ცხოვრების არასწორად შერჩეული მიზანი, ფსიქიკური აშლილობა, ანუ როცა მიზანი შესაძლებლობაზე მეტია
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, აკეთებს არჩევანს მომავალი ცხოვრებისთვის, ისახავს მიზანს და ცდილობს ამ მიზნის მისაღწევად შესაფერისი გზები და უნარები გამონახოს.
ამ ყველაფრისთვის ადამიანები ცდილობენ თავიანთ თავში გაერკვნენ, აღმოაჩინონ სათანადო მიდრეკილებები, ხშირად გენეტიკურიც. ასეთი არჩევანის დროს მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებების შეფასება, შესაფერისი ნიჭების, ფიზიკური შესაძლებლობებისა და ფსიქიკური განწყობების გათვალისწინება. ასეთი მიზანი ადამიანისთვის შეიძლება უმეტესად პროფესიის არჩევას უკავშირდებოდეს.
ზოგჯერ დასახული მიზანი ბევრად აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს და მისი მიღწევის გზები ხშირად რთული გასავლელი და გადასალახია, მიზნის განხორციელების სურვილი კი შეურყეველი, ზოგჯერ საკმაოდ პრონციპული და რადიკალურიც კი.
სირთულეებთან შეჯახებას სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს და განიცდის. ზოგი ახერხებს პრობლემებთან, ბარიერებთან, დიდ განსაცდელთან გამკლავებას, მიზანს უახლოვდება და აღწევს კიდეც. ასეთ ადამიანებს ძალიან ეხმარება განათლება, მოტივაცია, თვითშეფასების მაღალი დონე, საკმაოდ მყარი ფსიქიკა და ამავე დროს საჭირო ფიზიკური შესაძლებლობებიც.
მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ დიდი პრეტენზია, წარმატების მიღწევის დიდი მოთხოვნილება, მაგრამ დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობები ბევრად მცირე.
ასეთ დროს ამ ადამიანებისთვის სირთულეებთან შეჯახება, პრობლემების გადალახვა, მძიმე განსაცდელად იქცევა ხოლმე და თუ ამას ლაბილური ფსიქიკაც ხვდება, საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვება. ფსიქიკა ვერ უძლებს სირთულეებს და პრობლემებს ქმნის. იწყება ფრუსტრაცია, აპათია, დეპრესია და თავს იჩენს ფსიქიკური აშლილობა.
ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დასახული მიზნის მისაღწევად შესაფერისი განათლებაც, პოტენციალიც, მაგრამ ფსიქიკური და ფიზიკური თავისებურებები ხელს უშლიდეს. შეიძლება ხელისშემშლელი იყოს გარემო და ადამიანებიც. შეიძლება შეეჯახოს მტრულ კოლეგიალურ, ეგოისტურ გარემოს, კონკურენციას და ა.შ.
ყველა ის მოვლენა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ხშირად ჩვენი „დამსახურებაა“. ვიღებთ იმას, რასაც ვიზიდავთ. ხშირად თითოეული ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, რაც არ გვინდა, ასე ვიყავი მეც წლების განმავლობაში და ვიცი, რა რთულია გაიარო ის გზა, რომელიც გამოგიმუშავებს პოზიტიურად ფიქრის უნარს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მუშაობს. იმის გამო, რომ ჩვენი ტვინი ვერ აღიქვამს „არას“, მას ჩვენდაუნებურად ვაძლევთ სიგნალს და როგორი განწყობაც უნდა გვქონდეს, ძალიან მალე სწორედ ის იქცევა რეალობად ჩვენს ცხოვრებაში. ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც არ გვინდოდა. გულწრფელად მიკვირდა, რატომ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ვფიქრობდი, რომ არ უნდა მომხდარიყო, სანამ არ დავიჯერე განწყობის თეორიის არსი. ამაზე მუშაობა საჭიროა ყოველდღიურად, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ.
წარუმატებლობის გაკვეთილების გათვალისწინება ადამიანებს უნდა ასწავლიდეს იმას, როგორ აქციონ თავიანთი შეცდომები და წარუმატებლობები ცხოვრებისეულ საყრდენად.
მათ ნებისმიერ სიტუაციაში ორი რამ უნდა განასხვაონ. ეს არის „წარუმატებლობისა“ და „დროებითი მარცხის“ ერთმანეთისაგან გარჩევა.
ადამიანები ცხოვრების განმავლობაში ხშირად გავდივართ წარმატებისა თუ წარუმატებლობის გზას. არსებობს გარდამავალი დროება, როდესაც ერთი მეორეს ცვლის, თუმცა, ორივე შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ დანებება, მოდუნება, არასოდეს არის კარგი იდეა და ყოველთვის მთავარია - ჩვენი თავის რწმენა.
