ფსიქოლოგიური დახმარება

სამუშაოს დაკარგვის შემდეგ ჩემი ქმარი ძალიან შეიცვალა, აუტანლად ეჭვიანი გახდა. ჩემს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს, დღეში რამდენჯერმე მირეკავს და მეკითხება, სად ვარ და რას ვაკეთებ. როგორ მოვიქცე? ანასტასია, 27 წლის
როგორც ჩანს, თქვენი მეუღლისათვის მნიშვნელოვანი იყო "შემომტანის", "ოჯახის მარჩენალის" სტატუსი. ახლა, როცა სამსახური დაკარგა, ეჩვენება, რომ თქვენს თვალში დაიმცრო, ამიტომ გაუჩნდა შიში, რომ შესაძლოა, სხვა მამაკაცმა მოგხიბლოთ. მოიკრიბეთ ძალა, რათა საყვარელ ადამიანს ამ რთული პერიოდის გადატანაში დაეხმაროთ. იყავით უფრო ყურადღებიანი, თქვენ თვითონ დაურეკეთ, ხშირად უთხარით, როგორ გიყვართ და როგორ გჯერათ მისი.
საშინლად უიღბლო ვარ. ვერ მოვხვდი უმაღლეს სასწავლებელში; ძალიან მიჭირს კარგი სამუშაოს შოვნა - ყოველთვის სხვა მასწრებს; თუ რამის შესაძენად რიგში ჩავდექი, ჩემ წინ გათავდება... აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. მარიამი, 29 წლის
არსებობს ჩინური თქმულება: ერთი გლეხის ერთადერთი შვილი ცხენიდან გადმოვარდა, ფეხი მოიტეხა და დაკოჭლდა. საწყალი ბიჭი, ბედმა როგორ უმტყუნაო, - გაიძახოდნენ მეზობლები. სულ მალე იმპერატორმა მეზობელ სახელმწიფოს ომი გამოუცხადა და ყველა ახალგაზრდა კაცი საომრად წაიყვანეს. უმეტესობა უკან არ დაბრუნდა. მხოლოდ იმ გლეხის ხეიბარი შვილი არ წასულა ომში. მაშ, ვის გაუღიმა ბედმა და ვის - არა? როგორც ხედავთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ასე ადვილი არ არის. იღბალიც და უიღბლობაც იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვაფასებთ ჩვენ თვითონ მომხდარს.
ისწავლეთ უიღბლობის შემთხვევაშიც კი ამაში პლუსის დანახვა. რამის შეძენა ვერ მოასწარით? სამაგიეროდ, ფული დაგეზოგათ. სასურველ ვაკანსიაზე არ მიგიღეს? სამაგიეროდ, დაგრჩათ თავისუფალი დრო, რათა უფრო უკეთესი სამსახური ეძებოთ.
ჩემმა შვიდი წლის გოგონამ გამომიცხადა, რომ სინამდვილეში მას სხვა დედა ჰყავს, რომ ის ჩემზე კეთილია და უკეთესი, რომ ის აუცილებლად მოძებნის მას და თავისთან წაიყვანს. საიდან აქვს ჩემს გოგონას ასეთი აზრები? ქრისტინე, 32 წლის
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ბავშვი სხვა, "ნამდვილ" მშობლებს მაშინ იგონებს, როცა ნაწყენია, აკლია ყურადღება, ალერსი, როცა მისი არ ესმით... თვით იდეა კი ფილმიდან ან წიგნიდან არის აღებული. ეს პოპულარული სიუჟეტია: მთავარი გმირი, რომელმაც უამრავი განსაცდელი გამოიარა, ბოლოს მოსიყვარულე ოჯახს პოულობს. როცა გოგონა კიდევ ერთხელ გეტყვით ასეთ რამეს, ჰკითხეთ: "ჩემზე ნაწყენი ხარ?" გაარკვიეთ, რა ეწყინა. საზოგადოდ კი, მეტი დრო დაუთმეთ შვილს, ხშირად მიეალერსეთ, უთხარით, რომ ძალიან გიყვართ.
ვშიშობ, რომ ვერასდროს ვიპოვი მეორე ნახევარს... ყველა მეუბნება, რომ სიყვარული წინ მაქვს, მაგრამ რა მესიყვარულება, როცა ოცდაოთხი საათი ციბრუტივით ვტრიალებ სახლს, სამსახურსა და ინსტიტუტს შორის? სხვა თუ არაფერი, ვინმე რომ შემიყვარდეს, ჯერ ხომ უნდა გავიცნო... ია, 25 წლის
ხომ გახსოვთ ანდაზა, სადაც არი ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. ადამიანი სიყვარულს ყველგან იპოვის: ქუჩაში, კაფეში, სამსახურში.... ისეც ხდება, რომ ორი ადამიანი ზოგჯერ წლობით იცნობს ერთმანეთს, სანამ მათ შორის გრძნობა იფეთქებს. სხვა თვალით შეხედეთ კოლეგებს, თანაკურსელებს, როგორმე გამოძებნეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად - მათ შეიძლება ვინმე გაგაცნონ. სხვა თუ არაფერი, ერთფეროვანი ცხოვრება დაგღლით და დაგთრგუნავთ.
ნაცნობის ვალი მქონდა. მოულოდნელად ხელში ფული ჩამივარდა. აღარ მინდოდა, ვალის დაბრუნება გადამედო, მაგრამ მივლინებაში მივდიოდი და არ მეცალა, ამიტომ ფული - საკმაოდ მოზრდილი თანხა - ჩემს დას დავუტოვე გადასაცემად, მან კი დახარჯა... ახლა მეფიცება, დაგიბრუნებო, მაგრამ ვიცი, რომ ამდენ ფულს ვერსად იშოვის. როგორ მოვიქცე? რაც მთავარია, როგორ შევხედო თვალებში ჩემს ნაცნობს? ელენე, 29 წლის
უპირველეს ყოვლისა, აუხსენით დას, რომ დაუკითხავად ფულის დახარჯვა იგივეა, რაც ქურდობა, განურჩევლად იმისა, ვისი იყო ეს ფული - ნათესავისა თუ გარეშე პირისა. მეორეც, დაე, ფულის შოვნაზე მან იტეხოს თავი, თუნდაც ისესხოს ან კრედიტი აიღოს... თუ ახლა აპატიებთ, შესაძლოა, ასე მეორედაც მოიქცეს. იმ ნაცნობს კი, რომელსაც ფული სესხად გამოართვით, უამბეთ მომხდარის შესახებ და ჰკითხეთ, ხომ არ შეუძლია, კიდევ ცოტა ხანს გაცადოთ.