სამკურნალო წერილები
და სამთვიანი მკურნალობა დაუნიშნეს. ექიმის გამოწერილ წამლებს, ჩემი მხრივ, ტუბერკულოზის სამკურნალო ხალხური საშუალება დავუმატე. მინდა, ეს რეცეპტი თქვენს მკითხველსაც გავაცნო:
* აიღეთ 1200 გ ცაცხვის ან მაისის თაფლი, 1 ჭიქა დაქუცმაცებული ალოეს ფოთოლი, 150 გ არყის კვირტი, 100 გ ცაცხვის ყვავილი. თაფლი ქვაბში ჩაასხით, შედგით ნელ ცეცხლზე და გაალღვეთ. ქვაბშივე ჩაამატეთ 3-4 მოზრდილი, კარგად დაქუცმაცებული ალოეს ფოთოლი, აურიეთ და კარგად მოხარშეთ.
გულის დაავადებები დაგავიწყდებათ
- აიღეთ 0,5 კგ ნატურალური თაფლი და 0,5 ლიტრი არაყი. ჩადგით წყლის აბაზანაში, დაბალ ცეცხლზე, და ქაფის გაჩენამდე ურიეთ.
აიღეთ თანაბარი რაოდენობით გვირილის, მატიტელას, შავბალახას, ბერულას ფოთლები, კატაბალახას ძირები, ერთმანეთში აურიეთ, აიღეთ 6 ს.კ. ნარევი, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთით, გაწურეთ და შეურიეთ პირველ ნარევს. დააყენეთ სიბნელეში 3 დღით, შემდეგ დაიწყეთ სმა.
პირველ კვირას მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილით, უზმოზე, და საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მეორე კვირასაც ასევე, ოღონდ სუფრის კოვზით. ნაყენი რომ გათავდება, ახალი მოამზადეთ. მისი სმა შეიძლებაLმთელი წლის განმავლობაში. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ წამალი არ გაძლევთ ეფექტს, მაგრამ სმა განაგრძეთ. გული სად გაქვთ, დაგავიწყდებათ. არსებობს უფრო მარტივი რეცეპტიც:
- მოხარშეთ 2 სუფრის კოვზი კარგად დაქუცმაცმებული ასკილი, დაამატეთ ამდენივე კუნელი და შავბალახა, ცაცხვის ყვავილი ან კრაზანა, ეს ყველაფერი 10 წუთი ადუღეთ, 3-4 საათით დაყენეთ და მაცივარში შედგით. მიიღეთ იმავე წესით.
ოხრახუში საუკეთესო შარდმდენია
დიდი ხანია, გული მაწუხებს, რის გამოც ფეხები მიშუპდება. კარგა ხანს უამრავ წამალს ვსვამდი, პერიოდულად შარდმდენების სმაც მიხდებოდა... როცა მივხვდი, ამდენი ქიმია სიკეთეს არ დამაყრიდა, გადავწყვიტე შეშუპებასთან მცენარეებით დამეწყო ბრძოლა. ყველაფერს ვკითხულობდი შარდმდენი მცენარეული საშუალებების შესახებ, ნიახურის ძირების ნახარშსაც ვსვამდი. შედეგს კი ვამჩნევდი, მაგრამ პერიოდულად შარდმდენები მაინც მჭირდებოდა. ერთხელ ახლობელმა ოხრახუშის ნახარში მირჩია. მეც დავუჯერე, ოღონდ ოხრახუშს ნიახურიც დავუმატე და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე. კარგა ხანია, შარდმდენი აბების ნაცვლად ამ ნახარშს ვიღებ და ფეხები აღარ მიშუპდება.
- ნახარშს ასე ვამზადებ: ვიღებ 1 სუფრის კოვზ ხმელ ოხრახუშს (ფოთლებსაც, ღეროსაც და ფესვებსაც) და 1 სუფრის კოვზ ხმელ ნიახურის ძირს, ვაქუცმაცებ, ვასხამ 1,5 ჭიქა მდუღარე წყალს, წამოვადუღებ, ნახევარ საათს ვაჩერებ, შემდეგ ვფილტრავ და ვიღებ 2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.
