კვებითი მოწამვლის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

მეგობარს გავანდე ჩემი გასაჭირი და მისგან ისეთი რჩევა მივიღე, რომლის წყალობითაც კუჭის მოქმედება დღეს საათივით მაქვს აწყობილი. ძალიან მინდა, სხვებსაც დავეხმარო ამ პრობლემის დამარცხებაში, ამიტომ გიგზავნით რეცეპტს

  • აიღეთ 150 გ ალოეს ფოთლების გამონაწური (ალოე მოჭრამდე ორი კვირის განმავლობაში არ უნდა მოირწყოს), დაამატეთ ოდნავ შემთბარი 300 გ თაფლი და მაცივარში შედგით. მიირთვით თითო სუფრის კოვზი დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ, აუცილებლად დააყოლეთ წყალი.

მტკივან სახსრებს ნიახური უხდება

ისეთი სამუშაო მქონდა, უმეტესად დგომა მიწევდა, ამიტომ ფეხები გამუდმებით მტკიოდა. ექიმთან არასდროს მივსულვარ, - დავლევდი გამყუჩებელს და ეს იყო და ეს, მაგრამ ტკივილმა თანდათან უფრო და უფრო მეტად დამრია ხელი. ბოლოს სიარული ისე გამიჭირდა, რომ შინიდანაც ძლივს გავდიოდი. რამდენიმე ხნის შემდეგ ერთმა ნაცნობმა შინაური საშუალება მასწავლა, რომელიც ძალიან მომიხდა. მინდა, ცოდნა სხვებსაც გავუზიარო, ეგებ ვინმეს კიდევ გამოადგეს:

  • 2 კონა ნიახურს დაასხით 2 ლიტრი ბორჯომი და წამოადუღეთ. შემდეგ დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა და ადუღეთ 20 წუთი. რომ შეგრილდება, დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ 100 გ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

გულძმარვის დროს კარტოფილი გიშველით

ვარ 44 წლის ქალი. ეს რამდენიმე წელია, მეტისმეტად შემაწუხა გულძმარვამ. დღეში 2 ბოთლ "ნაბეღლავს" ან "ბორჯომს" მაინც ვსვამდი, მაგრამ მაინცდამაინც არ მშველოდა. ამ 3-4 თვის წინ მასწავლეს, კარტოფილის წვენი სვიო. ვცადე, რას ვკარგავდი( და, თქვენ წარმოიდგინეთ, მიშველა. ახლა გულძმარვა რა არის, აღარც კი მახსოვს. თუ ვინმეს ეს პრობლემა აწუხებს, დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, მიიღოს 2-3 სუფრის კოვზი უმი კარტოფილის წვენი.

უძილობა

ვისაც გამოუცდია, დამეთანხმება, რა ძნელია, როცა ღამით ჩაძინება გიჭირს. რამდენიმე წლის წინ სტრესი გადავიტანე და უძილობა დამეწყო. ერთხანს ძილის წამლებს ვსვამდი, მაგრამ მითხრეს, შეეჩვევიო და თავი დავანებე. უძილობაც განმიახლდა. რას არ ვაკეთებდი, რომ დამძინებოდა - ვკითხულობდი, ვუყურებდი ტელევიზორს, ვითვლიდი... უძილობამ ნევროზი უფრო მეტად გამიმძაფრა, ვგრძნობდი, ჩემთან ურთიერთობა აუტანელი გახდა, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. ერთხელ მეზობელმა მირჩია, თაფლისა და ვაშლის ძმრის ნარევი სცადეო. პირველსავე ცდაზე მომიხდა. ახლა თითქმის ყოველ ღამე ვსვამ და ძილიც მომიწესრიგდა.

  • ნარევის მომზადებისა და მიღების წესი ასეთია: აურიეთ ერთმანეთში 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 ჩაის ჭიქა თაფლი, მიიღეთ ძილის წინ 2 ჩაის კოვზი.

