ია - გაზაფხულის ყვავილია
ამ მშვენიერ ყვავილს ღირსეული ადგილი აქვს მრავალი მოყვარული მეყვავილის კოლექციებში. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ შინაურ პირობებში ვახარებთ არა იებს, არამედ სენპოლიებს, უფრო სწორად, მათ ერთ-ერთ ჯიშს – უზამბარულ იას. საკუთრივ ია ნაზი, სასიამოვნო შეფერილობისა და სურნელის მქონე ბალახოვანი მცენარეა. იისებრთა ოჯახს მიეკუთვნება სამფერა იაც. როდესაც პარმის იებზე საუბრობენ, სწორედ ამ ყვავილებს გულისხმობენ. ფანჯრის რაფაზე მათი მოშენება საკმაოდ ძნელია. სენპოლიის სამშობლო აფრიკა, უზამბარის მთებია. ბუნებრივი უზამბარული ია ყვავილებისა და ფოთლების მრავალფეროვანი ფორმითა და შეფერილობით გამოირჩევა. გამოყვანილია მისი უამრავი სახეობა. იების კლასიფიკაციაც, უწინარესად, სწორედ ყვავილების შეფერილობისა და ფორმის, აგრეთვე ყვავილის ტიპის მიხედვით ხდება.
ამის კვალობაზე, არსებობს ქიმერები, ფანტაზიორები, კლასიკური, ვარსკვლავისებრი იები, „ზანზალაკები“. ნახევრად მრავალფურცელებს ცენტრში ერთი ან ორი დამატებითი ფურცელი აქვთ, მრავალფურცელებს კი – ბევრი. სხვადასხვა ჯიშის იებს ყვავილის ფურცლების განლაგებაც სხვადასხვაგვარი აქვთ: ზოგი ბურთულას წააგავს, ზოგი უფრო ბრტყელია. სენპოლიებს ფოთლის ტიპის მიხედვითაც განასხვავებენ. უპირველესად, განასხვავებენ „ბიჭუნებს“ და „გოგონებს“. „გოგონებს“ ფოთლის ზედა მხარეს, ფუძესთან, აქვთ ბაცი ლაქა, „ბიჭუნების“ ფოთლები მთლიანად მწვანეა. ყველაზე ხშირად ვხვდებით სენპოლიებს 20-დან 40მმ-მდე დიამეტრის გვირგვინებით; არსებობს ასევე გიგანტური ჯიშები (40-დან 60მმ-მდე), მინიატურები (15მმ-მდე) და ე. წ. მიკრომინიატურები (6მმ). ამბობენ, რომ სენპოლია საუკეთესო მცენარეა ახალბედა მეყვავილისთვის. თუ მარტივ წესებს დავიცავთ, ისინი თითქმის განუწყვეტლივ იყვავილებენ და თავიანთი სილამაზით გაგვაოცებენ. სენპოლიებისათვის განკუთვნილი ქოთანი მეტისმეტად დიდი არ უნდა იყოს. ის ფანჯრის რაფებზე უნდა დავდგათ, ფანჯარა კი აღმოსავლეთით ან დასავლეთით უნდა გადიოდეს. მცენარეს სინათლე ყოველი მხრიდან რომ მოხვდეს, ქოთანი დროდადრო შეიძლება შევატრიალოთ. ოპტიმალური ტემპერატურა 20-22 გრადუსია, მკვეთრი ცვალებადობის გარეშე. სენპოლიები უფრთხიან ორპირ ქარებს, ასევე – მზის პირდაპირ სხივებს. ვინაიდან იებს ძალიან უყვართ ნოტიო ჰაერი, ძირში უყრიან ხრეშს, კერამზიტს ან ფერად მარმარილოს და უსხამენ წყალს. მაგრამ საჭიროა თვალყურის დევნება, რათა წყლის დონე ნაყარს არ ასცდეს, თორემ ნიადაგი მეტისმეტად გაიჟღინთება სითხით, ფესვები დალპება და მცენარე დაიღუპება. ია ახარებს თვალს და ათბობს სულს. ეს ყვავილი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სახლში ზედმეტად ემოციურ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც გარიყულად გრძნობს თავს და აკლია ირგვლივ მყოფთა ყურადღება. განსაკუთრებით სასარგებლოა იების ქონა ოთახში, სადაც ჩვილი ბავშვები არიან.
