იმ ქვეყნიდან ვიზასაც აგზავნიან
.
-
ადგილზე იქნებიან ლიკვიდირებულნი
ნევროლოგის კაბინეტის კარზე განცხადებაა გამოკრული: "მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ კაბინეტში ურიგოდ შესვლას სიტყვებით: "მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს", "ანალიზის პასუხი მინდა ვაჩვენო", - ადგილზე იქნებიან ლიკვიდირებულნი მორიგე სანიტრის მიერ!"
-
მხოლოდ იტანჯებიან
მედიცინის მიღწევები აშკარაა: მრავალი დაავადების გამო ადამიანები უკვე აღარ იხოცებიან, მხოლოდ იტანჯებიან.
-
ექიმის ხელფასით შორს ვერ წახვალ
ტანსაცმელამოჩაჩული შეზარხოშებული მამაკაცი პატარა ბოთლით არაყს ყიდულობს და ბუზღუნებს: "ექიმის ხელფასით შორს ვერ წახვალ..." "ექიმი ბრძანდებით?!" - ეკითხება გაკვირვებული გამყიდველი. "მე არა, ჩემი ცოლი".
-
განავლის ანალიზის პასუხი
2025 წელი. ევროპის მოქალაქის განავლის ანალიზის პასუხი: "მიღებული მასალის შემადგენლობა: წყალი; ორგანული შემავსებელი: ყავისფერი საღებავი; შემასქელებელი (E457); კონსერვანტი (E205); ნატურალურის იდენტური არომატიზატორი".
-
ოჰ, როგორი ნაკითხი მხეცი გყოლიათ!
"გამარჯობა, ექიმო. ბევრი რამ მაწუხებს და მირჩიეს, თქვენი კონსულტაციით მესარგებლა". ექიმი (ავადმყოფობის ისტორიაში ჩანაწერს აკეთებს): "დაბრძანდით და დაწვრილებით მომიყევით, რა გაწუხებთ". "მე... ჩამქრალი მზერა მაქვს. და კიდევ მარჯვენა მხარი მიცახცახებს". ექიმი (განაგრძობს წერას): "დღეში სამჯერ ვალერიანის წვეთები მიიღეთ, ძილის წინ - კიდევ რომელიმე დამამშვიდებელი". "იცით, ექიმო, მესიზმრება, თითქოს ტოსკანაში მიწისქვეშა პირამიდებს ვაშენებ. საშინლად მაწუხებს ფრესკების შენარჩუნებისა და დამაკავშირებელ ხსნარზე მიწისქვეშა წყლების გავლენის საკითხი". ექიმი (წერას თავს ანებებს): "რას მეუბნებით?! ფუნდამენტს რითი ამაგრებთ? დაჟინებით გირჩევთ, ოთხი ერთმანეთში ჩაწნული რკინის მსხვილი მავთული გამოიყენოთ. საუკუნეებს უძლებს, გამოცდილი მეთოდია". "იცით, ექიმო, რაღაც რიგზე ვერ არის. სახლში ნომრის ამომცნობი ტელეფონი მაქვს. მასზე ის ნომრებია დაფიქსირებული, რომელთა პატრონებსაც ჩემთან არ დაურეკავთ, აფიშებსა და განცხადებებზე ყველა სიტყვა, რომელიც თვალში მხვდება, ერთი ფუძის მქონეა. ჩემი ზაზუნა, უკვე ოთხი დღეა, არ მელაპარაკება, გაუნძრევლად ზის გალიის კუთხეში და გენდოლფისათვის მათრახის წვერის დამმიზნებელი ბალროგის მზერით მიყურებს". "ოჰ, როგორი ნაკითხი მხეცი გყოლიათ! ხომ არ გიცდიათ, მისთვის ჩვენი, მშობლიური კლასიკაც გაგეცნოთ?" "ექიმო, ვგრძნობ, რომ კარგად ვუგებ ქალებს..." ექიმი (მაგიდაზე ახეთქებს სათვალე): "აი, ეს კი, მეგობარო, ძალიან მძიმე შემთხვევაა!.."
-
ცხვრების დათვლა
მამაკაცი მეორედ მიდის ექიმთან: "ექიმო, უძილობა წინანდებურად მაწუხებს, თავს ვერაფრით მოვერიე..." "მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ იქნებ შემახსენოთ, წინა კონსულტაციის დროს რა გირჩიეთ?" "ცხვრების დათვლა, ექიმო, მაგრამ ამან არ მიშველა!" "მაშ, მოდი, ასე მოვიქცეთ: დაე, თითოეული ცხვარი რამე ამბავს მოგიყვეთ..."
-
საიქიოში ნათესავები გყავთ?
ახალბედა ექიმმა უფროს კოლეგას სთხოვა, ჩემი ერთი პაციენტი მეტად მძიმე მდგომარეობაშია და იქნებ როგორმე რბილად აუხსნა ყველაფერიო. უფროსი კოლეგა დახმარებას დაჰპირდა. მეორე დღეს პალატების შემოვლის დროს გამოცდილი ექიმი კოლეგის მძიმე ავადმყოფს მიუახლოვდა და ჰკითხა: "მითხარით, საიქიოში ნათესავები გყავთ?" "დიახ, ექიმო... რატომ მეკითხებით?" "იცით, ვიზა გამოგიგზავნეს!.."
-
სულ რაღაც ნახევარი მეტრით შეცდით!
აფთიაქში მამაკაცი შევიდა. "თუ შეიძლება, აბუსალათინის ზეთი (ძლიერი სასაქმებელი საშუალებაა) მომეცით", - მიმართა ფარმაცევტს. აფთიაქარი: "რამდენი წლის ბრძანდებით?" "ოცდათოთხმეტის". ფარმაცევტმა ზეთის რაოდენობა მენზურით გაზომა. "სად ცხოვრობთ?" "აფთიაქიდან ერთი კვარტალი იქნება". ფარმაცევტმა ქილაში რამდენიმე წვეთი ზეთი დაამატა. "რომელ სართულზე?" "მეხუთეზე", - პასუხობს განცვიფრებული მყიდველი. "სადარბაზოში ლიფტი არის?" "არა". ფარმაცევტმა ქილიდან ცოტაოდენი ზეთი გადაღვარა. "ბინა საერთო ხომ არ არის?" "არა". აფთიაქარმა ისევ გადაღვარა ქილიდან ზეთი. "დიდი ოჯახი გყავთ?" "დიახ, სიდედრი, მეუღლე და ოთხი შვილი". აფთიაქარმა ისევ გადაღვარა ცოტა ზეთი. "თუმცა სიდედრი ცოტა ხნის წინ სოფელში გაემგზავრა". ფარმაცევტმა ამჯერად ქილაში ზეთი დაამატა და მყიდველს უთხრა: "გადაიხადეთ სამი ლარი და ოცდაათი თეთრი და შეგიძლიათ, დალიოთ". მეორე დღეს აფთიაქში ტელეფონის ზარი გაისმა. ფარმაცევტმა ყურმილი აიღო და აღფრთოვანებული კლიენტის ხმა გაიგონა: "გენიოსი ხართ, ბატონო! სულ რაღაც ნახევარი მეტრით შეცდით!.."