ვენების წამალი

ასაკში რომ შევედი, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება გამიჩნდა. ძალიან ადვილად მეღლებოდა და მიშუპდებოდა. თანდათანობით ვენებიც გამომებერა. ერთხანს მხოლოდ ზაფხულობით მახსენებდა თავს, მერე კი უფრო და უფრო ხშირად. დამისვეს ვენების ვარიკოზული გაგანიერების დიაგნოზი. ექიმმა მირჩია ფეხების შებანდვა და ბევრი სიარული ოდნავ ქუსლიან ფეხსაცმელზე, რაღაც წამლებიც დამინიშნა. მე ამას არ დავჯერდი და დავიწყე ისეთი მცენარეების ძებნა, ჩემს გამობერილ ვენებს რომ უშველიდა. რამდენიმე ეფექტურ საშუალებასაც მივაგენი. უკვე რამდენიმე წელია ვხმარობ. მათი წყალობით ფეხები აღარ მიშუპდება, აღარ მეღლება და აღარც ვენები მაქვს ისე საშინლად დაბერილი.

დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი: კოთხუჯის ფესვი, კულმუხოს ფესვი, ძიძო, ძახველის ნაყოფი ან ქერქი, მრავალძარღვა, შვიტა; ან: არყის ხის ფოთოლი, ძიძო, სამყურას ყვავილი, ჟოლოს ფოთოლი, ბაბუაწვერას ფესვი, ფურისულას ფესვი, ლობიოს პარკი; ან: მოცვის ფოთოლი, გულყვითელას ყვავილი, მარმუჭის ფოთოლი, მრავალძარღვა, შვიტა.

  • 2 ს კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი თავდახურული ჭურჭლით ძალიან ნელ ცეცხლზე, შემდეგ გადაასხით თერმოსში, გააჩერეთ 6 საათი და მიიღეთ დღის განმავლობაში 100-150 მლ ნაყენი ჭამის წინ.

პირველ წელს ნაყენი რეგულარულად, ყოველდღე უნდა მიიღოთ, თან ნაკრები 2-3 თვეში ერთხელ უნდა ცვალოთ. მომდევნო წლიდან ნაყენი ასევე ყოველდღე სვით, მაგრამ 1,5-2 თვეში ერთხელ 10 დღით შეისვენეთ.

გამობერილ ვენებზე დაიდეთ წყლისა და ვაშლის ძმრის ხსნარის (1:1) საფენები. ვაშლის ძმარი უმჯობესია თავად დაამზადოთ. მე ვენებზე წასასმელად სპეციალურ მალამოსაც ვამზადებ. ვიღებ რომელიმე ნაკრებს ამ სამიდან: კრაზანა, ქაფურა, მარმუჭის ფოთოლი, ფურისულას ფესვი, აბზინდა, ორკბილა; ძიძო, სამყურას ყვავილი, ოროვანდის ფესვი, ჟოლოს ფოთოლი, ბეგქონდარა; კრაზანა, გულყვითელას ყვავილი, ქაფურას ყვავილი, მარმუჭის ფოთოლი, ვირისტერფა, გვირილა, ვარდკაჭკაჭა;

  • 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნარევს ვასხამ 100 მლ მდუღარე წყალს, 5 წუთის განმავლობაში ვადუღებ ნელ ცეცხლზე და თან განუწყვეტლივ ვურევ, შემდეგ ვამატებ 75 გ გამდნარ ღორის მუცლის ქონს და ამდენსავე მცენარეულ ზეთს. ვინახავ მაცივარში.

მალამო სქლად უნდა დაიდოთ ვენებზე, დაიფაროთ ორფა დოლბანდი, ზემოდან - ცელოფანი და შეიხვიოთ. ნახვევი დღეში 3-ჯერ უნდა გამოიცვალოთ.


