ვაშლის ძმარი ალერგიის სამკურნალო საშუალებაა
ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, მას აქვს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც მას ეფექტურ საშუალებად აქცევს კანისა და ინფექციური დაავადებების დროს.
-
მკითხველი გვირჩევს:
გაზაფხულზე, ნაკვეთში მუშაობისას, კანის ქავილი დამეწყო. სუფთა ნაჭერი რამდენიმე წვეთი ძმრით დავასველე და იმ ადგილას წავისვი, სადაც მექავებოდა. შედეგი სწრაფი და ეფექტური იყო.
ნათელა ბენაშვილი, თბილისი
-
ალერგია
დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ მეხუთე ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც განუცდია ალერგიული რეაქციის სიმწარე. იმუნოლოგიის არნახული პროგრესის მიუხედავად, ალერგიის მკურნალობის რადიკალური მეთოდის შემუშავება დღემდე ვერ მოხერხდა. ის კი არა, კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან ცნობილი დაავადება სულ უფრო მეტად ვრცელდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალერგია XXI საუკუნის მედიცინის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებუ-ლი სიმწვავით გაზაფხულზე გვახსენებს თავს.
გაზაფხულზე ალერგიის გამწვავებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:
1. იმუნური სტატუსის მომატება - ზამთარში მძიმე და მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ იმუნიტეტი ჩვეულებრივზე მეტად არის გაღიზიანებული, ამიტომ იმუნური რეაქციის (ჰიპერრეაქციის) განსავითარებლად იოტის ოდენა გამღიზიანებელიც კმარა;
2.დღე-ღამის ხანგრძლივობისა და ორგანიზმის ბიორიტმების შეუსაბამობა;
3. კვების ნირის შეცვლა;
4. მცენარეთა ყვავილობა, რომლის დროსაც ჰაერში უამრავი ალერგენი დაფრინავს და ადვილად გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე.
ზოგადი ალერგიული ფონის მატებას კი შემდეგი ფაქტორები უწყობს ხელს:
1. სწრაფი ქიმიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, სახალხო მეურნეობაში ქიმიური ნივთიერებების ფართოდ გამოყენება, რომელთა უმრავლესობასაც ალერგიული თვისებები აქვს;
2. თანამედროვე ადამიანის კვების თავისებურებები:
ა) საკვებში კონსერვანტების, საღებავების, ემულგატორებისა და ანტიოქსიდანტების ჭარბი შემცველობა, რომლებიც ქიმიური ნივთიერებებია და ორგანიზმის სენსიბილიზაციის უნარი შესწევს;
ბ) რაციონის გამრავალფეროვნება - ზღვისა და ოკეანის პროდუქტები: მოლუსკები, კიბორჩხალები, ზოგიერთი ჯიშის თევზი - საკმაოდ ძლიერ ალერგენებს შეიცავს;
3. სარეცხი და კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც წამყვან როლს ასრულებს კონტაქტური ალერგიული რეაქციების განვითარებაში;
4. მედიკამენტების ხელმისაწვდომობა - წამლების თავისუფლად შეძენის შესაძლებლობამ მედიკამენტთა უმართებულო და უკონტროლო მოხმარება გამოიწვია, რასაც ალერგიულ რეაქციათა გახშირება მოჰყვა;
5. გარემოს (წყლის, ჰაერის, ნიადაგის) დაბინძურება - ეკოლოგიური სისტემების უსუფთაობა და თვითგაწმენდის პროცესების მოშლა ორგანიზმში მავნე ნივთიერებების, მათ შორის - მრავალი ალერგენის მოხვედრის საშუალებას იძლევა.
რა არის ალერგია?
როგორც ცნობილია, იმუნური სისტემა ორგანიზმს მასში უცხო სხეულის მოხვედრისა და მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ამისთვის ორგანიზმში ვითარდება ნორმალური იმუნური რეაქცია - ნორმალური იმუნური პასუხი. იმუნური პასუხის მექანიზმი რთულია. მისი ერთ-ერთი საფეხურია ანტისხეულების გამომუშავება, რომელთა ამოცანაა, გაანეიტრალონ ორგანიზმში შეღწეული უცხო ნივთიერება - ე.წ. ანტიგენი.
იმუნიტეტს შესანიშნავი მეხსიერება აქვს: "უცხოს" პირველი კონტაქტისთანავე იმახსოვრებს და სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს მისი ამოცნობის უნარს. თუ ეს ანტიგენი კვლავ მოხვდა ორგანიზმში, იმუნური სისტემა ამოიცნობს მას და საგანგებოდ მისთვის მომზადებული ანტისხეულებით მოიგერიებს.
თეორიულად ნებისმიერი იმუნური რეაქცია წარმატებული და შედეგიანი უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზის გამო, იმუნური სისტემა კარგავს საკუთარი თავის კონტროლის უნარს, ერთგვარად აჭარბებს თავის უფლება-მოვალეობებს და ისეთ ნივთიერებებზე იწყებს რეაგირებას, რომლებიც აბსოლუტურად უვნებელნი ან ნაკლებად საშიშნი არიან. სწორედ ამას მოსდევს დამანგრეველი ჰიპერრეაქციები, რომლებსაც ალერგიულ რეაქციებს უწოდებენ. ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც გამოამჟღავნა მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, მასთან განმეორებითი კონტაქტისას ჰიპერრეაქციას ამჟღავნებს.
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/alergologia/832-2009-03-03-11-21-59.html