დავეხმაროთ ერთმანეთს
ტიბეტური რეცეპტები
დიდი ხანია, ვსწავლობ მკურნალობისა და კვების ტიბეტურ მეთოდებს. ამ გამოცდილებას უკვე ათეული წლებია ვიყენებ ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის. მინდა, ჩემი გამოცდილება თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავუზიარო, ეგებ ჩემი ცოდნა რამეში გამოადგეთ. ეს გახლავთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნის ტიბეტური რეცეპტი, რომელიც გამოიყენება ორგანიზმის დამცავი ძალების დაქვეითებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების - ათეროსკლეროზის, სტენოკარდიის დროს. ეს წამალი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ორგანიზმს ცხიმოვანი და ქოლესტერინული ნალექისგან. რეკომედებულია ინფარქტისა და ჰიპერტონიის პროფილაქტიკისთვის. ამ წამლის მიღების შემდეგ გაივლის თავბრუხვევა და ყურების შუილი, მხედველობა უმჯობესდება, ორგანიზმი ახალგაზრდავდება. არ შეიძლება მათთვის, ვისაც წამლის კომპონენტებზე ალერგია აქვს.
- აიღეთ 100-100 გ უკვდავა, არყის ხის კვირტი, კრაზანა, გვირილის ყვავილი. ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, კარგად აურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ მინის ქილაში და თავი მჭიდოდ დაუცეთ. საღამოს 1 ს/კ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი. 20 წუთი გააჩერეთ, გაწურეთ ქსოვილში (და არა დოლბანდში).
საღამოს 1 ჭიქა ნაყენი შეათბეთ, გახსენით მასში 1 ჩ/კ თაფლი და დალიეთ. ამის შემდეგ არც ჭამოთ რამე და არც დალიოთ.
დილით ორთქლზე შეათბეთ დარჩენილი ნაყენი (1 ჭიქა), გახსენით მასში 1 ჩ/კ თაფლი და დალიეთ უზმოზე. ისაუზმეთ ნახევარი-ერთი საათის შენდეგ. მკურნალობა მანამდე გრძელდება, სანამ არ დაცლით მთელ მომზადებულ ნარევს. კურსი გაიმეორეთ 5 წლის შემდეგ.
- ახალგაზრდობის ელექსირი მზადდება ასე: წვრილად დაჭერით 400 გ ნიორი და ჩაყარეთ ქილაში, 24 ცალი ლიმონი გამოწურეთ და გამონაწური დაასხით ნიორს. ქილას პირი დოლბანდით მოუკარით. მიიღეთ 1 ჭიქა ანადუღარ წყალში განზავებული 1 ჩ/კ ნაყენი დღეში სამჯერ. მიღებამდე შეანჯღრიეთ. ეფექტს პირველივე კვირის დასასრულს იგრძნობთ.
- ნაღრძობისათვის: აიღეთ 1 კვერცხის ცილა, დაამატეთ 1 ჩ/კ ფქვილი და 1 ს/კ სპირტი. კარგად აზილეთ. მიღებული ფაფა გადაუსვით ტილოს ქსოვილს, დაიდეთ ნაღრძობზე და კარგად შეიზილეთ.
ფსორიაზიც მორჩება
ჩემი ქმარი ფსორიაზმა დატანჯა, მაგრამ ჩვენი ოჯახის ექიმის რჩევების წყალობით სულ მალე საოცარი შვება იგრძნო. ამ ღვთისნიერი ქალბატონის დახმარებით ჩვენს ოჯახში სითბო და სიყვარული დაბრუნდა. მისი თანხმობით გთავაზობთ სამკურნალო მცენარეების რამდენიმე ნაკრებს, რომლებიც ეფექტურია ფსორიაზის დროს:
- აიღეთ 4 ჩ/კ ქრისტესისხლა, 1 ჩ/კ ფშნის ეკალი, 2 ჩ/კ კაკლის ფოთოლი, დაფშვენით ისე, რომ მიიღოთ ფხნილის მსგავსი ნარევი, შეურიეთ იქთიოლის მალამოს და წაისვით კანზე, სადაც გექავებათ.
