რას ვჭამთ და რას ვსვამთ
მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტების თაროები თუ ბაზრის დახლები სურსათით არის სავსე, საკმაოდ დიდხანს გვიწევს ფიქრი ჯანმრთელობისთვის ნაკლებსაზიანო პროდუქტების შესარჩევად.
"კაცმა არ იცის, რას ვჭამთ და რას ვსვამთ", - სულ უფრო ხშირად გვესმის ახლობლებისა თუ სრულიად უცნობი ადამიანებისგან. არადა, სურსათზე, რომელიც საბოლოოდ ბინას ჩვენს ორგანიზმში იდებს, უშუალოდ არის დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა, ცხოვრების ხარისხი და ხვალინდელი დღე.
რაში გვჭირდება საკვები
ორგანიზმში მოხვედრილი საკვები 4 ძირითად ფუნქციას ახორციელებს:
1. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი რთულ ბიოქიმიურ გარდაქმნებს განიცდის, რომელთა შედეგადაც გამოთავისუფლებული ენერგია გეგმაზომიერად იხარჯება სხვადასხვა მიზნით;
2. ხელს უწყობს სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას;
3. მისი წყალობით ნორმალურად ფუნქციობენ შინაგან ორგანოთა სისტემები, მათ შორის - გული, სასუნთქი აპარატი, სისხლის მიმოქცევის სისტემა, ნერვული სისტემა;
4. საკვების ბიოქიმიურ გარდაქმნათა შედეგად გამოთავისუფლებული ენერგიის ყველაზე დიდი ნაწილი შრომისას იხარჯება.
ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ საკვების გარეშე ორგანიზმის სრულიად მარტივი ფუნქციების განხორციელებაც კი წარმოუდგენელია. ამ ფუნქციათა სათანადოდ შესასრულებლად აუცილებელია, ადამიანმა ხარისხიანი, სასარგებლო საკვები მიირთვას, ისეთი რაციონი ჰქონდეს, რომელშიც ოპტიმალურად ეფარდება ერთმანეთს მთავარი საკვები ნივთიერებები: ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკრო- და მაკროელემენტები.
ცილები - ცილა უჯრედების ძირითადი საშენი მასალაა. მისი უკმარისობა იწვევს სხეულის ზრდისა და განვითარების შეფერხებას, თმისა და ფრჩხილების ფორმის შეცვლას, კანის შესახედაობის გაუარესებას. ცილებით მდიდარია ხორცი (ქათმის, საქონლის, ცხვრის, კურდღლის, ინდაურის, ღორის), რძის ნაწარმი, პარკოსნები.
ცხიმები - ცხიმები მცენარეულიც არსებობს და ცხოველურიც. ორივეს შეუძლია როგორც სარგებლობის მოტანა, ისე ზიანის მიყენება. განსაკუთრებით მავნეა ნამწვი, ანუ ერთხელ უკვე გამოყენებული ცხიმი. დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ კანცეროგენადაა აღიარებული.
ნახშირწყლები - ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა, სწორედ ეს ნაერთები გვაძლევენ აქტიური ცხოვრების შესაძლებლობას. ადამიანი თითქმის ყოველთვის იმაზე მეტ ნახშირწყალს მოიხმარს, ვიდრე ხარჯავს, ჭარბ და ზედმეტ ენერგიას კი ორგანიზმი მარაგად ინახავს კანქვეშა ცხიმოვანი ნაკეცების სახით. ნახშირწყლები ყველაზე მეტად ტვინს სჭირდება. სწორედ ამიტომ მიირთმევენ გონებრივად მომუშავენი ყველაზე მეტ ტკბილეულს.
როგორ მივიღოთ
ცილები. ცილებით მდიდარ საკვებს ყველაზე უკეთესად ეთვისება წვნიანი ხილი და ბოსტნეული, შედარებით უარესად - ნახშირწყლებითა და სახამებლით მდიდარი სურსათი, ცუდად - ჭარხალი, თალგამი, გოგრა, სტაფილო, კარტოფილი, ბურღულის ფაფა.
