როგორ დავასვენოთ ფსიქიკა
ადამიანები ცდილობენ, ყველა პრობლემა დაივიწყონ და მთელი არსებით მიეცნენ სიამოვნებას, გათავისუფლდნენ უარყოფითი ემოციებისგან, უზრუნველად და უდარდელად გაატარონ დრო.
იმისთვის, რომ შექმნას რაიმე ფასეული, ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სიცოცხლის შესაძლებლობა, სიცოცხლისთვის კი საკვებთან, ბინასთან, ტანსაცმელთან ერთად უამრავი რამ არის საჭირო, თუნდაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გართობა, განტვირთვა და სრულფასოვანი დასვენება.
ადამიანი მთელი წლის განმავლობაში სწავლობს ან მუშაობს და, ბუნებრივია, ფიზიკურადაც და ემოციურადაც იღლება, ამიტომ ფსიქოლოგიური განტვირთვა და ფიზიკური ძალების აღდგენა მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.
სრულფასოვანი დასვენება ყველას სხვადასხვაგვარად ესმის, მაგრამ აუცილებელი რომ არის, ამაში ეჭვი არავის ეპარება. გადატვირთვა და გადაღლა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური, საფრთხეს უქმნის ორგანიზმის ნერვულ სისტემას და ფსიქიკას. ზოგი ყველაზე უკეთ შინ ისვენებს, ზოგი - მთაში, ზოგი - ბარში, ზოგს კი ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარეშე ვერ წარმოუდგენია სიცოცხლე.
სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა განცდა უჩნდება. ზოგი სულიერ სიმშვიდეს მაშინ პოვებს, როცა ზურგჩანთამოკიდებული მთის ბილიკებს შეუყვება, ათას დაბრკოლებას გადალახავს, გაშლის კარავს და საძილე ტომარაში დაიძინებს, ზოგს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ანიჭებს სიხარულს, ზოგს ასეთივე სიამოვნებას ზღვაზე დასვენება ჰგვრის. ზღვის ხმაური, მის თბილ ტალღებში ბანაობა, მარილით გაჯერებული ჰაერი, მცხუნვარე მზის სხივები, ოქროსფერი ქვიშა, ხალხის ჟრიამული, ჩამავალი მზის ულამაზესი სურათი - ყოველივე ეს გადაღლილი ფსიქიკის შესანიშნავი მკურნალია. თუ ამას სასურველი ადამიანების გარემოცვაც ერთვის, მაშინ დასვენება მართლაც სასიამოვნო და დაუვიწყარი ხდება.
თანამოაზრეებთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობაც უზარმაზარი სიამოვნებაა. სირთულეების დაძლევისას ადამიანი უფრო თავდაჯერებული ხდება, უფრო მეტად რწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში, რაც მას არნახულ კმაყოფილებას, სულიერ კომფორტს ჰგვრის.
ადამიანი მოთხოვნილებათა მატარებელი არსებაა, როცა მათ მაქსიმალურად იკმაყოფილებს, ის მშვიდი და ბედნიერია. ეს უწინარეს ყოვლისა, ეხება ვიტალურ ანუ სასიცოცხლო მოთხოვნილებებს. ადამიანს არ უნდა აწუხებდეს შიმშილი, წყურვილი და სექსუალური დაუკმაყოფილებლობა. სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, ესთეტიკური იქნება ეს თუ ინტელექტუალური, ფიზიკური აქტივობა თუ მეგობრებთან ურთიერთობა, მას სრულფასოვნების, პიროვნული ღირსების განცდას უჩენს.
ზღვისგან მხოლოდ სიამოვნება რომ მივიღოთ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. მით უმეტეს, თუ ზომიერი კონტინენტური სარტყლიდან სამხრეთისაკენ მივემგზავრებით - შესაძლოა მზის ან სითბური დარტყმა მივიღოთ. დიდი სიფრთხილეა საჭირო გარუჯვისას, როგორც ზღვაზე, ისე მთაშიც - ბოლო ხანს მზის აქტიურობამ საგრძნობლად მოიმატა, ხოლო ოზონის შრის გათხელების გამო გაიზარდა რადიაციული ფონიც, ამიტომ დღის 12 საათის შემდეგ მზის აბაზანების მიღება სახიფათოა. რომ არ დავიწვათ, მზის სხივებს კანი თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ.