ხელმისაწვდომი და ეფექტურია

ჩემი პროფესიის წყალობით ხშირად მიწევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სიარული. ერთხელ ერთ სოფელში კუჭი საშინლად ამტკივდა. სამუშაო ვიღას ახსოვდა, ვიწექი და ტკივილისგან ფრჩხილებს ვიკვნეტდი. ჩემი შეუძლოდ ყოფნის ამბავი იმ სახლის დიასახლისმაც გაიგო, სადაც ვიყავი გაჩერებული, და მკითხა, რა მჭირდა. როცა შეიტყო, კუჭის წყლულით ვიყავი დაავადებული, ახლა ის მკითხა, სიმჟავე მაღალი მქონდა თუ დაბალი (დაბალი მაქვს) და მომიმზადა წამალი, რომელმაც ტკივილი თვალის დახამხამებაში გამიყუჩა, მერე კი ამ სასწაულმოქმედი საშუალების მომზადება მეც მასწავლა, მე კი მინდა, ეს რეცეპტი თქვენს მკითხველს გავანდო:

  • 50 გ გულყვითელას გამხმარ ყვავილს დაასხით 3 ლ არყის ხის წვენი (ამ წვენს თურმე გაზაფხულობით აგროვებენ არყის გადაჭრილი მერქნიდან), თავზე დაახურეთ და 10 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ შეფუთეთ და 12 საათით დადგით. ამის შემდეგ გაფილტრეთ, დაამატეთ 200 გ თაფლი, გულდასმით აურიეთ და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1/4 ჭიქა ჭამამდე, დღეში 2-3-ჯერ.

დაბალ წნევას უკვდავა შველის

ჩემი გოგონა 18 წლისაა. დაბალი წნევა აქვს და ძალიან აწუხებს. როცა მეტისმეტად დაუწევდა, ხან ყავას ვასმევდი, ხან შაქრიან წყალს. იმწუთას კი შველოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ წნევა ისევ უვარდებოდა.

  • ამ გაზაფხულის დამდეგს სოფლიდან დედამთილი ჩამომივიდა და რომ დაინახა, რა დღეში იყო მისი შვილიშვილი, მისაყვედურა, მე სოფელში სხვებს ვშველი და ჩემი გოგო ასე თუ იყო, რატომ არ შემატყობინეთო. მართალი გითხრათ, არც გამხსენებია, ჩემი დედამთილი სამკურნალო მცენარეების შეგროვებით რომ იყო გატაცებული... მან ასეთი საშუალება გვასწავლა: 1 სუფრის კოვზ უკვდავას ყვავილს უნდა დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და ვადუღოთ 5 წუთი. სულ ორი კვირა სვა ჩემმა გოგონამ ეს ნახარში (2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე) და წნევა მოუწესრიგდა. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ აღარ შეუწუხებია.

ფრჩხილის სოკო

ამას წინათ წავიკითხე ერთი თქვენი მკითხველის წერილი, რომელსაც ფეხის სოკო ჰქონია. გადავწყვიტე, მეც გაგაცნოთ სოკოს მკურნალობის ძველი, სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე:

  • კარგად დაიბანეთ ხელ-ფეხი თბილი წყლით (ხშირად ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სოკოთი ხელებიც არის დაზიანებული!), აიღეთ წიწვოვანი ხეების ფისი, დაზიანებული ფრჩხილის ზომაზე გააბრტყელეთ, დაიდეთ მასზე და დოლბანდით გადაიხვიეთ. დაიტოვეთ 1-2 დღე.

თუ დაავადება დიდი ხნისაა, ფეხები კარგად დაიბანეთ და ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. პროცედურა უმტკივნეულოა. სოკო ქრება, ხოლო ფრჩხილი ჯანმრთელი და სუფთა რჩება.

გამაჯანსაღებელი ტირიფი

ულამაზეს თეთრ ტირიფს თურმე სამკურნალო თვისებებიც აქვს. სამკურნალოდ ვარგისია ხის ქერქი. მას გაზაფხულზე აგროვებენ. უნდა იყოს 1-3 მმ სისქისა, 6-7 წლის ხისა.

  • ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს კარგია ტირიფის ქერქის აბაზანა. აიღეთ თანაბარი რაოდენობით ტირიფისა და მუხის ქერქი, დაასხით ადუღებული წყალი, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით თბილი წყლით სავსე ვედროში, რომ წყალი მუხლებამდე მოგწვდეთ. ასეთი აბაზანები სასარგებლოა რევმატიზმისა და ართრიტის დროსაც.

ძახველი ფურუნკულოზის წინააღმდეგ

წლების განმავლობაში მაწუხებდა ძირმაგარები. ხან აქ გამომივიდოდა, ხან იქ და ვიყავი ასე გაწამებული. რა არ ვცადე, რა არ ვსვი, რა არ გადავისხი... მოკლედ, თავი ცოცხალი აღარ მინდოდა. შემდეგ ერთმა მეზობელმა სადღაც შეიტყო, რომ ფურუნკულოზის სამკურნალოდ ძველად ძახველს იყენებდნენ და რეცეპტი მომიტანა. ვცადე და, მართლაც, მომიხდა. მინდა, ეს რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

  • 1-2 სუფრის კოვზი კენკრა გახეხეთ, ნელ-ნელა დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 4 საათით დააყენეთ და გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-4 ჭიქა. სვით 3 კვირა. შემდეგ შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ.


მტკივნეული მენსტრუაცია

ეს პრობლემა ჩემს ქალიშვილს აწუხებდა. ზოგი რას ეუბნებოდა, ზოგი - რას. ზოგი ამშვიდებდა, გათხოვდები და გაგივლისო. მოკლედ, ამ გათხოვების მოლოდინში თვეში ერთხელ ჩემი გოგონა სამი დღის განმავლობაში შინიდანაც კი ვერ გადიოდა, ამიტომ მისი გეგმები მთლიანად მისი კრიტიკული დღეების გრაფიკზე იყო დამოკიდებული. შეწუხდა ბავშვი. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს მეზობლად საკმაოდ ცნობილი ექიმი გადმოვიდა, რომელმაც ბალახეული პრეპარტების გამოყენება მირჩია. მივდიე მის რჩევას და დავისვენეთ. მინდა, გამოცდილება თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავუზიარო, ვინ იცის, ვის როგორ გამოადგეს:

  • 20 გ მარწყვაბალახას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე. გამოწურული ბალახის თბილი კომპრესი კი შეგიძლიათ მუცელზე დაიდოთ.
  • 2 სუფრის კოვზ თავშავას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთით. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • 1 სუფრის კოვზ მინდვრის შვიტას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. მიიღეთ ძლიერი ტკივილის დროს, თითო სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ.
  • 3-5 სუფრის კოვზ მამულას ქერქს დაასხით 10 ჭიქა მდუღარე წყალი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ.
  • 4 ჩაის კოვზ ძახველის ქერქს დაასხით 1 ჭიქა წყალი და 30 წუთი ადუღეთ. გაწურეთ და ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

ნერვულ გადაძაბვას გადაურჩებით

წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ ჩვენს დროში მყარი ნერვული სისტემის შენარჩუნება შეუძლებელია. სამსახურში თუ არა, სახლში ნერვიულობის მიზეზი აუცილებლად მოიძებნება. ერთხანს მეუღლის აღგზნებულ მდგომარეობას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ თანდათან შევამჩნიე, რომ უმიზეზოდ ღიზიანდებოდა, ფეთქდებოდა და თავს ვეღარ იკავებდა. თავდაპირველად რჩევისთვის ჩვენი უბნის თერაპევტს მივაკითხე. ყველა ნიშნის მიხედვით, ჩემს ქმარს ნევროზი ჰქონდა. მისთვის ამის თქმას აზრი არ ჰქონდა - ყურსაც არ მათხოვებდა, ამიტომ ეშმაკობა ვიხმარე - მოვიძიე დამამშვიდებელი ნაყენის რეცეპტი, დავიწყე მისი სმა და ქება, თან ქმარს ვაგულიანებდი, ჩვენს ასაკში ორგანიზმის მომაგრება აუცილებელია-მეთქი. ისიც დამყვა და ნაყენის მიღება დაიწყო. თუმცა დიდი სიამოვნებით არა, მაგრამ ხან ხუმრობით, ხან დაყვავებით მაინც ვასმევდი წამალს. ამ ნაყენს ვსვამდით თვეში ორი კვირა, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ნახევარი წლის შემდეგ ჩემს ქმარს შესამჩნევი უკეთესობა დაეტყო - დამშვიდდა, გაცილებით თავშეკავებული გახდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ახალგაზრდული ენერგიაც კი დაუბრუნდა. რაც შემეხება მე, სანამ ქმარს ვმკურნალობდი, ნერვული სისტემა ისე გავიმაგრე, რომ სიმშვიდის განსახიერებად ვიქეცი. ამ ნაყენის მომზადება ადვილია: კარგად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ:

  • 30 გ კუნელის ნაყოფი და ამდენივე ყვავილი;
  • 30 გ კრაზანა;
  • 30 გ ფარსმანდუკი;
  • 20 გ კატაბალახას ფესვი.
  • ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 5-6 საათით და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნაყენის განუწყვეტლივ მიღება არ შეიძლება - ნერვულ სისტემაზე ცუდად იმოქმედებს. ამიტომ დროდადრო რამდენიმე კვირით უნდა შეისვენოთ. ნაყენი აწესრიგებს ძილსაც.

კვებითი მოწამვლის დროს

თუ პატარა ბავშვები გყავთ, შინ ყოველთვის უნდა გქონდეთ ისეთი მცენარეების მარაგი, რომელთაც შემბოჭავი მოქმედება აქვთ. ასეთია კრაზანა, ავშანი, გვირილა, კალენდულა, მუხის ქერქი, ასკილი, მარწყვის ფოთლები და ფესვები, მრავალძარღვა. ამას მას შემდეგ მივხვდი, რაც აგარაკზე მთელ ოჯახს წინა დღის გაკეთებულმა ბადრიჯანმა გვაწყინა და საშინელი ფაღარათი დაგვემართა. კიდევ კარგი, მეზობელმა ქალმა მოგვისწრო და გვასწავლა, როგორ მოვქცეულიყავით. მისი რეცეპტის წყალობით მთელი ოჯახი თითქოს მკვდრეთით აღვდექით. ახლა კი მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ:

  • ძლიერი კვებითი მოწამვლის დროს პირველ რიგში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა. ავადმყოფს მიეცით რაც შეიძლება მეტი სითხე, სასმელი ან ზემოთ ჩამოთვლილი ბალახების ნაყენი (1/2 ჭიქა დღეში რამდენჯერმე). ერთი-ორი დღის შემდეგ ნაწლავების მოქმედება სავსებით აღდგება, გაქრება ტკივილი, გულისრევა, საჭმლის აუტანლობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიეტის დაცვა აუცილებელია.

ყვავილი - წამალი

დიდი ხანია, მაწუხებს არითმია. რასაკვირველია, ვცდილობ, თავი ავარიდო ძლიერ ფიზიკურ დატვირთვასა და სტრესს, ვიკვებები ასე თუ ისე სწორად, ვცდილობ ნაკლები მივირთვა მსუყე და მლაშე საკვები, მაგრამ ასეთი ცხოვრების ნირმაც ვერ მიშველა, სანამ მეგობრის რჩევით აივანზე კალენდულა არ გავახარე. ზაფხულში ისე გაიზარდა, მის ყურებას არაფერი სჯობდა. დავიწყე მისი ყვავილების კრეფა, ნაყენის დაყენება და სმა. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა? - შეტევები გაიშვიათდა და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. აი რეცეპტიც:

  • აიღეთ 2 ჩაის კოვზი კალენდულას ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 15 წუთი, გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ.