როგორ ავიცილოთ თავიდან ფსიქოლოგიური დაბერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან ფსიქოლოგიური დაბერება

სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ თუ სწორად ვიცხოვრებთ, მისი გახანგრძლივება ჩვენს ხელთაა. სიბერე და მასთან დაკავშირებული პრობლემები გარდაუვალია, თუმცა მათი გადავადებაც შესაძლებელია. სიბერესაც შეიძლება დრო მოვპაროთ.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაასაბუთა, რომ უჯრედები შეიცავს განსხვავებულ ცილებს, რომელთა მეშვეობითაც თავისუფალ რადიკალებს ებრძვის, მაგრამ ასაკის კვალდაკვალ ამ ცილების გამომუშავება მცირდება, ბოლოს კი სრულიად წყდება და უჯრედი თავისუფალი რადიკალებისგან თავის დაცვის უნარს კარგავს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ უნიკალური თვისებების მქონე ცილების შესწავლით შესაძლებელია დაბერების პროცესის შემაფერხებელი და თავისუფალ რადიკალებთან მებრძოლი საშუალების შექმნა.

ასაკთან ერთად ცილოვანი მოლეკულები თანდათან კარგავს წყალს, იცვლის სტრუქტურას, იშლება, უფრო ინერტული ხდება, ახალ კავშირებს ვეღარ წარმოქმნის.

ხანდაზმული ორგანიზმი ბიოლოგიური სიმტკიცის აღდგენას უფრო მეტხანს უნდება, ვიდრე ახალგაზრდა.

ფსიქოლოგიური განწყობა

ახალგაზრდა ორგანიზმი სწრაფად ეგუება ახალ პირობებს, იოლად იკრებს ძალას გადატანილი სტრესის შემდეგ. ორგანიზმის ეს უნარი თანაბრად ეხება როგორც სხეულს, ისე ფსიქიკასაც, თუმცა ფსიქიკური პროცესების აღდგენა და გაახალგაზრდავება უფრო ადვილია. ამისთვის საჭიროა, ადამიანმა სიახლეები შეიტანოს თავის ყოველდღიურ ყოფაში, შეიცვალოს გარემო, სამუშაო, საცხოვრებელი ადგილი, გაიფართოოს ნაცნობ-მეგობართა წრე... ყოველი ცვლილება ხვეწს და წვრთნის ადაპტაციის უნარს.

ამ მხრივ გამოირჩევიან შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები - მათი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, ახალ-ახალი მისწრაფებებით, ამიტომ ისინი უფრო გვიან ბერდებიან.

სტრესი დაბერებას აჩქარებს. მყარი ფსიქოლოგიური განწყობა ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მან უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობს რაღაც, რისი შეცვლაც შეუძლებელია, შეეგუოს ამას, მშვიდად შეხვდეს ცხოვრების ყოველდღიურ გამოწვევებს. ეს დაეხმარება სტრესის დამანგრეველი ზემოქმედების განეიტრალებაში, დააზოგვინებს სასიცოცხლო ძალას და ენერგიას, რომელიც ესოდენ აუცილებელია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

ხანდაზმულობასა და დაბერებასთან ბრძოლაში დიდი როლის შესრულება შეუძლია ტვინს. ტვინი ის ორგანოა, რომლის მრავალი საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია, თუმცა, საბედნიეროდ, დადგენილია, რა გზითაა შესაძლებელი ამ საოცარი ორგანოს აქტივობის ზედმიწევნით შენარჩუნება.

ტვინის ოპტიმალური მუშაობის დიდხანს შესანარჩუნებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავუფრთხილდეთ მის მკვებავ სისხლძარღვებს და დროულად გავასუფთაოთ ისინი.

ადამიანის ორგანიზმს ანაგვიანებს ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები, საკვები, წყალი, თამბაქო, ალკოჰოლი, სამკურნალო პრეპარატები. ტვინის მუშაობის აღსადგენად და ფსიქიკური პროცესების გასაუმჯობესებლად აუცილებელია ამ მავნე ნაერთებისგან სისხლძარღვებისა და სისხლის გაწმენდა.

ტვინი ადამიანის ორგანოთაგან ყველაზე მეტ ჟანგბადს მოიხმარს და, ამასთან, ყველაზე მწვავედ რეაგირებს მის უკმარისობაზე.

