დავეხმაროთ ერთმანეთს
რევმატიზმის დამარცხებაც შესაძლებელია
- აიღეთ 1 სადილის კოვზი ახალდაქუცმაცებული ნიახურის ფესვი, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და შეფუთეთ 4 საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- შეგიძლიათ, ნიახურის ფესვები ცივ წყალზეც დააყენოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა სვათ მეოთხედი ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
იამზე რუხაძე, გორი
ალერგიულ გამონაყარს ღვია დაგიამებთ
ალერგია ყოველ წელიწადს მახსენებს თავს. უკვე ვიცი, როგორ დავძლიო იგი. ბოლო ხანს ყველაზე მეტად ალერგიული გამონაყარი მაწუხებდა, ახლა მისი მოთვინიერებაც ვისწავლე.
- აიღეთ ღვიის დაქუცმაცებული ტოტი (200-300 გრამი) და დაასხით 10 ლ ცივი წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში, ამის შემდეგ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთი, გაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში (36-370ჩ). აბაზანები უმჯობესია მიიღოთ ძილის წინ. მკურნალობის კურსი დაახლოებით 10-12 პროცედურაა, რომლებიც დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ.
ნუნუ ქოქიაშვილი, რუსთავი
საჭმლის მონელება რომ არ დაგერღვეთ
ძნელად თუ მოიძებნება ზრდასრული ადამიანი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთი დაავადება მაინც რომ არ ჰქონდეს. რა გასაკვირია - ჩვენ ხომ უკიდურესად დაბინძურებულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და რით ვიკვებებით, კაცმა არ იცის. მე ყველაზე მეტად კუჭი და კუჭქვეშა ჯირკვალი - პანკრეასი მაწუხებს. მრავალი წლის განმავლობაში ვეძებდი შესაფერის რეცეპტებს ხალხური მედიცინის საგანძურში. ბოლოს შევარჩიე საუკეთესო წამალი, რომელიც გამწვავების დროს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას მიუმჯობესებს.
- წამლის მოსამზადებლად საჭიროა მწარე აბზინდა. მომზადების წესი კი ასეთია: ვიღებ 1 სადილის კოვზ აბზინდის გამომშრალ ბალახს და ვასხამ 2 ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამ ნახევარი საათით და მესამედს ვსვამ ჭამამდე 15 წუთით ადრე დღეში 2-3-ჯერ.
მათ, ვისაც კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები აქვთ, ეს საშუალება წელიწადში ორჯერ უნდა მიიღონ, ორკვირიანი კურსით. სოლომონ კუპრაშვილი, თბილისი
როცა ჰაიმორიტი გაწუხებთ
ამ ზამთარს გადავიტანე ვირუსული ინფექცია, რომელმაც დამიტოვა საშინელი ტკივილები. მივმართე ექიმს, დამისვეს ჰაიმორიტის დიაგნოზი. დამინიშნეს მკურნალობა, თუმცა ჩემმა მეზობელმა, რომელსაც ეს პრობლემა დიდი ხანია აწუხებს და ამ მხრივ ჩემზე გამოცდილია, მირჩია ეს ხალხური საშუალება, რომელიც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა:
- შავი ბოლოკი კარგად გარეცხეთ, კანიანად გახეხეთ მსხვილ სახეხზე. 1-2 სუფრის კოვზი გაახვიეთ სელის ნაჭერში და მიიდეთ ჰაიმორის წიაღებზე. წინასწარ შეიზილეთ ამ ადგილას საბავშვო კრემი ან ვაზელინი. დაითბილეთ და გაიჩერეთ 5-7 წუთი. პროცედურა ჩაიტარეთ საღამოს, ძილის წინ. 3-4 ყოველდღიური სეანსის შემდეგ ჰაიმორიტი აღარ შეგაწუხებთ.
ნონა სუჯაშვილი, ყაზბეგი
ათეროსკლეროზს კუნელი უხდება
ასაკოვანი ვარ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები არ მიკვირს. ჩემი ჩივილების ჩამოთვლას მთელი გვერდი არ ეყოფა. ისიც ვიცი, რომ გამოჯანმრთელება შეუძლებელია - მხოლოდ ის შემიძლია, თავს ხელი შევუწყო და სიტუაცია უფრო მეტად არ დავამძიმო. სისხლძარღვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ათეროსკლეროზი, რომელსაც მე კუნელით ვებრძვი.
- კუნელის ნაყოფი წვრილად დაჭერით ან დანაყეთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა სპირტი, გააჩერეთ 5 კვირა, გადაწურეთ, გაწურეთ, 1/4 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი და მიიღეთ საღამოს, ძილის წინ.
სერგო ავეტიკიანი, გორი
ფაღარათის დროს შვებას მოგგვრით
არ ვიცი, რატომ - დამეწყო ფაღარათი. ჩავიტარე გამოკვლევები, გამოირიცხა ყოველგვარი დაავადება, მათ შორის - ინფექციურიც, მაგრამ დიარეას ვერაფერი ვუშველე. გავხდი, მომბეზრდა ერთფეროვანი, უგემური საჭმელი, რომელიც არც მერგებოდა. ერთ დღეს თანამშრომელმა მომცა ეს რეცეპტი, რომელიც ძალიან მომიხდა:
- აიღეთ გვირილის ყვავილი - 3 წილი, კოთხოჯის ფესურა - 2 წილი, ვალერიანის ფესვები და ფენხელის ნაყოფი - თითო წილი. ამ ნარევის 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი, გადაწურეთ და დალიეთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.
ნანა იმერლიშვილი, ყვარელი
თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
ზედიზედ ორი ორსულობა მქონდა, თანაც ბავშვებს ძუძუს ვაწოვებდი. როგორც ჩანს, ამან გამომფიტა. ეს, უპირველესად, თმაზე აისახა. მეგობარი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა რუსეთში. იქ შეისწავლა ხალხური მედიცინის სხვადასხვა რეცეპტი, რომელსაც მერე წარმატებით იყენებდა სამშობლოში. სწორედ მან მირჩია ეს ნარევი გამომეყენებინა, რომლის შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი.
- აიღეთ 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი კეფირი, 1 კბილი გახეხილი ნიორი. ყველაფერი კარგად აურიეთ და წაისვით თმაზე. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი, მოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 45 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით და გადაივლეთ თმაზე ძმრიანი წყალი. ეს თმას მიანიჭებს ჯანსაღ, აბრეშუმისებრ შესახედაობას. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე გვირილის ან ჭინჭრის ნახარში.
ნატალია ჩქარეული, ბათუმი
ლიმონის წვენს თირკმელებიდან და შარდის ბუშტიდან კენჭები გამოაქვს
შუაღამისას თირკმლის შეტევა დამემართა. ისეთი ტკივილი ამივარდა, იძულებული გავხდი, სასწრაფო გამომეძახებინა. მეორე დღესვე წავედი ექიმთან. თირკმელსა და შარდის ბუშტში კენჭები აღმომაჩნდა. მეგობარმა გამიკეთა ეს წამალი, რომელმაც არათუ შვება მომცა, კენჭები სულ მთლად გადამავიწყა.
- ერთმანეთში აურიეთ 1 ცალი ლიმონის, 1 საშუალო ზომის ჭარხლის, სტაფილოსა და კიტრის წვენი. მიიღეთ ყოველდღე 2-4 ჩაის ჭიქა მთელი კვირის განმავლობაში.
ოთარ ჩხეიძე, ზესტაფონი
როდესაც ოფლიანობა განსაკუთრებით შემაწუხებელია
როგორც ბევრ სხვას, სიცხეში მეც ძალიან მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა, განსაკუთრებით ფეხებისა. ფეხების ჰიგიენას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ. ზამთარ-ზაფხულ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, ვიბან თბილი საპნიანი წყლით. ვცდილობ, ვატარო მხოლოდ ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი, ხოლო ზაფხულობით - ღია. წინდებსაც ყოველდღე ვიცვლი.
