დავეხმაროთ ერთმანეთს
თაფლი გულით ავადმყოფებისთვის
სახალხო მკურნალები გვირჩევენ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გვაქვს, ხშირად ვჭამოთ თაფლი. კარგა ხანია მაწუხებს მაღალი წნევა, არითმია. წამლების იმედად შორს ვერ წახვალ - ზოგი გშველის, მაგრამ ძვირია, ზოგი იაფია, მაგრამ არ გშველის. ჰოდა, გადავწყვიტე, თაფლით მკურნალობა მეცადა. ახლობელმა გამომიგზავნა რეცეპტი, რომელიც მარტივი და იოლი მოსამზადებელია:
- 1 ჭიქა მინერალურ წყალს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, ნახევარი ლიმონის წვენი და მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, 7-10 დღის განმავლობაში.
ამ ნარევის მიღება დავიწყე თუ არა, რამდენიმე დღეში ვიგრძენი, რომ დავმშვიდდი, უკეთ მძინავს, რაც მთავარია, მომიწესრიგდა წნევა. ყოველ თვე ვიტარებ 10-დღიან კურსს. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის თავიდან ასაცილებლად ვცვლი მხოლოდ მინერალური წყლის სახეობას. უკვე ორი წელია, ასე ვმკურნალობ და სხვა წამლებს აღარც კი ვეკარები... გირჩევთ, მოსინჯოთ - ეგებ თქვენც მოგიხდეთ.
ქეთევან ჯამელაშვილი
ნაღრძობს ასე მოიშუშებთ
შარშან ზაფხულს ჩემმა მეუღლემ სახლის მშენებლობისას ხელი დაიზიანა. ექიმმა უთხრა, მყესი გაქვს დაჭიმულიო. საშიში თითქოს არაფერი იყო, მაგრამ ტკივილი აწუხებდა, განსაკუთრებით - მოძრაობის დროს. რადგან ექიმებში სირბილის დრო არ ჰქონდა, ხალხური მეთოდი ვსინჯე. თქვენ წარმოიდგინეთ, უშველა. მინდა, ჩემი გამოცდილება “ოჯახის მკურნალის” მკითხველსაც გავუზიარო.
- ბამბის ქსოვილისგან გამოჭერით გრძელი ლენტი და მოამზადეთ ხსნარი შემდეგი რეცეპტით: ერთ კვერცხის ცილას შეათქვიფეთ 1 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი (ან არაყი) და 1 სუფრის კოვზი ფქვილი. ეს ნარევი ცალი მხრიდან წაუსვით ლენტს და მტკივან ადგილზე შემოიხვიეთ. ნახვევი ძალიან არ უნდა გიჭერდეთ.
ხსნარი რომ გაშრება, ნახვევი დაზიანებულ ადგილს დააფიქსირებს და შვებას იგრძნობთ. ყოველდღე ახალი ნახვევის დადებაა საჭირო. როდის შეწყვიტოთ, თვითონვე მიხვდებით.
ნათელა ჭოლოკავა
თუ ფეხები გეკვანძებათ
ღამღამობით ფეხები ზოგჯერ ისე მეკრუნჩხება, ვეღარ ვითმენ. აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ ბევრს აწუხებს. მე მივაგენი ამ სატკივარის წამალს: როგორც კი კრუნჩხვა დაგეწყებათ, ადექით, დაისველეთ ფეხები ოთახის ტემპერატურის წყლით, არ შეიმშრალოთ - ასევე დაწექით. როგორც კი წყალი შეშრება, ტკივილიც გაივლის. მე ძალიან მშველის. ეგებ თქვენც მოგიხდეთ.
