ოხრახუშის წვენი სასარგებლო და სამკურნალო სითხე
შემადგენლობა
ოხრახუში შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ და სასარგებლო ნივთიერებებს: აპიოლს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას (ჩ ვიტამინი), მირისტიცინს, ინოზიტს, ნატურალურ შაქრებს, ფლავონოიდებს, ტოკოფეროლს, ბიოტინს, კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, ნატრიუმს, მცირე რაოდენობით - პროტეინებს, ნახშირწყლებსა და პექტინებს. სწორედ ამ ნივთიერებათა ერთობლიობა განსაზღვრავს ოხრახუშის წვენის სამკურნალო და გამაჯანსაღებელ თვისებებს.
სამკურნალო თვისებები
ოხრახუშის ახალგაწურულ წვენს შეუძლია ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციათა ნორმალიზება. უნიკალური ქიმიური შემადგენლობის წყალობით ის ეფექტურია შარდსასქესო სისტემის დისფუნქციის დროს. ოხრახუშის წვენი წმენდს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს მათ საერთო მდგომარეობას, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიკურობას და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. განსაკუთრებით სასარგებლოა მწეველთათვის, რადგან ანტიოქსიდანტების უხვი შემცველობის წყალობით აცხრობს ქსოვილებში ანთებით პროცესს და ორგანიზმიდან გამოდევნის წიდას. თუ ამ უნიკალურ წვენს რეგულარულად მიიღებთ, თირკმელებში, შარდისა და ნაღვლის ბუშტში ზოგიერთი სახის კენჭის არსებობის შემთხვევაში ქირუგიულ ჩარევას თავიდან აიცილებთ. ოხრახუშის წვენი ეფექტურია აგრეთვე შარდში ცილის არსებობის, თირკმელებში ანთებითი პროცესის, ნეფრიტისა და თირკმლის წყალმანკის დროს. ძალზე შედეგიანია მისი გამოყენება თვალის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა კატარაქტა, კონიუნქტივიტი, ოფთალმია, თვალის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა დაავადება.
- თუ კომპიუტერთან დიდხანს გიწევთ მუშაობა, გირჩევთ, რეგულარულად სვათ ოხრახუშისა და სტაფილოს წვენის ნარევი თანაფარდობით 1:3.
- მეტეორიზმის დროს, აგრეთვე საჭმლის მონელების პროცესთა გასაუმჯობესებლად ოხრახუშის წვენს უნდა შეურიოთ იმავე რაოდენობის თაფლი და მიიღოთ დღეში სამჯერ თითო სადილის კოვზი.
- მენსტრუალური ციკლის დარღვევისა და მტკივნეული მენსტრუაციის დროს რეკომენდებულია ოხრახუშისა და ჭარხლის წვენის ნარევი თანაფარდობით 1:1.
- ცისტიტის, ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს ეფექტურია ოხრახუშის მწვანილისა და ფესვების წვენი. უნდა მიიღოთ თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, 40 დღის განმავლობაში.
რა უნდა გაითვალისწინოთ
ოხრახუშის წვენი არ უნდა დალიოთ მენსტრუაციის დროს. 14 წლამდე ბავშვებს ულუფა უნდა გაუნახევრდეთ. ოხრახუშის წვენით მკურნალობა უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე ანთებითი დაავადებების დროს და ორსულობის პერიოდში - ასტიმულირებს საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას და შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.