- გარდა ამისა, აბაზანის შემდეგ ვიზელ ფეხებს მუხის ქერქის ნახარშით, რომელიც ასე მზადდება: მომინანქრებულ ჭურჭელში ჩავყაროთ 30 გრამი წვრილად დაჭრილი მუხის ქერქი და დავასხათ 1 ჩაის ჭიქა თბილი წყალი. დავახუროთ თავზე და შევდგათ ნელ ცეცხლზე 40 წუთით. შემდეგ გადავწუროთ, ნარჩენიც გამოვწუროთ და საწყის მოცულობამდე შევავსოთ ანადუღარი წყლით. ფეხებს ამ ნახარშით რომ დაიზელთ, ნუ გაიმშრალებთ, ზედ შეიშრეთ.
სოფო კობალაძე, ქობულეთი
ჭორფლი
ბავშვობიდანვე, მზე მომხვდებოდა თუ არა, სახე მაშინვე ჭორფლით მევსებოდა. როცა წამოვიზარდე, ვცდილობდი, მოვრიდებოდი მზეს, ვიყენებდი სპეციალურ მზისგან დამცავ კრემებს, მაგრამ ჭორფლს თავი მაინც ვერ დავაღწიე. შინ სახის კანის გათეთრების მარტივი და ეფექტური მეთოდია კიტრის ნიღაბი:
- დაჭერით კიტრი თხლად და დაიწყვეთ სახეზე. ჩამოიბანეთ 15-20 წუთის შემდეგ თბილი გამდინარე წყლით.
- გახეხეთ კიტრი, გაწურეთ და მიღებული წვენით გაიწმინდეთ სახე.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ნაჭრები და ლიმონის ახალგამოწურული წვენიც. მარი კეჟერაძე, ქუთაისი
ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებას შინაც მოამზადებთ
თავის მოვლა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასაკში შევედი და ჩემს სახეს ყოველდღე ახალ-ახალი ნაოჭი ემატება, ეს აუცილებელ პროცედურად იქცა. ძვირად ღირებული კრემების ეფექტურობისა დიდად არ მჯერა, მირჩევნია, შინ, მე თვითონ მოვამზადო თავის მოვლის საშუალებები - შედეგს ჯერჯერობით არ ვუჩივი. გთავაზობთ ერთ რეცეპტს:
- დავჭრათ ერთი ლიმონი და დავასხათ 1 ჩაის ჭიქა არაყი. გავაჩეროთ გრილ ადგილას 10-12 დღე. ამის შემდეგ ნარევი გადავწუროთ, დავუმატოთ 100 გრამი არაჟანი და შევათქვიფოთ 1 კვერცხის გული. ამ ნარევით სასურველია ყოველდღიურად გავიწმინდოთ სახე (ნარევი სასურველია შევინახოთ მაცივარში).
მაია მოსაშვილი, თელავი
გავიწმინდოთ სისხლი და ნაწლავები
ნაწლავებს გასუფთავება გაზაფხულობით სჭირდება - ზამთარში ისინი ყველაზე მეტად ბინძურდებიან ძნელად მოსანელებელი საკვების ნარჩენებით. მათი გაწმენდა შეიძლება ასეთი ხერხით:
- აიღეთ 1 კგ საშუალო ზომის სტაფილო და 1 კგ უკურკო ქიშმიში. სტაფილო დაჭერით 2 სმ სიგანის რგოლებად და ქიშმიშთან ერთად ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 2,5 ლ ნადგამი წყალი და შემოდგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლს დაუკელით და კიდევ 1,5 საათი ხარშეთ.
უნდა გამოგივიდეთ დაახლოებით 7 ჭიქა ნახარში, რომელსაც გადაწურავთ და მაცივარში შედგამთ. ნახარში უნდა მიიღოთ შემდეგი წესით: ნახევარი ჭიქა უნდა შეათბოთ და დალიოთ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით, ღამის 12 საათის შემდეგ. ნაყენი 14 დღეს გეყოფათ. დარჩენილი სტაფილო და ქიშმიში კი გაყავით სამ ტოლ ნაწილად და სამი დღის განმავლობაში მიირთვით. ნაყენი ნაწლავებთან ერთად წმენდს თირკმელებსა და ღვიძლსაც. სისხლში დაგროვილ ტოქსინების გამოსადევნად ეს საშუალება გამოგადგებათ:
1 ცალი ლიმონი გარეცხეთ და კანიანად გახეხეთ, დაუმატეთ 1 საშუალო ზომის ნივრის თავი - ესეც გახეხილი, ჩადეთ ეს ფაფა ლიტრიან ქილაში, დაასხით 2 ჭიქა გაცივებული ანადუღარი წყალი და 45 საათით დადგით სიბნელეში. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. თუ ორკვირიან კურსს წელიწადში 3-ჯერ ჩაიტარებთ, გაგეწმინდებათ ნაწლავები, 4-5-ჯერ ჩატარებისას კი მთელი ორგანიზმი გათავისუფლდება მავნე წიდისგან. ნიკოლოზ თავაძე, გორი
დამწვრობას ეს მალამო მოგიშუშებთ
აგარაკზე შეშის ღუმლის ანთება გადავწყვიტე, მაგრამ გამოუცდელობის გამო თითები ძლიერ დავიწვი. მეზობელი მაშინვე მოვარდა საშველად. უპირველესად, ხელი ცივი წყლის ნაკადის ქვეშ გამაჩერებინა, მერე კი წამისვა თავისი ხელით მომზადებული მალამო, რომელიც შესანიშნავად აშუშებს როგორც ჭრილობებს, ასევე დამწვრობასაც. გთავაზობთ ამ მალამოს რეცეპტს.
- მომინანქრებულ ჭურჭელში ჩავასხათ მცენარეული ზეთი, ჩავაგდოთ მასში ასანთის კოლოფისოდენა სუფთა (მინარევების გარეშე) თაფლის სანთელი და შევდგათ ნელ ცეცხლზე გასადნობად. მოხარშული კვერცხის გული დავჭრათ წვრილად და თანდათანობით დავუმატოთ მდუღარე სანთელს. კვერცხის გულის პირველივე ნამცეცები მოხვდება თუ არა, შიგთავსი აქაფდება და რომ არ გადმოიღვაროს, შეიძლება ქურიდანაც მოგვიხდეს გადმოდგმა. ნარევს განუწყვეტლივ უნდა ვურიოთ. ასე წამოვადუღოთ 3-ჯერ და მალამო მზადაა. გადავწუროთ კაპრონის ორმაგ ქსოვილში (დოლბანდი ამისთვის არ გამოდგება), გადავიღოთ მინის ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში. ასე შეგიძლიათ შეინახოთ 10 თვე.
ლეილა კვანტალიანი, თბილისი
სილამაზის რეცეპტები
ყველას სურს, რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნოს გლუვი, ელასტიკური, უნაოჭო კანი. მე ამაში შინაური ნიღბები მეხმარება, რომელთა რეცეპტებს თქვენც სიამოვნებით გაგიზიარებთ. ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, თეთრი თიხის გამოყენებას ვურჩევ. 100 გრამი თიხა, 30 მლ წყალი, 5 მლ გლიცერინი და სპირტი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ეს ნარევი ბამბის ტამპონით წავისვათ სახეზე და 20 წუთის შემდეგ სველი ბამბის ტამპონით მოვიშოროთ.
- 1 სუფრის კოვზ რძეს დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი ტალკი და თეთრი თიხა, წავისვათ სახეზე და 20 წუთის შემდეგ მოვიშოროთ სველი ბამბის ტამპონით. ვისაც მშრალი კანი აქვს, ვურჩევ ასეთ ნიღაბს: 1 ჩაის კოვზ ნატურალურ თაფლს შევურიოთ 30-40 წვეთი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი თეთრი თიხა და ცოტაოდენი ცივი წყალი. ვურიოთ თეთრი, ფაფისებრი მასის მიღებამდე. წავისვათ შპადელით სახესა და კისერზე და 25-30 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით. ამის შემდეგ კანი გავიწმინდოთ ლიმონის ნაჭრებით.
- ნორმალური კანის შემთხვევაში 3 ჩაის კოვზ თეთრ თიხას დავუმატოთ 1,5 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი და ტალკი, კარგად ავურიოთ, წავისვათ სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით.
ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ კვირაში 1-2-ჯერ - კანთან დაკავშირებული პრობლემები დიდხანს აღარ შეგაწუხებთ. მაკა არშბა, თბილისი