მიხდება ოხრახუშის თესლის ნაყენიც: 1/2 ჩაის კოვზ თესლს ვასხამ 2 ჭიქა ცივ წყალს, ვაჩერებ 8-10 საათს, ვფილტრავ და ვიღებ 2-3 სუფრის კოვზს დღეში სამჯერ.
თალგამის სამკურნალო თვისებები
საკმაოდ ბევრი ხალხური რეცეპტი მაქვს და ნაცნობ-მეგობრებსაც სიამოვნებით ვასწავლი - მინდა, ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. აი ის რეცეპტები, რომლებიც ჟურნალში გამოქვეყნების ღირსად მივიჩნიე:
- სახსრების ტკივილის დროს მიიღეთ წითელი მოცვის ფოთლების ნახარში: ორი ჩაის კოვზი ფოთოლი 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. სვით მთელი დღე პატარა ყლუპებით.
- წყლულისა და გაციების დროს გამოგადგებათ ოროვანდის ფესვი: დაახლოებით 2 სუფრის კოვზი გარეცხეთ, გაარჩიეთ და ღუმელში გაწითლებამდე აცხვეთ. შემდეგ ძალიან წმინდად დაფქვით, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 2-3 წუთი ხარშეთ.
- უძილობის დროს კარგია თალგამის ნახარში: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ ან ერთი ჭიქა ღამით.
ფსორიაზისგან განვიკურნე
რამდენიმე ხნის წინ თავის თმოვან ნაწილზე ფსორიაზი გამიჩნდა (ახლა თმა უკვე სუფთა მაქვს, აღარც ფუფხი მიჩნდება და აღარც მექავება). რა არ გადავიტანე, რით არ ვიმკურნალე... ბოლოს კრეიპის წიგნში "წყლით მკურნალობა" ეს მეთოდი აღმოვაჩინე: თავს ცივი წყლით სავსე ჭურჭელში ვყოფდი და დაახლოებით ერთი წუთი ვაჩერებდი. სახვევის როლს ჩემივე თმა ასრულებდა. შემდეგ თმას ვიწურავდი, მაგრამ არ ვიმშრალებდი, მხრებზე კი პირსახოცს ვიფენდი, რომელიც წვეთებს იწოვდა. ასე დავდიოდი სახლში თმის გაშრობამდე. ამ დროს სახლში სითბო უნდა იყოს, ორპირი დაუშვებელია. ასე ვიმკურნალე ერთი თვე. თვის ბოლოს ფუფხის ნასახიც აღარ მქონდა. მე პროცედურას დღეში ერთხელ ვიტარებდი, მაგრამ თუ მოახერხებთ, შეგიძლიათ დღეში 2-3-ჯერაც ჩაიტაროთ.
კოჟრებს მოგაშორებთ
მინდა, თქვენს მკითხველს კოჟრების საწინააღმდეგო რამდენიმე რეცეპტი ვასწავლო.
- 5-6 დღე იკეთეთ საპნიანი და სოდიანი წყლის აბაზანა. დარბილებული კოჟრები ფენა-ფენა იფხიკეთ. გამაგრებულ და სქელ კოჟრებზე აბაზანის შემდეგ დაიკარით სპეციალური საფენი ან დაიდეთ უმი გახეხილი კარტოფილი. თუ კოჟრი თითებშუა გაგიჩნდათ, ჩაიდეთ დანაყილ შაბმოყრილი მშრალი ბამბა - კოჟრი თანდათან მოგცილდებათ.
- თუ კოჟრები გაწუხებთ, მტკივანი ადგილები გაიწმინდეთ ამ ხსნარით: თბილ წყალში გახსენით კალიუმის პერმანგანატი (უნდა იყოს ბაცი ვარდისფერი), დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და ფეხები 15-20 წუთით ჩაყავით. შვებას მალე იგრძნობთ.