ვფიქრობ, მიზნისაკენ მიმავალ გზაზე რომ წარმატებით იარო, საჭიროა დაივიწყო სიტყვა „დანებება“.
წარუმატებლობის, მარცხის შემთხვევაში კარგი იდეაა, ადამიანებმა თვალი გადაავლონ თავიანთ განვლილ ცხოვრებას და ის შემთხვევები გაიხსენონ, როდესაც შეუპოვრობა მათი წარმატების გასაღები აღმოჩნდა.
ნებისმიერი სახის სირთულის წინაშე, ან უიმედო მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში, სწორედ მსგავსი გამოცდილების გახსენება ერთ-ერთი ძლიერი იარაღია მარცხის წინააღმდეგ.
წარუმატებლობის დროს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ პრობლემაში, სირთულეში, დაბრკოლებასა და წინააღმდეგობაში ვეძიოთ დაფარული სარგებლისა და შესაძლებლობების მარცვალი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიპოვით რაღაც ისეთს, რაც დაგვეხმარება სირთულეების გადატანაში. წარმატება და წარუმატებლობა ცხოვრებაში ხელიხელჩაკიდებულები დადიან. ამდენად, კარგია, ყოველთვის გვახსოვდეს ისიც, რომ წარმატების შემთხვევაშიც კი იმედგაცრუება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ბენჯამენ ფრანკლინმა თქვა: „მხოლოდ ორი გარდაუვალი რამ არსებობს: სიკვდილი და გადასახადები, მაგრამ ჩვენი თითოეული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იმედგაცრუებაც გარდაუვალია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგად მოახერხებ შენი თავისა და შენ მიერ განხორციელებული აქტივობების ორგანიზებას, მაინც ბევრჯერ გაგიცრუვდება იმედი, უკან დახევაც მოგიწევს და დაბრკოლებების გადალახვაც. ცხოვრებაში არაერთ გაჭირვებასა და უბედურებასაც გადაეყრები. და რაც უფრო დიდ გამომწვევ მიზნებს დაისახავ, მით მეტი იმედგაცრუება გერგება და უფრო მეტ გაჭირვებასაც შეხვდები“.
სწორედ ესაა პარადოქსიც. შეუძლებელია განვითარდე, გაიზარდო და შენი შესაძლებლობები გამოიყენო, თუ გაჭირვებას არ გამოცდი და მისგან არ ისწავლი. მთავარია, არ დანებდე და არ წარმართო ფიქრები იმისაკენ, რომ რაღაც არ შეგიძლია ან არ გამოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ძალიან ვცდილობთ წარუმატებლობის თავიდან აცილებას, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები სწორედ უკუსვლისა და დროებითი მარცხის შემდეგ მოდის. და მაინც, წარუმატებლობის გარეშე ისეთ ადამიანებად ვერ ვიქცევით, რომელთაც სიმაღლეების დაპყრობა და მიზნების მიღწევა შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, წარმატება განპირობებულია არა მარტო გარკვეული ფსიქოლოგიური ნიშან-თვისებებით, არამედ მთელი რიგი ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა - პროფესიონალიზმი, კონკრეტული ცოდნა და უნარები, ეკონომიკური სიტუაცია, აღზრდა, ბედის წყალობა და ა. შ. მაგრამ სწორედ ფსიქოლოგიური განწყობა და მომზადება მნიშვნელოვანწილად ზრდის წარმატების მიღწევის შანსს. წარმატება ფსიქოლოგიურად გულისხმობს დადებითი შედეგისაკენ სწრაფვას, ჩანაფიქრის კარგად დასრულებას.
-
რა ეხმარება და რა უშლის ხელს ადამიანს წარმატების მიღწევაში: არსებობს თუ არა წარმატების ფსიქოლოგიური „გასაღები“ ან ფსიქოლოგიური ბარიერები წარმატების გზაზე?
წარმატების პრობლემა სხვადასხვა დისციპლინის შესწავლის საგანია, ის აისახება ეკონომიკურ, სოციოლოგიურ ნაშრომებში, ჟურნალისტურ პუბლიკაციებში. ფსიქოლოგიაში წარმატების პრობლემის შესწავლის ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. კვლევის შედეგად მიიღეს მრავალრიცხოვანი მონაცემი, რომლებიც ადასტურებს სხვადასხვა სოციალურ-ფსიქოლოგიური თუ პიროვნული ფაქტორის გავლენას წარმატების მიღწევაზე საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში.
