სწორად შევარჩიოთ ბავშვის საკვები
ეს მასალა, საკვები, სასარგებლოც შეიძლება აღმოჩნდეს და მავნეც.
სწორად ვკვებავთ თუ არა ჩვენს შვილებს, ვიცით თუ არა, რა არის სასარგებლო და რა - მავნებელი მათი ორგანიზმისთვის? ამის შესახებ პედიატრი მაია მუზაშვილი გვესაუბრება.
- ჩვილისთვის საუკეთესო საკვებია დედის რძე. პირველი ექვსი თვის განმავლობაში იგი მხოლოდ დედის რძით იკვებება. ამდენად, მნიშვნელოვანია თვით მეძუძური დედის კვებაც.
როგორ უნდა იკვებებოდეს დედა, რომ საკვებმა მასაც და მის პატარასაც სარგებლობა მოუტანოს?
- ლაქტაციის ანუ ძუძუს წოვების პერიოდში ქალს ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია: ერთი მხრივ - საკუთარი, მეორე მხრივ კი ბავშვის ჯანმრთელობის გამო. დედის რძის ხარისხი და რაოდენობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
მცდარია აზრი, რომ მეძუძურმა დედამ თავი უნდა არიდოს ზოგიერთი პროდუქტის, მაგალითად, წითელი და ყვითელი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას და სხვა. მეძუძური დედის რაციონი კალორიული უნდა იყოს - ჩვეულებრივზე 500-700 კკალ-ით მეტი, ამიტომ ძუძუს წოვების პერიოდში გასახდომად დიეტის დაცვა დაუშვებელია. რაციონის კალორიულობა აუცილებელია, რათა ერთდროულად უზრუნველყოს ორი ორგანიზმი - დედისა და ჩვილისა.
- როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი?
- მეძუძური ქალისთვის რეკომენდებულია კვება დღეში რამდენიმეჯერ, მცირე ულუფებით, რათა მისმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტმა საკვების სათანადოდ გადამუშავება და მონელება შეძლოს. საკვების მოუნელებლობა დისკომფორტს ჰგვრის როგორც დედას, ასევე ჩვილს - იწვევს მუცლის შებერვას, ჭირვეულობას, უძილობას და სხვა. სასურველია, ჩვილის კვებამდე დედამ თვითონაც წაიხემსოს - მიჩნეულია, რომ ეს ხელს უწყობს რძის მომატებას. ასეთი რეჟიმი დედისთვისაც ხელსაყრელია - მიირთვას მაშინ, როცა პატარას ჯერ კიდევ სძინავს. ეს მას მშვიდად ჭამის საშუალებას მისცემს.
- რატომ უნდა იყოს საკვები მრავალფეროვანი?
-თუ მეძუძური დედის რაციონს ესა თუ ის სასარგებლო პროდუქტი დააკლდა, ამან შესაძლოა როგორც დედის, ასევე ჩვილის ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობა - ავიტამინოზი გამოიწვიოს. ამიტომ მენიუ არ უნდა იყოს ერთფეროვანი. არ არის რეკომენდებული მონოდიეტა - რომელიმე სახეობის პროდუქტის რაციონიდან ამოღება, თუნდაც მოკლე ხნით. ამან შესაძლოა დედის რძეში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების ნაკლებობამდე მიგვიყვანოს, და თუ მოზრდილის (დედის) ორგანიზმს კიდევ შეუძლია ასეთი სტრესული სიტუაციის დაძლევა, ჩვილისთვის ეს საზიანოა. გარდა ამისა, არასრულფასოვანი რძის მიღებაზე ბავშვმა შესაძლოა უარი განაცხადოს. ამ შემთხვევაში საჭირო გახდება მისი ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა, რაც გაზრდის კუჭ-ნაწლავისმხრივი პრობლემების წარმოშობის რისკს. ეს არც ფინანსურად არის მომგებიანი ოჯახისთვის - ბავშვთა საკვები ნარევები არცთუ იაფია! ამრიგად, დედის სრულყოფილ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვილის ნორმალური განვითარებისთვის.
