გაზაფხული და შემოდგომა ფსიქიკური დაავადებების გაწვავების დრო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაზაფხული და შემოდგომა ფსიქიკური დაავადებების გაწვავების დრო

მიჩნეულია, - ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობამ ასე იცის, - რომ გაზაფხულსა და შემოდგომაზე გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები მწვავდება. აი, ფსიქიატრებს კი მაიჩნიათ, რომ ეს ყველაფერი მეორეულია და რომ შინაგანი დაავადებების სეზონურ აფეთქებაში ბრალი უწინარესად ფსიქიკურ დარღვევებს მიუძღვის. სწორედ ფსიქიკურ პრობლემებს მოსდევს სომატური ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შინაგანი ორგანოების დაავადებები.

საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები უფრო არაადეკვატურად იქცევიან, ხშირია თვითმფრინავების გატაცება თუ თვითმკვლელობა.

მარტში, აგვისტოს მიწურულს და მთელი შემოდგომის განმავლობაში ნევროზული გართულებები თუ შიზოფრენიული ფსიქოზები განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს. როგორც ექიმები აღნიშნავენ, ემოციურად არამდგრადი ადამიანების ჯანმრთელობაზე ამინდის მკვეთრი ცვლილებები ძლიერ გავლენას ახდენს.

მარტის ჭირვეულობაზე ბევრი რამ არის ცნობილი, ხოლო შემოდგომაზე ზაფხულის მზიან ამინდებს მოღუშული, წვიმიანი დღეები ცვლის, მზის სინათლის ინტენსივობა მკვეთრად იკლებს. ფსიქიკური დაავადებების სეზონური გამწვავება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ბიოლოგიურ ფაქტორებთან. ნაკლებად ან უფრო მეტად აქტიური მზე, დაკლებული თუ მომატებული დღე, მაგნიტური და რადიაციული ზემოქმედება მკვეთრად ამაღლებს ნერვული სისტემის მგრძნობელობას.

თავის მხრივ, ჰორმონული პროცესები სეზონის მიხედვით აქტიურდება ან, პირიქით, ნელდება და ადამიანის ორგანიზმის აწყობილ სისტემაში ხარვეზები ჩნდება. სეზონური გამწვავებისკენ მიდრეკილება სქესზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ რაკი ამ პრობლემით უმეტესად ემოციური ადამიანები იტანჯებიან, ხოლო მათ შორის ბევრი ქალია, სწორედ ქალბატონები ზარალდებიან ყველაზე მეტად. ხანდაზმულ ასაკშიც ფსიქიკური დაავადებების სეზონური გამწვავება უფრო ხშირია.

საინტერესოა, რომ გაცნობის საიტების მომხმარებელთა თითქმის მეოთხედი სხვადასხვა ფსიქიკური პათოლოგიით არის შეპყრობილი. გაზაფხულსა თუ შემოდგომაზე ეს ადამიანები საკუთარ დეპრესიულ იდეებსა თუ უარყოფით აზრებს გარშემო მყოფებს ახვევენ თავს. ინტერნეტში ამის გაკეთება გაცილებით ადვილია, თან ანონიმადაც რჩები. "წინათ ასეთი ადამიანები ფანჯრებიდან ხტებოდნენ ან მანქანებს უვარდებოდნენ, ახლა კი ეს საწყლები ვირტუალურ რომანებს აბამენ", - ამტკიცებენ ფსიქოლოგები და სექსოლოგები.

პათოლოგიის გამწვავებას ქრონიკული დაავადებები ამძიმებს. მათ შორის მრავალი ფსიქიკური დაავადებაცაა. ფსიქიკურმა ტანჯვამ შეიძლება საფრთხის შემცველ ქცევას დაუდოს სათავე, განსაკუთრებით - გამწვავების პერიოდში, და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, სად იმყოფება დაავადებული. ასეთი მდგომარეობა შეიძლება ღრუბლებს მიამსგავსო, რომელთა ფორმაც ყოველ წამს იცვლება. და სწორედ ამიტომ - დაავადების ხშირი ცვალებადობის გამო - მეტად რთულია მათი მიმდინარეობის წინასწარ განსაზღვრა.

