დავეხმაროთ ერთმანეთს
თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
-
ასკილის ფესვები შარდის ბუშტის ანთებას უხდება
ახალგაზრდობაში მწვავე ცისტიტის გამო საავადმყოფოში აღმოვჩნდი. მუცლის საშინელი ტკივილები მქონდა და წამდაუწუმ საპირფარეშოში დავრბოდი. დამინიშნეს მკურნალობა, საავადმყოფოს სანიტარმა კი მასწავლა, როგორ მეწამლა შინ:
-
- ვიღებთ 1 სუფრის კოვზ ასკილის წვრილად დაჭრილ ფესვს, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და 15 წუთს ვადუღებთ. შემდეგ ვწურავთ და ვიღებთ ნახევარ-ნახევარ ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ.
-
რძიანას ეფექტურად გაუმკლავდებით
რძიანას იოლად გაუმკლავდებით, თუ სწორად უმკურნალებთ. თავის დროზე ეს დაავადება ჩემს შვილიშვილს დაემართა - მთელი პირის ღრუ თეთრი ნადებით დაეფარა. ბედად, რძიანას სამკურნალო ხალხური საშუალება მომაგონდა და ამით მოვარჩინე. წამლისთვის საჭიროა გულყვითელა, რომელიც აფთიაქშიც შეიძლება შეიძინოთ და თავადაც დაკრიფოთ ზაფხულში. მე თბილისის ახლოს აგარაკი მაქვს, ამიტომ მისი ყიდვა არ დამჭირვებია.
-
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი გულყვითელას ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და გადაწურეთ. ამ ნაყენში დაასველეთ ბამბის ტამპონი, გაწურეთ და ფრთხილად გამოუწმინდეთ ბავშვს პირის ღრუ. ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ.
-
გახშირებულ გულისცემას კულმუხო დაგიწყნარებთ
რამდენიმე ხნის წინ შევამჩნიე, რომ გული მიჩქარდებოდა, ჰაერი არ მყოფნიდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საგულედან მივარდებოდა. მეგობარმა მირჩია, კულმუხოს ნაყენი მიმეღო, რომლის მომზადებაც თვითონვე მასწავლა.
-
- აიღეთ 100 გრამი კულმუხოს ფესვი, დაასხით 200 გრამი არაყი და 2 კვირა გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას. გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
-
ღვიძლს ცხიმიანი საკვების მონელებაში დაეხმარება...
ბავშვობაში ბოტკინის დაავადება გადავიტანე. ცხადია, დიეტაც დავიცავი, მაგრამ მთელი ცხოვრება ასეთი რეჟიმით კვება ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით მიჭირდა ცხიმიანი საკვების მონელება, მაგრამ ამ რამდენიმე ხნის წინ ასეთი წამალი მასწავლეს:
-
- აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი ანისულის დანაყილი თესლი და ამდენივე პიტნა, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაწურეთ. რეკომენდებულია მიიღოთ თბილ-თბილი, პატარა ყლუპებით.
თუ ცხიმიანი საკვების მონელება სისტემატურად გიჭირთ, უმჯობესია ეს ნაყენი ჭამამდე მიიღოთ.
-
ფრჩხილის სოკოს იოლად მოერევით
ერთი შეხედვით, ფრჩხილის სოკო უწყინარი დაავადებაა, მაგრამ დაზიანებული ფრჩხილები ნამდვილად არ არის სასიამოვნო შესახედავი. მე ამ პრობლემას იოლად გავართვი თავი. იოდი ფრჩხილის სოკოს პირველი წამალია.
-
- 5%-იანი იოდის ხსნარით დღეში 2-ჯერ დაიმუშავეთ სოკოთი დაზიანებული ფრჩხილი. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაზიანებულ უბანში უნდა იგრძნოთ მსუბუქი წვა. თუ ძალიან მტკივნეული არ არის, ე.ი. სამკურნალო საშუალება საჭირო ეფექტს ახდენს; თუ ტკივილი ძლიერდება, პროცედურა უფრო იშვიათად უნდა ჩაიტაროთ. მკურნალობის კურსი 20-დღიანია.
