ალერგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგია

გაზაფხულზე ალერგიის გამწვავებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

1. იმუნური სტატუსის მომატება - ზამთარში მძიმე და მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ იმუნიტეტი ჩვეულებრივზე მეტად არის გაღიზიანებული, ამიტომ იმუნური რეაქციის (ჰიპერრეაქციის) განსავითარებლად იოტის ოდენა გამღიზიანებელიც კმარა;

2.დღე-ღამის ხანგრძლივობისა და ორგანიზმის ბიორიტმების შეუსაბამობა;

3. კვების ნირის შეცვლა;

4. მცენარეთა ყვავილობა, რომლის დროსაც ჰაერში უამრავი ალერგენი დაფრინავს და ადვილად გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე.

ზოგადი ალერგიული ფონის მატებას კი შემდეგი

ფაქტორები უწყობს ხელს:

1. სწრაფი ქიმიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, სახალხო მეურნეობაში ქიმიური ნივთიერებების ფართოდ გამოყენება, რომელთა უმრავლესობასაც ალერგიული თვისებები აქვს;

2. თანამედროვე ადამიანის კვების თავისებურებები:

ა) საკვებში კონსერვანტების, საღებავების, ემულგატორებისა და ანტიოქსიდანტების ჭარბი შემცველობა, რომლებიც ქიმიური ნივთიერებებია და ორგანიზმის სენსიბილიზაციის უნარი შესწევს;

ბ) რაციონის გამრავალფეროვნება - ზღვისა და ოკეანის პროდუქტები: მოლუსკები, კიბორჩხალები, ზოგიერთი ჯიშის თევზი - საკმაოდ ძლიერ ალერგენებს შეიცავს;

3. სარეცხი და კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც წამყვან როლს ასრულებს კონტაქტური ალერგიული რეაქციების განვითარებაში;

4. მედიკამენტების ხელმისაწვდომობა - წამლების თავისუფლად შეძენის შესაძლებლობამ მედიკამენტთა უმართებულო და უკონტროლო მოხმარება გამოიწვია, რასაც ალერგიულ რეაქციათა გახშირება მოჰყვა;

5. გარემოს (წყლის, ჰაერის, ნიადაგის) დაბინძურება - ეკოლოგიური სისტემების უსუფთაობა და თვითგაწმენდის პროცესების მოშლა ორგანიზმში მავნე ნივთიერებების, მათ შორის - მრავალი ალერგენის მოხვედრის საშუალებას იძლევა.

რა არის ალერგია?

როგორც ცნობილია, იმუნური სისტემა ორგანიზმს მასში უცხო სხეულის მოხვედრისა და მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ამისთვის ორგანიზმში ვითარდება ნორმალური იმუნური რეაქცია - ნორმალური იმუნური პასუხი. იმუნური პასუხის მექანიზმი რთულია. მისი ერთ-ერთი საფეხურია ანტისხეულების გამომუშავება, რომელთა ამოცანაა, გაანეიტრალონ ორგანიზმში შეღწეული უცხო ნივთიერება - ე.წ. ანტიგენი. იმუნიტეტს შესანიშნავი მეხსიერება აქვს: `უცხოს~ პირველი კონტაქტისთანავე იმახსოვრებს და სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს მისი ამოცნობის უნარს. თუ ეს ანტიგენი კვლავ მოხვდა ორგანიზმში, იმუნური სისტემა ამოიცნობს მას და საგანგებოდ მისთვის მომზადებული ანტისხეულებით მოიგერიებს. თეორიულად ნებისმიერი იმუნური რეაქცია წარმატებული და შედეგიანი უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზის გამო, იმუნური სისტემა კარგავს საკუთარი თავის კონტროლის უნარს, ერთგვარად აჭარბებს თავის უფლება-მოვალეობებს და ისეთ ნივთიერებებზე იწყებს რეაგირებას, რომლებიც აბსოლუტურად უვნებელნი ან ნაკლებად საშიშნი არიან. სწორედ ამას მოსდევს დამანგრეველი ჰიპერრეაქციები, რომლებსაც ალერგიულ რეაქციებს უწოდებენ. ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც გამოამჟღავნა მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, მასთან განმეორებითი კონტაქტისას ჰიპერრეაქციას ამჟღავნებს.

ამრიგად, ალერგია ორგანიზმის საპასუხო ჰიპერრეაქციაა ზოგიერთი ისეთი ნივთიერების მიმართ, რომელსაც იმუნური სისტემა პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს, თუმცა შესაძლოა, რეალურად ის საშიში არ იყოს. ალერგიული რეაქციების განვითარების მაპროვოცირებელ აგენტებს - ნივთიერებებს, რომლებიც ალერგიას იწვევს - ალერგენები ეწოდება.

სენსიბილიზაცია

ტერმინი სენსიბილიზაცია ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა ანტიგენთან კონტაქტში შევიდა, დაიმახსოვრა მისი თავისებურებანი და მზად არის, მორიგი კონტაქტისას მისი მოქმედების საპასუხოდ ანტისხეულები გამოიმუშაოს. თუ კონტაქტი განმეორდა, იმუნიტეტი მყისიერად ამოიცნობს ანტიგენს და მასზე იერიშს მიიტანს. სენსიბილიზაციის განვითარების დრო რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდე მერყეობს.