სასიამოვნო სურნელის გამო იას კოსმეტიკაშიც იყენებენ. იის სურნელს ამატებენ საპნებს, დეზოდორებს, ჰაერის გამწმენდებს, შამპუნებს, ლოსიონებს... შინაურ რეცეპტებში შეხვდებით იის ყვავილის ფურცლებისგან დამზადებულ წვენს, რომელსაც გამონაყარის დროს სახის ან ტანის გასაწმენდად იყენებენ. ის საოცრად ეფექტურია წითელას, ქუნთრუშას, ჩუტყვავილას დროს – ამ ინფექციური ავადმყოფობის ნარჩენებს უკვალოდ აქრობს.
იის დეკორატიული ფორმაა იაჟუჟუნა. ის ევროპასა და აზიაშია გავრცელებული, განსაკუთრებით – ისეთი ჯიშები, რომლებსაც სხვადასხვა შეფერილობის ყვავილები აქვთ. ველურ იაჟუჟუნას მედიცინაში ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა სამფერა ია. სამკურნალოდ იყენებენ მის ღეროსა და ფოთლებს. შეიცავს ასკორბინის მჟავას, ტანინს, თუთიას, სელენს, ბორს, კალიუმს, ფლავონოიდებს, ც ვიტამინს. აქვს ამოსახველებელი, დამარბილებელი, ოფლმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ეფექტურია ქალური დაავადებების, გაციების, ხველების, ალერგიის, დიათეზის დროს.
იისგან სამკურნალო ნაყენებს ამზადებენ, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები მეტად კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.
სამფერა ია (იასამფერა, იაჟუჟუნა) 10-40 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, რომელიც აპრილიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობს, ნაყოფი კი ივნისში მწიფს.
მცენარის მიწისზედა ნაწილები, რომლებიც სამკურნალოდ გამოიყენება, მდიდარია გლიკოზიდებით, ეთერზეთებით, კაროტინოიდებით, საპონინებითა და ც ვიტამინით.
სამფერა იისგან დამზადებულ პრეპარატებს ანთებისა და ხველის საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს. გარდა ამისა, მისი ნაყენი მეტად სასარგებლოა თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებისას. მას შარდგამომყოფი და ნაღველმდენი თვისებები აქვს.
იის საკრეფად საუკეთესო პერიოდი მაისი და ივნისია. მოგროვებული მცენარე ჩრდილში გააშრეთ და მომინანქრებულ ჭურჭელში შეინახეთ.
სამფერა იის ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 1 ს.კ. დაქუცმაცებული მცენარე და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა, დღეში 3-4-ჯერ.
იის ნაყენის მიღება სასურველია ქუნთრუშის, ბრონქიტის, ფილტვის პათოლოგიების დროს. მეტად ეფექტურია მისი სავლები კბილის ტკივილის, გინგივიტის, პაროდონტოზის შემთხვევაში.
იის ნაყენი სასარგებლოა ათეროსკლეროზის დროსაც: 20 გრამ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და 15 წუთს ადუღეთ, შემდეგ 45 წუთით დააყენეთ, გაფილტრეთ და კვლავ წამოადუღეთ. სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. ალერგიული დერმატიტისა და კანის სხვა პათოლოგიების სამკურნალოდ სამფერა იის ნაყენის აბაზანებია მიზანშეწონილი. თუკი იის ნაყენს აბაზანაში ჭარბად ჩაასხამთ, ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ თუკი ზომაზე მეტს დალევთ, შეიძლება, გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს.
თუ ფიტოთერაპია გიტაცებთ
დამუშავებულ, საგულდაგულოდ შეფუთულ სამკურნალო მცენარეებს დღეს ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ, მაგრამ ბევრი მაინც საკუთარი ხელით მოკრეფილს ანდობს ჯანმრთელობას. ასე იმიტომ კი არ იქცევა, რომ ქარხნული წესით შეფუთულ პროდუქციას არ ენდობა; უბრალოდ, ბუნების წიაღში გასეირნება და მცენარეთა შეგროვება იტაცებს. სწორედ მათ ვთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც სასურველი მცენარეების შეგროვებისას გამოადგებათ.
- ნუ დაიზარებთ, წინასწარ შეისწავლეთ ის მცენარეები (მათი ყვავილის, ღეროს, ფოთლის ფერი და მოყვანილობა), რომელთა მოკრეფასაც აპირებთ. შეეცადეთ, ზუსტად შეიტყოთ, რომელი მცენარე ხარობს ახლომახლო ტყეებში.
- დაიხსომეთ, რომ სამკურნალო ნივთიერებები მცენარის სხვადასხვა ნაწილში გროვდება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფოთლები და ბალახოვანი ღეროები განსაკუთრებით ღირებული ყვავილობის, ბუტკოს გაკეთების პერიოდშია, ნაყოფი – დამწიფების დროს, ხოლო ფესვი და ფესურა – გაზაფხულზე, მცენარის შეფოთვლისას, და გვიან შემოდგომაზე, ნაყოფის დამწიფების შემდეგ. კვირტების შეგროვება მათი მაქსიმალური დაბერვის პერიოდშია რეკომენდებული, ხოლო ქერქი განსაკუთრებით სასარგებლო გახლავთ გაზაფხულზე – მაშინ, როდესაც „ხეში წყალი დგება“.
- სამკურნალო მცენარეების შეგროვება მშრალ ამინდშია მიზანშეწონილი, გახმობა კი ჩრდილში, კარგად განიავებულ შენობაში ჯობს.
- თუკი ფესვი არ გჭირდებათ, მცენარეს ნუ ამოძირკვავთ. ფესვზე ბალახი კვლავ გაიხარებს.
მცენარეები ალერგიის წინააღმდეგ
ნებისმიერი სახის ალერგიის დროს:
- კურდღლისტუჩას ყვავილები და ფოთლები სამი კვირის განმავლობაში დააყენეთ 70%-იან სპირტზე შეფარდებით 1:10. ნაყენი სიბნელეში შეინახეთ. მიიღეთ 25-30 წვეთი, დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.
- მიიღეთ 1 ჩ.კ. ნიახურის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მეტად ეფექტურია ჭინჭრის ციების, ალერგიული დერმატიტის, დიათეზის დროს. სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაშიც.
- კანზე გამონაყარი თუ გაგიჩნდათ, 1 ს.კ. გველის სუროს დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ნახევარ საათს ადუღეთ. დააყენეთ და გაფილტრეთ. მიღებული ნახარში წყლით გააზავეთ (თანაფარდობით 1:10) და კანზე მისი საფენები დაიდეთ.
ალერგიული დერმატიტის დროს:
- 1 ს.კ. ნემსიწვერას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, წყლის ორთქლზე 5-7 წუთით გააჩერეთ, გაფილტრეთ 2-3 ფენა დოლბანდში და მიღებული ნახარში მცირე ხანს კიდევ ადუღეთ. ნახარშში დასველებული საფენები დღეში რამდენჯერმე დაიფინეთ კანზე. ეფექტურია ძირმაგარას, კანის ჩირქოვანი გამონაყარისა და დაწყლულების შემთხვევაშიც.
- 1 ს.კ. ჭინჭრის გამომშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და შეფუთული ერთი საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ. დღეში 2-3-ჯერ დაიდეთ ამ ნაყენში დასველებული საფენები.
ალერგიული კონიუნქტივიტის დროს:
- 1-2 ჩ.კ. ღიღილოს ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. დაიდეთ თვალებზე ამ ნაყენის საფენები.
- 1 ჩ.კ. გულყვითელას ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ. შემდეგ გულდასმით გაფილტრეთ. ამ ნაყენით ამოიბანეთ თვალები ან მისი საფენები დაიდეთ.
- გამოსწურეთ წვენი სამყურას ყვავილებსა და ფოთლებს და თვალებზე მისი საფენები დაიდეთ. ეს წვენი მტკივან ყურსაც დაგიამებთ (ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი).
ბრონქული ასთმის დროს:
- 50გ ალთეს დაქუცმაცებულ ფესვს შეურიეთ 60გ ჩვეულებრივი ბეგქონდარა. 1 ს.კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/3-1/4 ჭიქა დღეში სამჯერ. ეს ნაყენი მეტად მარგებელია ყივანახველისა და ბრონქების ინფექციური დაავადებების დროსაც.
- 2 ჩ.კ. ანისულის თესლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ 2 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მარგებელია ანისულის ზეთიც: 2-3 წვეთი დააწვეთეთ შაქრის ნატეხზე და ისე მიიღეთ.