-
ჰიპერტონიის წამალს ბუნების წიაღში იპოვით
გამუდმებით მაწუხებს მაღალი წნევით გამოწვეული დისკომფორტი. მივმართე ექიმებს, გამომიწერეს უამრავი წამალი, მაგრამ წნევის დარეგულირება ვერ მოვახერხე. ჩემი მოსისხლე მტრები იყვნენ ნერვები, ამინდი, ელექტრომაგნიტური დღეები... როგორც კი რამე მოხდებოდა, წნევა მაშინვე 200-მდე ამივარდებოდა ხოლმე. ბოლოს გადავწყვიტე, ხალხური საშუალებები მეცადა. უამრავი წიგნი წავიკითხე ჰიპერტონიის ხალხური მეთოდებით მკურნალობაზე და ბევრი რეცეპტიც ვსინჯე. ჰოდა, ამ სინჯვა-სინჯვაში ერთ ძალიან ეფექტურ წამალს მივაგენი:
-
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი გახეხილი ლიმონი, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შტოში და ნახევარი სუფრის კოვზი დანაყილი ასკილი. ამ ნარევს დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი. მიიღეთ დილა-საღამოს თითო სუფრის კოვზი.
-
ჭინჭრის ნახარში ჰემოროისგან გიხსნით
მჯდომარე სამსახური მაქვს, ამიტომ ჰემოროი ხშირად მიმწვავდება. ჩემი ცხოვრების წესის გამო დიეტის დაცვაც მიჭირს, ამიტომ გადავწყვიტე, მცენარეული საშულებები მესინჯა. რეცეპტი კოლეგებსაც გავუზიარე - ყველა კმაყოფილი დავრჩით.
-
- აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ჭინჭარი, დაასხით მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და გაგრილებამდე გააჩერეთ, დროდადრო ურიეთ. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დილით, შუადღისას და საღამოს.
-
კონიუნქტივიტს ასეც შეიძლება ვუმკურნალოთ
აგარაკზე თვალი რაღაცამ გამიღიზიანა - გამიწითლდა, დამეწყო ცრემლის დენა, გამუდმებით ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ჩამივარდაო. მივხვდი, კონიუნქტივიტი მჭირდა, მაგრამ ახლომახლო არც აფთიაქი იყო და არც წამალი მქონდა. მხსნელად დაფნა მომევლინა.
-
- აიღეთ 3-4 ცალი დაფნის ფოთოლი, წვრილად დაჭერით, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთი გააჩერეთ. ამ ნაყენით ამოიბანეთ თვალი დღეში არანაკლებ 10-ჯერ. ძილის წინ თვალზე დაიდეთ ამ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონი და ნახევარი საათი გაიჩერეთ. დაფნის ნაყენი სწრაფად ხსნის თვალების ანთებასა და შეშუპებას.
-
როგორ მოვერიოთ მწერის ნაკბენს
ზაფხული რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენადვე პრობლემურია მწერების მომრავლების გამო. არსებობს მათთან ბრძოლის უამრავი ხერხი. რამდენიმე საშუალება შინაც შეგვიძლია მოვამზადოთ.
-
- აიღეთ დარიჩინის პაკეტი, დაასხით წყალი და ამ ხსნარში წამოადუღეთ დოლბანდის ნაჭერი. მშრალი დოლბანდი შეიძლება დავიფაროთ სახეზე, თავზე ან დავკიდოთ ფანჯარაზე - კოღოებს არ უყვართ დარიჩინის მკვეთრი სუნი.
თუ თქვენს ბინაში კოღო მომრავლდა, ჩაყარეთ ქაფურის ფხვნილი ლითონის ქილაში და დაწვით. კოღო გაქრება. ფანჯრის ჩარჩოებს წაუსვით ძმარი და კოღოები რამდენიმე საათი აღარ მოგეკარებიან. კოღოებისგან დაგიცავთ ანისულის ზეთიც, თუ სახესა და ხელებზზე წაისვამთ. კოღოს ნაკბენით გამოწვეულ ქავილს სოდიანი წყალი დაგიცხრობთ: ნახევარი ჩაის კოვზი სოდა გახსენით 1 ჩაის ჭიქა წყალში და ბამბის ტამპონით დაკბენილ ადგილებზე წაისვით.