ჭირვეულობა თუ გადაღლა?
მთელი სამყარო განსაზღვრულ რიტმს ემორჩილება. განსაზღვრული სიხშირით ძგერს გული, ხმაურობენ ზღვის ტალღები, დღეს ღამე ცვლის, ზამთარს - ზაფხული... რიტმი აწესრიგებს დროსა და სივრცეს, ეხმარება ადამიანს მოსალოდნელი მოვლენების განჭვრეტაში. ჩვენც რიტმულად ვსუნთქვთ, გვაქვს განსაზღვრული ბიორიტმი, ამ რეჟიმით ვმუშაობთ და ვისვენებთ, ვიძაბებით და ვეშვებით... თუმცა მაშინ, როდესაც ადამიანი ქვეყნიერებას ევლინება, ეს რიტმები ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული. პატარამ ყველაფერი უნდა ისწავლოს. ყური მივუგდოთ საკუთარ სუნთქვას. ყოველთვის ვგრძნობთ, როგორ ვსუნთქავთ? ჯერ ინტენსიურად ჩავისუნთქავთ ჰაერს, შემდეგ ხანმოკლე პაუზას ვაკეთებთ, შემდეგ კი ამოვისუნთქავთ. ჩასუნთქვა ოდნავ უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ამოსუნთქვა. ყურადღების კონცენტრირება და მოდუნება, რაღაცის შეთვისება და გაცემა ის მომენტებია, რომლებითაც მდიდარი უნდა იყოს ბავშვის ცხოვრება. პატარა ღრუბელივით ისრუტავს ინფორმაციას, გადაამუშავებს მას და ეშვება, რათა ახალი ნაკადი მიიღოს. ფსიქოლოგების აზრით, ბავშვის ცხოვრებაში მრავალი პრობლემა მხოლოდ იმიტომ იჩენს თავს, რომ მას დარღვეული აქვს აღქმისა და გაცემის ნორმალური რიტმი. პატარას ცხოვრების ბუნებრივ რიტმს კი მშობლები არღვევენ და რაც მთავარია, ასე მხოლოდ საუკეთესო განზრახვით იქცევიან.
უქმე დღე
უქმე დღეებში დედას, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში სამსახურშია დაკავებული, ხშირად უჩნდება სურვილი, შვილი გაანებივროს. როგორია ასეთი დღე? გრძელი გზა ზოოპარკამდე, ცხოველები, ატრაქციონები, ბუშტები, მაკდონალდსი, ისევ გზა და არცთუ იშვიათად - ისტერიკა იმის გამო, რომ დედამ კიდევ ერთი სნიკერსი არ იყიდა. დედა კი ჩივის, რომ მისი შვილი უმადური და უზნეოა.
რა თქმა უნდა, დედის გულისწყრომაც გასაგებია, მაგრამ სინამდვილეში ბავშვის ტირილის მიზეზი არც კანფეტია და არც სათამაშო. საქმე ის არის, რომ პატარებს ხშირად ძალიან ღლით მშობლების მიერ შეთავაზებული "კულტურული პროგრამა". ფსიქოლოგების აზრით, ისტერიკა ბავშვის ემოციების ინტენსიური ამოფრქვევაა. ხშირად პატარები ემოციის იმხელა დოზას იღებენ, რომლის გადამუშავებაც არ შეუძლიათ, ბალასტი კი ორგანიზმიდან აუცილებლად უნდა გამოიდევნოს. მშობლები ამას ვერ ხვდებიან და ჰგონიათ, რომ პატარა განგებ აწყობს სცენებს. სინამდვილეში პატარას ძალიან უნდა, ტირილი შეწყვიტოს, მაგრამ არ შეუძლია. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, 5-6 წლის ასაკში ბავშვები ემოციებისგან ხშირად ისე იღლებიან, რომ წონასწორობას კარგავენ. თავს სრულიად გამოფიტულად გრძნობენ, კარგავენ უნარს, გააცნობიერონ, რა ხდება მათ ირგვლივ და უმწეობის საშინელი განცდა ეუფლებათ. ერთადერთი შვება ტირილია, მშობლები კი ამ დროს უყვირიან და კატეგორიულად სთხოვენ, ტირილი შეწყვიტოს.
როგორ დავეხმაროთ პატარას?
უპირველეს ყოვლისა, დავმშვიდდეთ და თავი ხელში ავიყვანოთ - შექმნილ სიტუაციაში პატარას ბრალი არ მიუძღვის. შემდგომ კი ყველაფერი ვიღონოთ, რათა მსგავსი მომენტები თავიდან ავიცილოთ. კარგად ვიცით, რომ პროფილაქტიკა საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ უნდა ვეცადოთ, შთაბეჭდილებები ზომიერი იყოს. შესაძლოა, ბავშვს ემოციური თვალსაზრისით უფრო მეტი მისცეს მხოლოდ პარკში გასეირნებამ ან მაკდონალდსში შესვლამ, ვიდრე ორივემ ერთად.
სამუშაო დღეები
ერთი შეხედვით, სადაგი დღეები ემოციურად ნაკლებად დატვირთულია, თუმცა ბავშვები საბავშვო ბაღში და დამატებით გაკვეთილებზეც (სპორტულ, მხატვრულ სექციაში) იღლებიან. ყოველივე ამის შემდეგ მათ ძალიან სჭირდებათ მოდუნება. გადაღლას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ასე რომ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მის მოსახსნელად განსაზღვრული მეთოდია საჭირო.
