მუკოვისციდოზის დროს დარღვეულია ცხიმის შეწოვა - რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორი უნდა იყოს კვების რაციონი
მძიმე ქრონიკული დაავადება, კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ფერმენტების დეფიციტი, ოფლში აღინიშნება ელექტროლიტების მაღალი შემცველობა.
მკურნალობასთან ერთად აუცილებელია დიეტის სწორად შერჩევა. ის რაც შეიძლება მცირედ უნდა განსხვავდებოდეს ჯანმრთელი ადამიანის რაციონისგან, რათა ბავშვის ზრდა-განვითარებას ხელი არ შეეშალოს.
კვების მართებული რეჟიმი გულისხმობს მაღალი ენერგეტიკული ღირებულების მქონე დიეტას, სადაც ცხიმები შეზღუდულია, ხოლო ცილებისა და ნახშირწყლების შემცველობა - მაღალი.
მუკოვისციდოზის დროს დარღვეულია ცხიმის შეწოვა. ნაწლავები მიღებული ცხიმის მხოლოდ 60%-ს იწოვს, დანარჩენი კი განავალთან ერთად გამოიყოფა. ამიტომაც არის განავალი წებოვანი, სქელი და ბზინვარე. ბავშვს ფერმენტების დიდი დოზაც რომ მივცეთ, ორგანიზმი მაშინაც კი ვერ აითვისებს მიღებული ცხიმის 80%-ზე მეტს, ამიტომ პატარას ცხიმი ემულგირებული, უჯერი ცხიმოვანი მჟავების სახით უნდა მივაწოდოთ. ასეთ მჟავებს შეიცავს სიმინდის, მზესუმზირას, ზეითუნის ზეთი. ცხოველური ცხიმი რაციონიდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ.
ნახშირწყლები ადვილად ასათვისებელი უნდა იყოს. საკვები დაუტკბეთ არა შაქრით, არამედ თაფლით.
ცილა რაციონში ჩვეულებრივზე 25-50კკალ/კგ-ით მეტი უნდა იყოს, კერძოდ, 3-5 გრამი სხეულის თითოეულ კილოგრამზე.
საკვების სადღეღამისო კალორაჟი სხეულის მასის შესატყვისად განისაზღვრება: ბავშვმა თითოეულ კილოგრამზე 150-200 კილოკალორია უნდა მიიღოს.
რეკომენდებულია: ქათმისა და საქონლის ხორცი, თევზი (უცხიმო), კვერცხი, ახალი რძე, მაწონი, ხაჭო (ნაკლებცხიმიანი). ჩვილებს უნიშნავენ ცილით მდიდარ საკვებს ყოველ 3 საათში ერთხელ, უმადო ბავშვებს - კონცენტრირებულ და ადვილად ასათვისებელ პროდუქტებს.
დისპეფსიური მოვლენების შემთხვევაში ცხიმების ოდენობა მკაცრად უნდა შეიზღუდოს. უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დასაშვებია 30-40 გრამი დღე-ღამეში.
პანკრეასის ფერმენტების სწორი დოზირების შემთხვევაში ცხიმში ხსნად ვიტამინებს (A, D, E) ავადმყოფს ორჯერ უფრო დიდი დოზით უნიშნავენ, ვიდრე მის ჯანმრთელ თანატოლებს.