პოზიტიური ფსიქოთერაპიის გავლენა
მკურნალობის მიდგომას საფუძვლად უდევს წინაპირობა, რომ ადამიანის ბუნება არსებითად კარგი, უკეთესობისკენ მიდრეკილი და გამოსწორებადია.
ეს მიდგომა გერმანიაში მოღვაწე გამოჩენილი სომეხი ექიმის, პროფესორ ნოსრატ პესეშკიანის და მასთან მომუშავეთა მიერ განვითარდა, დღესდღეობით ამ მეთოდის ათვისება არაერთ ქვეყანაშია შესაძლებელი პოსტდიპრომულ საფეხურზე. პესეჩკიანმა ეს ყოველივე შექმნა და გამოიყენა იმის ასახსნელად, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ არის მხოლოდ დახმარების მაძიებელი პირის „ფაქტობრივი“ საკუთრება, არამედ ყველა ადამიანი ფლობს კონფლიქტის კონსტრუქციულად მოგვარების თვისებებს.
მოცემულ ესსეში საუბარი იქნება კონკრეტულ მიზეზსა და მიზანზე, თუ რატომ იყენებენ პოზიტიურ ფსიქოთერაპიას და რა დადებითი თვისებები აქვს მას.
-
პოზიტიური ფსიქოთერაპია იყენებს მულტიკულტურულ ისტორიებს და მეტაფორებს, რათა თერაპიაში მყოფი ადამიანები წაახალისოს თავიანთი ფსიქიკური პრობლემების უნიკალური და პოზიტიური ხედვით.
თერაპიაში მყოფი ადამიანი მაქსიმალურად ერთვება თხრობაში, იმ ისტორიაში, რასაც თავის თავზე ჰყვება, თითქოს ამბის ნაწილი ხდება, რაც აქტიურ როლს თამაშობს განკურნების პროცესში. მოცემული ინტერდისციპლინური მიდგომა ფსიქოთერაპიის სხვადასხვა ფორმას მოიცავს, რაც პაციენტს ეხმარება, თავისი თავის თერაპევტი გახდეს, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება კონკრეტულ გარემოებებს, გამოცდილებასა და სიტუაციას.
პოზიტიური ფსიქოთერაპიის თეორიის თანახმად, დადებითი შედეგის მისაღწევად სამი ძირითადი პრინციპია განსახილველი, ესენია:
იმედის პრინციპი – კაცობრიობის დადებით კონცეფციას აღნიშნავს. იმის ნაცვლად, რომ ყურადღება კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრაზე გაამახვილონ, ინდივიდებს, პირველ რიგში, დარღვევის შესწავლას, მის გაშიფვრას, დადებითი ან რეალური (არსებული) თვისებების გაანალიზებას ურჩევენ.
ამ კუთხით მუშაობს თერაპევტი, რათა პაციენტს დაეხმაროს დარღვევის ჭეშმარიტი მიზნის გაცნობიერებასა და მათი ხედვის დანახვაში. მაგალითად, თუ ძილის დარღვევა შეიძლება განიმარტოს როგორც ძილის უკმარისობასთან ერთად ფუნქციონირების უნარი, ცუდი განწყობა შეიძლება ჩაითვალოს შიდა ან გარე კონფლიქტებზე რეაგირების შესაძლებლობად. გამოცდილი სიმპტომები ითვლება ერთგვარ სიგნალებად, რომლებიც ცხოვრების თვისებების ბალანსში დაბრუნების აუცილებლობაზე მიუთითებს.
ბალანსის პრინციპი – კონფლიქტის დინამიკასა და მის შინაარსს ეხმიანება. პესეშკიანის ბალანსის მოდელის თანახმად, ადამიანებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ კონფლიქტებს ცხოვრების ოთხ სფეროში: სხეული/გრძნობა; მიღწევა/აქტივობა; კონტაქტი/გარემო და ფანტაზია/მომავალი.
მოცემული ოთხი დიაპაზონი ყველა ადამიანისათვის საერთოა, შესაძლოა ითქვას, რომ თანდაყოლილია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანები უფრო მეტად ფოკუსირებულნი არიან სხეულზე ორიენტირებულ და მიღწევებზე ორიენტირებულ რეჟიმებზე, ხოლო აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანები ხშირად გამოკვეთენ ურთიერთობებზე ორიენტირებულ და მომავალზე ორიენტირებულ დაძლევის მექანიზმებს.
ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი სასურველი დაძლევის მექანიზმის შემუშავება, მაგრამ როდესაც ისინი წონასწორობიდან გამოდიან, შესაძლოა ავადმყოფობამ ან უარყოფითმა სიმპტომებმა იჩინონ თავი.
კონსულტაციის პრინციპის თანახმად, თერაპიისა და თვითდახმარების ხუთ ეტაპია გამოყოფილი, გამოწვევები და პრობლემები უნდა გადაწყდეს ხუთი განსხვავებული ეტაპის შედეგად:
1. დაკვირვება, რომლის დროსაც, ადამიანი, რომელიც თერაპიაში იმყოფება, ხშირად წერილობით გვაწვდის იმედგაცრუების და სასიამოვნო სიტუაციების ზოგიერთ მითითებას;
2. ინვენტორი, რომელშიც ტარდება სტრუქტურირებული საძიებო ინტერვიუ კონფლიქტსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის რაიმე კავშირის დასადგენად;
3. სიტუაციური მხარდაჭერა, რომლის დროსაც პაციენტი თერაპიაში მონაწილეობს, რათა ფოკუსირება მოახდინოს რომანტიკული პარტნიორის ან სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი ადამიანების პოზიტიურ თვისებებზე;
4. ვერბალიზაცია, ან პარტნიორებს შორის ურთიერთობის საკითხების განხილვა;
5. მიზნების შემუშავება, რაც წინსვლასა და მომავალში მისაღწევი პოზიტიური მიზნების დასახვას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურ ფსიქოთერაპიასა და პოზიტიურ ფსიქოლოგიას მსგავსი სახელწოდებები აქვს, ეს ორი მიდგომა ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებულია.
პოზიტიური ფსიქოლოგია, რომელიც მარტინ სელიგმანმა შეიმუშავა, უფრო პროდასავლური მიდგომაა, რომელიც ცნობს უარყოფითი გამოცდილების და ტრავმის არსებობასა და გავლენას, მათი პოზიტიური მიმართულების გადახედვის გარეშე.
პოზიტიური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მკაფიო თვისებაა წარმოსახვისა და ინტუიციის შეტანა სამკურნალო პროცესში, რაც ჩანს კულტურული ისტორიების გამოყენების მეთოდით, როგორც შუამავლობის საშუალება თერაპიასა და თერაპევტს შორის. ეს მეთოდი შეიძლება საფუძვლად დაედოს მკურნალობის პრიცესში მყოფი პირის იდენტიფიკაციის საფუძველს და ამავე დროს გახდეს დაცვის საშუალება. თავისი თავის სიუჟეტში ჩართვით, თერაპიაში მყოფადამიანებს უკეთესად შეუძლიათ ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ არიან ისინი, მათ პრობლემებსა და პირად სურვილებზე. შემდეგ თერაპევტს შეეძლება უფრო თამამად შეეხოს მგრძნობიარე თემებს და შესთავაზოს პაციენტს შესაძლო კორექტირებები ადამიანის აღქმისა და სურვილების ეჭვის გარეშე.
თერაპევტებს ასევე შეუძლიათ დაეხმარონ ინდივიდებს ობიექტურად გააანალიზონ ცალმხრივი იდეები, მოახდინონ მათი პოზიტიური ინტერპრეტაცია და შემდეგ დაეყრდნონ მათ. ეს პროცესი თერაპევტისაგან მოითხოვს, პირველ რიგში, შეადგინოს სიმპტომების შესაძლო ინტერპრეტაციის ყოვლისმომცველი მიმოხილვა, რომელიც თავდაპირველად უარყოფითად აღიქმება. მაგალითად, ქალს, რომელიც თავს სხვაზე დამოკიდებულად და მიჯაჭვულად მიიჩნევს, თერაპია შეიძლება დაეხმაროს იმაში, რომ სიტუაცია უფრო ნათელი კუთხით დაინახოს და თავის თავზე იფიქროს არა როგორც ვინმეზე დამოკიდებულზე, არამედ როგორც ქალზე, რომელსაც უყვარს ქმართან ყოფნა, ან მზრუნველ მეგობრად წარმოიდგინოს, რომელსაც მეგობრების წრეში ყოფნა აბედნიერებს.