- აიღეთ ერთი თავი ხახვი, გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ჩადეთ ჭიქაში და დაასხით ღვინის ძმარი - იმდენი, რომ მთლიანად დაიფაროს. ასე დატოვეთ ერთი დღე-ღამით. ამის შემდეგ ხახვს მოაცილეთ ერთი ფოთოლი და დაიდეთ კოჟრზე. გამოიცვალეთ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, დაიმაგრეთ პლასტირით ან ბანდით. რამდენიმე დღის შემდეგ კოჟრებისგან კვალიც აღარ დარჩება.
ბრინჯი ძალიან სასარგებლოა
ამბობენ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დღეს ყველაზე მეტი ხალხი იღუპება. სტატისტიკასთან ვერაფერს გააწყობ, მაგრამ არც ფარ-ხმლის დაყრა შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად გაქვს მაღალი წნევა, გულის უკმარისობა და სხვა პრობლემები. რამდენიმე წლის წინ მეც დამისვეს ჰიპერტონიის დიაგნოზი და მას შემდეგ ახალ-ახალ სამკურნალო საშუალებებს ვეძებ. ხალხურ რეცეპტებს ვამჯობინებ, მაგრამ არც ოფიციალურ მედიცინას უარვყოფ და კრიტიკულ ვითარებაში ყოველთვის ექიმს მივმართავ. მიმაჩნია, რომ კაცი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყველა მეთოდს უნდა იყენებდეს. ზოგჯერ აფთიაქში ნაყიდი წამალია საჭირო, ზოგჯერ ხალხურ მედიცინას უნდა ენდო, საუკეთესო გზა კი მათი შეჯერებაა.
მინდა მოგიყვეთ, როგორ ვმკურნალობ ბრინჯით. იაპონელებს ტყუილად კი არ სწამთ, რომ ბრინჯში დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის საიდუმლო იმალება... გარდა ამისა, ბრინჯი არ ასუქებს, სიმსუქნე კი ჰიპერტონიკის უპირველესი მტერია. ერთი სიტყვით, გადავედი ბრინჯის დიეტაზე და არც მინანია, რადგან გამაოგნებელ შედეგს მივაღწიე: ერთ წელიწადში ისე გამოვკეთდი, რომ მკურნალი ექიმიც კი გავაოცე. ამ ხნის განმავლობაში არ მქონია არც ერთი შეტევა ანუ კრიზი, როგორც ექიმები უწოდებენ, ადრე კი ხშირად მემართებოდა. დღის განმავლობაში პურ-ფუნთუშეულის ნაცვლად უნდა მივიღოთ სპეციალური წესით მომზადებული 300 გრამი ბრინჯი. აი ეს წესი:
- ბრინჯი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ბევრი წყალი, ძალიან სწრაფად ამოურიეთ ხელი და წყალი იმწამსვე გადაღვარეთ, ისევ დაასხით და გულდასმით გარეცხეთ. ასე მოიქეცით 3-ჯერ. შემდეგ ბრინჯი წყალში გააჩერეთ. ზაფხულში 30 წუთიც საკმარისია, ზამთარში კი არანაკლებ საათნახევრისა. ეს წყალიც გადაღვარეთ, ახალი დაასხით (იმდენი, რომ კარგად დაფაროს) და წამოადუღეთ. ჯერ 5-6 წუთი ძლიერ ცეცხლზე ადუღეთ, შემდეგ 6-7 წუთი - ნელზე. ამის შემდეგ ცეცხლს მაქსიმალურად დაუწიეთ და ბრინჯი (არც კი უნდა დუღდეს) კიდევ 10 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ცეცხლი ჩააქრეთ, მაგრამ ქვაბს კიდევ რამდენიმე წუთს თავსახური არ ახადოთ.
არავითარ შემთხვევაში არ უყოთ ბრინჯს მარილი. მართალია, გემრიელი არ იქნება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იდეალურია გულით ავადმყოფებისთვის: სისხლძარღვები დღიდან დღემდე გასუფთავდება და ნორმას დაუბრუნდება. ზოგჯერ ბრინჯს ბოსტნეულს ვამატებ - ძალიან გემრიელი გამოდის. 300 გრამს ორ ულუფად ვჭამ, ზოგჯერ - უზმოზე და შუადღისას, ზოგჯერ კი ვახშმად. აი, ეს არის ჩემი თერაპია. თქვენც სცადეთ. თუ არ გარგოთ, ნამდვილად არ გავნებთ.