მიზეზი პირველი - ბავშვი ხალხმრავალ გარემოში იძაბება.
მოზრდილ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ განმარტოების სურვილი. ასეთივე განცდა პატარებსაც ეუფლებათ. კარგია, თუ საბავშვო ბაღში საამისო ადგილი, მაგალითად, პატარა სახლი, ცალკე მდგომი სავარძელი ან სკამი არსებობს. თუ ამჩნევთ, რომ მსგავსი სურვილი ბავშვს შინაც გაუჩნდა, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში დაეხმარეთ. პატარები ხშირად იწყობენ ბუნგალოს მაგიდის ქვეშ, კარადაში, საკუჭნაოში. თუ შვილს მსგავსი სურვილი შეამჩნიეთ, ეცადეთ, სათამაშო სახლი უყიდოთ, ხოლო განმარტოებისას შეკითხვებით თავი არ მოაბეზროთ. როცა დრო მოვა, ის თავად მოგიყვებათ საკუთარი ემოციების შესახებ. ისწავლეთ დროულად წასვლა. ხშირად წვეულების დასასრულს დედა ხანგრძლივ საუბარს გაუბამს ხოლმე მეგობრებს, თუმცა შვილი სახელოზე ექაჩება და წასვლას სთხოვს. დედა საყვედურებით ავსებს პატარას და უზრდელს უწოდებს. ამ სიტუაციაში მშობელი ნამდვილად არ არის მართალი. პატარა გრძნობს, რომ ხალხმრავლობამ და ემოციებმა დაღალა და ცდილობს, მოსცილდეს ამ გარემოს. დედ-მამამ ეს უნდა გაითვალისწინოს.
მიზეზი მეორე - ბავშვებს მშობლებთან მოწყენილობა იპყრობთ.
საბავშვო ბაღიდან დაბრუნებისას შინ მისვლას ნუ იჩქარებთ. ჯობს, ოდნავ გრძელი გზა აირჩიოთ, თუ შესაძლებელია, სკვერიც გაიაროთ. გზადაგზა ესაუბრეთ პატარას, აღნიშნეთ, რა ცვლილებები მოხდა წინა დღეებთან შედარებით... ასეთი წუთები ბავშვისთვის ძალიან ძვირფასია. შინ ბავშვს ძალიან სჭირდება დედასთან ყოფნა. რაც უფრო პატარაა, მით უფრო მეტხანს. თუ დედა-შვილს ერთმანეთი მთელი დღის განმავლობაში არ უნახავს, აუცილებელია კონტაქტი მთელი სხეულით - მოეხვიეთ პატარას, ჩაისვით კალთაში, წაუკითხეთ ზღაპარი... რა თქმა უნდა, ყველა დედა იძულებულია, იტრიალოს სამზარეულოში, დაალაგოს სახლი, მაგრამ გონიერ მშობელს შეუძლია, მსგავს საქმიანობაში ბავშვიც აქტიურად ჩართოს, თავისი ფუნქცია მიუჩინოს და ხშირად შეაქოს გაწეული დახმარებისთვის.
მიზეზი მესამე - დამატებითი მეცადინეობა ბაღის შემდეგ.
ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა იცოდეს ლექსები, სიმღერები, ადრე ისწავლოს კითხვა და ანგარიში... ზოგიერთი ისეა აღტყინებული შვილის განათლების სურვილით, რომ პატარას მეტისმეტად ტვირთავს ინტელექტუალური ინფორმაციით. სანაცვლოდ კი იღებს ძილის დარღვევას, ჭირვეულობას...
როგორ მოვიქცეთ?
თუ ვხედავთ, რომ პატარა ძალიან ემოციურია, საღამოს მეცადინეობებზე უარი უნდა ვთქვათ - ნერვული სისტემის აღდგენა გაცილებით ძნელია, ვიდრე წერა-კითხვის სწავლა. გამოცდილი ფსიქოლოგები გვირჩევენ, დავაკვირდეთ პატარას, გავიგოთ, რომელი საქმიანობა სიამოვნებს მას ყველაზე მეტად, როდის ეხსნება დაძაბულობა, როდის გამოუკეთდება ხოლმე განწყობა - აკვარიუმთან დგომისას, ლეკვთან თამაშისას თუ უმცროს დასთან გართობისას. ზოგ ბავშვს ბებიასთან ტელეფონით საუბარი ახარებს, ზოგს კი სტადიონისკენ მიუწევს გული... სპეციალისტების აზრით, დაძაბულობის მოსახსნელად მნიშვნელოვანია ტაქტილური სტიმულაცია. ამ მხრივ იდეალურია წყალთან თამაში - რეცხვა, წყლისთვის ხელების შეშვერა ან უბრალოდ ჭურჭლიდან ჭურჭელში გადასხმა. განსანტვირთავად შესანიშნავია ძერწვა. საძერწ მასალად შეიძლება გამოვიყენოთ ცომი ან პლასტელინი. არ არის აუცილებელი, შედევრი შექმნათ. მთავარი თითების მოძრაობა და მასალის შეგრძნებაა. განტვირთვის ტრადიციული მეთოდია მასაჟი. ის სასიამოვნოა ძილის წინ, ოდნავ ჩაბნელებულ ოთახში, წყნარი მუსიკის თანხლებით. თუ დედას ხელები დაღლილი აქვს, მასაჟისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური რგოლები ან რეზინები. გულისყურით მოეპყარით შვილის გრძნობებს, ის აუცილებლად დააფასებს თქვენს ყურადღებას.