დავიკლოთ წონა ვარსკვლავებთან ერთად
მათ, ჩვენგან განსხვავებით, ჰყავთ პირადი ფიტნესინსტრუქტორები და დიეტოლოგები, რომელთა წყალობითაც ვერ მოდუნდები, ვერც ზედმეტ ნამცხვარს მიირთმევ და ვერც ვარჯიშს გააცდენ. ყველა გოგონა ოცნებობს იდეალურ სტანდარტებზე, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ, თავს პირადი მწვრთნელისა თუ დიეტოლოგის აყვანის უფლება მისცენ.
ვარსკვლავებისთვის გარეგნობა ერთგვარი კაპიტალია, ამიტომ მზად არიან, საუკეთესო დიეტოლოგების მომსახურებაში დიდძალი ფული გადაიხადონ. მოდი, გავიგოთ, რაშია მათი საიდუმლო და მათი ტანადობის რეცეპტებს გავეცნოთ.
სოფი ლორენის სილამაზის საიდუმლო
ლეგენდარული სოფი ლორენი, მიუხედავად ასაკისა, შესანიშნავად გამოიყურება. მისი აზრით, წონის დაკლება ისეც შეიძლება, რომ მაკარონზე უარი არ თქვათ, - რასაკვირველია, თუ გიყვართ. - ჩემს მოხდენილობას სპაგეტის უნდა ვუმადლოდე, - ამბობს მსახიობი, რომლის სიმაღლე 173 სმ-ია, ხოლო წონა - 60 კგ, - ვგიჟდები მაკარონზე და თითქმის ყოველდღე გეახლებით. ეს სავსებით ჯანსაღი საკვებია. მთავარია, არ მიიღოთ მეტისმეტად ბევრი კალორია ერთ ჯერზე და აკონტროლოთ ულუფის ზომა. თავად მსახიობი არაჟნისა და ყველის ნაცვლად ბოსტნეულის სოუსს ამჯობინებს. იმისთვის, რომ წონა არ მოიმატოს, ჭამს დღეში 3-ჯერ, მცირე ულუფებით. გარდა ამისა, ყოველდღე სვამს 1 ჭიქა იოგურტს, რომელშიც 1 კოვზი ლუდის საფუარია გახსნილი, ხოლო დღეგამოშვებით ანანასს მიირთმევს. განტვირთვის დღეს ორგანიზმის გაწმენდის მიზნით მსახიობი 3 თვეში ერთხელ იწყობს. ამ დროს ჭამს მხოლოდ ცოცხალ ხილს და სვამს უშაქრო ნატურალურ წვენებს. იგი არ ეწევა, არ სვამს სპირტიან სასმელებს. დასაძინებლად სოფი ლორენი 21 საათზე წვება, დილის 6 საათზე კი დგება. აკეთებს გამამხნევებელ ვარჯიშს, ხოლო შემდეგ სასეირნოდ მიდის. ყოველდღე, ათი წუთის განმავლობაში, ღია ფანჯარასთან ვარჯიშობს ჰანტელებით, მერე კი ცივ შხაპს იღებს - ეს კუნთების ტონუსისა და მკერდის ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.
სოფი ლორენის სამდღიანი დიეტა
ორშაბათი
საუზმე: 170 გ ფორთოხლის წვენი, მოხარშული კვერცხი
სადილი: სალათის ფურცელზე დაწყობილი სალათა ნებისმიერი ბოსტნეულით, 60 გრამი წვრილად დაჭრილი ინდაურის ხორცითა და უცხიმო ყველით
ვახშამი: 115 გრამი მაკარონი, კრევეტები (გემოვნებისამებრ), ისპანახის სალათა დაბალკალორიული საკაზმით
დესერტი: 1 ცალი ვაშლი
სამშაბათი
საუზმე: 1 ჭიქა მსხვილი ბურღული და უცხიმო რძე
სადილი: ცოცხალი ხილის სალათა და ნახევარი ჭიქა ხაჭო
ვახშამი: 115 გრამი სპაგეტი ინდაურის ხორცის გუფთით, სალათის ფურცლები მცენარეული საკაზმით
დესერტი: 1 ცალი მსხალი
ოთხშაბათი
საუზმე: ცეხვილი პურის ორცხობილა და უცხიმო ყველი
სადილი: 115 გ მწვანე სალათა და მოხარშული ქათმის ხორცი
ვახშამი: 170 გ უცხიმო ყველი, სხვადასხვა ბოსტნეულის სალათა მცენარეული საკაზმით
დესერტი: 2 ცალი ატამი
ანჯელინა ჯოლის იდეალური რაციონი
საუზმე: კვერცხის ომლეტი, 1 ცალი საშუალო ზომის პომიდორი, ყველი, უკოფეინო ნაღებიანი ყავა
სადილი: სოკოს სალათა, ბიფშტექსი, მწვანე ხახვი, მწვანე სალათა, ცოტა ყველი
ვახშამი: კომბოსტოს სალათა ნივრითა და ლიმონით, შემწვარი ორაგული
ჯენიფერ ლოპესის დიეტა
საუზმე: 1 ჭიქა წყალი, 1 ფორთოხალი, კაკაო, 15 წუთის შემდეგ - 1 ცალი ნებისმიერი ხილი
სადილი: 200 გ ხაჭო, 200 გ ხილი
სამხარი: ცოტაოდენი ჩირი
ვახშამი: 200 გ თევზი ან ფრინველის ხორცი, 300 გ ბოსტნეული
ძილის წინ: უცხიმო ნატურალური იოგურტი.
როგორ ინარჩუნებს სილამაზეს კლაუდია შიფერი
კლაუდია შიფერი ხანგრძლივ და მსუბუქ დიეტას ამჯობინებს. მას სილამაზის საკუთარი საიდუმლო აქვს: მწვანე ჩაი. მოდელი ყოველი ჭამის შემდეგ რამდენიმე ფინჯან მწვანე ჩაის მიირთმევს - ამ სასმელს ორგანიზმიდან წიდა და ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს. გარდა ამისა, კლაუდიამ თავად შეიმუშავა დიეტა "5+".Aასეთი სახელწოდება დიეტამ იმის გამო მიიღო, რომ 5-დღიანია. თითოეული დღის რაციონის ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით 1200 კილოკალორიაა, რაც დიეტას ორგანიზმისთვის აბსოლუტურად უვნებელს ხდის. მისი წყალობით დაახლოებით 3 კილოგრამს დაიკლებთ.
საუზმე: ხილისა და კენკრის ნარევი (გამონაკლისია ბანანი, ყურძენი და ლეღვი) და 100 გ იოგურტი
II საუზმე: ხილის კოქტეილი, რომელიც 100 მლ იოგურტისა და 100 მლ ნებისმიერი ხილის წვენისგან მზადდება
სადილი: ბოსტნეულის რაგუ, რომელშიც შედის მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო, 1 სტაფილო, 1 პარკოსანი, ნახევარი თავი ხახვი, 1 სუფრის კოვზი ახალი ლობიო ან ბარდა, ოხრახუში, ნიახური, 100 გრამი დო, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
სამხარი: პურის პატარა ნაჭერი და 100 გ ქათმის თეთრი ხორცი
ვახშამი: ხილის ფლავი (50 გრამი მოხარშული ბრინჯი, ვაშლი და 100 გ ნებისმიერი სხვა ხილი და კენკრა)
ალისია სილვერსტოუნის დევიზია "მუდამ ბოსტნეული!"
ალისია სილვერსტოუნი, სანამ რამდენიმე წლის წინ ვეგეტარიანულ კვებაზე გადავიდოდა, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სავსებით შეესაბამებოდა დასავლურ სტანდარტს: 165 სმ სიმაღლის მსახიობი 66 კილოგრამს იწონიდა. კვების ახალი რეჟიმის წყალობით მხოლოდ ზედმეტი კილოგრამები კი არ მოიშორა, არამედ ელვარება შეიძინა მისმა კანმა და თმამ, მოუწესრიგდა ძილი. "მე ჩემს ორგანიზმს მხოლოდ ჯანსაღ საკვებს ვაწვდი", - ამბობს ალისია.
ვეგეტარიანულ რაციონში მხოლოდ დაბალი ცხიმიანობის პროდუქტები შედის, ამიტომ ადამიანი სწრაფად კარგავს ზედმეტ წონას. ასეთი რაციონი განსაკუთრებით სასურველია გარდამავალი ასაკის ქალბატონებისთვის, ვინაიდან მასში უხვად არის სოიის პროტეინები, რომელთა წყალობითაც ქალი წარმატებით გაართმევს თავს მენოპაუზის უსიამოვნო გამოვლინებებს.
პეტა უილსონის სილამაზის რეცეპტი
პეტა უილსონი, ცნობილი ფოტომოდელი და მსახიობი სერიალიდან "ნიკიტა", გასახდომად და წონის შესანარჩუნებლად ძალიან მარტივ დიეტას იყენებს. ის პრაქტიკულად არაფერზე ამბობს უარს, მაგრამ ორ თვეში ერთხელ შვიდდღიან დიეტას იცავს:
ორშაბათი: 5 ცალი მოხარშული კარტოფილი და 1,5 ლ კეფირი
სამშაბათი: 100 გ მოხარშული ქათმის ხორცი და 1,5 ლ კეფირი
ოთხშაბათი: 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი და 1,5 ლ კეფირი
ხუთშაბათი: 100 გ მოხარშული თევზი და 1,5 ლ კეფირი
პარასკევი: ხილი, ბოსტნეული (ბანანისა და ყურძნის გარდა) და 1,5 ლ კეფირი
შაბათი: მხოლოდ კეფირი
კვირა: მხოლოდ მინერალური წყალი.
პეტა უილსონი გვირჩევს, ამ დიეტის პარალელურად ნაწლავებიც გავიწმინდოთ, ხოლო ყველა კერძი უშაქროდ და უმარილოდ მივირთვათ.
* * *
დიეტასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ის არის, რომ თუ წონის დაკლება გვინდა, შიმშილით თავი უნდა მოვიკლათ და გემრიელ კერძებზე უარი ვთქვათ. სინამდვილეში დაბალკალორიული კერძებიც შეიძლება ისე მოვამზადოთ, რომ არა მარტო სასარგებლო, არამედ გემრიელიც იყოს. რასაკვირველია, რაციონში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგვიწევს, მაგრამ ისინი არც ისეთი საშიშია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
დიეტური სუპი შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც წყალზე, ასევე ბოსტნეულის ნახარშზე. თავისთავად ცხადია, მეორე ვარიანტი უფრო მიმზიდველია, რადგან ამ შემთხვევაში კერძი უფრო მეტ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, უფრო მდიდარი გემო და არომატი აქვს. შეგიძლიათ, ერთბაშად მოხარშოთ რამდენიმე ლიტრი ბოსტნეულის ბულიონი და მაცივარში შედგათ, სუპი კი, საჭიროებისამებრ, მცირე ულუფებად მოამზადოთ, რათა ყოველთვის გქონდეთ ახალი კერძი.
3 ლიტრი ბოსტნეულის ბულიონისთვის საჭიროა 0,5 კგ სტაფილო, 0,5 კგ ხახვი, ნიახურის მოზრდილი კონა, საშუალო ზომის თალგამი, ოხრახუში, კამა, დაფნის ფოთოლი, კვლიავი, რამდენიმე მარცვალი შავი წიწაკა და, გემოვნებისამებრ, სხვა ინგრედიენტები. მარილი - რაც შეიძლება ნაკლები.
ქათმის ხორცის კერძი ნამდვილად დიეტური რომ გამოგივიდეთ, ორ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: დაბალი კალორიულობა და ცილის მაღალი შემცველობა. ამიტომ კერძისთვის მხოლოდ თეთრი, კანგაცლილი ხორცი უნდა გამოვიყენოთ. საქმე გაგიადვილდებათ, თუ შეიძენთ არა მთელ ქათამს, არამედ ქათმის მზა ფილეს.
