სად გადის მოთმინების ზღვარი
ამ კითხვაზე ყველა ადამიანს თავისი პასუხი აქვს და ეს ხელშეუხებელია.
ყველაფერი ეს დამოკიდებულია იმაზე, რას ნიშნავს თითოეული ადამიანისათვის ბედნიერება, რით განისაზღვრება სიამოვნების ხარისხი, როდის და რის გამო შეუძლია თავის გადადება. ბედნიერების ძიებაში ადამიანმა შეიძლება დაითმინოს ტკივილი, იმიტომ, რომ ბედნიერების მოლოდინი ბევრად უფრო აღმატებულია, ვიდრე მოცემულ მომენტში ტკივილი. ამავე დროს, ადამიანმა შეიძლება გააცნობიეროს, რომ ეს გრძნობა გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე თავისი თავი, თავისი სიცოცხლე და თავის მიძღვნა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბედნიერებისათვის აუცილებელი ხარკი.
ჩვენ ბუნებით სოციალური არსებები ვართ და სხვებთან ერთად ყოფნისკენ მივილტვით. გვსურს კომფორტი, გვსურს ბედნიერება, სტაბილურობა, ვეძებთ სანდო პარტნიორებს. სამყაროსთან ვურთიერთობთ და ვირჩევთ ადამიანებს, რომლებთანაც მთელი ცხოვრების გატარებას ვგეგმავთ. ხანდახან ჩვენი არჩევანი გამართლებულია, ხანდახან კი ის გვძირავს.
-
რა უნდა მოვითმინოთ ურთიერთობაში
ურთიერთობები, პირადი, მეგობრული თუ პროფესიული, ორმხრივია. ჯანსაღი ურთიერთობები თანასწორია, ამ დროს ორივე პარტნიორი რაიმეს გასცემს. თუ თავს მარტოსულად ვგრძნობთ, არადა გვერდით ვიღაც გვყავს, ან სულაც მარტო ყოფნა გვირჩევნია, ესე იგი, ჩვენს ურთიერთობაში რაღაც სერიოზულად დაზიანდა. რაღაცაზე ვამბობთ უარს, რაღაცის მოთმენა გვიწევს, ამისგან გამოწვეული დაზიანებები სხვადასხვანაირად იჩენს თავს.
აი, ყველაზე გავრცელებული მაგალითები:
- თავს უბედურად და გადაღლილად გრძნობთ;
- პარტნიორისგან მოშორებით უკეთ ხართ;
- როცა მას ესაუბრებით, ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს კედელს ელაპარაკებით;
- გეჩვენებათ, რომ ურთიერთობა გახრჩობთ;
- მთელ თქვენს დროს ამ ურთიერთობის გამო ნერვიულობაში ხარჯავთ;
- თქვენ არ გაგაჩნიათ ხმა, მოსაზრება ან უფლებები;
- ვერ გრძნობთ, რომ გაფასებენ;
- ყოველგვარ სიტუაციაში ყველაფერი თქვენი ბრალია;
- არასოდეს გრჩებათ დრო ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და, რაც მთავარია, თქვენი თავისთვის;
- პარტნიორი საჯარო სივრცეში გამცირებთ;
- თქვენთვის ერთხელ მაინც უღალატიათ ან ერთხელ მაინც უძალადიათ თქვენზე;
- საწყენად და დამამცირებლად გელაპარაკებიან;
- გამუდმებით გიყვირიან;
- ცდილობენ თქვენს იზოლაციას;
- გკარნახობენ, როგორ უნდა იგრძნოთ თავი და გეუბნებიან, რომ რასაც გრძნობთ, ნორმალური არ არის;
- თავიანთ ნაკლოვანებებს არ აღიარებენ და მათ თქვენში ხედავენ.
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი ურთიერთობა საფრთხეშია?
გაუსწორეთ თვალი იმას, რაც თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის ხდება. ბედნიერი ხართ, სტატუს კვოს ინარჩუნებთ თუ საერთოდაც დიდი ხანია მხოლოდ წვალობთ? ხომ არ გეჩვენებათ, რომ გზღუდავენ, მანიპულირებენ თქვენით, უგულებელგყოფენ? გიწევთ რაიმეს მოთმენა? შესაძლებელია რამის გამოსწორება? ხართ თუ არა მზად, უკეთესი პერსპექტივა ეძებოთ?
ხშირად ურთიერთობაში იმხელა ინვესტიციაა ჩადებული, რომ მაშინაც კი, როდესაც ერთად ყოფნა შეუძლებელია, ვერ ვიშლებით. არადა, მთელ დროს, ძალისხმევას და რესურსს, რომელიც ურთიერთობაში ჩავდეთ, ისედაც ვერასოდეს დავიბრუნებთ. ამ შემთხვევაში წარმმართველი ხდება აწმყო. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ გრძელვადიანი გადაწყვეტილებები მყისიერად და იმპულსურად უნდა მივიღოთ, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით უნდა გავანადგუროთ. უბრალოდ, დაფიქრებისას მაინც ისაა გადამწყვეტი, რამდენად რთულია ურთიერთობის წარმართვა ახლა, რაც უნდა ბევრი ინვესტიცია იყოს ჩადებული მასში.
-
რატომ ვითმენთ?
ტოქსიკური ურთიერთობის გაწყვეტას ხშირად ცვლილების შიში ეღობება. ჩვენ გვეშინია ცხოვრების, რომელიც არასოდეს გვქონია. გვეშინია მოულოდნელობების, რომლებსაც ის მოგვიტანს. გვეშინია მარტოობის.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ უნდა გადავწყვიტოთ, მართლა გვინდა დავრჩეთ, თუ არ გვინდა, მაგრამ ცვლილების გვეშინია? და თუ ასეა, ღირს თუ არა ამ შიშის გამო დაზიანებულ ურთიერთობაში დარჩენა? თუ ღირს – რას ვკარგავთ შიშისა და გაჩუმების სანაცვლოდ? ამიტომ გვიწევს რაღაცის მოთმენა, რაღაცის დათმობა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა უფრო ძნელია – გავუმკლავდეთ შიშს თუ გავუმკლავდეთ არსებულ ურთიერთობას?
ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, აქ ყველა ჩვენს გულს ვუსმენთ.
არც აქ არსებობს მარტივი პასუხი, ყველა სიტუაცია განსხვავებულია, თუმცა იმის აღიარება, რომ ურთიერთობა აღარ მუშაობს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის უნდა დამთავრდეს. შეიძლება იმავე პარტნიორთან ახალი ურთიერთობის დაწყებაც. ამისთვის კი უპირველესად ჩვენს თავში უნდა გავერკვეთ.
-
ეძებეთ პასუხი კითხვაზე, რა გსურთ. რისი მიღწევა გინდათ ურთიერთობაში? ცხოვრებაში? რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
ეცადეთ, პასუხი კონკრეტული იყოს. „უბრალოდ მინდა, ვიყო ბედნიერი“, მიზანი არ არის, ეს ზოგადი დებულებაა. კარგად თუ არ ჩამოაყალიბებთ, რა გინდათ, არ გეყოფათ მოტივაცია, მიზანს მიაღწიოთ და დარჩებით თუ არა ურთიერთობაში, ეს ამაზე გავლენას ვერ მოახდენს.
-
დაინახეთ, რა გიშლით ხელს. რა გეღობებათ მიზნისკენ მიმავალ გზაზე? შინაგანი ფაქტორია ეს თუ გარეგანი? შეგიძლიათ თუ არა, თავადვე გადალახოთ ეს დაბრკოლებები?
-
დაფიქრდით ალტერნატივებზე. რა უფრო რთულია – ურთიერთობის აღდგენა თუ გაწყვეტა? რას გააკეთებთ პირველ შემთხვევაში? რას გააკეთებთ მეორე შემთხვევაში?
იმოძრავეთ მთავარი მიზნისკენ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მეორე ვარიანტსაც აქვს არსებობის უფლება.
-
დაიწყეთ მოქმედება. ამდენი ფიქრის შემდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროც დადგება.
-
სად გადის მოთმინების ზღვარი
ნებისმიერ ურთიერთობაში მთავარი მრჩეველი თქვენ თვითონ ხართ. თუმცა, არსებობს ნიშნები, რომლებიც წასვლაზე დაგაფიქრებთ და შესაძლოა ურთიერთობა არ გაწყვიტოთ, მაგრამ იცოდეთ მაინც, რაზე თანხმდებით.
ყველა ადამიანს აქვს ზღვარი, რომლის იქით დამცირებასა და დაუფასებლობას ვერ აიტანს. გახსოვდეთ, რომ თუ ადამიანი ფიზიკურად თქვენთან არის, მაგრამ ურთიერთობის გადასარჩენად მხოლოდ თქვენ იბრძვით, მაინც მარტოსული ხართ. ამავე დროს, ისიც გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი წყვილი გადის კრიზისებს და ისეთი გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღება, რომლებსაც ხანგრძლივი შედეგი ექნება, სანანებელი ხდება. ამიტომ დაფიქრდით, მოუსმინეთ გონებას, გულს, სხეულს და რასაც გადაწყვეტთ, იმისთვის იბრძოლეთ – გნებავთ დარჩენისთვის, გნებავთ წასვლისთვის. სხვაგვარად მუდამ მსხვერპლის როლში დარჩებით.
თუ რისი მოთმენა არ შეიძლება – ესეც პიროვნულია და დამოკიდებულია ადამიანის ღირებულებებზე, არიან ადამიანები, ვისაც არ შეუძლია ღალატის პატიება არც პარტნიორულ, არც მეგობრულ, არც საქმიან ურთიერთობაში, სიცრუის, მძიმე დანაშაულის, ცილისწამების და სხვა. მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის, მისი ღირებულებების გამო, ყველაფერი ეს ნაკლებად ფასეული ხდება მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვის საფრთხის შემთხვევაში.