რაც შეეხება შეზღუდვებს ამა თუ იმ სახეობის პროდუქტზე, საჭიროა, შევცვალოთ მიდგომა. მაგალითად, ქორფა კიტრი კი არ ავუკრძალოთ, არამედ მცირე ულუფებით შევაძლიოთ და თანდათან შევაჩვიოთ. ეს არის ძირითადი პრინციპი დედის კვებისა, განსაკუთრებით - პირველი 3-4 თვის განმავლობაში, როდესაც დიდია ჩვილებში კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევისა და კოლიკის (ჭვლის) აღმოცენების ალბათობა.
- რამდენი სითხე უნდა მიიღოს მეძუძურმა დედამ?
- მშობიარობის დროსაც და მის შემდეგაც ქალის ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. აუცილებელია მარაგის შევსება, რათა არ მოხდეს ორგანიზმის გაუწყლოება-გამოშრობა. მით უფრო, რომ რძის ოდენობა მიღებული სითხის ოდენობაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელი ადამიანი დღის განმავლობაში უნდა იღებდეს მინიმუმ 1-1,5 ლ სითხეს, ზაფხულში - უფრო მეტს, მეძუძური ქალი კი ჩვეულებრივზე 2-ჯერ მეტ სითხეს საჭიროებს. დადასტურებულია, რომ თუ ძუძუს მიცემამდე 20 წუთით ადრე დედამ 1 ჩაის ჭიქა სასმელი წყალი მიიღო, რძე გაცილებით მეტი ექნება.
- რისგან უნდა შედგებოდეს დედის რაციონი?
- მეძუძური დედის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხორცი (ეს პირობა სირთულეს უქმნის ვეგეტარიანელ დედებს). ხორცი უნდა იყოს ნაკლებცხიმიანი, უმჯობესია ხბოსი, ქათმისა (თეთრი), მოხარშული და არა შემწვარი. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილის შემცველი სხვა ნაწარმითაც - რძის ნაწარმით, კვერცხით, თევზით. თევზიც ნაკლებცხიმიანი და მოხარშული ჯობს. გარდა ცილებისა, ის აუცილებელ ვიტამინებსაც შეიცავს.
რძის ნაწარმი რაციონის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. რძე და რძემჟავა ნაწარმი უხვად შეიცავს ცილებსა და კალციუმს. დედისა თუ მოზარდი ორგანიზმისთვის ამ ელემენტის მნიშვნელობაზე აღარ შევჩერდებით, თუმცა შეგახსენებთ, რომ მხოლოდ მისი მეშვეობით არის შესაძლებელი რაქიტის თავიდან აცილება. მცდარია შეხედულება, რომ თუ ბავშვს ყიფლიბანდი ნაადრევად დაეხურა, ეს რძის ნაწარმის ბრალია. არადა ამის გამო ხშირად დედასაც და შვილსაც უზღუდავენ რძის ნაწარმს, ხაჭოს.
დედისა და ჩვილისთვის სასარგებლოა რძემჟავა ნაწარმიც - მაწონი, კეფირი, ხაჭო, არაჟანი. ეს პროდუქტები, გარდა იმისა, რომ კალციუმის წყაროდ ითვლება, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მუშაობას, აუმჯობესებს მონელებას, ჩვილი ნაკლებად არის მიდრეკილი შეკრულობისა და ჭვლისადმი. მაგრამ ყველაფერში საჭიროა ზომიერება! მაგალითად, არ არის სასურველი დღეში 500-700 მლ-ზე მეტი რძის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ბავშვს ალერგიული რეაქციები განუვითარდეს.
აუცილებელია, დედის რაციონი გამდიდრებული იყოს უჯრედისის შემცველი ნაწარმით: ხილით, ბოსტნეულით, ბურღულით. ვერც ერთი სინთეზური პოლივიტამინი ვერ გაუწევს კონკურენციას ნატურალურ ხილსა და ბოსტნეულს!
რაც შეეხება ფაფებს, ისინი აუცილებელია არამხოლოდ ჩვილებისათვის. მეძუძური დედის კვება სრულფასოვანი და დაბალანსებული უნდა იყოს.
