შვებულების შემდგომი სინდრომი დასვენების შემდგომი ადაპტაცია ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შვებულების შემდგომი სინდრომი დასვენების შემდგომი ადაპტაცია ბავშვებში

მზის, ზღვისა და ქარის ენერგიით აღვსილი, დასვენებული, განტვირთული და გაკაჟებული მთებს გადააბრუნებთ, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ საქმე არც ისე კარგად მიდის: სამუშაოს თავს ვერ ართმევთ, ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. ნუ გაგიკვირდებათ - ეს შვებულების შემდგომი სინდრომია, როცა დასვენების შემდეგ სევდა გიპყრობთ. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ სინდრომს გვერდს ვერ აუვლის ვერც დიდი და ვერც პატარა, ვერც უფროსი და ვერც ხელქვეითი, და ის, სულ მცირე, 7-10 დღეს გასტანს. როგორ გადავლახოთ ის?

განსხვავებული ადამიანები

დასვენების პერიოდში დაგროვილი ემოციების შეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ მშობლიურ ოფისში დაბრუნებისას თავს ვერ იკავებთ, რომ არ იტრაბახოთ და თავი არ მოიწონოთ ფოტოსურთებით და შთაბეჭდილებებით, რომლებიც შვებულებაში ყოფნისას უხვად დაგიგროვდათ. თანამშრომლებთან გულითად საუბარში ერთვებით, თუმცა თქვენი გულახდილობა და ნდობა გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს - ყველა აღფრთოვანებული ვერ დარჩება, ზოგს შეშურდება კიდეც თქვენი.

ყველა ჩვენგანი სამსახურში გარშემორტყმულია სამი კატეგორიის ადამიანებით: ახლობლებით, ნეიტრალურებით და შეუთავსებლებით.

პირველ კატეგორიასთან ჩვენ იმდენად მჭიდრო კონტაქტში ვიმყოფებით, რომ დასვენების შემდეგ მათ მხურვალე ხვევნა-კოცნით ვხვდებით. მათ ჩვენ ვესაუბრებით ბავშვებზე, ოჯახურ და პირად პრობლემებზეც კი.

მეორე კატეგორიის ადამიანებთან ტაქტიანი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ამის იქით არ მივდივართ.

მესამე კატეგორიას კი ე.წ. მორიელები მიეკუთვნებიან. ესენი არიან ადამიანები, რომელთა სიახლოვე თქვენში შფოთვასა და დისკომფორტს იწვევს. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეფუძნება ეს შეუთავსებლობა - იდეოლოგიას, ბიოენერგეტიკას თუ რელიგიურ შეხედულებებს: მორიელები ყოველთვის მწარედ, მტკივნეულად და უმიზეზოდ იკბინებიან.

უნდა გახსოვდეთ: დადებითი ემოციების გაზიარება მხოლოდ ახლობელ და ნეიტრალურ თანამშრომლებთან შეიძლება. "სისხლისმწოველზე" პოზიტივი ისე მოქმედებს, როგორც ხარზე - წითელი ლაბადა. შური და ეჭვიანობა მას თავდასხმისკენ უბიძგებს. იმ დროს, როცა თქვენ ნათელ შთაბეჭდილებებზე საუბრობთ, იხსნებით და სუსტი ხდებით, თქვენი გულისტკენაც ადვილია.

რით დავიწყოთ?

"დიახ, ძნელია, განწყობა არ მაქვს, მეზარება, მაგრამ საჭიროა!" - ამ სიტყვებს გულში იმეორებს ყველა, ვინც შვებულების შემდეგ ცდილობს სამუშაოსათვის განეწყოს, თუმცა ხშირად მცდელობა უშედეგოდ მთავრდება, ამიტომ უმჯობესია, თანამდებობრივი მოვალეობების შესრულება სასიამოვნო საქმით დაიწყოთ. სამუშაო, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, დასვენებისას მოკრებილი ენერგიით იკვებება. საქმე პირდაპირ იწვის თქვენს ხელებში, შემდეგ კი ეს "ცეცხლი" სხვა საქმეებსაც მოედება. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც არ გიყვართ, უმჯობესია შეუდგეთ მაშინ, როცა კრიზისი ჩაივლის - შვებულების დამთავრებიდან ერთი კვირის შემდეგ.

