დავეხმაროთ ერთმანეთს
კატაბალახას ძირები სურდოს შველის
სურდო თვეობით მაწუხებდა, გამუდმებით ცხვირსახოცი მეჭირე ხელში და ცხვირი სულ გაწითლებული მქონდა. მერე კი ეს წამალი აღმოვაჩინე და ერთ კვირაში მოვირჩინე. მინდა, თქვენს მკითხველსაც ვასწავლო - ეგებ გამოადგეს:
- 1 სუფრის კოვზ კატაბალახას ფესვს დაასხით 100 გ მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნისა). 10 დღე გააჩერეთ სიბნელეში. ჩაიწვეთეთ ცხვირში 1-2 წვეთი დღეში 1-2-ჯერ. სურდო მალე გაგივლით, მაგრამ მკურნალობა ერთხანს კიდევ განაგრძეთ.
- აიღეთ 1 ჭიქა შვრია, გარეცხეთ და დაასხით 1 ლ ახალი რძე, შედგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 1 საათი, შემდეგ გაწურეთ და დაუმატეთ 1 ჭიქა ქაცვის წვენი. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა. ამ რძის შენახვა არ შეიძლება, ამიტომ ყოველდღე ახალ-ახალი ულუფა უნდა მოამზადოთ.
სამი თვის წინ შემეძინა ბავშვი. პირველი დღეებიდანვე მივხვდი, რომ რძე ცოტა მქონდა და თუ თავს დროზე არ ვუშველიდი, ბავშვისთვის დამატებითი საკვების მიცემა მომიწევდა, ეს კი არ მინდოდა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მიმაჩნია, ჩვილი დედის რძით უნდა გაიზარდოს, თანაც ყველას როდი შეუძლია ჩვილებისთვის განკუთვნილი ძვირად ღირებული საკვების ყიდვა. ვიცი, რომ ასეთივე პრობლემის წინაშე უამრავი დედა დგას, ამიტომ მინდა ვასწავლო მათ, როგორ მოიქცნენ რძის მოსამატებლად.
- ეს არ არის ძნელი - საჭიროა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 1/3 ჭიქა გვირილის ნაყენის მიღება. ნაყენი შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: 1 ს. კოვზ გვირილას (მისი შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი, დააყენეთ 20 წუთი და ჩაისავით დალიეთ. რძის რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს და თქვენი პატარაც კმაყოფილი დარჩება.
რძიანი სასმელი მხოლოდ ქალებისთვის
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც მენსტრუაციის დროს ტკივილის დამარცხებაში დაგეხმარებათ. მე ეს წამალი დიდი ხნის წინ დიდმა ბებიამ მასწავლა, მაგრამ, ვფიქრობ, დღევანდელ გოგონებსაც გამოადგებათ.
- აურიეთ ერთმანეთში სამი წილი ბატის მარწყვაბალახა, ორი წილი გულყვითელა და ამდენივე მარმუჭი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და წყლის აბაზანაში გააცხელეთ, ადუღეთ 2-3 წუთი, შემდეგ გადმოდგით, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 15 წუთი, გაფილტრეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, 2 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტა დარიჩინი. წამალი მზადაა. მას არაჩეულებრივი არომატი და სასიამოვნო გემო აქვს. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, თბილ-თბილი.