თუ ხელისგულები გიოფლიანდებათ
ჩემი მეუღლე ძალზე გაწონასწორებული პიროვნებაა, ემოციებს არასდროს გამოხატავს. მისი თავდაჭერილობა ირგვლივ მყოფებზე ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ თავად მისთვის ცუდია. ზოგჯერ ემოციური განტვირთვაც საჭიროა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია და გამოცდილებაც ამას მკარნახობს, მაგრამ ჩემი ქმარი თავს ამის უფლებას არასოდეს აძლევს. ერთხელ შევამჩნიე, რომ მისალმებისას ხელის ჩამორთმევისგან თავს იკავებდა. აღმოჩნდა, რომ ხელისგულები უოფლიანდებოდა. ჩემმა მეგობარმა, პროფესიით ფსიქოთერაპევტმა, გვირჩია, ნევროპათოლოგისთვის მიგვემართა. მეუღლე არ წამომყვა, მაგრამ მე კონსულტაციისთვის მაინც მივედი. ექიმმა მითხრა, ნევროლოგიური პრობლემების ბრალი უნდა იყოსო და რამდენიმე რჩევაც მომცა. დავიწყეთ მკურნალობა. თავდაპირველად დამამშვიდებელ ნაყენს ვამზადებდი:
- ვიღებთ 80 გ კრაზანას, როზმარინის, ბარამბოსა და სალბის 20-20 ფოთოლს, გულსოსანას ყვავილს. 4 სუფრის კოვზ ნარევს ვასხამთ 1 ლ მდუღარე წყალს, თავსახურს ვახურავთ და 15 წუთს ვაჩერებთ, შემდეგ ვფილტრავთ. ვიღებთ თითო ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ (ბოლო ულუფას - ძილის წინ).
როცა დამამშვიდებელი ნაყენით მკურნალობა შედეგს გამოიღებს, ვიწყებთ უშუალოდ ხელისგულების მკურნალობას.
- დაქუცმაცებულ მუხის ქერქს ვასხამთ 1 ლიტრ ცივ წყალს, ვდგამთ მდუღარე წყლის აბაზანაზე და 20 წუთი ვადუღებთ. შემდეგ ვამატებთ 1 სუფრის კოვზ გულყვითელას და 10 საათს ვაჩერებთ, ბოლოს ვფილტრავთ. დილა-საღამოს ვიკეთებთ ამ ნაყენის აბაზანებს და ზედვე ვიშრობთ. პერიოდულად ასეთივე აბაზანებს ვამზადებდი გვირილის ნაყენისგან.
სამ თვეში ჩემი მეუღლე განიკურნა და მას შემდეგ ხელისგულების ოფლიანობას აღარ შეუწუხებია.
შეტევის თავიდან ასაცილებლად
პროფესიით ექთანი ვარ და არაერთხელ მინახავს, როგორ ემართებათ ეპილეფსიით დაავადებულებს შეტევა. ბედმა თავადაც ისეთ ადამიანთან დამაკავშირა, რომელიც ეპილეფსიით არის ავად. ჩემს მეუღლეს საკმაოდ ხშირად აქვს ეპილეფსიური გულყრა. ზოგჯერ შეტევა ღამით ემართება (ბევრჯერ საწოლიდანაც გადმოვარდნილა). ეწყება კრუნჩხვა, კარგავს გონებას, ფითრდება, სუნთქვა უმძიმდება, ხელ-ფეხი ეყინება, ცხვირი და ტუჩებიც ცივი აქვს... შეტევის შემდეგ ხშირად საავადმყოფოშიც მოხვედრილა, 3-5 დღით რეანიმაციაშიც კი მოუთავსებიათ...