ფსიქიკური დაავადებების მატების ძირითადი მიზეზი მუდმივი სტრესია: მომავლის შიში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ტერორისტული აქტები, ომები, გარესამყაროდან წამოსული აგრესია დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე - ადამიანის ყველაზე ფასეულ საკუთრებაზე. მკვლევართა გამოთვლით, ყოველ მეოთხე (ზოგი მონაცემებით, უფრო მეტ) ადამიანს სადღეისოდ ფსიქიატრიული დახმარება სჭირდება. განგაშის შეგრძნება, აშკარა თუ ფარული მრისხანება გუნება-განწყობაზე ახდენს გავლენას, რომლის გაფუჭებიდან აგრესიამდე ერთი ნაბიჯია, აგრესია კი შეიძლება მიმართული იყოს როგორც გარშემო მყოფებისკენ, ასევე საკუთარი თავისკენაც. ისეთი ენდოგენური დაავადებებისთვის, როგორიც არის მანიაკურ-დეპრესიული სინდრომი და შიზოფრენია, სეზონური ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა.

ვფიქრობთ, ყველა გაიხსენებს "უცნაურ ტიპებთან" შეხვედრის თითო-ოროლა შემთხვევას. მათდამი დამოკიდებულება, წესისამებრ, ფრთხილია, ხოლო პირველი რეაქცია პირდაპირი კონტაქტის დროს - სრული დაბნეულობაა. ადამიანი ვერ ხვდება, როგორ მოიქცეს: დაამშვიდოს ეს უცნაური ტიპი, გაექცეს თუ სასწრაფო დახმარება გამოიძახოს. ის, რომ ადამიანებს სულით დაავადებულებთან ურთიერთობა არ შეუძლიათ, ადვილი ასახსნელია - ეს ჩვენთვის არავის უსწავლებია. საუკუნეების მანძილზე მათ გარიყულებად თვლიდნენ, ფიზიკურად ანადგურებდნენ ან სიცოცხლის ბოლომდე სრულ იზოლაციაში აქცევდნენ. სიტუაცია უკეთესობისკენ მხოლოდ გასული საუკუნის ბოლოს შეიცვალა. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ფსიქიკური პრობლემების მქონეებს თავისებურ ადამიანებად თვლიან, რომელთა უბედურება მხოლოდ ის არის, რომ მათი აზრები და ქცევა საყოველთაოდ მიღებულ ნორმებში არ ჯდება.

და მაინც, განმტკიცებული აზრის შეცვლა ადვილი არ არის. სულით ავადმყოფის მიერ ჩადენილი ყოველი დანაშაული ფართო საზოგადოებრივ რეზონანსს იწვევს, ხოლო თუ ის გამეორდა, აღშფოთებულ ყვირილსაც გაიგონებთ:


"რატომ დადის გიჟი თავისუფლად?!" თუმცა კითხვა, რატომ გამოდის ციხიდან რეციდივისტი-მკვლელი, არავის უჩნდება. არადა, დამნაშავეთა და მკვლელთა უმეტესობა შერაცხადი ადამიანია, რომლებიც შურის, ეჭვიანობის, სიძუნწის გამო - ყველასათვის გასაგები მოტივებით - მოქმედებენ. სავარაუდოდ, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისადმი მომატებული შიში სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ მათი ქმედების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ხოლო რეაქცია გარესამყაროზე - არაადეკვატური.

ფსიქიკური დაავადებების სიმპტომატიკა სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ შეიძლება უცნაური ან მუქარის შემცველი გამომეტყველების დანახვისთანავე, ქცევიდან გამომდინარე მიხვდე, ვისთან გაქვს საქმე, მაგრამ ისეც ხდება, რომ ადამიანი არანაირად არ გამოხატავს საკუთარ მდგომარეობას, თუმცა ნებისმიერ წუთს შეიძლება გარშემო მყოფებს ან საკუთარ თავს მიაყენოს ზიანი.