არასასიამოვნო სამუშაოსა და მოვალეობებს ფსიქოლოგები ბაყაყს ადარებენ, რომლის შეჭმაც აუცილებელია. რაც უფრო მეტხანს შეჰყურებთ მას და ფიქრობთ, საიდან ჩაკბიჩოთ, მით უფრო ძლიერ ზიზღს იწვევს ის, ამიტომ ჯობს, ერთბაშად, სწრაფად ჩაყლაპოთ. მაშინ ყოველი მომდევნო საქმე სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ. თუ ასეთი სამუშაო ორი ან მეტია, ფსიქოლოგები გვირჩევენ დავიწყოთ ყველაზე არასასიამოვნოთი, და მაშინვე გადავიდეთ მომდევნოზე.

დასვენებისგან დაზარალებულნი

შვებულების შემდგომ რეაბილიტაციას საჭიროებს არა მხოლოდ გონება, არამედ სხეულიც. ყველაზე მეტად ზარალდება თმა და კანი, რომლებსაც მზე წვავს.

კანისგან განსხვავებით, თმა უფრო ნაკლებ უსიამოვნებას აყენებს პატრონს, ამიტომ ის უფრო ხშირად ხდება გაუფრთხილებლობის მსხვერპლი. მზის სხივების მიერ თმისთვის მიყენებული ზიანი ხელოვნური გაუფერულების შედეგად მიყენებულ ზიანს უტოლდება. ზღვის წყალში შემავალი მარილი სასიკეთოდ მოქმედებს თავის კანზე, მაგრამ თმის ბოლოებს მარაოსავით შლის.

ზღვაში ბანაობის შემდეგ ბევრს შხაპის მიღება ავიწყდება, შედეგი კი გაუხეშებული, გამომშრალი თმაა. ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, სალონში წახვიდეთ და თმის გაუხეშებული ბოლოები შეიჭრათ. იდეალურია თმის შეჭრა გაცხელებული მაკრატლით. ამის შედეგად თმის ბოლოები დიდხანს შეინარჩუნებენ ჯანმრთელ იერს.

კანი გაცილებით მომთხოვნია და გაიძულებთ, მასზე შვებულების პერიოდშივე იზრუნოთ. მცირედი გაუფრთხილებლობის შემთხვევაშიც კი შესაძლოა დაიწვათ.

მათ, ვინც შვებულება აგარაკზე გაატარა, ყურადღება უნდა მიაქციონ ხელებს, რომლებსაც ფერი ეცვლება საოჯახო საქმიანობის, ბაღსა და ბოსტანში მუშაობის გამო. საჭიროა ჩაიტაროთ პილინგი, გამოიყენოთ სპეციალური საპონი, დამარბილებელი ნიღბები და ცხიმოვანი მალამოები.

სხეული - თმაც, კანიცა და კიდურებიც - თანდათან უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და ჩვეულ რიტმს. ფიზიკურ ადაპტაციას, როგორც წესი, მოჰყვება ფსიქოლოგიურიც და თქვენ უკვე ძველ ფორმაში ხართ.

საზაფხულო არდადეგების შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმთან შეგუება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ადაპტაცია განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს. გამორჩევით - პირველკლასელებს. ჩვეული რეჟიმიდან ამოვარდნილი ბავშვი სრულიად ახალ გარემოში ხვდება და პრობლემაც გაცილებით მეტია. შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის ზაფხული ყველაზე მხიარული და სასიამოვნო პერიოდია. ამ დროს ბავშვი თანდათან გადაეჩვევა ხოლმე სასწავლო პროცესს, სკოლისთვის საჭირო რეჟიმით ცხოვრებას, ეცვლება ძილისა და სიფხიზლის რეჟიმიც.


აგარაკიდან თუ კურორტიდან დაბრუნებულს კი სასწავლო პროცესში ჩართვა უჭირს. ბავშვი თანდათანობით უნდა შეეჩვიოს შეცვლილ პირობებს და ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დატვირთვას. პირველ 2-3 კვირას მწვავე ადაპტაციის პერიოდს უწოდებენ. პირველკლასელისთვის ეს პერიოდი 2-6 თვე, ზოგჯერ მთელი წელიც კი გრძელდება. ამ პერიოდში ახალ ზემოქმედებებსა და შთაბეჭდილებებს ბავშვის ორგანიზმი და ფსიქიკა მნიშვნელოვანი დაძაბულობით პასუხობს, რის გამოც სწავლის დაწყების პირველსავე თვეს პირველკლასელები ავად ხდებიან.

მომდევნო ეტაპია არამდგრადი, მერყევი შეგუება - ბავშვის ორგანიზმი ახალ პირობებზე რეაქციის მისაღებ ვარიანტებს არჩევს. ამის შემდეგ დგება შედარებით მდგრადი შეგუების პერიოდი - დატვირთვებზე ბავშვის ორგანიზმი უფრო ნაკლები დაძაბულობით რეაგირებს.