- აიღეთ 2 ჩ/კ ფარსმანდუკი, 3 ჩ/კ კაკალი, 2 ჩ/კ ქრისტესისხლა. ნარევი დაფქვით წმინდად, შეურიეთ თაფლში, წაუსვით ტილოზე და დაზიანებული ადგილები გადაიხვიეთ.
წაისვით დაზიანებულ კანზე ქრისტესისხლას წვენი. საღამოობით მიიღეთ ფარსმანდუკის აბაზანები. 2-3 კბილ დაქუცმაცებულ ნიორს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 40-60 წუთი. გამოიყენეთ საფენებად.
ნიკრისის ქარს ასე დაამარცხებთ
ჩემს დედამთილს წლების განმავლობაში აწუხებდა ნიკრისის ქარი, განსაკუთრებით ფეხის დიდი თითის სახსრები სტკიოდა, რომლებზეც კარგად ჩანდა მარილის კრისტალები. საწყალი ქალი გაწამდა. ბოლოს ხალხური რეცეპტები სცადა და მართლაც შესანიშნავი შედეგი მიიღო. მისი თხოვნით ამ რეცეპტებს თქვენც გაგაცნობთ, რათა მსგავსი პრობლემების დროს გამოიყენოთ. ჩემმა დედამთილმა, პირველ რიგში, კვება მოიწესრიგა. იკვებებოდა უმთავრესად რძის ნაწარმით, დიდი რაოდენობით იღებდა სითხეს, განსაკუთრებით - ბორჯომს, ნაბეღლავს. აკრძალა ხორციანი სუპები და ნახარშები, აგრეთვე - ცხიმიანი და შებოლილი ხორცი და თევზი, ლობიო, ყავა, კაკაო, შოკოლადი, წიწაკა - ეს ყველაფერი ექიმმა ასწავლა. რაც შეეხება რეცეპტებს, ნიკრისის ქარის დროს რეკომენდებულია შემდეგი ბალახეული ნარევების მიღება:
- აიღეთ 3 ჩაის კოვზი ასისთავას ფესვი, დაასხით 3 ჭიქა წყალი და დააყენეთ 3 საათით, შემდეგ შედგით ცეცხლზე, ადუღეთ 7-10 წუთი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 5-ჯერ.
- 1 ს/კ იის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, ხარშეთ 7-10 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ 3/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
- აიღეთ 20 გ იის ყვავილი, 25 გ ლობიოს სადგული, 25 გ დათვის კენკრას ფოთოლი, 20 გ სიმინდის ულვაში და 25 გ არყის ხის კვირტი. ეს ყველაფერი დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ, 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი და დადგით 30 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ სამი კვირით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
დღის განმავლობაში სასარგებლოა მიირთვათ დაახლოებით 1,5 კგ ყურძენი, შეძლებისამებრ, დააყოლეთ 1/4 ჭიქა მინერალური წყალი (ბორჯომი, ნაბეღლავი). კარგია ბალი და მისი წვენიც.
- ორგანიზმიდან ტოქსინების გამოტანის შესანიშნავი უნარი აქვს ნახშირს. ნახევარი ჭიქა გააქტიურებული ნახშირი შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზ დაფქულ სელის თესლს, დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი, მიღებული პასტა დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე, დაიფარეთ ნაჭერი და დაიტოვეთ მთელი ღამით.
ეფექტურია აგრეთვე ნახშირის აბაზანები: ნახევარ ჭიქა ნახშირის ფხვნილს დაამატეთ იმდენი წყალი, რომ მიიღოთ პასტა. ჩაასხით თასში და თანდათანობით დაამატეთ ცხელი წყალი, იმდენი, რომ წვივების ნახევრად დაფაროს. გააჩერეთ ფეხები აბაზანაში 30-60 წუთი.
მწვავე შეტევის დროს:
დაზიანებული სახსარი მოათავსეთ ამაღლებულ ადგილას და მოასვენეთ. მიიღეთ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (იბუპროფენი), მაგრამ არ გამოიყენოთ ასპირინი ან აცეტამინოფენი. ასპირინმა შეიძლება უფრო მეტად დაამძიმოს მდგომარეობა. თუ დაზიანებულ სახსარზე შეხება ძლიერ მტკივნეული არ არის, დაიდეთ ზედ ყინულიანი პარკი და 10 წუთის განმავლობაში დაიტოვეთ. მიიღეთ ბალახების ჩაი. განსაკუთრებით კარგია არალია, ფარსმანდუკი, ასკილის ნაყოფი და ბაღის პიტნა.
