ მე ავუხსენი, რომ ჯერ არ მინდა ოჯახის შექმნა - მე ხომ ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ, ოჯახი კი ძალზე სერიოზული რამ არის. ჩემი შეყვარებული ჩემს გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა, მშობლები კი ვერაფრით ეგუებიან - შიშობენ, რომ "ასეთ ბიჭს ხელიდან გავუშვებ". იქნებ მე ვცდები, ისინი კი მართლები არიან? ნატალი, 24 წლის

როგორც უნდა იყვნენ განწყობილნი თქვენი რჩეულის მიმართ თქვენი მშობლები, ცოლად მას თქვენ უნდა გაჰყვეთ; თუ ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯისთვის მზად არ ხართ, აჩქარება არ ღირს, მით უმეტეს - თუ თქვენი შეყვარებული გაგებით ეკიდება თქვენს გადაწყვეტილებას, მაგრამ მაინც გირჩევთ დაფიქრდეთ, რა გაბრკოლებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება არ გსურთ? სტატუსის შეცვლა გაფრთხობთ? შიშობთ, რომ დაქორწინების შემდეგ მოგიწევთ "ტრადიციულად" ცხოვრება: ცოლი ალაგებს, ამზადებს, რეცხავს, ქმარი კი დივანზეა წამოწოლილი? გაესაუბრეთ ამის შესახებ თქვენს შეყვარეულს, შესაძლოა, ამან ეჭვები გაგიფანტოთ.

მყავს 11 წლის ვაჟი. ადრე საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ახლა კი ჩემთან ძველებურად გულახდილი აღარ არის... ადრე მისი ცხოვრების ყოველი წვრილმანი ვიცოდი, ახლა კი ყველა საიდუმლოს მხოლოდ მამას ანდობს. როცა ვეკითხები, როგორ არის საქმე, მოკლედ მპასუხობს: "ყველაფერი რიგზეა!" დაწვრილებით კი მის ამბებს ქმრისგან ვიგებ. როგორ დავიბრუნო შვილის ნდობა? სალომე, 34 წლის

დაფიქრდით, ხომ არ გქონიათ ბოლო ხანს შვილთან  კონფლიქტი, რაიმე ხომ არ აწყენინეთ უნებურად? თუ კი, მაშინ აუცილებლად უნდა გაესაუბროთ და შეურიგდეთ. მაგრამ მიზეზი ალბათ ის უფროა, რომ თქვენი ვაჟი გაიზარდა და გაუჩნდა თავისი "მამაკაცური" საიდუმლოებები, რომლებიც, ურჩევნია, იმ ადამიანს გაუზიაროს, ვისაც მსგავს საქმეებში უფრო მეტი გამოცდილება აქვს. ამის გამო შვილს ნუ გაუნაწყენდებით, უბრალოდ უთხარით, რომ მასთან ურთიერთობა გსურთ. თავის პრობლემებზე თქვენთან საუბარი რომც არ სურდეს, საუბრის თემას მაინც იპოვით.

მე და ჩემმა ქმარმა საოჯახო საქმეები იმთავითვე გავინაწილეთ. მე ეს სამართლიანად მიმაჩნია, რადგან ორივე ვმუშაობთ. მაგრამ ჩემი ქმარი რატომღაც მოითხოვს, რომ ყოველი შესრულებული სამუშაოს შემდეგ შევაქო: "მე ნაგავი გადავყარე! არ უნდა შემაქო? ხომ ყოჩაღი ვარ?" მაგრამ ეს ხომ მისი მოვალეობაა, რატომ ითხოვს მადლობის გადახდას? თუ არ შევაქე, სწყინს და პატარა ბავშვივით იბუტება. ანასტასია, 23 წლის

როგორც ჩანს, თქვენ და თქვენს მეუღლეს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გაქვთ საოჯახო საქმიანობის მიმართ: თქვენთვის ეს ჩვეულებრივი მოვალეობაა, ხოლო თქვენი ქმრისთვის - გმირობა, რომელსაც იმისთვის სჩადის, რომ საყვარელი ქალის აღფრთოვანება გამოიწვიოს. თუ არ შეაქეთ, შესაძლოა ინტერესი დაკარგოს და თავის მოვალეობას გულგრილად მოეკიდოს. ეცადეთ, იპოვოთ კომპრომისი. მაგალითად, აუხსენით, რომ არ შეიძლება ქება-დიდების ყოველდღე შესხმა ერთი და იმავე "გმირობის" გამო, მაგრამ თქვენ აფასებთ ყველაფერს, რასაც ის ოჯახისათვის აკეთებს. ამავე დროს, ეცადეთ, ყოველდღიურად გაამხნეოთ მეუღლე, რათა ენთუზიაზმი არ ჩაუკლათ.