- რა არ უნდა შედიოდეს მეძუძური დედის რაციონში, რა ავნებს მის ორგანიზმს?
- მეძუძური დედის კვების რაციონზეა დამოკიდებული ბავშვის ჯანმრთელობა, ამიტომ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომელი ნაწარმია პოტენციურად მავნე ბავშვის ორგანიზმისთვის. სასურველია, მეძუძური დედის რაციონიდან მთლიანად გამოირიცხოს მლაშე და ცხიმიანი საკვები, ასევე - შაშხი, კონსერვები, სანელებლები, ხახვი, ნიორი (შესაძლოა, რძეს მისცეს სპეციფიკური სუნი). შეზღუდული ოდენობით უნდა მიიღოს ნაწლავებში დუღილის გამაძლიერებელი საკვები - ცომეული, ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი, ყურძენი.
პედიატრები მეძუძურ დედებს ერთმნიშვნელოვნად უკრძალავენ ტროპიკული ხილისა და ციტრუსების მიღებას, მაგრამ თუ ცოტაოდენ ფორთოხალს ან მანდარინს მიირთმევთ, ვფიქრობ, ეს ზიანს არ მოგიტანთ. ძლიერ ალერგენებად მიიჩნევა მარწყვი, არაქისი, შოკოლადი, ყავა, ამიტომ მათ მიღებას ქალმა თავი უნდა აარიდოს. შეზღუდვა ეხება გაზიან სასმელებსაც, როგორც ტკბილს, ასევე მინერალურს. იაფფასიანი ლიმონათები დიდი რაოდენობით შეიცავს კონსერვანტებსა და საღებავებს, რომლებიც იოლად გადადის დედის რძეში. ხილის მზა წვენები, რომლებიც მაღაზიებში იყიდება, ზომიერად უნდა ვსვათ. მათგან ყველაზე სასარგებლოა მწვანე ვაშლის წვენი. თავი არიდეთ ყურძნის, ტომატის, ციტრუსების წვენებს. უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლი - იგი იოლად აღწევს დედის რძეში და ჩვილის ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას იწვევს, რასაც ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებამდე მივყავართ. იგივე ითქმის ნიკოტინსა და ნარკოტიკებზე. არ გირჩევთ მაგარი ყავისა და ჩაის სმას. თვით მწვანე ჩაიც კი უფრო მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე სუსტი, ბაცი ყავა, ამიტომ რაციონში მისი შეტანისას იყავით ფრთხილად - მან შესაძლოა ჩვილის ნერვულ სისტემას ავნოს.
- მეძუძურ დედებს ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ - თუ მსახურობენ, იძულებულნი არიან, უკვე მეოთხე თვეს დაუბრუნდნენ სამსახურს. როგორ დავეხმაროთ მათ?
-მეძუძურ დედასაც აქვს უფლება, სრულფასოვნად იცხოვროს, იაროს სამსახურში, შეხვდეს მეგობრებს. თუ ქალი მსახურობს, მაგრამ მხოლოდ რვა საათით გადის შინიდან, ჩვილს ფაქტობრივად მხოლოდ ერთი კვება უცდება. ეს პრობლემა 6-7 თვემდე გასტანს. როგორც კი პატარა დამატებითი საკვების მიღებას დაიწყებს, დედას მდგომარეობა შეუმსუბუქდება. დამატებით საკვებს - ბოსტნეულის პიურეს ან ფაფას - ჩვილი მიიღებს შუადღისით, როცა დედა სამსახურშია, მანამდე კი შეგიძლიათ რძე გამოიწველოთ და ბავშვის მომვლელს დაუტოვოთ. თუ სწორად შეინახავთ, გამოწველილი რძე დროულ ახალშობილს შეგიძლიათ მეექვსე დღიდან მისცეთ.
- როგორ შევინახოთ გამოწველილი რძე, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს?
- ამისთვის საჭიროა, დაიცვათ ჰიგიენის მარტივი წესები:
- გამოწველის წინ ხელები საპნით დაიბანეთ.
- გამოსაწველი აპარატი წინაწარ გარეცხეთ საპნითა და თბილი წყლით.