ჩემი მეუღლე 20 წელიწადზე მეტია სვამს წამალს, მაგრამ საკმარისია, ოდნავ აღელდეს ან წამლის დალევა ერთხელ მაინც დაავიწყდეს, რომ შეტევა მაშინვე უმეორდება. ამ დროს ვცდილობ, გვერდზე დავაწვინო, კრიჭა რომ არ შეეკრას და ენა არ მოიკვნიტოს, პირში კოვზის ტარს ვუდებ, ვაღებ ფანჯარას, სახეს ცივი წყლით ვუზელ. ერთ დღეს ისე მოხდა, რომ შეტევა სამზარეულოში დაეწყო და სკამიდან გადმოვარდა. ჩემმა დედამთილმა სასწრაფო გამოიძახა. ჩემს მეუღლეს დამამშვიდებელი ნემსი გაუკეთეს, მაგრამ საწოლში ვერ გადავიყვანეთ, ამიტომ იქვე ამოვუდე თავქვეშ ბალიში და დავაფარე საბანი. ამ დროს მოულოდნელად მივხვდი, რომ შეიძლება, შეტევა თავიდან ავიცილოთ. გამახსენდა, რომ ჩემს ქმარს შეტევის დაწყებისთანავე სტკივდება გულის არე, უჭირს სუნთქვა, იპყრობს პანიკა, და საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: რა იქნება, რომ ამ დროს სწორი სუნთქვა სცადოს? გადავწყვიტე, მეცადა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გაჭრა. აი, როგორ ვიქცევით მე და ჩემი მეუღლე: როცა ქმარს შეტევის წინათგრძნობა უჩნდება, გულზე იტაცებს ხოლმე ხელს და პანიკაში ვარდება. პანიკაში ვვარდები მეც, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. შიშს არ უნდა აჰყვეთ, მშვიდად უნდა აუხსნათ ავადმყოფს, რომ თუ თავს ხელში აიყვანს და სწორად ისუნთქებს, შეტევას თავიდან აიცილებს. ერთხელაც, როცა შევატყვე, რომ ჩემს ქმარს შეტევა ეწყებოდა, ვურჩიე, ესუნთქა ღრმად და თანაბრად. გურამმა ერთი კი შემომხედა, მაგრამ არაფერი მითხრა და დაიწყო ღრმა სუნთქვა. საბედნიეროდ, შეტევა არც კი დასწყებია. 2010 წლის 2 იანვრიდან თავად ვაკონტროლებ მეუღლეს, ვასწავლი სწორ სუნთქვას და შეტევის დაწყებისთანავე სიტუაციის დამოუკიდებლად მართვას. ასე უკვე 2 შეტევა ავიცილეთ თავიდან.
წნევას ბალახებით ვებრძვი
ვარ დიდი ხნის ჰიპერტონიკი. წინათ ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდებოდი - ახალგაზრდა ვიყავი და სხვა საფიქრალი მქონდა, ახლა კი, რაც ასაკში შევედი, წნევის მცირედ მომატებასაც კი ვგრძნობ. იძულებული ვარ, თავს მოვუარო. ბუნებრივია, ვსვამ წამლებს, მაგრამ პარალელურად ბალახებითაც ვმკურნალობ და უნდა გითხრათ, რომ რაც მათი მიღება დავიწყე, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ - წნევა სულ ნორმაში მაქვს, წამლები, ფაქტობრივად, აღარც კი მჭირდება. აი ჩემი რეცეპტი:
* ვიღებთ მარწყვის ფოთლებს ან გველის სუროს, ვაქუცმაცებთ, 1 სუფრის კოვზს ვასხამთ 1 ჭიქა მდუღარეს, ვაყენებთ 45 წუთით (სუროს - 2 საათით), ვწურავთ და ვსვამთ: მარწყვის ფოთლების ნაყენს - თითო ჭიქას დილა-საღამოს, გველის სუროსას კი 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ.
თუ მცენარეების მიღებას დროზე დაიწყებთ, წნევა არ აგიწევთ, ხოლო თუ მაღალი წნევისას დალევთ, აუცილებლად დაგიწევთ და ძლიერი პრეპარატების მიღება აღარ დაგჭირდებათ.