როგორც იცით, დიეტა ჭარბ წონასთან ბრძოლის იარაღია. ამჟამად განუსაზღვრელი რაოდენობის დიეტა არსებობს და თითოეული მათგანი თავისებურად უნიკალურია. ერთნი საშუალებას გვაძლევენ, შიმშილი არ ვიგრძნოთ და გავხდეთ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, მაგრამ არცთუ ისე სწრაფად. მეორენი სწრაფ, თითქმის მყისიერ შედეგს გვპირდებიან, მაგრამ, ამასთანავე, ქამრის მჭიდროდ მოჭერას გვთხოვენ. პირველ ხანებში წონას მართლაც სწრაფად ვიკლებთ სითხის დაკარგვისა და კუნთოვანი მასის განლევის ხარჯზე, მერე და მერე საქმე რთულდება, რადგან ცხიმოვანი შრე ძნელად იწვება, ბოლოს კი დგება კრიტიკული მომენტი, როდესაც სასწორის ისარი განსაზღვრულ ნიშნულზე შეშდება. რატომ?
შესაძლოა, იმიტომ, რომ ამა თუ იმ საკვების შეზღუდვა დიეტა არ გახლავთ. დიეტა არის წონის დაკლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, რომელშიც წამყვანი ადგილი სწორ კვებას უკავია.
კიდევ ერთი: სტანდარტული კვება არ არსებობს. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ სასურველი შედეგი მხოლოდ ინდივიდუალურად შერჩეულმა დიეტამ შეიძლება გამოიღოს. დიეტის შედგენისას ექიმი აუცილებლად გამოყოფს რაციონის ძირითად რგოლს. მაგალითად, შემწვარ-მოხრაკული არ შეიძლება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, თირკმელებს მარილიანი უნდა მოვარიდოთ, ხოლო შაქრიანი დიაბეტის დროს საგრძნობლად უნდა შემცირდეს ნახშირწყლების მოხმარება. მიუხედავად ამისა, შეზღუდული რაციონიც მრავალფეროვანი უნდა იყოს, ეფექტისთვის კი ზუსტად უნდა იქნეს დაცული დიეტოთერაპიის რეჟიმი.
როგორ შევინარჩუნოთ წონა დიეტის შემდეგ
- მიირთვით მხოლოდ მაშინ, როდესაც გშიათ.
- თუ იძულებული ხართ, სუფრას მიუჯდეთ მიზეზთა გამო, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო თქვენი ორგანიზმის მოთხოვნილებებთან, დალიეთ ჭიქა წყალი, ისაუბრეთ, ნუ იფიქრებთ ჭამაზე, მოატყუეთ მადა და მიირთვით მხოლოდ მაშინ, როცა შიმშილი შეგაწუხებთ.
- ჭამის დროს ყურადღება გაამახვილეთ კერძის გემოზე, აუჩქარებლად დატკბით, დააგემოვნეთ თითოეული ლუკმა.
- კერძები შეარჩიეთ ხარისხის და არა რაოდენობის მიხედვით.
- არ ჭამოთ, როცა აღელვებული, გაღიზიანებული, გაბრაზებული, ვინმეზე ნაწყენი ან დაღლილი ხართ. მიიღეთ შხაპი, დამშვიდდით, დაისვენეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიუჯექით სუფრას.
- სუფრა ყოველთვის ლამაზად გააწყვეთ, მაშინაც კი, როცა მარტო სადილობთ.
- ჭამის დროს იფიქრეთ მხოლოდ სასიამოვნოზე, მაგალითად, იმაზე, რომ მალე გექნებათ შესანიშნავი აღნაგობა, მსუბუქი და ჰაეროვანი ნაბიჯი, ვიწრო წელი.
- თავი არიდეთ ნაჩქარევად, სახელდახელოდ წახემსებას.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, შეძლებთ, სასურველი წონა მთელი სიცოცხლე შეინარჩუნოთ.