ფსიქიკურად დაავადებულს არ ძალუძს საკუთარი თავის კონტროლი, ის საკუთარ სამყაროში ცხოვრობს, მისი ტვინის ბიოქიმია მისი სურვილისგან დამოუკიდებლად იცვლება. თუ მას ხმები ესმის, რომლებიც მკვლელობისკენ უბიძგებენ, მას დამორჩილების გარდა სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვს. რა დროს მოხდება ეს ან საერთოდ მოხდება თუ არა, არავინ იცის. დაავადებულთა ასეთი მძიმე მდგომარეობა შეიძლება სამი-ოთხი თვის მანძილზე გაგრძელდეს.

სტაციონარში ნახევარწლიანი მკურნალობის შემდეგ გამწვავება იხსნება და დისპანსერში ასეთი ადამიანის დატოვება აზრს კარგავს. და მაინც, იმის გამო, რომ არავინ არის დაზღვეული ფსიქიკურად არასრულფასოვან ადამიანთან შეხვედრისგან, ურიგო არ იქნება სპეციალისტთა რეკომენდაციების ცოდნა, რომლებიც სიტუაციასთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია. ავადმყოფთან მშვიდად უნდა მოიქცეთ, აჩვენოთ კეთილგანწყობა. სერიოზული ფსიქიკური დაავადებით შეპყრობილი ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან მათ ირგვლივ არსებული ემოციური კლიმატის მიმართ, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ ქცევას, ჟესტებსაც კი. იყავით გულისხმიერი, პირდაპირი, შეინარჩუნეთ მეგობრული დისტანცია, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს წინ დაავადებული ადამიანი დგას და სიმპტომები მას კი არ დააბრალოთ, არამედ დაავადებას. ყვირილითა და ლანძღვით ჯანმრთელი ადამიანიც კი შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან.

ფსიქიკურად დაავადებულთან ქცევის მზა რეცეპტი არ არსებობს. ყველაფერი სიტუაციაზე, გარშემო მყოფთა პიროვნებაზეა დამოკიდებული. მართალია, უბრალო ადამიანს არ შეუძლია სულით დაავადებულისგან მომდინარე საფრთხის ხარისხის ზუსტი განსაზღვრა, მაგრამ მან შეიძლება დაავადების ზოგიერთი სიმპტომი შეამჩნიოს და შესაბამისად მოიქცეს.

ფსიქიკის დარღვევის ერთ-ერთი მკვეთრად გამოხატული ნიშანი - ეს რეალობის განცდის დაკარგვაა. ამ დროს ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს, სად არის, ვინ არის, ცუდად ორიენტირებს სივრცესა და დროში. ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია თეთრი ცხელების სტადიაში მყოფი ალკოჰოლიკებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გადატანილი აქვთ ქალა-ტვინის ტრავმა, აქვთ თავის ტვინის ორგანული დაზიანება. რაც უფრო ღიად და უბრალოდ მოიქცევით, მით უკეთესი. თუმცა ალკოჰოლიკებთან ასეთმა მეთოდმა შესაძლოა არც გაამართლოს: ასეთ მდგომარეობაში ისინი მშფოთვარენი და აგრესიულნი არიან, ამიტომ ჯობს, ექიმი გამოიძახოთ.

ხშირად ადამიანები ვერ აფასებენ საფრთხეს, რომელიც ისეთი მდგომარეობის დროს გვხვდება, როგორიც არის ბოდვა და არაადეკვატური მსჯელობა. საუბარში აყოლა და ამით ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ ღირს: თქვენ ფსიქიატრი არ ხართ და არ იცით, რით შეიძლება დამთავრდეს უცხოპლანეტელებსა თუ მოჩვენებებზე საუბარი. თქვენი რეაქცია თავდაცვითი უნდა იყოს: არ შეეკამათოთ ავადმყოფს, ნუ გექნებათ მისი რაციონალური აზროვნების იმედი. დაიყოლიეთ, რომ დაგელოდოთ და დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საკუთარი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სხვა საიმედო ვარიანტი არ არსებობს.