ნინო სარიშვილი, თბილისი
ბრონქიტის დროს გამოგადგებათ
ყოფილი ფიზკულტურის მასწავლებელი გახლავართ. ამჟამად ვარ 75 წლის, მაგრამ არასოდეს ვუჩივი უგუნებობას, სხეულშიც მუდამ სიმსუბუქეს ვგრძნობ. ყოველ დილით ვვარჯიშობ, დღეში ორჯერ ვიღებ კონტრასტულ შხაპს ჯერ ცხელი, მერე ცივი წყლით. ძალიან მომწონს ბალახეული აბაზანები და ზაფხულობით ხშირადაც ვიღებ. დილით, ავდგები თუ არა, ვიწყებ საქმიანობას: ვკითხულობ, ვწერ, ვქსოვ. ზამთარში უფრო მეტხანს მძინავს, ზაფხულობით კი აგარაკზე მივდივარ და ბაღსა და ბოსტანს ვუვლი. რაც მეტს ვშრომობ, მით უკეთ ვგრძნობ თავს. ეს, ისე, ამბად მოგიყევით. ახლა კი გიამბობთ, როგორ მომარჩინა ბრონქიტისგან ერთმა ხალხურმა საშუალებამ. სხვათა შორის, ამავე წამლით ჩემმა მეზობელმა ორმხრივი პნევმონია მოირჩინა.
- აურიეთ ერთმანეთში 0,5 კგ თაფლი, 0,5 კგ ღორის მუცლის ქონი, 5 სუფრის კოვზი ძირტკბილას დაფხვნილი ფესვი. შედგით ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით, დაამატეთ 250 მლ კონიაკი და გადაასხით მინის ჭურჭელში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
გიული ჩაჩანიძე
ქრისტესისხლას წვენი ოსტეომიელიტის წამალია
თქვენთვის წერილის მოწერა ერთმა ამბავმა გადამაწყვეტინა. რამდენიმე წლის წინ ჩემს ქმარს უბედურება შეემთხვა - გვიან საღამოს, შინ რომ ბრუნდებოდა, ქუჩაში ორი გარეწარი დახვდა და მობილურისა და ფულის წართმევა მოუნდომა. ჩემმა მეუღლემ წინააღმდეგობა გაუწია და დაისაჯა კიდეც - დანით ოცი ჭრილობა მიაყენეს. ამის შემდეგ - ან, შესაძლოა, პირველი ოპერაციის შემდეგ - დაეწყო ოსტეომიელიტი. ნახევარ წელიწადში ექვსი ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ვერა და ვერ განიკურნა, 40 წლის ასაკში მეორე ჯგუფის ინვალიდად იქცა, მუშაობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო... დაჯდა სახლში და დეპრესიას მიეცა. ყველას ვეკითხებოდი, ოსტეომიელიტის რაიმე ხალხური წამალი ხომ არ იცოდნენ და ბოლოს მივაგენი! ძალიან მოუხდა, თითქმის წელიწადია, აღარაფერი აწუხებს. მაგრამ ისე ვარ შეშინებული, ყოველი შემთხვევისათვის ეს წამალი ყოველთვის მიდევს მაცივარში. აი ეს რეცეპტიც:
- მოძებნეთ ქრისტესისხლა (უმჯობესია, ყვავილობისას, მაგრამ შეიძლება შემოდგომაზეც), ფესვიანად ამოთხარეთ, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გამონაწური შეინახეთ მაცივარში, დროდადრო თავსახური მოხადეთ, რომ დაგროვილი აირები ამოვიდეს. თუ ქაფიც ამოჰყვა, არ შეგეშინდეთ, მოაცილეთ.
თავდაპირველად ფისტულა უნდა დაიმუშაოთ წყალბადის ზეჟანგით (პერეკისით), მერე კი პიპეტით ჩაიწვეთოთ შიგნით ქრისტესისხლას წვენი. 10 წუთის შემდეგ გადაიხვიეთ.
დუდანა დადიანი
საშარდე გზებში კენჭებს დაგიშლით
საშარდე გზებში კენჭები გამიჩნდა. ექიმმა დიაგნოზის დასმისთანავე მითხრა, რომ ეს დაავადება ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, რომ მისი მკურნალობა ადვილი არ არის. ყველაფერს მივხვდი და გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის თვითონვე მიმეხედა. პატარა კენჭები აღმომაჩნდა და ეს გამოჯანმრთელების იმედს მაძლევდა. მკურნალობა დავიწყე წვენებითა და ნაყენებით.
