ორსულთა კვება მთელი მეცნიერებაა. ყველაფერს, რაც ზრდისა და განვითარებისთვის სჭირდება, ნაყოფი დედის სისხლიდან იღებს: ცილებს, ცხიმებს, ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, ფოსფორსა და სხვა მინერალებს. მაშასადამე, ორსულობის დროს კვებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორჯერ მეტი საკვები მივიღოთ. ეს უფრო საკვების ხარისხს ეხება: დედაც და ბავშვიც საკმაო რაოდენობით უნდა იღებდნენ ყველა საჭირო ნივთიერებას. გვესაუბრება ქალთა მე-10 კონსულტაციის მეან-გინეკოლოგი მზია დევდარიანი.
- ქალმა შეიტყო, რომ ორსულადაა. როგორ უნდა მოიქცეს ის ამის შემდეგ, შეცვალოს თუ არა თავისი ჩვეულებრივი რაციონი?
რჩევები ორსულთათვის
კვების ისეთი რეჟიმი უნდა შეირჩეს, რომ ორგანიზმი არ გადაიტვირთოს საკვებით - ეს დისკომფორტს შეგიქმნით. საჭიროა კვება მცირე
- როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი და რომელი საკვებია სასურველი ორსულობის პირველ ნახევარში?
- ორსულობის პირველ ნახევარში ქალის კვება არაორსულის კვებისგან მცირედით განსხვავდება, მაგრამ საკვები აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი და სათანადო ოდენობით შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და მინერალურ ნივთიერებებს. ორსულობის პირველი ნახევრის სადღეღამისო რაციონის ენერგეტიკული ღირებულება 2400-2700 კკალ-ს უნდა უტოლდებოდეს. საკვები მდიდარი უნდა იყოს სრულფასოვანი ცილებით. ცილები ორგანიზმის ძირითადი სამშენებლო მასალაა. ორსულობის დროს მათზე მოთხოვნა დღეში 100 გრამამდე იმატებს. ცილის ძირითადი წყაროა ხორცი. უმჯობესია მისი მიღება მოხარშული სახით. ცილით მდიდარია აგრეთვე ფრინველი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, კაკალი. გარდა ამისა, ორსულმა ყოველდღე უნდა მიირთვას ხაჭო, არაჟანი, ყველი, რძე. ცილების 60% ცხიმოვანი წარმოშობისა უნდა იყოს. ნახშირწყლები ენერგიის ძირითადი წყაროა. ამ ნივთიერებებით მდიდარია პურ-ფუნთუშეული, ბურღულეული, ტკბილეული. ნახშირწყლებზე მოთხოვნა ორსულობისას დღეში 400 გრამამდე იმატებს, მაგრამ თუ ქალი მსუქანია, უმჯობესია, ისინი მიიღოს სახამებლის ხარჯზე, რომელიც ცეხვილი ჭვავის პურში შედის. დღეში 100 გ პური 70%-ით უზრუნველყოფს ქალის ორგანიზმს სახამებლით. დანარჩენ 30% მიიღეთ ხილის ხარჯზე. როდესაც ამა თუ იმ მიზეზით ვითარდება ნახშირწყლების დეფიციტი, ორსულის ორგანიზმი ენერგიის წყაროდ იყენებს ცილებს, ამიტომ ეს უკანასკნელნი ნაყოფს შემცირებული რაოდენობით მიეწოდება. შედეგად უარესდება მისი განვითარება. გარდა ამისა, მცირდება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა, იმუნიტეტი, უარესდება ნერვული სისტემის მუშაობა. ნახშირწყლები უმჯობესია მიიღოთ იმ პროდუქტებიდან, რომლებიც მდიდარია უჯრედისით. ასეთია პური, ხილი, ბოსტნეული. შაქრის ოდენობა დღეში 40-50 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ცხიმებიც ენერგიის წყაროა. გარდა ამისა, ისინი მონაწილეობენ პროსტაგლანდინების წარმოქმნაში. პროსტაგლანდინები ნივთიერებებია, რომლებიც გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის მუშაობაზე, მონაწილეობს სამშობიარო მოქმედებაში. ორსულობისას ცხიმების დღიური ულუფა 80 გრამია. აქედან 30% მცენარეული უნდა იყოს. ამისთვის საკმარისია, მიიღოთ დღეში 25-30 გრამი მცენარული ზეთი. თუ სიმსუქნისკენ ხართ მიდრეკილი, მოგიწევთ შეამციროთ ცხიმის მიღება, მაგრამ პროცენტული თანაფარდობა შეინარჩუნოთ, რადგან ცხიმები არა მარტო ენერგიის წყაროა, არამედ უჯრედთა სამშენებლო მასალაც არის. ცხოველური ცხიმებიდან რეკომენდებულია ძროხის კარაქი. ნუ მიეძალებით ცხვრისა და ღორის ცხიმს, აგრეთვე მარგარინს.