-
ბარიერები წარმატების მიღწევის გზაზე
წარმატების მიღწევის ხელშემშლელ ფსიქოლოგიურ ნიშან-თვისებათა ნუსხა ძალიან ფართოა, ამიტომ გამოვყოთ მხოლოდ ძირითადი:
- ახალი ან უცნობი სიტუაციის (ახალი თანამშრომლების, ახალი ხელმძღვანელის, რევიზორისა და ა. შ.) შიში, რისკის გაწევის შიში. ადამიანი ირჩევს უსაფრთხოებას და კომფორტს და არა რისკსა და სიახლეს.
- მოწყვლადობის შიში. ადამიანი ცდილობს თავი აარიდოს ისეთ სიტუაციას, რომელმაც შეიძლება მოუტანოს ტკივილი ან შეაშინოს.
- თავის თავში დაურწმუნებლობა. სიახლისაკენ სწრაფვის უქონლობა ხშირად განპირობებულია შეცდომის, მარცხის შიშით, აგრეთვე იმით, რომ ადამიანს არ სჯერა, რომ მას შეუძლია რაიმე ახლის შექმნა.
- არასაკმარისი უნარ-ჩვევები, სუსტი პოტენციალი, არასაკმარისი მხარდაჭერა, საჭირო უნარ-ჩვევების უქონლობა. ზოგჯერ ადამიანს აკლია ახალი იდეები ან ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა თავისი თავის შესაცვლელად. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ადამიანს, რომელიც დიდხანს ერთსა და იმავე პირობებში მუშაობს.
- მხარდაჭერის უქონლობა ხელმძღვანელის მხრიდან.
შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულ ადამიანს ახასიათებს: ცხოვრებისა და მუშაობის ცვალებად პირობებთან შეგუების უნარი, მდგრადობა უსიამოვნო სიტუაციისა და სტრესის მიმართ, ემპათია, ეფექტურობა, პატივმოყვარეობა, უფრო მაღალი სტატუსისაკენ სწრაფვა, ცხოვრების დონის ამაღლების სურვილი, ახალი გამოცდის მიმართ ინტერესი, პასუხისმგებლობა სხვათა წინაშე.
რა თქმა უნდა, წარმატება განპირობებულია არა მარტო ადამიანის გარკვეული ფსიქოლოგიური ნიშან-თვისებებით, არამედ მთელი რიგი ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა პროფესიონალიზმი, კონკრეტული ცოდნა, ნიჭი, უნარები, ეკონომიკური სიტუაცია, აღზრდა, ბედის წყალობა და ა. შ. მაგრამ სწორედ ფსიქოლოგიური განწყობა და მომზადება მნიშვნელოვანწილად ზრდის წარმატების მიღწევის შანსს. ფსიქოლოგიურად წარმატება გულისხმობს დადებითი შედეგისაკენ სწრაფვას, ჩანაფიქრის კარგად დასრულებას. ამისათვის კი საჭიროა ძლიერი მხარეების განვითარება და სუსტის კორექცია.
ვინაიდან წარმატებისაკენ ბევრი ადამიანი მიისწრაფვის, ბუნებრივია „წარმატების ფორმულის“ აგების სურვილი, რომელიც დაეხმარება ყველას წარუმატებლობის დაძლევასა და ახალი დონის მიღწევაში. მაგალითის სახით შეიძლება განვიხილოთ ჰ. მაკეის მიერ შეთავაზებული ეგრეთ წოდებული „მაგიური წარმატების ფორმულა“.
არაორდინარულ, ძალიან წარმატებულ ბიზნესმენთა ცხოვრებისა და საქმიანობის ანალიზის გზით ჰ. მაკეიმ გამოყო წარმატების უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური მახასიათებლები. ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რომელთა წყალობითაც თითოეული ჩვენგანი უნიკალური პიროვნებაა, მაინც შეიძლება წარმატებული ადამიანის იმ ზოგადი დამახასიათებელი თავისებურებების გამოყოფა, რომლებმაც შეუწყო ხელი წარმატების მიღწევას. ამ თავისებურებათა საფუძველზე ჰ. მაკეიმ ააგო „წარმატების ფორმულა“. კერძოდ, ესაა ჯამი შემდეგი კომპონენტებისა: შეუპოვრობა, მიზნის დასახვა, ძალების შემოკრების, მობილიზაციის. თუ ამ ფორმულას დავუმატებთ საკუთარ თავში დარწმუნებულობას, წარმატება გარდაუვალია.
დაბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ჩვენგანს ბევრის გაკეთება ძალუძს თავისი უნარების, ხასიათის, საქმიანი აქტივობის, მიზანდასახულობის განსავითარებლად. პრაქტიკულად ყველა ჩამოთვლილი თავისებურების განვითარება შესაძლებელია.