გამოწველილმა რძემ სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, დაიხსომეთ:
- 15 გრადუს ტემპერატურაზე რძე 24 საათს ძლებს;
- 19-20 გრადუსზე - მხოლოდ 10 საათს;
- 25 გრადუსზე - 4 საათს;
- მაცივარში 4 გრადუსზე - 8 დღეს;
- მაცივრის საყინულეში, რომელსაც ცალკე კარი აქვს - 3 თვეს.
- რა ნაკლი აქვს გამოწველილი რძით კვებას?
- გამოწველილ რძეს ჩვილი, რა თქმა უნდა, საწოვრიანი ბოთლით სვამს, საწოვარას წოვა კი გაცილებით იოლია, ვიდრე ძუძუსი. ეს პაწიებს აზარმაცებს და ისინიც ძუძუზე უარს ამბობენ, რაც ვნებს ლაქტაციას - რძის წარმოქმნის პროცესს. რძის უკმარსობის გამო დედა იძულებული ხდება, ჩვილი შერეულ კვებაზე გადაიყვანოს.
სამსახურებრივი დატვირთვა, გადაღლა, სტრესული სიტუაციები თავისთავადაც ამცირებს რძის გამოყოფას. უნდა გვახსოვდეს, რომ რძის ქონა-უქონლობა არა მხოლოდ დედის სურვილზე, არამედ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობაზე, ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. ასე რომ, გამოწველილი რძით კვება, ლაქტაციის შემცირება, შერეულ კვებაზე გადასვლა ერთმანეთს ჯაჭვის რგოლებივით ებმის.
- 5-6 თვიდან, როცა ბავშვი შერეულ კვებაზე გადაგვყავს, რომელ პროდუქტს უნდა მოვარიდოთ?
- დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე ბავშვების რაციონი უჯრედისის დეფიციტს განიცდის. სწრაფი მომზადების ფაფები ამ საკვებ ბოჭკოს უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს. თუ ჩვილს რეგულარულად აჭმევთ ასეთ ფაფებს, რაფინირებულ და დაკონსერვებულ ხილფაფებს, ადრეული ასაკიდანვე შეეჯახებით სერიოზულ პრობლემას - შეკრულობას (ყაბზობას). საზოგადოდ კი ჯანმრთელობისთვი საშიშია ყველა ის პროდუქტი, რომელიც შეიცავს:
- ნატრიუმს, ნიტრატებსა და ნიტრიტებს;
- საღებავებსა და სხვა საკვებ დანამატებს;
- ჰიდროგენიზებულ ცხიმებს;
- შაქარს.
გარდა ამისა, ორგანიზმისთვის ნაკლებად მარგებელია ნაწარმი, რომელიც მრავალსაფეხურიან დამუშავებას გადის, ზედმეტად რაფინირებულია. რაც უფრო ნაკლებად დამუშავებულია, ანუ რაც უფრო საღია საკვები, მით უფრო სასარგებლოა იგი ორგანიზმისთვის.
მავნე პროდუქტების მიახლოებითი ნუსხა კი ასეთია:
- შებოლილი ხორცი, სოსისი, ძეხვი - შეიცავს ნატრიუმს, ნაჯერ ცხიმებს, ნიტრატებსა და ნიტრიტებს, საკვებ საღებავებს;
- კარტოფილის ჩიპსები და არომატიზებული ორცხობილა - შეიცავს ჰიდროგენიზებულ ცხიმებს, მავნე საკვებ დანამატებს და ბევრ მარილს;
- გაზიანი სასმელები - შეიცავს ბევრ შაქარს, კოფეინს და საკვებ საღებავებს;
- დამტკბარი მზა, სწრაფი მომზადების ფაფები - შეიცავს ჰიდროგენზირებულ ცხიმებს და საკვებ საღებავებს;
- ხილის ტკბილი სასმელები - შეიცავს საკვებ საღებავებს და ძალიან ბევრ შაქარს;
- კანფეტები და მსგავსი ტკბილეული - შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, არცთუ იშვიათად - საკვებ საღებავებს;
- თევზისა და ხორცის კონსერვები - შეიცავს დიდი რაოდენობით მარილსა და კონსერვანტებს;
- შემწვარი საკვები - შეიცავს კანცეროგენებსა და ტოქსინებს;
- სწრაფი მომზადების სუპები (კუბიკები) - შეიცავს დიდი რაოდენობით კონსერვანტებს, მავნე საკვებ დანამატებს;
- ე.წ მკვდარი ნაწარმი: თეთრი ფქვილი, თეთრი გარჩეული ბრინჯი, რაფინირებული ზეთები - დამუშავების დროს დაკარგული აქვთ ყველა სასარგებლო თვისება.