ნიკრისის ქარი თავს ესხმის ტრავმირებულ სახსარს, ამიტომ ეცადეთ, არ დაიზიანოთ ფეხის ცერი, არ ატაროთ ვიწრო ფეხსაცმელი.
ჭრილობა რომ არ გაგვირთულდეს
ადრე, რამეს თუ გავიჭრიდი, მხოლოდ ცივი წყლით გადავიბანდი და სისხლდენის შესაჩერებლად ბინტით გადავიხვევდი. ერთხელ ხელი გამეჭრა (უფრო სწორად, გამეკაწრა). ნაკაწრი იმდენად უმნიშვნელო მომეჩვენა, არც კი დამიმუშავებია და დავისაჯე კიდეც: ორ დღეში ჭრილობა დამიჩირქდა და მთელი ორი თვე მის მკურნალობას მოვუნდი. მას შემდეგ უმნიშვნელო ჭრილობასაც კი სათანადოდ ვუვლი. ჭრილობა რომ არ გართულდეს, უამრავი საშუალება ვიცი და ორ მათგანს თქვენც შემოგთავაზებთ. ძალიან გამიხარდება, ჩემი რეცეპტი ვინმეს თუ გამოადგა:
1. ალოეს ფოთოლი მოატეხეთ, გაჭერით შუაზე და შიგნითა მხრიდან დაიდეთ ჭრილობაზე. გაიჩერეთ 6 საათი. ფოთოლს რომ მოიშორებთ, ნახავთ, რომ ჭრილობა თითქმის შეხორცებულია.
2. ბოთლი აავსეთ ჭინჭრის ნორჩი ფოთლებით, დაასხით სპირტი და 2 კვირით დადგით მზეზე. შემდეგ გაფილტრეთ და შეინახეთ. ჭრილობაზე დაიდეთ ამ ნაყენის საფენი და 2 საათი გაიჩერეთ. შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.
იასამანი წელის ტკივილს უხდება
მალე იასამანი აყვავდება და სწორედ ამან გადამაწყვეტინა თქვენვის წერილის მოწერა. იასამანი არა მარტო სურნელოვანი ყვავილი, არამედ უებარი წამალიც არის. 20 წელი იქნება, იშიაზი მაწუხებს. ვინ მოთვლის, რამდენი საშუალება ვცადე, მაგრამ იასამანზე უკეთესი შედეგი ვერც ერთმა ვერ გამოიღო. როგორც კი წელი ამტკივდება, მტკივან ადგილას მაშინვე ვისვამ იასამნის ნაყენს და თბილად ვიხვევ. ამ პროცედურას ვიტარებ სამი, მაქსიმუმ ოთხი დღე და რამდენიმე თვე, წელიწადიც კი, ტკივილი მავიწყდება.
- გასწავლით, როგორ მზადდება იასამნის ნაყენი: ერთ ჭიქა ყვავილს დაასხით 0,5 ლ არაყი და ორი კვირით დადგით თავდახურული გრილ, ბნელ ადგილას. შემდეგ გაფილტრეთ და შეინახეთ, ასევე სიგრილეში, მინის ბოთლით.
ვენების გაგანიერებას თხილის ფოთლებით ვმკურნალობ
რამდენიმე წელია, მაწუხებს ვენების გაგანიერება (ფეხებზე ვენები მემჩნევა). მდგომარეობა უფრო მეტად დამიმძიმდა მშობიარობის შემდეგ. მეგობრის დედამ რომ შეამჩნია ჩემი პრობლემა, ერთი საშუალება მასწავლა, რომელიც ძალიან მომიხდა:
- უნდა შეაგროვოთ თხილის ნორჩი, მწვანე ფოთლები, გაახმოთ ჩრდილში და მისგან ჩაი მოამზადოთ: 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი ჩაყაროთ ფაიფურის ჭურჭელში, დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახუროთ სახურავი და 15-20 წუთი დადგათ. შემდეგ ეს ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 4-ჯერ 1/2-1/2 ჭიქა. გადაწურული ფოთლები არ გადაყაროთ, ფეხებზე დაიდეთ, სადაც ვენები გემჩნევათ.