რადგან მკურნალობის დროს პაციენტები არსებული პრობლემების უფრო პოზიტიურ ინტერპრეტაციას იღებენ, მათ წინაშე მყოფი პრობლემები, როგორც წესი, ნეგატიურ გამოცდილებად აღარ განიხილება, მათ შეუძლიათ წარსულ პრობლემებზე ფიქრს თავი დაანებონ და წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების ახალი გზები გაითვალისწინონ.
პოზიტიური ფსიქოთერაპია მიიჩნევს, რომ ეთნიკური კუთვნილების, სქესის, ასაკის, ფინანსური მდგომარეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის განურჩევლად, ყველა ადამიანი ფლობს ორ ძირითად არაცნობიერ შესაძლებლობას: აღქმისა და სიყვარულის უნარს.
აღქმის უნარი აღწერილია, როგორც ის, რაც აიძულებს ადამიანს გააცნობიეროს კავშირი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, ყოველდღიური მოვლენების მიზეზსა და არსებობის მნიშვნელობას შორის, მაგალითად, რატომ ანათებს მზე, რატომ იზრდებიან ხეები, ადამიანის წარმომავლობა, ან მისი წარმოშობა და ა.შ. ასევე ადამიანის მომავალი ან დანიშნულების ადგილი.
ინდივიდუალურობის ეს გრძნობა, შეკითხვების ფორმულირებისა და პასუხის ძიების შესაძლებლობასთან ერთად, ვითარდება ცოდნის, სწავლის პროცესში.
სიყვარულის უნარი თანდაყოლილია და ასოცირდება ადამიანის ემოციურ სფეროსა და პიროვნულ ურთიერთობებთან. პესეშკიანის აზრით, ეს ორი ძირითადი შესაძლებლობა პიროვნების რეალურ შესაძლებლობებს განსაზღვრავს. რეალური შესაძლებლობები არის დამოკიდებულება და ქცევა, რომელიც ყოველდღიურად, მუდმივად გამოიყენება. ის მოიცავს პირველად და მეორეულ შესაძლებლობებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ადამიანის ძირითადი შესაძლებლობებიდან წარმოიშვა სხეულთან, გარემოსთან ურთიერთობის შედეგად. კულტურა, რელიგია და აღზრდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეალური შესაძლებლობების განვითარებაში.
მიიჩნევენ, რომ პოზიტიური ფსიქოთერაპია ხალხს აძლიერებს უნარ-ჩვევებით, რაც მათ შიდა ბალანსის განცდის მისაღწევად სჭირდებათ, ეყრდნობიან ყველა რესურსს, რომელსაც ისინი ფლობენ, სხეულის, სულის, გონებისა და ემოციების მეშვეობით.
ბევრ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის უნიკალური თერაპიული მიდგომებით, განსაკუთრებით მათ, რომლებიც განიცდიან კონფლიქტს კულტურათშორის ურთიერთობებში, მათ, ვინც ემიგრაციაში ცხოვრობენ სრულად განსხვავებული კულტურის ადგილებში, ოჯახებმა, რომლებიც განიცდიან კულტურათშორის კონფლიქტს.
კვლევების თანახმად, პოზიტიური ფსიქოთერაპია არის გასაოცრად ეფექტური ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა ფსიქოზური აშლილობა, თვითმკვლელობის იდეები, დეპრესია და მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა.
საბოლოოდ, პოზიტიური ფსიქოთერაპიის თანახმად, ყველაზე ნეგატიური გამოცდილებაც კი შესაძლოა უდიდეს პოზიტიურ რესურსად ვაქციოთ იმ შემთხვევაში, თუ ვკონცენტრირდებით მის დადებით და არა უარყოფით ასპექტზე. მოცემული მიდგომის თანახმად, გარდაუვალი სიკვდილის შიშიც კი რაიმე ახლისა და კარგის შექმნის რესურსია, რადგან სიკვდილის მიღებამ და მისი შიშის გააზრებამ, ყოველდღიური ცხოვრება უფრო ბედნიერი და მნიშვნელოვანი გახადოს: სიკვდილის მეშინია იმიტომ, რომ არარსებობას ნიშნავს და თუ მე იქ ვიცოცხლებ, რასაც თვითონ შევქმნი, სიკვდილის შიში უკვე ცხოვრების რესურსად იქცევა.