ცხიმები. ცხიმების უმრავლესობა ადვილად მოსანელებელია და ადვილადაც რჩება ორგანიზმში, ამიტომ გირჩევთ, ნაკლებცხიმიანი საკვები მიირთვათ. 100 გრამი კარაქის ენერგეტიკული ღირებულება 750 კილოკალორიაა, ერბოსი - 880, ღორის ქონი კი 840 კკალორიას გვაძლევს.
ნახშირწყლები. ერთ ჯერზე არ არის სასურველი ორი ან მეტი სახის სახამებლიანი საკვების, მაგალითად, პურის, კარტოფილისა და ფაფის, ან ფაფისა და პურის მიღება. ისინი, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ძნელად ეთვისებიან, იწვევენ ენერგეტიკულ სიჭარბეს და წონის მატებას.
სახამებლით მდიდარი საკვების მიღება დღის პირველ ნახევარში სჯობს. რაც შეეხება ნახშირწყლებით მდიდარ ხილს, მისი მიღება არ შეიძლება ჭამასა და ჭამას შორის შუალედში - კუჭსა და წვრილ ნაწლავებში არსებულ ადრე მირთმეულ საკვებს ერევა ადვილად მოსანელებელი ხილი, რაც, საბოლოო ჯამში, ართულებს და არღვევს საჭმლის მონელებას. ხილის ჭამა სჯობს ცალკე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ამ ხნის განმავლობაში ის მოასწრებს წვრილ ნაწლავებში გადასვლას და მონელებას.
სწორი კვება
სწორი კვების ნორმირებისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ადამიანის საქმიანობა. გონებრივად მომუშავენი ცოტას მოძრაობენ, მაგრამ მათი ტვინი დიდ ენერგიას ითხოვს, ამიტომ მათ ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს 100-110 გ ცილა, 80-90 გ ცხიმი და 300-350 გ ნახშირწყალი.
ფიზიკურად მომუშავეებს ყველაზე დიდი ენერგია კუნთებში ეხარჯებათ, ამიტომ მათთვის აუცილებელია 115-120 გ ცილა, 80-90 გ ცხიმი და 400 გ ნახშირწყალი ყოველდღიურად. გარდა ამისა, ყოველდღე უნდა მიირთვან ვიტამინებითა და მცენარეული უჯრედისით მდიდარი ხილი და ბოსტნეული.
ადამიანის ნორმალური რაციონი
ჯანმრთელი ადამიანის ოპტიმალური რაციონი შერეულია. ის შეიცავს როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმოშობის სურსათს: ხორცს, თევზს, რძის ნაწარმს, ხილსა და ბოსტნეულს. ხილი და ბოსტნეული მიზანშეწონილია ნატურალური, ცოცხალი მივირთვათ. ნახშირწყლებით მდიდარი საკვები (ცომეული და ტკბილეულობა) აცხრობს შიმშილს, მაგრამ ნაკლებად მარგებელია, ამიტომ ჯობს, რაციონში შაქრისა და ცომეულის შემცველობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.
საშუალო ასაკის ადამიანს (35-40 წელი), რომლის წონაა 70-75 კგ, დღე-ღამეში სჭირდება 16,06% ცილა, 10,95% ცხიმი, 72,99% ნახშირწყალი.
როდის ხდება საკვები მავნებელი
ბევრს ჰგონია, რომ მავნეა მხოლოდ უხარისხო, ვადაგასული საკვები. არადა ზიანის მიყენება ხარისხიან საკვებსაც შეუძლია, თუ მას არასათანადო დროს, არასათანადო რაოდენობით და არასასურველი კომბინაციით მივიღებთ.
ორგანიზმში მოხვედრილი სურსათიდან საკვები ნივთიერებების სრულფასოვანი მონელება და შეწოვა რომ მოხდეს, ამისთვის აუცილებელია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებობდეს სათანადო გარემო საკვების დამშლელ-მომნელებელი ფერმენტებით. ყოველი ტიპის საკვები მისთვის დამახასიათებელ გარემოსა და ფერმენტულ არეს საჭიროებს, ამიტომ ხშირად, როდესაც კუჭში ერთდროულად რამდენიმე ტიპის რადიკალურად განსხვავებული პროდუქტი ხვდება, ორგანიზმი იბნევა და ვერ ახერხებს მათ სათანადო მონელებას, რაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გაურკვევლობას იწვევს და საბოლოოდ რომელიმე პათოლოგიურ პროცესს უდებს სათავეს. ასე, მაგალითად: ცილების მონელებას კუჭში 1,5-2 საათი სჭირდება, ნახშირწყლებისას - გაცილებით ნაკლები, 25-30 წუთი. როდესაც კუჭში უწესრიგოდ და დიდი ოდენობით იყრის თავს სხვადასხვა სახის პროდუქტი, ეს ორგანო იძულებული ხდება, ერთდროულად გამოიმუშაოს მჟავა და ტუტე ფერმენტთა დიდი ულუფები, რომლებიც ერთმანეთს ანეიტრალებენ და ფუნქციათა განხორციელებაშიც უშლიან ხელს. იმის გამო, რომ ნახშირწყლები კუჭში მცირე ხანს ყოვნდებიან, თორმეტგოჯა ნაწლავში პრაქტიკულად მოუნელებელნი გადადიან და თან ცილების მოუნელებელი ნარჩენებიც მიაქვთ.
საკვების მოუნელებელი ნაწილები თავს იყრის მსხვილ ნაწლავებში, სადაც მათი გადამუშავება ფერმენტთა უქონლობის გამო ვერ ხერხდება და მოუნელებელი გროვები შეკრულობას იწვევს. გარდა ამისა, ორგანიზმი წვრილ და მსხვილ ნაწლავებში არსებული ქიმუსიდან, ჩვეულებისამებრ, საჭირო ნაერთების ათვისებას იწყებს. მათთან ერთად შეიწოვება მოუნელებელი ნაერთები, რომლებიც უკვე მავნეა, წამლავს ორგანიზმს, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ასუსტებს იმუნიტეტს და აქვეითებს ორგანიზმის თავდაცვით პოტენციალს.
ხანგრძლივი დაუბალანსებელი და არასწორი კვება აჩქარებს დაბერებას, ამასთანავე, დაუჟანგავი ცილები და ნახშირწყლები ორგანიზმში ცხიმებად ლაგდება და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, რასაც საბოლოოდ სიმსუქნემდე და სხვა პათოლოგიებამდე მივყავართ.
საკვების მავნეობას ხელს უწყობს ზოგიერთი ხალხის ეროვნული სამზარეულო და კვებითი თავისებურებები. ჩვენში ასე გავრცელებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, ღვიძლის პათოლოგიები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სწორი ნაწლავის პათოლოგიები ეროვნული კვებისთვის დამახასიათებელი სწორედ ისეთი თავისებურებების დამსახურებაა, როგორებიც არის:
1. საკვების მრავალფეროვნება;
2. სადილების მომზადების შედარებით სწრაფი მეთოდები;
3. მთელი წლის განმავლობაში ცხარე და არომატული სანელებლების დიდი რაოდენობით ხმარება როგორც საუზმეზე, ისე სადილსა და ვახშამზე;
4. ღვინის, არაყის, სხვა სახის ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტი და ასევე ფართო გამოყენება;
5. ხორცის, თევზის, რძის ნაწარმის, ხილისა და ბოსტნეულის, სხვადასხვა სახის სანელებლიანი, ნიგვზიანი და თხილიანი კერძების ერთდროულ გამოყენებას ჩვენი კულტურა არ კრძალავს, რაც იწვევს ნაირ-ნაირი საკვების არარაციონალურ და არათანამიმდევრულ მიღებას, კუჭ-ნაწლავის ფუნქციათა მოშლას, ქრონიკულად მოავადეებში - მიძინებული დაავადებების გამოღვიძება-გამწვავებას, რაც ხშირად არასასურველი შედეგით სრულდება.