ადაპტაციის სიმპტომები სრულიად სხვადასხვაგვარია. მრავალი პირველკლასელი უჩივის დაღლილობას, თავის ტკივილებს, ძილის დარღვევას, მადის დაქვეითებას, ზოგჯერ ექიმები არტერიული წნევის დაწევას ან მომატებასაც აფიქსირებენ, ხოლო ზოგიერთი გამოკვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ პირველი სემესტრის დასასრულისთვის ბავშვების 60%-მა წონა დაიკლო.

ცვლილებები შეინიშნება ბავშვის ქცევაშიც: უმიზეზო ტირილი, ჭირვეულობა, ისტერიული ქცევა, ხშირი მინდა-არ მინდა, გავაკეთებ-არ გავაკეთებ... გროვდება უამრავი გრძნობა და ემოცია. პატარა ერთბაშად ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის თავს, სად მოხვდა. მისთვის ჯერ კიდევ უცნობია ეს გარემო - სკოლა. ზოგჯერ ვერც კი ხვდება, რომ მისთვის ახალი ცხოვრება იწყება. ის მშობლებს არის მინდობილი და მათი ქცევითა და განცდებით ცდილობს შეაფასოს სიტუაცია. მშობლები კი ძალიან ღელავენ, რადგან იციან, რომ მრავალი პრობლემაა მოსალოდნელი: სკოლასთან შეგუება, მასწავლებელსა და თანაკლასელებთან ურთიერთობა. სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები.

სკოლა ახალი სოციალური გარემოა, თანატოლთა ახალი საზოგადოება, ახალი მოვალეობები. აქამდე ბავშვის მთავარი საქმიანობა თამაში იყო, ახლა კი უფრო სერიოზულ მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს, გარკვეული წესები დაიცვას: იჯდეს მერხთან, უნებართვოდ ვერ გაინძრევა.

თუ ბავშვი სკოლამდე საბავშვო ბაღში დადიოდა, ამას შეჩვეულია, "ოჯახის ბავშვს" კი გაუჭირდება. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბავშვებთან ურთიერთობას მოწყურებული პატარები უფრო მეტი ინტერესით ხვდებიან სიახლეებს. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: თუ ბავშვს მძაფრი რეაქცია აქვს ახალ გარემოზე, ძალდატანება არ შეიძლება. საჭიროა, სასკოლო რეჟიმთან შეგუება ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოხდეს.

წესები მშობლებისათვის

ეცადეთ, ბავშვის ქცევას მოთმინებით, გაგებით მოეკიდოთ, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანისა, ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი დაუდგა.

1. დღის რეჟიმის დაცვა აუცილებელია. ეს დამტკიცებულია მრავალრიცხოვანი გამოკვლევით. მიუხედავად ამისა, ცოტა თუ იცავს მას. ბავშვისთვის აუცილებელია ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის დაცვა - ამას მოითხოვს მისი მოუმწიფებელი და ჩამოუყალიბებელი ნერვული სისტემა. 6-7 წლის ასაკში ბავშვს 10-11 საათი უნდა ეძინოს. სასურველია, პირველ თვეს ბავშვმა შუადღისასაც დაიძინოს.

2. სასკოლო ცხოვრების დაწყებისას ბავშვებს 2-ჯერ უმცირდებათ აქტივობა, ხოლო 6-7 წლის ბავშვისთვის მოძრაობა განვითარებაა, ამიტომ აუცილებელია სუფთა ჰაერზე თამაში, სეირნობა (დავალებების მომზადებამდე და ძილის წინ).

3. ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელსა და თანატოლებთან ურთიერთობის მოგვარება. გაარკვიეთ, რა არ გამოსდის პატარას და რაში სჭირდება დახმარება.

4. დარწმუნდით იმაში, რომ ბავშვს ყველაფერი გამოსდის. თქვენი თავდაჯერება მასაც გადაედება. ხშირად შეაქეთ ახალბედა მოსწავლე, უთხარით, რომ ის ყოჩაღია, მართალია სწავლა რთულია, მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ ის ამას თავს გაართმევს. პოზიტიური განწყობა ბავშვის ორგანიზმის რესურსების გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

5. თავი არიდეთ კონფლიქტებს. პირველკლასელს ისედაც უჭირს, ამიტომ "აღმზრდელობით" მეცადინეობებს თავი ანებეთ.

6. დამშვიდდით. თუ მშვიდად იქნებით თქვენ, მშვიდად იქნება თქვენი შვილიც და თავს გაართმევს ყველა სირთულეს, რომელიც კი თან ახლავს სწავლის დასაწყისსა თუ დასასრულს.