კარტოფილი საკვებიც და სამკურნალოც
ამ ბოსტნეულის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ადამიანთა კვების რაციონი, არამედ მრავალი სახის მრეწველობაც. შეგახსენებთ, რომ კარტოფილისგან აწარმოებენ სახამებელს, სპირტს, რძის მჟავას, აცეტონს, პლასტმასს, ფოტოფირს, სხვადასხვა სახის წებოვან ნივთიერებას და სხვა.
კარტოფილს დღეს მეორე პურს უწოდებენ. მაშინ როცა ის „ეშმაკის ვაშლადაც“ კი იყო მონათლული. სამხრეთ ამერიკიდან მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში პეტრე I-ის მიერ შემოტანილი ეს კულტურა, რუსებმა ცოტა არ იყოს ძნელად მიიღეს; თუმცა მის გარეშე დღეს არა მხოლოდ რუსებს, ქართველებსაც ვერ წარმოგვიდგენია ყოფა.
კარტოფილი უძველესი ბოსტნეული კულტურაა. მას ძველი ინდიელები ჯერ კიდევ 17 საუკუნის წინათ იყენებდნენ. თანაც არა მხოლოდ საკვებად, არამედ - სამკურნალოდაც. დღეს ყველამ კარგად იცის, რომ კარტოფილში შემავალი ცილა (2%-მდე) ხასიათდება მაღალი ბიოლოგიური აქტივობით, შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ მრავალ ამინმჟავას. პოლისაქარიდები ძირითადად წარმოდგენილია სახამებლით, პექტინებით, უჯრედისით, მონო და ოლიგოსაქარიდებით - ფრუქტოზით, გლუკოზით, საქაროზით. მინერალური მარილებიდან კარტოფილში ჭარბობს კალიუმისა და ფოსფორის შემცველი ნაერთები; გარდა ამისა, მიკრო და მაკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ნიკელი, კობალტი, იოდი, მანგანუმი.
კარტოფილის ქიმიური შედგენილობა გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებში გაიშიფრა. თუმცა, მის სასარგებლო თვისებებზე დაკვირვებული ადამიანი მას სამკურნალოდ ბევრად ადრე იყენებდა. ტუბერკულოზით დაავადებულებს ჯერ კიდევ ძველ რუსეთში ურჩევდნენ კარტოფილით კვებას. რეკომენდაციას უწევდნენ ამ ბოსტნეულს შარდკენჭოვანი დაავადებების დროსაც. მის თხელ ანათლებს კანის დამწვრობიან ავადმყოფებს აფენდნენ დაზიანებულ უბნებში ტკივილის დასაამებლად.
დღეისათვის ცნობილია, რომ კარტოფილი შეიცავს კაროტინს, სხვადასხვა ორგანულ მჟავას (ლიმონის, ვაშლის და ა.შ.) და ვიტამინებს. ბევრს ჰგონია, რომ ის მხოლოდ ნახშირწყლების წყაროა და ვიტამინთა შემცველობის მიხედვით ნაკლებად სასარგებლოა. სინამდვილეში აღნიშნული კულტურა მდიდარია C, B1,B2, B6, B9, PP, K, D, U - ვიტამინებით.
სახამებელი, რომელსაც კარტოფილისგან იღებენ, გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემომგარსველი საშუალება. გარდა ამისა, ის ფარმაცევტულ წარმოებაში სხვადასხვა ტაბლეტისა და ფხვნილის დანამატი, ზოგჯერ კი ძირითადი კომპონენტია.
ყველასათვის ცნობილია, რომ კარტოფილს საუკეთესო შედეგი აქვს რიგი პათოლოგიების დროს:
- ზედა სასუნთქი გზების კატარის მკურნალობაში. მოხარშული კარტოფილის ორთქლი (ინჰალაციის სახით) სასარგებლოა მშრალი ხველის დროს.
- უმი კარტოფილის საფენები რეკომენდებულია არა მხოლოდ ეგზემის (კანის ანთებითი არაგადამდები დაავადებაა), არამედ თავის ტკივილის დროსაც (შუბლზე აპლიკაციის სახით).
- კარტოფილი გამოიყენება გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. მომატებული სიმჟავითა და გულძმარვით შეწუხებულ ავადმყოფებს ყოველთვის ურჩევენ დღეში ორჯერ, ჭამის წინ, 50-150 გრამი კარტოფილის წვენის მიღებას.
- უმი კარტოფილის შემცველი სანთლები წარმატებით გამოიყენება ბუასილის მკურნალობაში.
- მოხარშულ კარტოფილს სამკურნალო დიეტის სახით უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა პათოლოგიით დაავადებულ ადამიანებს, მათ შორის, ჰიპერტონული დაავადებით შეპყრობილებს. კალიუმის ჭარბად შემცველობის გამო კარტოფილი ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას.
კარტოფილი კოსმეტოლოგიაში
დიდია კარტოფილის როლი კოსმეტოლოგიაშიც. მოხარშული კარტოფილის, კვერცხის გულისა და რძის ნარევი უნიკალური მკვებავი ნიღაბია სახის კანისთვის. დასახელებული ნარევის მასა 15-20 წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ სახეზე, ჩამოიბანოთ ჯერ ცხელი წყლით, შემდეგ კი სახეზე ცივი წყალი შეისხუროთ. ამ პროცედურის შემდეგ კანი გლუვი, ნაზი და დრეკადი ხდება, ნაოჭები ქრება.
მზისგან დამწვრობისა თუ კანის სხვა ანთებითი დაავადებების დროს, სასურველია უმი, გახეხილი კარტოფილის კომპრესები დაიდოთ (მათ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ).
თუ ხელებზე კანი გამომშრალი და აქერცლილი გაქვთ, გირჩევთ, აიღოთ ახლადმოხარშული კარტოფილი, გაგლისოთ ცხელ რძეში, და ფაფის მაგვარი მასა, მაქსიმალურად ცხელი (რამდენსაც გაუძლებთ) დაიდოთ კანის შესაბამის უბნებზე, შეიფუთოთ და გაიჩეროთ კარტოფილის გაციებამდე. რამდენიმე პროცედურის შემდეგ შედეგი გაგაოცებთ!
! დასასრულ კი დაიმახსოვრეთ:
კარტოფილის კანი, მცენარის მწვანე ნაწილები, შეიცავენ ტოქსიკურ სტეროიდს - ალკალოიდ სოლანინს. ამის გამო, სასურველია, ბოსტნეული კულტურის ბნელ ადგილას შენახვა, და თუ მაინც სინათლეზე დაგრჩათ და გაგიმწვანდათ, აუცილებლად ჩამოაჭერით და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ საკვებად გამწვანებული ნაწილები!