ვინც ქოშინს უჩივის
სტენოკარდიის ფონზე ქოშინი მეწყება ხოლმე. დიდხანს ვიწვალე, ერთ დღეს კი ხალხური მედიცინის კრებულში ერთ რეცეპტს წავაწყდი, გამოვცადე და საუკეთესო შედეგი მივიღე:
- ჭინჭრის დედისგან უნდა მოამზადოთ სქელი ფაფა და დაუმატოთ იმავე ოდენობის თაფლი, კარგად აურიოთ და ორი კვირით ოთახის ტემპერატურაზე, სიბნელეში დადგათ, დროდადრო ურიოთ. დანიშნული დრო რომ გავა, ეს მასა გააცხელეთ წყლის აბაზანაზე და თხიერ მდგომარეობამდე მიიყვანეთ, შემდეგ დოლბანდში გაწურეთ და მაცივარში შედგით. ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი დღეში რამდენიმეჯერ ნელა მოწუწნეთ.
გაითვალისწინეთ: ეს საშუალება მხოლოდ მაშინ გიშველით, თუ სისხლის შესქელებისკენ არ ხართ მიდრეკილი (ეს მკურნალ ექიმთან ერთად უნდა გაარკვიოთ).
სტენოკარდიას შველის
ვარ 82 წლის. მთელი სიცოცხლე ხალხურ რეცეპტებს ვაგროვებ. მრავალი მათგანი გასაჭირში მეც გამომადგა და ჩემს ახლობლებსაც. მინდა, თქვენც გასწავლოთ. რამდენიმე წლის წინ სტენოკარდიით საავადმყოფოში მოვხვდი. გამომიწერეს ნიტროსორბიდის 4 ტაბლეტი, მაგრამ შინ დაბრუნებულმა ერთი ხალხური რეცეპტი აღმოვაჩინე. მოვაგროვე ყველაფერი, რაც საჭირო იყო, მოვამზადე ნაყენი და დავიწყე დილა-საღამოს თითო კოვზის სმა. მესამე დღეს ტაბლეტების მიღება შევწყვიტე. ამ ნაყენით ვმკურნალობდი წელიწად-ნახევარი. სამაგიეროდ, 6 წელია, არავითარი წამალი არ დამჭირვებია. აი, ეს რეცეპტიც:
მოამზადეთ რამდნეიმე მცენარის ნარევი. აიღეთ: 15 გ ბარამბოს ფოთლები, 10 გ კვლიავი (ბალახი), 15 გ ვალერიანი (ძირები), 20 გ კუნელი (ყვავილები), 30 გ თეთრი ფითრი (ფოთლები). ამ ნარევის ერთ სუფრის კოვზს დაასხით 1 ჩ. ჭ. მდუღარე წყალი და დადგით 2 საათით თავდახურული. შემდეგ გადაწურეთ. სვით თითო ჭიქა ნაყენი 2-ჯერ დღეში - დილას და საღამოს.
ცაცხვი ტუბერკულოზის სამკურნალოდ
აიღეთ 50 გრ ცაცხვის ყვავილი, 1,2 კგ ცაცხვის თაფლი, 150 გრ არყის კვირტი, 100 გრ ალოეს ფოთლები, 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 2 ჭიქა წყალი.
ქვაბში გაადნეთ თაფლი და დაამატეთ ალოეს დაქუცმაცებული ფოთლები. ნარევი კარგად მოხარშეთ.
ცალკე მოხარშეთ ცაცხვის ყვავილი და არყის კვირტები 2 ჭიქა წყალში. ადუღეთ 1-2 წუთის განმავლობაში.
თაფლის გაციების შემდეგ არყის კვირტებისა და ცაცხვის ყვავილის წვენი გამოწურეთ და შეურიეთ თაფლს. ჩაასხით ნარევი ბოთლებში, თითოეულს დაუმატეთ თანაბარი რაოდენობით ზეთი. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, თითო სუფრის კოვზი.