არსებობს ფსიქიკური დაავადების ისეთი სიმპტომები, რომელთა შემჩნევა პაციენტის ნათესავებს შეუძლიათ, მაგრამ, სამწუხაროდ ისინი სათანადო ყურადღებას იშვიათად იჩენენ. არადა ყველაფერი ძალიან ადვილია: დაბალი თვითშეფასების დროს პოზიტიურად და პატივისცემით მოექეცით ადამიანს; თუ რწმენის ნაკლებობა იგრძნობა, მის მიმართ სიყვარული გამოიჩინეთ, აგრძნობინეთ, რომ მისი კარგად გესმით. ნუ იფიქრებთ, რომ თუ თქვენი ოჯახის წევრი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ნათესავებთან ურთიერთობა შეწყვიტა, ძილი და მადა დაკარგა, ეს არაფერია, - საკუთარ სამყაროში ჩაძირვა შეიძლება მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში გადაიზარდოს და მძიმე შედეგები, თვითმკვლელობაც კი, გამოიწვიოს. ასეთ დროს სცადეთ მიიპყროთ მისი ყურადღება, რეალობაში დააბრუნოთ.

თუ ჩაკეტილობა სტუპორში (უმოძრაობა, ურეაქციობა, სრული მდუმარება) გადაიზარდა, ნუ დააძალებთ თქვენთან ურთიერთობას, თორემ პასუხად შეიძლება აგრესიის აფეთქება მიიღოთ. ამ დროს ჯობს მიმართოთ ექიმს.

ყველა ეს რჩევა არა მარტო ექსტრემალურ სიტუაციებში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოგადგებათ. იცით, რას ამბობენ ექიმები? "ადამიანები იყოფიან აღრიცხულ ავადმყოფებად, აღურიცხავებად და ფსიქიატრებად". ალბათ, დაგვეთანხმებით, არის ამაში სიმართლის მარცვალი და, ვგონებ, არცთუ ისე მცირე.

რაც შეეხება მკურნალობას, ის რამდენიმენაირი არსებობს. თუ ნერვული სისტემა გამოფიტულია (გაზაფხულზე, შვებულების წინ), მაშინ ზოგადგამაძლიერებელი პრეპარატები და პროცედურები ინიშნება. ეს გახლავთ B ვიტამინის ჯგუფის ჭარბად შემცველი ვიტამინები; ნოოტროპები - ტვინის მუშაობის შემამსუბუქებელი საშუალებები: ნოოტროპილი, გლიცინი, პანტოგამი; ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები: კავინტონი, ცინარიზინი. ჩვეულებრივ, მათ უნიშნავენ მოხუცებულებს და მათ, ვისაც ტვინის მოქმედების დარღვევები აღენიშნება.

გაღიზიანებადობისა და შფოთვის დროს რეკომენდებულია ფსიქოტროპული პრეპარატები, ტრანკვილიზატორები და ანტიდეპრესანტები.

მხოლოდ მედიკამენტებით ნუ შემოიფარგლებით; არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა მასაჟი, წყლის პროცედურები, აუტოტრენინგი, შრომისა და დასვენების სწორი ორგანიზება, არომათერაპია, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, კომედიის ყურება ოჯახთან ერთად.

კარგია სპეციალურ ჯგუფებში მიღებული გაკვეთილებიც. ასეთ ჯგუფებში ადამიანები ურთიერთობის ხელოვნებას ეუფლებიან. გამწვავების პერიოდში სასურველია აღმგზნები სასმელებისგან (მაგარი შავი ჩაისგან, ყავისგან) თავის შეკავება.

ეს რჩევები შედარებით მსუბუქი ნერვული მოშლილობის დროს გამოიყენება. რაც შეეხება გაცილებით მძიმე ფსიქიკურ დაავადებებს, მაგალითად, ფსიქოზს, შიზოფრენიას, ასეთ დროს ჯობს, პროფესიონალებს მიენდოთ. ამით ავადმყოფსაც დაიცავთ და საკუთარ თავსაც. გახსოვდეთ, გამოსავლის პოვნა ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება.