ფსიქოლოგიური დახმარება
- მყავს 8 წლის გოგონა. ის მეტისმეტად არის მიჯაჭვული თავის შინაურ ცხოველს - ზღვის გოჭს. ის კი დაბერდა, სიარული უჭირს, ცოტას ჭამს, როგორც ჩანს, მისი დღეები დათვლილია. მეშინია, საყვარელი ცხოველის დაკარგვა გოგონასთვის ნამდვილ ტრაგედიად არ იქცეს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვამზადო ბავშვი ამ სამწუხარო მოვლენისათვის.
-შეეცადეთ აუხსნათ ბავშვს, რომ მისი პატარა მეგობრის სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, რომ ის უკვე ძალიან მოხუცი და სუსტია და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება. იმისთვის, რომ გოგონას რამდენადმე შეუმსუბუქოთ მწუხარება, შეგიძლიათ, მისთვის სხვა შინაური ცხოველი შეიძინოთ, თუნდაც ისევ ზღვის გოჭი. ერთადერთი საყვარელი ცხოველის დაკარგვა ყოველთვის ძალიან მტკივნეულია. გაცილებით ადვილია ამის გადატანა, თუ სახლში კიდევ არის ცხოველი. ასეა თუ ისე, ეს საკმაოდ ძლიერი დარტყმაა შინაური ცხოველის ყველა პატრონისათვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, გოგონამ იცოდეს, რომ თქვენ კარგად გესმით მისი, იზიარებთ მის განცდებს და მზად ხართ, თანაუგრძნოთ. ესაუბრეთ ამ თემაზე მაშინ, როცა ამას თვითონვე მოისურვებს.
- ჭოტი ვარ - სახლში ვმუშაობ და ჩემთვის ყველაზე მოხერხებული ღამით მუშაობაა, დღის დიდ ნაწილს კი ძილში ვატარებ. ამის გამო თითქმის ვერ ვხედავ მეგობრებს. როცა მე ვფხიზლდები და აზრზე მოვდივარ, ისინი დასაწოლად ემზადებიან. მინდა, ცხოვრების წესი და რეჟიმი შევიცვალო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამომდის. როგორ მივეჩვიო ადრე გაღვიძებას? წლის
-ბევრ ჭოტს ძალიან უჭირს ტოროლად გადაქცევა, მაგრამ თქვენ წინაშე უფრო მარტივი ამოცანა დგას: თქვენ გრაფიკის მხოლოდ რამდენიმე საათით გადაწევა გჭირდებათ, რათა მეგობრებთან ურთიერთობა მოაწესრიგოთ. თავდაპირველად ერთი კვირა იცხოვრეთ ჩვეული რიტმით, ზუსტად აღნიშნეთ დრო, როცა გაიღვიძებთ და როცა დასაძინებლად დაწვებით. შემდეგ ადგომისა და დაძინების დრო 10-15 წუთით წინ გადასწიეთ. იცხოვრეთ ასე რამდენიმე დღე, სანამ არ მიეჩვევით. შემდეგ ისევ შეცვალეთ თქვენი გრაფიკი და კიდევ გადასწიეთ დრო 10-15 წუთით. მთავარია, არ იჩქაროთ და თავს ძალა არ დაატანოთ. თუ საერთოდ გიჭირთ დილით ადგომა, ეცადეთ ისე მოიქცეთ, რომ ყოველი დღე რაიმე სასიამოვნოთი დაიწყოთ - საყვარელი მუსიკით, გემრიელი საუზმით...
- ჩემი მეუღლე ოჯახის უფროსი შვილია. მას ბავშვობიდანვე შთააგონებდნენ, რომ ვალდებულია, იზრუნოს თავის დაზე. და დიდი ხანია გათხოვილია, ჩემი ქმარი კი დღემდე უწინდებურად ზრუნავს მასზე. უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ ოჯახზე! ახლახან დამ მისთვის კრედიტის აღება სთხოვა. საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი - მას საკუთარი ფირმის გახსნა სურს. ძმას ჰპირდება, რომ ფულს თანდათანობით გადაუხდის. მე წინააღმდეგი ვარ, მაგრამ არ ვიცი, როგორ დავიცვა ჩემი ქმარი დის ზემოქმედებისგან.
-საკმაოდ რთული სიტუაციაა. ძალიან ძნელია აუკრძალო ქმარს ახლობლებზე ზრუნვა. მაგრამ თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ, რომ ამით თქვენს ოჯახს ზიანი არ მიადგეს.
თუ თქვენი ქმარი დის გამო კრედიტის აღებას აპირებს, აუხსენით, რომ ეს თქვენი საერთო ბიუჯეტისთვის სარისკოა, რომ ეს ვალი ორივეს ერთნაირად დაგაწვებათ მხრებზე. მიდით იურისტთან კონსულტაციისთვის, მოსთხოვეთ მეუღლეს, მოიქცეს ისე, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში რისკის ქვეშ დააყენოს მხოლოდ პირადი ქონება და არა საერთო. შესაძლოა, მან დაინახოს, რამდენად პრინციპულია თქვენი გადაწყვეტილება და დაფიქრდეს, უნდა შეასრულოს თუ არა ახლობლების ყველა მოთხოვნა. გარდა ამისა, იმაზეც უნდა შეთანხმდეთ, როგორი უნდა იყოს დისთვის გაწეული ფულადი დახმარების საზღვრები. თუ თქვენი მეუღლე წლების განმავლობაში უწევდა დახმარებას დას, ახლა მისთვის დაფინანსების უეცრად შეწყვეტა მძიმე იქნება.
- ჩემს უფროსს ერთი ცუდი ჩვევა აქვს: როცა ჩემს მაგიდას უახლოვდება, რომ ამა თუ იმ საკითხზე გამესაუბროს, ყოველთვის მეხება - ან მხარზე დამადებს ხელს, ან ზურგზე. თითქოს ისეთი არაფერი ხდება (არანაირ ბინძურ მინიშნებას არ ვგრძნობ), მაგრამ თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
-შესაძლოა, თქვენი შეფი მიეკუთვნება იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც საუბრის დროს თავს ვერ იკავებენ და სურთ, თანამოსაუბრეს შეეხონ, თუნდაც თითით ათამაშონ ღილი მის ტანსაცმელზე. საქმე ის არის, თქვენ როგორ აღიქვამთ მსგავს ქმედებას. თუ საერთო ჯამში საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ ყურადღება არ მიაქციოთ. თუ არ გსიამოვნებთ, შეგიძლიათ პირდაპირ უთხრათ უფროსს, რომ არ მოგწონთ როცა გეხებიან ან, უბრალოდ, ეცადეთ დისტანცია დაიკავოთ, რათა მას შეხების საშუალება არ მიეცეს.
- მამაჩემი ყოველთვის უხეში იყო დედაჩემის და ჩვენს მიმართ. მასთან ბავშვობიდანვე ცუდი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ძალიან ვგავარ მას არა მარტო გარეგნობით, არამედ ხასიათითაც. ძალიან ფიცხი, ფეთქებადი ვარ. ეს არ მომწონს. როგორ დავამარცხო მამა საკუთარ თავში?
-საკუთარ თავში მამის დამარცხება შეუძლებელია, გენების ნახევარი სწორედ მისგან გადმოგეცათ, ამიტომ ბრძოლას აზრი არ აქვს. უმჯობესია, ისწავლოთ საკუთარი ემოციების კონტროლი. არსებობს მრავალი ხერხი, რომელიც ამაში დაგეხმარებათ. აი, ერთ-ერთი მათგანი: მოიფიქრეთ საკვანძო სიტყვა ან ფრაზა და სთხოვეთ თქვენს ახლობლებს, წარმოთქვან ის თქვენი მრისხანების მომენტში. ამ სიტყვის გაგონებისას რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და შეეცადეთ დამშვიდდეთ, შემდეგ საუბარი მშვიდად გააგრძელეთ. გარკვეული ხნის შემდეგ თქვენ დამოუკიდებლადაც შეძლებთ თქვენს მრისხანებასთან გამკლავებას.
- ყოველ დილით დავა მაქვს ჩემს ვაჟთან. ის 10 წლისაა, უჭირს გაღვიძება, ადგომა, რეგულარულად იგვიანებს სკოლაში, სულ გაქცევა უწევს, გამუდმებით ავიწყდება სახელმძღვანელოების წაღება. ყოველთვის რაღაც რჩება სახლში, შემდეგ კი ძალიან განიცდის. მე ძალიან დამღალა ამ ყოველდღიურმა ომმა, მაგრამ თუ მე არ გავაღვიძე, რა ეშველება?
-თქვენი შვილი საკმაოდ დიდია და უკვე შეუძლია, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა - დილით დროულად გაიღვიოს და მოემზადოს სკოლაში წასასვლელად. თქვენ მას სერიოზულად უნდა დაელაპარაკოთ და აუხსნათ, რომ თქვენთვის ძალიან დამღლელია მისი ყოველდღე გაღვიძება, რომ ამიერიდან აღარ გააღვიძებთ. უთხარით, რომ მას სავსებით დამოუკიდებელ ადამიანად მიიჩნევთ, რომელსაც თვითონ, დედის გარეშე შეუძლია გაღვიძება. ეს გადაწყვეტილება თქვენგან ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს. მოიკრიბეთ მოთმინება, თავდაპირველად ალბათ ბავშვი ხშირად ვერ შეძლებს გაღვიძებას და დააგვიანდება კიდეც, მაგრამ ნუ უსაყვედურებთ ამის გამო. პირიქით, თანაგრძნობა გამოიჩინეთ და თანდათანობით ყველაფერი დალაგდება.
- მყავს შეყვარებული. ჩვენ 4 წელია ვხვდებით ერთმანეთს. ცოტა ხნის წინ ხელი მთხოვა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ვიჩხუბეთ და ძალიან მაწყენინა. არ ვიცი, როგორ ვაპატიო. ასეთი რამ მითხრა: "ნინი, ხომ იცი, რომ მეგობრები ჩემთვის შენზე უფრო მნიშვნელოვანია". ძალიან მეწყინა მისი ნათქვამი. იქნებ მართლაც ასეა, მაგრამ რა საჭირო იყო ამის პირდაპირ თქმა? ვფიქრობ, წერტილი ხომ არ დავუსვა ჩვენს ურთიერთობას. მე მინდა, საყვარელი მამაკაცისათვის ძვირფასი და ყველაზე ახლობელი ვიყო.
-კიდევ ერთხელ ესაუბრეთ თქვენს შეყვარებულს. ზოგჯერ ადამიანები ერთმანეთს უსიამოვნო სიტყვებს ეუბნებიან არა იმიტომ, რომ ეს მართალია, არამედ გამოსაჯავრებლად. შესაძლოა, თქვენმა შეყვარებულმა ცხარე ჩხუბში განგებ წამოისროლა ის სიტყვები თქვენს გასაბრაზებლად. თუ სინამდვილეში მისთვის მისი ძმაბიჭები უფრო მნიშვნელოვანნი არიან, ვიდრე თქვენ, ალბათ ღირს, სერიოზულად დაფიქრდეთ იმაზე, რამდენად მზად ხართ ასეთი ურთიერთობისთვის.