ტვინისა და, საზოგადოდ, ფსიქიკური ფუნქციების შენარჩუნებას ძალიან უწყობს ხელს მათი რეგულარული ვარჯიში:

1. ახალი გარემო - ხშირად გამოიცვალეთ გარემო, წაბრძანდით იქ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ ან ისეთი ადგილები მოინახულეთ, სადაც იშვიათად გიწევთ გავლა: ქალაქის ახალი უბანი, ახალი პარკი, ახალი სავაჭრო ცენტრი, ახალი საკონცერტო დარბაზი ან რესტორანი.

2. ახალი სურნელი - ეზიარეთ ახალ არომატებს, შეიძინეთ ახალი სუნამო ან სურნელოვანი ნივთები, ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე შეისუნთქეთ ახალი სურნელი - ეს ტვინს გამოაფხიზლებს.

3. დახუჭეთ თვალები - ბნელ ოთახში ნუ აანთებთ შუქს, იარეთ ისე, რომ მხოლოდ მეხსიერებას ენდოთ. ეს გაავარჯიშებს ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარს. ეცადეთ, შხაპის მიღებისას თვალები დახუჭოთ - როდესაც ვეღარაფერს ხედავთ, სხვა გრძნობები გამახვილებულია.

4. სამუშაო შეასრულეთ საწინააღმდეგო კიდურით: მარჯვენით, თუ ცაცია ბრძანდებით და მარცხენით - თუ მემარჯვენე.

5. ხშირად იცვალეთ სამოსი. ერიდეთ ერთფეროვნებას. დადასტურებულია, რომ ტანსაცმლის ცვლა შეგრძნებებთან ერთად აზრებსაც ცვლის.

6. ეცადეთ, სამსახურში, მაღაზიებში, მეგობრებთან ახალ-ახალი გზებით იაროთ. გზა შესაძლოა გრძელი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ძალიან არგებს ტვინს.

7. გჯეროდეთ საკუთარი თავის, მაშინაც კი, თუ ისეთ საქმეს შეეჭიდეთ, რომელიც ადრე არასოდეს გიკეთებიათ - ტვინი ყველაზე უკეთ მაშინ აქტიურდება, როცა ზუსტად არ იცის, რა და როგორ უნდა აკეთოს.

8. ეცადეთ, სტანდარტულ კითხვებზე შაბლონურად არ უპასუხოთ, არასტანდარტული პასუხები მოიფიქრეთ.

9. გაეცანით უცხო ინფორმაციას და გაიაზრეთ.

10. გაამრავალფეროვნეთ დასვენება.

11. ხშირად მოიშველიეთ იუმორი, იხუმრეთ, მოჰყევით სასაცილო ამბებს. ეს გონებრივ შესაძლებლობებთან ერთად კრეატიულ აზროვნებასაც ავითარებს.

ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ყველა ვაცნობიერებთ, რომ ახალგაზრდობა მიდის. დრო გადის და თან მიაქვს ჩვენი მომხიბვლელობა და ჯანმრთელობა. ამაზე ყველას სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვს, თუმცა ჯობს, ამ ფაქტს მშვიდად შევხვდეთ - ადრე თუ გვიან ყველა ბერდება - და ყველა საშუალება გამოვიყენოთ, რათა მაქსიმალურად გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობის წლები.

უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვიკრიბოთ ნებისყოფა და შევიმუშაოთ გამაჯანსაღებელი პროგრამა. ვავარჯიშოთ ტვინი. გვახსოვდეს, ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები დიდწილადაა დამოკიდებული კვების თავისებურებებზე, ფიზიკურ აქტივობაზე, სრულფასოვან ძილზე, ნერვული სისტემის სიმშვიდეზე.

ფსიქოლოგიურად არ დავბერდებით, თუ სიახლეებისადმი ინტერესი არ გაგვინელდება, არ ამოვვარდებით ცხოვრების რიტმიდან, არ დავკარგავთ სიცოცხლის ხალისს, გვეყვარება ადამიანები, ხშირად გავიღიმებთ...

იყავით ბრძენი, მიზანდასახული და წლები ვერაფერს დაგაკლებთ!