ჩაი სიმსივნური პთოლოგიის სამკურნალო საშუალებაა
.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩაიში რძის ჩამატებისას მისი სასარგებლო თვისებები მცირდება. საქმე ის გახლავთ, რომ რძე ცვლის ჩაის კომპონენტთა ბიოლოგიურ აქტივობას, შესაბამისად, ჩაის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებაც იცვლება. ჩაიში შემავალ ფლავონოიდებს კატექინებს უწოდებენ. სწორედ კატეხინები ახდენენ კეთილისმყოფელ გავლენას კარდიომიოციტებზე _ გულის კუნთოვანი შრის უჯრედებზე. ჩაიში რძის ჩამატებისას რძეში არსებული ცილები (კაზეინები) ჩაის ფლავონოიდებთან ურთიერთქმედებს და კატეხინების კონცენტრაცია მცირდება.
ბრიტანელმა მკვლევარებმა (რძიანი ჩაი ხომ ბრიტანელების საყვარელი სასმელია) საინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს. მათ 16 მოხალისე ქალბატონზე შეამოწმეს შავი ჩაის, რძიანი ჩაისა და უბრალო ცხელი წყლის მოქმედება. ამ სასმელების მიღებიდან ორი საათის განმავლობაში მხრის არტერიას რეგულარულად იკვლევდნენ. დადასტურდა, რომ შავი ჩაი ხელს უწყობს სისხლძარღვთა გაფართოებას, ხოლო რძე სრულიად სპობს ჩაის ბიოლოგიურ ეფექტს. სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორმა მარიო ლორენცმა ტესტები ვირთაგვებზეც ჩაატარა. შედეგები ანალოგიური აღმოჩნდა.
ბრიტანელების გულთან დაკავშირებული პრობლემები (გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა) მეცნიერებმა სწორედ რძიანი ჩაის სიყვარულით ახსნეს.
ბრიტანეთის გულის ფონდის თანამშრომლები გვირჩევენ:
• ჩაი დღეში სამჯერ მაინც მიირთვით.
• მეტისმეტად ცხელი (ქაფქაფა) ჩაის დალევა არასასურველია.
• რძის ან სხვა დანამატების შერევა ჩაის სასარგებლო თვისებებს აკნინებს, ამიტომ არარეკომენდებულია.
• ჩაი, უმჯობესია, ცალკე, საკვების მიუყოლებლად მიირთვათ. მასში შემავალი ნივთიერებები საკვების ინგრედიეტებთან ურთიერთქმედებისას ცვლის მათ ქიმიურ სტრუქტურას და სასარგებლო თვისებებს ართმევს.
• ჩაი ყველაზე მეტად შეგერგებათ, თუ მას არა ჭამის დროს, არამედ ჭამიდან ჭამამდე, შუალედში დალევთ.
ავტორი თინათინ გოცაძე
იხილეთ აგრეთვე მწვანე ჩაი აივ-ინფექციის წინააღმდეგ