როგორ ვმართოთ სისხლში ქოლესტერინის დონე
შედეგად სისხლძარღვის კედელი მაგრდება. იმ ადგილად, სადაც პროცესი უფრო აქტიურია, ჩნდება ფოლაქი - სქელი მოყვითალო კვანძი, რომელიც დროთა განმავლობაში წყლულდება. მას თრომბოციტები ეწებება და ყალიბდება თრომბი. თრომბს შეუძლია, ნაწილობრივ ან მთლიანად დაახშოს არტერიის სანათური. სისხლძარღვის დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მძიმე იქნება ასეთი მწვავე გადაკეტვის შედეგი. შესაძლოა, რომელიმე ორგანოს ინფარქტი ან ინსულტი ჩამოყალიბდეს. პირველ ეტაპზე ამასთან ბრძოლა შესაძლებელია დიეტით, ფიზიკური აქტიურობით და მედიკამენტებით. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებას არ მივაქცევთ, ათეროსკლეროზული ფოლაქი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გამკვრივდება, შეეზრდება სისხლძარღვის კედელს და გაქვავდება. გარდა ამისა, სისხლძარღვები ისე გამაგრდება და გაუხეშდება, რომ ნემსის გაკეთებაც კი გაჭირდება. გახსოვდეთ, ასეთი გაქვავებული ფოლაქების გაწოვა შეუძლებელია! ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ქოლესტერინისთვის მავნე ნივთიერების სტატუსის მინიჭება არ შეიძლება. ჩვენ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებთ - ის ხომ უჯრედის მემბრანის საშენი მასალაა და ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მონაწილეობს! უნდა გვახსოვდეს, რომ სახიფათოა სისხლში მისი მაღალი შემცველობა (ჰიპერქოლესტერინემია) და მის სხვადასხვა ფრაქციას შორის ბალანსის დარღვევა. ხალხში “ცუდ” ქოლესტერინად წოდებული დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი შეიძლება დაილექოს სისხლძარღვის კედელზე და გადაკეტოს ის. მაღალი სიმკვრივის ანუ “კარგ” ქოლესტერინს აქვს შებრუნებული მოქმედება - გამოაქვს სისხლძარღვზე დალექილი “ცუდი” ქოლესტერინი. რაკი ჩვენ საჭირო ქოლესტერინის 1/3-ს საკვებიდან ვიღებთ, ამიტომ სისხლში მისი დონის რეგულირებაც შეგვიძლია.
მთავარი იარაღი
ქოლესტერინი მომატებულად ითვლება, თუ მისი დონე სისხლში შეადგენს 220 მგ/დლ-ს. 250 მგ/დლ მკურნალობას საჭიროებს; 300 მგ/დლ-ზე უკვე ათეროსკლეროზის განვითარებაა მოსალოდნელი. დიეტა ქოლესტერინის მცირედი მატების შემთხვევაშიც კი აუცილებელია. თუ დიეტას ფიზიკურ დატვირთვას შევუთანხმებთ, გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ. ჩატარებულია უამრავი კვლევა, რომლებიც ამტკიცებს, რომ სისხლში ქოლესტერინის დონეს დიეტაზე მეტად ფიზიკური აქტივობა ამცირებს. ასე რომ, მოძრაობა აუცილებელია და იგი გულისხმობს კვირაში მინიმუმ 5-ჯერ 30-წუთიან სწრაფ სიარულს პულსის 70%-იანი მატებით. თუ პულსი სიარულის დასაწყისში 80-ია, ე.ი. სიარულის დროს მან წუთში 120-130 დარტყმამდე უნდა მოიმატოს. ამასთან, ყურადღება უნდა მიაქციოთ, ხომ არ გივარდებათ სწრაფი სიარული დროს ქოშინი ან ხომ არ გიჩნდებათ გულმკერდში სიმძიმის შეგრძნება. ამ ნიშნების შემჩნევისთანავე შეწყვიტეთ ვარჯიში და მიმართეთ კარდიოლოგს სტენოკარდიის გამოსარიცხად.
აბები თუ მცენარეები?
დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ასეთ ავადმყოფებს სტატინებს უნიშნავენ. მათ მიაკუთვნებენ ქოლესტერინის დამაქვეითებელი თვისებების მქონე პრეპარატების ჯგუფს. არსებობს სხვა ჯგუფის პრეპარატებიც. მათ, ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმი არჩევს. გასათვალისწინებელია გულის იშემიური დაავადების ხარისხი, ათეროსკლეროზის ხარისხი, ჰიპერტონია, დიაბეტის არსებობა და სხვა. გახსოვდეთ, ქოლესტერინის შემამცირებელი პრეპარატების მიღება დიდხანს არის საჭირო! მცენარეული პრეპარატებიდან სასარგებლოა სამყურაზე დამზადებული საშუალებები. იგი გამოირჩევა ძლიერი ანტისკლეროზული ეფექტით, უკუჩვენება კი პრაქტიკულად არ გააჩნია. მცენარეული საშუალებების მიღებაც ხანგრძლივად მოგიხდებათ. ათეროსკლეროზი პროგრესირებადი დაავადებაა და ადამიანის ამოცანაა, შეაჩეროს ეს პათოლოგიური პროცესი. გახსოვდეთ, ტაბლეტებზე, დიეტასა და ფიზიკურ დატვირთვაზე უარის თქმით პრობლემას განიახლებთ! ისიც უნდა ითქვას, რომ ტაბლეტებით, დიეტით თუ ფიზიკური დატვირთვით სისხლძარღვების ქოლესტერინისაგან ბოლომდე გაწმენდა პრაქტიკულად შეუძლებელია. ძლიერი დაზიანებების დროს ანგიოპლასტიკას მიმართავენ.
ის მაშინ კეთდება, როდესაც კორონარული სისხლძარღვები ათეროსკლეროზული ფოლაქებით 80-90%-ით არის დახშული. სისხლძარღვში კათეტერით შეჰყავთ სპეციალური ბალონი. ის აქ იბერება, მიჭყლეტს ფოლაქს და აღადგენს სისხლის მიმოქცევას. დაზიანებულ სისხლძარღვში კათეტერის საშუალებით იდგმება სტენტიც (სისხლძარღვის ერთგვარი კარკასი). სისხლის მიმოქცევის ამგვარად აღდგენა ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს და სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას აძლევს. თუ ბევრი სისხლძარღვია დაზიანებული, უნდა ჩატარდეს აორტოკორონარული შუნტირება. ამ დროს დაზიანებულ (დახშულ) სისხლძარღვში შეფერხებით გამდინარე სისხლის ნაკადისთვის აკეთებენ შემოვლით გზას. ამ შემოვლითი გზისთვის მასალად იყენებენ თავად პაციენტის სისხლძარღვს (მაგალითად, თეძოსას). ეს ავადმყოფს იცავს მიოკარდიუმის ინფარქტისგან და ამაღლებს მისი სიცოცხლის ხარისხს. მაგრამ თუ პაციენტს აქვს შორს წასული ათეროსკლეროზული პროცესი და სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, დროთა განმავლობაში შუნტშიც შეიძლება ათეროსკლეროზული ფოლაქი გაჩნდეს. სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად მიირთვით:
- თევზი, რომელიც შეიცავს სისხლში ქოლესტერინის შემცველობის შემამცირებელი, არტერიული წნევის დამწევი და თრომბების გაჩენისადმი მიდრეკილების შემაფერხებელი თვისებების ცხიმოვან მჟავებს. მიირთვით კვირაში 2-3 ულუფა (თითო ულუფა 200-400 გრამია) სარდინი, შპროტი, სკუმბრია, ქაშაყი და ორაგული. თინუსი, ვირთევზა და კამბალა კი შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით ჭამოთ.
- ინდაურის, ქათმის (გახსოვდეთ, ბატისა და იხვის ხორცი დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს!), ხბოსა და ახალგაზრდა ცხვრის მჭლე ხორცი. თევზიც და ხორციც უნდა იყოს მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული. ფრინველის ხორცს უნდა მოშორდეს კანი, რადგან მაქსიმალური რაოდენობით იქ არის დაგროვილი ქოლესტერინი და ცხიმი.
- მცენარეული პროდუქტები. ითვლება, რომ ჯანმრთელი ადამიანის ყოველდღიურ რაციონში რეგულარულად, მთელი წლის განმავლობაში უნდა შედიოდეს 400 გ ბოსტნეული (კარტოფილის გარდა) და ხილი. აქედან მესამედი მაინც უნდა იყოს უმი. მაგალითად, სასარგებლოა კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი. არ დაგავიწყდეთ თალგამი, რომელსაც ქოლესტერინის დონის დამწევი მოქმედება აქვს. ეფექტურია ბადრიჯანი და ნებისმიერი სხვა ბაღჩეული კულტურა: კიტრი, ყაბაყი, გოგრა. მცენარეული ზეთი (ზეითუნისა, მზესუმზირასი, სიმინდისა და სხვა) უქოლესტერინოა, მაგრამ გასათვალისწინებელია მისი მაღალი კალორიულობა.
- ჩვეულებრივი, არა სწრაფხსნადი ბურღულის ფაფები. არ გირჩევთ პაკეტებში, ქილებსა თუ ჭიქებში დაფასოებული პროდუქტის მოხმარებას, რადგან მათში ბევრია დანამატი და კონსერვანტი, განსაკუთრებით - ნატრიუმის გლუტამატი, რომელიც იწვევს გულისცემის გახშირებას და ოფლიანობას. უკეთესი იქნება, თუ ფაფას წყალზე მოამზადებთ.
- ბოსტნეულის წვნიანი.
- ნიგოზი და ნუშის გული.
- ჩირი - გაითვალისწინეთ, რომ ისიც საკმაოდ კალორიულია.
- მცენარეული ბოჭკო. იგი უხვადაა ცეხვილი ხორბლის პურში, ჭვავის პურში, ხილსა და ბოსტნეულში.
შეზღუდეთ, მაგრამ არ გამორიცხოთ:
- კვერცხი. ჰიპოქოლესტერინული დიეტით კვირაში მხოლოდ სამი კვერცხის მიღებაა რეკომენდებული. საკვები რაციონიდან კვერცხის სრულიად გამორიცხვას არ გირჩევთ, რადგან ის შეიცავს ანტიქოლესტერინულ ნივთიერებებსაც (ლეციტინს და სხვა).
- ნაღების კარაქი. დაახლოებით ორი ჩაის კოვზი (ორი ნაჭერი კარაქიანი პური) კარაქის მიღება ნებადართულია.
- რძის ნაწარმი უცხიმო ან გაუცხიმოებული უნდა იყოს - ცხიმიან სახეობებში შემავალი ქოლესტერინი ძალიან სწრაფად შეიწოვება, პრაქტიკულად, მიღებისთანავე ხვდება სისხლში.
- ყველი. უპირატესობა მიანიჭეთ 30%-ზე დაბალი ცხიმოვნობის სახეობებს - სულუგუნს, ბრინზას, ბალტიისპირულ ყველს.
გამორიცხეთ:
- მაიონეზი. სალათები შეანელეთ კეფირით, მაწვნით ან ნაკლებცხიმიანი არაჟნით.
- უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პური, ფუნთუშები, კრევეტები, ტორტი, ბისკვიტი, კანფეტი, ნაღების ნაყინი, ღორის ქონი, შაშხი, ლორი.
ქოლესტერინის შემცველობა პროდუქტებში (100 გ მგ-ში)
- საქონლის ხორცი - 94;
- ღორის ხორცი - 89;
- ხბოს ხორცი - 128;
ქათმის ხორცი (უკანოდ):
- ა. თეთრი ხორცი - 78,8;
- ბ. მუქი ხორცი - 89,2;
ინდაურის ხორცი:
- ა. თეთრი ხორცი - 59;
- ბ. მუქი ხორცი - 72;
- კვერცხის გული - 250;
- 3%-იანი ცხიმოვნობის რძე - 14;
- 1%-იანი ცხიმოვნობის რძე - 3;
- 18%-იანი ცხიმოვნობის ხაჭო- 57;
- უცხიმო ხაჭო - 9;
- 30%-იანი ცხიმოვნობის არაჟანი;
- 30% და მეტი ცხიმოვნობის ყველი - 91;
- 1 ჩაის კოვზი ხიზილალა - 30;
- ვირთევზას ღვიძლი - 746.