ატოპია

ბევრს აწუხებს ატოპია - ალერგიის ტიპი, რომლის დროსაც წამყვან როლს ასრულებს მემკვიდრეობითო-ბა. უკეთ, ატოპია მემკვიდრეობითი მდგომარეობაა, რომლის გამოც ადამიანს ალერგია უვითარდება.

ცნობილია ატოპიის სამი კლასიკური ფორმა: ატოპიური დერმატიტი, თივის ცხელება (რინიტი, კონიუნქტივიტი, მტვრისმიერი ბრონქული ასთმა) და ატოპიური ასთმა სახლის მტვრისადმი სენსიბი-ლიზაციით. ატოპიის მქონენი გენეტიკურად არიან განწყობილნი განსაკუთრებული ანტი-სხეულების - E იმუნოგლობულინების (IgE) პროდუქციისადმი, რომლებიც მწვავედ რეაგირებენ გარემოს ალერგენებზე.  აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ ალერგიული დაავადებები არ ეკუთვნის გენეტიკურ დაავადებათა რიცხვს, რომელთა დროსაც გენი  განაპირობებს ავადმყოფურ მდგომარეობას და მშობლებისგან უშუალ-ოდ გადაეცემა. ატოპია - ეს არის არა დაავადების, არამედ მისდამი განწყობის მემკვიდრეობითი გადაცემა. ცნობილია, რომ თუ დედა ან მამა ალერგიულია, ათიდან 3 შემთხვევაში მოსალოდნელია ალერგიული ბავშვის დაბადება, ხოლო თუ სენსიბილიზაცია ორივე მშობელს აღენიშნება, ალერგიული ბავშვის დაბადების ალბათობა 60%-მდე იმატებს.

ფსევდოალერგია

ატოპიის საპირისპირო მდგომარეობაა ფსევდოალერგია, რომელსაც მსგავსი სიმპტომები ახასიათებს (ასთმა, რინიტი, ჭინჭრის ციება, შეშუპება), მაგრამ ფსევდოალერგიისას არ არსებობს გენეტიკური განწყობა და მიდრეკილება ლგEEანტისხეულების გამომუშავებისადმი, არც ფსევდოალერგიული გამოვლინებებია იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციები.

ალერგიულ დაავადებათა სახეები

ალერგია მრავალფეროვანია როგორც კლინიკურად, ისე სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით.

ფართოდ გავრცელებულ ალერგიულ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის ბრონქული ასთმა, პოლინოზი (თივის ცხელება), მედიკამენტური ალერგია, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი და შრატისმიერი დაავადება. ბრონქული ასთმა ვლინდება წვრილი ბრონქების სპაზმით (შევიწროებით) გამოწვეული შეტევითი ქოშინითა და სულის ხუთვით. ბრონქული ასთმის გამომწვევი ალერგენი ორგანიზმში უმთავრესად ინჰალაციური, ფილტვების გზით ხვდება. პოლინოზს ანუ თივის ცხელებას იწვევს სხვადასხვა მცენარის მტვერი, რომელიც ქარს ერთი რეგიონიდან მეორეში გადააქვს. დაავადება ვლინდება სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი მოვლენებით.

დაავადების გამომწვევი ალერგენი ორგანიზმში რესპირატორული გზით ხვდება. ჭინჭრის ციებას ახასიათებს კანზე ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, რომელსაც, ჩვეულებრივ, საკვები ან წამალი იწვევს, იშვიათად - მცენარის მტვერი, საყოფაცხოვრებო, ბაქტერიული, სოკოვანი და სხვა ალერგენი. კიდევ უფრო იშვიათად მიზეზი შეიძლება იყოს პარაზიტებით ინვაზია, კუჭ-ნაწლავის დაავადება, ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექციის კერა. ჭინჭრის ციების გამომწვევი ალერგენი ორგანიზმში ხვდება როგორც ალიმენტური, ისე კონტაქტური და რესპირატორული გზებით.

კვინკეს შეშუპება ჭინჭრის ციების ერთგვარი გართულებული ფორმაა - გამონაყარი შუპდება, კანქვეშა ქსოვილში ლოკალიზდება და კანის მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებზე არ ვრცელდება, ამიტომ ქავილი არ ახასიათებს. მედიკამენტური ალერგიის მიზეზია წამლების ფართო და ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო მიღება. მისთვის დამახასიათებელია ქავილი, ტემპერატურის მომატება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ბრონქული ასთმა და ცვლილებანი სისხლში. შრატისმიერი დაავადება ვითარდება სამკურნალო შრატების, ვაქცინების და სხვა პრეპარატების შეყვანის მე-7-12 დღეს, ვლინდება გამონაყარით, ტემპერატურის მატებით და სხვა პათოლოგიური პროცესებით. ანაფილაქსიური შოკი ალერგიის ყველაზე საშიში გამოვლინებაა, რომელიც შრატის, მედიკამენტისა თუ სხვა პრეპარატის ორგანიზმში შეყვანისთანავე ვითარდება. შესაძლოა, გამოიწვიოს ფუტკრისა და სხვა შხამიანი მწერების ნაკბენმაც.