გახსოვდეთ: მავნე ნაწარმს ორგანიზმისთვის ზიანი თანდათანობით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბებით მოაქვს.
მეტ ყურადღებას მოითხოვს ბავშვთა საკვები. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ამა თუ იმ მავნე ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი, რომელზეც ნაწარმის შემადგენლობაა მითითებული. ნუ დაზოგავთ თანხას ბავშვის ჯანმრთელობის ხარჯზე! შეიძინეთ ძვირად ღირებული, მაგრამ ხარისხიანი ნაწარმი. ავადმყოფობა გაცილებით მეტ დანახარჯს მოითხოვს. ნურც დროის ეკონომიას გააკეთებთ ბავშვის საზიანოდ - კერძები საკუთარი ხელით მოუმზადეთ.
- არ შეიძლება არ შევეხოთ ყველა ასაკის ბავშვისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, საყვარელ საღეჭ რეზინს. ნუთუ ასეთი სასარგებლოა იგი პირის ღრუს ჰიგიენისთვის?
- არც მთლად ისეა, როგორც მწარმოებლები გვეუბნებიან... საღეჭი რეზინის შემადგენლობაში შედის სინთეტიკა. რეზინის საფუძველია ლატექსი, რომელიც ასევე მავნეა ორგანიზმისთვის. იგივე ითქმის შაქრის შემცვლელებსა და არომატიზატორებზე. ერთ-ერთი მათგანია ასპარტამი (E951), რომელსაც შეიცავს თითქმის ყველა იაფფასიანი გაზიანი სასმელი და საღეჭი რეზინა. მას შეიძლება ბიოლოგიური იარაღიც კი ვუწოდოთ. გარდა იმისა, რომ ტკბილია, იგი წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს, რომელიც არღვევს ჰორმონულ ბალანსს. იგი წლების განმავლობაში გროვდება ორგანიზმში და თანდათანობით იწვევს დაავადებას. განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, დიაბეტიანებისთვის, ნივთიერებათა ცვლადარღვეული ადამიანებისთვის.
ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი საღეჭი რეზინი სტიკერებით, ხელზე დასაწებებელი სურათებით პრაქტიკულად საწამლავია.
- ბავშვებს ძალიან უყვართ ტკბილი ჯოხიანი კანფეტები, რომლებიც ევროპიდან შემოაქვთ და ამის გამო ფართო რეკლამას უწევენ. სასარგებლოა თუ არა ისინი?
-მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ევროპული ხარისხის ტკბილეული სასარგებლოა. სინამდვილე სხვაგვარია... ცნობილი ხილის საწუწნი ჯოხიანი კანფეტები (ჩუპაჩუპსი) თუ ხილის საღეჭი პასტილები (ტუტი-ფრუტი, ტოფიტა და სხვა) ხილს საერთოდ არ შეიცავს. მათ შემადგენლობაში შედის შაქარი და გლუკოზა, ჟელატინი, სახამებელი, საკვები საღებავები, ცვილი, საგემოვნო დანამატები და საღებავი. ეტიკეტზე ხილის შემცველობა საერთოდ არ არის მითითებული. იგივე ითქმის გერმანული წარმოების საღეჭ კანფეტ "მამბაზე".
მშობლებს ვურჩევთ, ბრმად ნუ ენდობიან რეკლამას, ყურადღებით წაიკითხონ პროდუქციის ეტიკეტი, მიაქციონ ყურადღება პროდუქტის ფერს. არასწორად შენახულმა სასარგებლო საკვებმაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.