- 1 ჭიქა ცხელ წყალში ვხსნიდი 1 სუფრის კოვზ ხმელ, დაფქულ ვაშლის ქერქს და დღეში 3-ჯერ ვსვამდი (ვაშლის ნათალს ვახმობდი და ყავის საფქვავში ვფქვავდი). მერე ახალგამოწურულ სტაფილოს წვენზე გადავედი - დღეში 3-4-ჯერ ვიღებდი მესამედ ჭიქას. ყოველ დილით, უზმოზე, 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს ვსვამდი.
ასე გავაგრძელე 5-6 თვე. შვება ვიგრძენი, მაგრამ ერთ საღამოს კენჭი დაიძრა და ისეთი შეტევა დამეწყო, კინაღამ გადამიყოლა. ის ღამე ძლივს გავათენე. მეორე დღეს ექიმთან მივედი, მაგრამ იგივე სიტყვები მოვისმინე - საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, დრო და მოთმინებაო. შინ დაღონებული დავბრუნდი. ცოლმა დამამშვიდა და ქსენია ბებოსთან მიდიო, მირჩია. ქსენია ბებო ჩვენი კარის მეზობლის დედაა, რაჭაში ცხოვრობს, მაგრამ ზამთარს თბილისში, შვილთან ატარებს. ათასნაირი ბალახი ჩამოაქვს და უამრავი სამკურნალო ნაყენის მომზადება იცის. მართლაც, მივედი და აი, რა მასწავლა ქსენია ბებომ:
- აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, ნახევრამდე აავსეთ წვრილად დაჭრილი ხახვით, ბოლომდე - არყით და 10 დღით სითბოში დადგით. მერე გაფილტრეთ. მიიღეთ ნაყენი დღეში 2-ჯერ, თითო სუფრის კოვზი ჭამის წინ. სვით, ვიდრე არ გათავდება.
ამ ნაყენის მიღება 10 წლის წინ დავიწყე და მას შემდეგ პერიოდულად ვსვამ. აღარც კი მახსოვს, რა არის შარდკენჭოვანი დაავადება.
გიორგი გიუნაშვილი
ალერგიისგან ყაბაყის ყვავილები გიხსნით
ყველამ ვიცით, რა გემრიელია ყაბაყის კერძები, - მათ რეცეპტებს ნებისმიერ სამზარეულო წიგნში ამოიკითხავთ, - მაგრამ ის, რომ ყაბაყი სამკურნალო თვისებებითაც უხვადაა დაჯილდოებული, ბევრმა არ იცის. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი ყვავილები - ისინი, რომლებიც ღეროდან მოწყდა და მიწაზე დაცვივდა. უნდა მოაგროვოთ ასეთი 7-9 ყვავილი, დაასხათ მდუღარე წყალი და თავდახურული ნახევარი საათით გააჩეროთ, მერე გაწუროთ და ჭამიდან ჭამამდე, შუალედში, სვათ. ნაყენი აცხრობს ალერგიულ რეაქციას, ოღონდ უნდა სვათ რამდენიმე დღე.
კარგია ჭრილობების ჩამოსაბანადაც - ხელს უწყობს მათ სწრაფ შეხორცებას.
ქეთევან რომელაშვილი, თბილისი
კატაბალახას ყნოსვა უფრო ეფექტურია
მინდა გასწავლოთ რეცეპტი, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე უძილობის საწინააღმდეგოდ. მკურნალობა უნდა დაიწყოთ ნებისმიერი თვის პირველი რიცხვიდან - ასე სქემას უკეთ მიჰყვებით.
- აიღეთ კატაბალახას წვეთები. პირველ დღეს თითოჯერ დაყნოსეთ ჯერ ერთი, მერე მეორე ნესტოთი, მე-2 დღეს - 2-ჯერ, მე-3 დღეს - 3-ჯერ და ასე 10 დღის განმავლობაში. მერე თვის ბოლომდე შეისვენეთ. თუ არ გიშველათ, კურსი რამდენიმე დღით გაახანგრძლივეთ.
40 წლისას, შეიძლება ითქვას, ღამღამობით საერთოდ არ მეძინა, უფრო სწორად, ვერ ვიძინებდი. ახლა უკვე სამოცს გადავაბიჯე და კატაბალახას წყალობით უძილობას აღარ ვუჩივი.
ხათუნა კანკავა