ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა

ჯანმო-ს მონაცემებით, პლანეტის ყოველ მე-4-5 ადამიანს ფსიქიკისა და ქცევის დარღვევა ახასიათებს. ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემების ასეთი გახშირება და გააქტიურება, ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობით აიხსნება, როცა სოციალური ქსელების მეშვეობით, ადამიანი ბევრ ინფორმაციას იღებს და მეორე მხრივ, გაიზარდა დარღვევათა გამოვლენის მეთოდები, სპეციალისტებთან დროული მიმართვა, რადგან „სულიერ არეულობას“ ადამიანები უწინდელივით აღარ მალავენ.

ფსიქო-ემოციური წრის პრობლემები არა მხოლოდ დისკომფორტის ზონაში გვამყოფებს, ზოგჯერ ისინი ნაადრევი სიკვდილის მიზეზიცაა. წლიდან წლამდე იზრდება ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა რაოდენობა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.

როგორ დავიცვათ ფსიქიკური ჯანმრთელობა და რა სახელმწიფო სერვისებია ჩვენთვის ხელმისაწვდომი? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექიმი ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი გვესაუბრება.

- როგორც ვიცით, 10 ოქტომბერი - ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. რა არის წელს დევიზი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის აუცილებლობაზე დაგვაფიქრებს?

- წელს, 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა გახლდათ: „მომსახურებაზე წვდომა - ფსიქიკური ჯანმრთელობა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს“. იგი გვახსენებს, რომ კრიზისის მომენტებში - იქნება ეს ბუნებრივი კატასტროფა, სამხედრო კონფლიქტი თუ პანდემია - ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გამოწვევებს, რომლებიც თან ახლავს საგანგებო სიტუაციებს, ბუნებრივ კატასტროფებს და მასშტაბურ ტრაგედიებს, მაგალითად, საომარ მოქმედებებს. პროფესიული თემი საუბრობს არა მხოლოდ დაზარალებულებზე, არამედ იმ ადამიანებზეც, ვინც პირველ ხაზზე დგას - სამედიცინო პერსონალზე, მაშველებსა და მოხალისეებზე, რომლებსაც ასევე სჭირდებათ მხარდაჭერა და ზრუნვა.

ეს თემა გლობალურია და ერთ მნიშვნელოვან აზრს გამოკვეთს: კრიზისის დროს ფსიქიკური კეთილდღეობა ისეთივე პრიორიტეტული ხდება, როგორც ფიზიკური უსაფრთხოება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და სახელმწიფო სისტემებმა ერთად უზრუნველყონ სერვისების ხელმისაწვდომობა, რათა არავინ დარჩეს მარტო სირთულეების წინაშე.

10 ოქტომბერი მოწოდებაა ყველასთვის - დავფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთისადმი მხარდაჭერა და თანაგრძნობა. თუ ერთად ვიზრუნებთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, შევძლებთ უფრო ძლიერი, მზრუნველი და ჯანმრთელი საზოგადოების შექმნას.

- უპირველესად, რა სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა?

- დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი კითხვისთვის, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ხშირად არ არის ინფორმირებული, რა მიმართულებებს მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა.

დღეს პროგრამა უზრუნველყოფს რამდენიმე ტიპის მომსახურებას და ის გათვლილია როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებზე. კერძოდ, ის მოიცავს:

  • სტაციონარულ მომსახურებას - მწვავე და ქრონიკული ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ;
  • ამბულატორიულ მომსახურებას - ფსიქიატრიული კონსულტაციები, დინამიკური დაკვირვება და მედიკამენტური უზრუნველყოფა;
  • ხანგრძლივ მოვლას - ქრონიკული აშლილობის მქონე პირთათვის სპეციალიზებულ დაწესებულებებში;
  • კრიზისული ინტერვენციის სერვისებს - მწვავე ფსიქიკური კრიზისის დროს სწრაფი დახმარება და მხარდაჭერა;
  • სათემო სერვისებს - დღის ცენტრები, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • პრევენციულ ღონისძიებებს - ცნობიერების ამაღლებისა და სტიგმის შემცირების კამპანიები, ასევე დროული მიმართვის ხელშეწყობა.