- რას გვეტყვით ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შესახებ?
- ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარია ბოსტნეული, ხილი და მწვანილი. ორსულობის მეორე ნახევარში ვიტამინებზე მოთხოვნილება 20-30%-ით იმატებს. სასურველია, რაციონს დაემატოს ასკილის ნახარში, ზამთარში და გაზაფხულზე კი მიიღოთ პოლივიტამინური კომპლექსები, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ვიტამინების ჭარბი გამოყენება მავნეა. ორსულობისას იზრდება მინერალური ნივთიერებების მოთხოვნილებაც: კალციუმისა - 1 გრამამდე, ფოსფორისა - 1,5 გრამამდე, მაგნიუმისა - 0,45 გრამამდე. მნიშვნელოვანია რკინის მიღებაც - 20 მგ-მდე დღეში. თუ რაციონში საკმარისი რაოდენობით არის ხორცი, თევზი, ხილი, კენკრა, ორგანიზმი იღებს მინერალების დღიურ ნორმას. კალციუმის საუკეთესო წყაროა რძე და რძის ნაწარმი, ლობიო, კომბოსტო, მწვანილი (ოხრახუში, კამა) და კვერცხის გული. დღეში 100 გრამი ყველის, 0,5 ლ რძის ან ამდენივე კეფირის მიღებით თქვენ მიიღებთ კალციუმის სადღეღამისო ნორმას. ფოსფორით მდიდარია გორბუშა, სკუმბრია, ვირთევზას ღვიძლი, გამომშრალი სოკო, მწვანე ბარდა, შავი ხიზილალა. უნდა გაითვალისწინოთ რომ ცხოველური პროდუქტებიდან ნაწლავებში ფოსფორის 70% შეიწოვება, მცენარეულიდან - მხოლოდ 40%. მაგნიუმით მდიდარია მცენარეული სურსათი, განსაკუთრებით - ზღვის კომბოსტო, საზამთრო, ხორბლის ქატო, შვრიის, ფეტვისა და ქერის ბურღული, ლობიო, ბარდა, წიწიბურა, სკუმბრია, კალმარი, კვერცხი. რაციონში 1 კვერცხის, 100 გ ცეხვილი პურის, 200 გ ჰერკულესის რძიანი ფაფის (50 გ ბურბუშელა + 150 გ რძე), 100 გრამი საზამთროს ჩართვით მიიღებთ მაგნიუმის სადღეღამისო ნორმას - 0,45 გრამს. მსუბუქი ადრეული ტოქსიკოზის დროს რეკომენდებულია მკაცრი შეზღუდვით (20-25%) მიიღოთ ნახშირწყლები და გაზარდოთ სუფრის მარილის ოდენობა (15 გრამამდე). საკვები კარგად მოხარშეთ, მიიღეთ უმთავრესად გახეხილი, 2-3-საათიანი ინტერვალებით, მცირე ულუფებით და ოდნავ შემთბარი. სითხე არ იზღუდება, მაგრამ უნდა მიიღოთ მცირე ულუფებით - 50-100 მლ. ორსულს დიდი რაოდენობით სჭირდება რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა. კალციუმით მდიდარია რძის ნაწარმი, რკინით - პარკოსნები, ფოთლოვანი ბოსტნეული, რძე, კვერცხი, ხორცი, თევზი, შინაური ფრინველი, ფოლიუმის მჟავათი - თეთრი გაფუებული პური, პარკოსნები, კვერცხი, ჭარხალი, კომბოსტო, ბარდა და პომიდორი. თუ ამ ნივთიერებებს საკვებთან ერთად საკმარისი რაოდენობით ვერ იღებთ, მაშინ ექიმი გამოგიწერთ ორსულებისთვის განკუთვნილ ვიტამინურ პრეპარატებს.
- რას გვეტყვით ორსულობის მეორე ნახევარზე, რა თავისებურება ახასიათებს ამ დროს რაციონს და როგორ ნაწილდება საკვები?
- ორსულობის მეორე ნახევარში ნაყოფი სწრაფად იზრდება, იმატებს დატვირთვა დედის ორგანოებზე, ამიტომ საკვების რაოდენობაც უნდა გაიზარდოს. ორსულის სადღეღამისო რაციონის ენერგეტიკული ღირებულება 2800-3000 კკალ-ს უნდა გაუტოლდეს.