გახსოვდეთ: დამწვრობას ათასგვარი გართულება შეიძლება მოჰყვეს. მზით დამწვრობა მხოლოდ კანისათვის როდია საზიანო - მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს მთელი ორგანიზმისთვის ძლიერი სტრესია. ეს კი განტვირთვის ნაცვლად ფსიქიკას დარტყმას აყენებს.
სტრესს წარმატებით ებრძვის საყვარელ ადამიანთან სიახლოვე, რაც ტვინში სიამოვნების ჰორმონების - ენდორფინების გამომუშავებას ასტიმულირებს. ამიტომაც არის, რომ მზით დამწვარ დამსვენებლებს სექსუალური ლტოლვა უძლიერდებათ, ულტრაიისფერი სხივები ააქტიურებს ზოგიერთი სასქესო ჰორმონის გამომუშავებას. სწორედ ამის წყალობით არის, ადამიანს მგრძნობელობა რომ უმძაფრდება. ამასთანავე, მზის სხივები სიხარულის ჰორმონის - სეროტონინის წარმოქმნასაც ააქტიურებს. მთიდან თუ ზღვიდან ყოველთვის ჩინებული განწყობით ვბრუნდებით. ჩვენი უსიამოვნებები, ნეგატიური ემოციები თითქოს უკვალოდ ქრება. ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობთ და გვეჩვენება, რომ გავახალგაზრდავდით კიდეც. იქნებ არც გვეჩვენება - ზღვასა და მზეს, მთასა და ტყეს მართლაც შესანიშნავი ეფექტი აქვს: იმატებს სასიცოცხლო ენერგია, სულიერი სიმტკიცე, თავდაჯერება, გვიბრუნდება ცხოვრების ხალისი. ამიტომ უნდა მოვახერხოთ რამდენიმე კვირით ან დღით გავექცეთ ყოფით ერთფეროვნებას, ყოველდღიურ საზრუნავს და დავისვენოთ, განვიტვირთოთ, რათა დადებითი ემოციებით სავსე დავუბრუნდეთ პროფესიულ თუ საოჯახო საქმიანობას.
რატომ გვიზიდავს ზღვა?
- როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, ზღვის წყალი შემადგენლობით ძალიან ჰგავს ადამიანის სისხლის პლაზმას. იქნებ სწორედ ამიტომ განვიცდით ზღვის წყლისადმი ამგვარ ლტოლვას? ჯერ კიდევ ჰიპოკრატე მკურნალობდა ზღვის წყლით ჭრილობებს, ნახეთქებს და დაჟეჟილობას, ურჩევდა ზღვაში ბანაობას ნერვული დაავადებებისა და სახსრების ტკივილის დროს, ზღვის წყლით გამორეცხავდა ნაწლავებიდან წიდას, ერთ ჭიქა ზღვის წყალს კი კუჭის საუკეთესო გამხსნელად მიიჩნევდა.
- ზღვის ტალღები მსუბუქი მასაჟის ეფექტს ახდენს, ამდიდრებს ორგანიზმს ჟანგბადით, აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას. მარილიანი წყალი არეგულირებს თერმორეგულაციას, ამაღლებს ტონუსს, აკაჟებს, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ზრდის სისხლის წითელი სხეულების რაოდენობას და მწყობრში აყენებს გულის რიტმს.
- გარდა ამისა, ზღვისა და ოკეანის წყალს აქვს ანტისტრესული ზემოქმედება, ანეიტრალებს ჭარბ მავნე დადებით იონებს, რომელთაც ჩვენ ვაგროვებთ ქვის ჯუნგლში ცხოვრებისას.
- ზღვა გვასაჩუქრებს უამრავი მინერალით, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. იოდი, რომლითაც მდიდარია ზღვის წყალი, ააქტიურებს ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. ტრავმების შედეგები და რევმატული დაავადებები ზღვაში ბანაობის შედეგად წარმატებით იკურნება.