ამგვარად, სახელმწიფო პროგრამა არ შემოიფარგლება მხოლოდ მკურნალობით. ის ცდილობს შექმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უწყვეტი ჯაჭვი - დიაგნოსტიკიდან დაწყებული, რეაბილიტაციითა და სოციალური რეინტეგრაციით დამთავრებული.

თუმცა, სერიოზულ გამოწვევად რჩება სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ისინი არათანაბრად არიან განაწილებული ქვეყნის მასშტაბით და რაოდენობრივადაც არასაკმარისია. მართალია, პროგრამის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და მიმდინარე წელს უკვე 50 მილიონ ლარს შეადგენს, მაგრამ ეს ჯანდაცვის მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 2.63 %-ია (1.9 მლრდ ლარი). ამ თანხის ნახევარზე მეტი კვლავ მიდის სტაციონარების დაფინანსებაზე, ხოლო ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორიცაა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და სათემო მხარდაჭერა, პროგრამის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი ეთმობა.

- რომელი არასტაციონარული სერვისები გვაქვს პაციენტებისთვის?

- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აუცილებლად სჭირდება საავადმყოფოში დაწოლა. პირიქით, ბევრ შემთხვევაში შესაძლებელია დახმარების მიღება ისე, რომ ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებას არ მოსწყდეს. მაგალითად, ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურება ხორციელდება ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელისა და მულტიდისციპლინური მიდგომის პრინციპით.

ასეთი სერვისი მოიცავს: პირველად კონსულტაციას, პაციენტის დინამიკურ მეთვალყურეობას (მისი სურვილის შემთხვევაში), მედიკამენტურ უზრუნველყოფას - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი სტაციონარიდან არის რეფერირებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამბულატორიული სერვისები ყველა მდგომარეობას არ ფარავს. ისინი ძირითადად ეხება ისეთ აშლილობებს, როგორიცაა: ორგანული ბუნების დარღვევები, შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური აშლილობები, დეპრესია და ბიპოლარული აშლილობა, სტრესთან დაკავშირებული და ადაპტაციის დარღვევები, ასევე გონებრივი განვითარების შეფერხება და ფსიქიკური განვითარების დარღვევები. ბავშვთა სერვისები კიდევ უფრო ფართოა და დამატებით მოიცავს ნევროზულ და სტრესთან დაკავშირებული აშლილობების სრულ სპექტრს, ქცევით და ემოციურ დარღვევებს.

სათემო ფსიქიკური ჯანდაცვის ქსელის მესამეული რგოლი, როგორიცაა ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სერვისი მოზრდილთათვის (16-65 წწ), ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში. მათი მიზანია, მძიმე კრიზისის დროს პაციენტს დაეხმარონ ისე, რომ თავიდან აიცილონ სტაციონარში გადაყვანა, ან მოხდეს სტაციონარიდან გაწერის შემდგომი თანმხლები მხარდაჭერა (არ იგულისხმება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ქცევითი და ფსიქიკური დარღვევები).

განსაკუთრებით საინტერესოა მაღალი ინტენსივობის სერვისების (მობილური, ასერტული გუნდი) საქმიანობა. მაგალითად, მობილური გუნდები მუშაობენ იმ ადამიანებთან, ვინც ხშირად ხვდება სტაციონარში, მაგრამ გაწერის შემდეგ ვერ ან არ აკითხავს ამბულატორიულ დაწესებულებებს, ან ცუდად ემორჩილება მკურნალობას.

- რას ითვალისწინებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურება?

- დღეს საქართველოში ოფიციალურად ასეთი დიფერენცირება არ გვაქვს - სტაციონარში დარჩენის ხანგრძლივობა ყოველთვის პაციენტის საჭიროებებით განისაზღვრება. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე დღე, ზოგისთვის - რამდენიმე კვირა. კლინიკაში მოკლევადიანი მოთავსება ყველაზე ხშირად საჭიროა მაშინ, როცა ადამიანს აქვს მწვავე სიმპტომები ან კრიზისული მდგომარეობა.

რაც შეეხება ხანგრძლივ სტაციონირებას - 6 თვე და მეტი - ასეთი შემთხვევები იშვიათია და ჩვეულებრივ, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება, მათ შორის, ომბუდსმენის მხრიდანაც, რათა ადამიანის უფლებები არ შეიზღუდოს მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის გამო.

იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მუდმივი მეთვალყურეობა, ყოველდღიური დახმარება და საზოგადოებაში ეტაპობრივი ადაპტაცია ესაჭიროებათ, არსებობს სხვა ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებები. სამწუხაროდ, საქართველოში ამ დაწესებულებებში ადგილები შეზღუდულია და ამ სექტორს სერიოზული განვითარება სჭირდება.

- რატომაა მნიშვნელოვანი პირველადი ჯანდაცვა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის?

- როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამები არსებობს, ფსიქიატრიული დახმარება ყველგან ერთნაირად არ არის ხელმისაწვდომი, რის გამოც ბევრი ადამიანი დროულ დახმარებას ვერ იღებს.

ამ სიცარიელის შესავსებად განსაკუთრებულ როლს ასრულებს პირველადი ჯანდაცვა. სწორედ ოჯახის ექიმები და პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები არიან ის ადამიანები, რომლებიც პირველები ხვდებიან პაციენტს და ამიტომაც მნიშვნელოვანია მათი გადამზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. დღეს ისინი უკვე აღჭურვილნი არიან თანამედროვე, მათ შორის, გენდერულად მგრძნობიარე გაიდლაინებით, და სწავლობენ ფსიქიკური აშლილობების დროულ ამოცნობასა და მართვას.

ამ პროცესში უკვე ჩაერთო ტელემედიცინა, რაც საშუალებას იძლევა, რომ სოფლის ექიმმა სწრაფად მიიღოს კონსულტაცია ფსიქიატრისგან, პაციენტს კი ადგილზე, დროულად და სწორი მეთოდებით გაეწიოს დახმარება.

ეს აქტივობები ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორების - „კარიტას ჩეხეთისა“ და „ექსპერტიზ ფრანსის“, მჭიდრო ჩართულობით. მათი მხარდაჭერა პირდაპირ ზრდის მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ხარისხიან მკურნალობაზე და ქმნის პირობებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებმა დახმარება ყველაზე საჭირო დროს მიიღონ.

- როგორ დავიცვათ ფსიქიკური ჯანმრთელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში?

- ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია და მის გაძლიერებას მარტივი ჩვევებიც ეხმარება:

  • დაიძინე რეგულარულად - სცადე ერთსა და იმავე დროს დაწოლა და გაღვიძება;
  • მოძრაობა და ვარჯიში - არ არის აუცილებელი სპორტდარბაზი, საკმარისია ყოველდღიური სიარული ან მარტივი აქტივობა;
  • ჯანსაღი კვება - მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვები ენერგიასა და კარგ განწყობას გვაძლევს;
  • სოციალური კავშირები - მეგობრებთან, ოჯახთან ან კოლეგებთან კონტაქტი მხარს გვიჭერს და მარტოობას ამცირებს;
  • ჰობი და საყვარელი საქმეები - ხატვა, მუსიკა, კითხვის დრო ან ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რაც სიამოვნებას განიჭებს, სტრესისგან განტვირთვაში გეხმარება.

თუ გრძნობ, რომ სირთულეს ვეღარ უმკლავდები, დროულად მიმართე სპეციალისტს - ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს. ეს არ ნიშნავს „მძიმე დიაგნოზს“, ეს არის გზა სწრაფი მხარდაჭერისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად.

სახელმწიფო სერვისები კი უზრუნველყოფს, უსაფრთხო და საჭირო დროს, ყველასთვის ხელმისაწვდომ დახმარებას.