პოზიტრონემისიური ტომოგრაფია დიაგნოსტიკის ყველაზე თანამედროვე მეთოდი
ეს გამოგონება აერთიანებს ბირთვული მედიცინისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის მიღწევებს, თუმცა მისი გამოყენების ჩვენება ძალიან სერიოზული უნდა იყოს. კვლევის ამ მეთოდს საფუძვლად უდევს რადიოფარმპრეპარატების გამოყენება. იგი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფუნქციური პროცესების სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა. პეტი გამოიყენება შინაგანი ორგანოების ფუნქციური აქტივობისა და დიაგნოსტიკის მიზნით. მისი საშუალებით შესაძლებელია გამოვიკვლიოთ ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი ფუნქციური პროცესი. პეტი ადრეულ სტადიაში ავლენს ონკოლოგიურ დაავადებებს. იგი მაღალი სიზუსტით ახდენს სიმსივნის დიაგნოსტირებას მაშინაც კი, როდესაც ჯერ არავითარი კლინიკური გამოვლინება არ შეინიშნება და შესწევს უნარი კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მაღალი სიზუსტით დიფერენცირებისა. მისი მეშვეობით რეგისტრირდება უჯრედების მეტაბოლიზმის მეტასტაზური პროცესი. პეტს იყენებენ ასევე გულისა (გულის კუნთის ის უბნები, რომლებშიც დარღვეულია სისხლის მიმოქცევა) და თავის ტვინის დაავადებათა (ეპილეფსია, ალცჰაიმერის დაავადება, ტრავმის შედეგები, იშემიური დარღვევები) დიაგნოსტირებისთვის. ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისას რადიოფარმპრეპარატად ყველაზე ხშირად იყენებენ გლუკოზის სპეციალურად მონიშნულ ნაწილაკებს. სიმსივნური უჯრედები გლუკოზას მოიხმარენ და აგროვებენ გაცილებით აქტიურად, ვიდრე ნორმალური ქსოვილები. პეტით სკანირების დასკვნა გამოაქვთ ორგანიზმში მონიშნული გლუკოზის განაწილების საფუძველზე. პოზიტრონემისიურ ტომოგრაფიას უთავსებენ კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებსაც. კომპიტერული ტომოგრაფია გვაძლევს გამოსაკვლევი ზონის დეტალურ ანატომიურ სურათს, ხოლო პეტის საშუალებით ფასდება მასში შესასწავლი ფუნქციური პროცესების (მაგალითად, სიმსივნური ზრდის) არსებობა. რენტგენი და მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ სტრუქტურების გამოსახულება, ხოლო პეტი ახდენს მეტაბოლიზმის ანალიზს, რის წყალობითაც სპეციალისტი უშეცდომოდ ავლენს პათოლოგიას (მაგალითად, 1მმ ზომის სიმსივნეს), აზუსტებს დაავადების სტადიას და სვამს დიაგნოზს. ხშირად პეტზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად წინასწარი დიაგნოზი შეცვლილა. დაზიანების კერები გამოუვლენიათ იმ პაციენტებთან, რომლებსაც პროცესის კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. მისი მეშვეობით ავლენენ აგრეთვე შორეულ მეტასტაზებს. თავის ტვინში ნევროლოგიური ცვლილების ან ინსულტით გამოწვეული იშემიური დაზიანების დროს პეტ-დიაგნოსტიკის შემდეგ შესაძლოა სრულიად შეიცვალოს მკურნალობის სტრატეგია.
რა უნდა გავითვალისწინოთ პეტის დროს
არ არის რეკომენდებული პეტის ჩატარება მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის, ვინაიდან გამოკვლევა საკმაოდ ხანგრძლივია და პაციენტისგან დიდხანს გაუნძრევლად ყოფნას მოითხოვს. თუ პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადება (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი) და მუდმივად იღებს რომელიმე მედიკამენტს, ექიმმა ეს უთუოდ უნდა იცოდეს, რადგან წამლებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კვლევის შედეგებზე.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის
პროცედურის დაწყებამდე 12 საათის განმავლობაში პაციენტმა აღარ უნდა მიიღოს საკვები. მოსამზადებელი პერიოდის დაწყებამდე სი უნდა გადავიდეს ნახშირწყლებით ღარიბ რაციონზე. სითხეებიდან ნებადართულია მხოლოდ წყალი. იკრძალება ტკბილეულის მიღება. აუცილებელია 6-8 ჭიქა წყლის დალევა გამოკვლევამდე და ამდენივესი - გამოკვლევის დღეს, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გაუწყლოება. პეტის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში უკუნაჩვენებია ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში.
როგორ ხდება გამოკვლევა
გამოკვლევამდე ვენაში შეჰყავთ რადიოფარმპრეპარატი, რის შემდეგაც პაციენტი 60-90 წუთი უნდა იწვეს. ამ ხნის განმავლობაში პრეპარატი ორგანიზმში ნაწილდება. იგი შეჰაყვთ მცირე დოზებით, უვნებელია და არ იწვევს გვერდით შეგრძნებებს. ამის შემდეგ ტარდება სკანირება. იგი გრძელდება 20-45 წუთი. პეტის ჩატარების შემდეგ ორგანიზმიდან წამლის სწრაფად გამოსაძევებლად რეკომენდებულია წყლის უხვად სმა. პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. ალერგიული რეაქციის შემთხვევები სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილი არ არის. პროცედურის შემდეგ გამოსხივება ორგანიზმს ყოველგვარი ზიანის გარეშე ტოვებს. პეტი ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან რთულია. გამოსახულება მუშავდება კომპიუტერის საშუალებით. უმცირესი დეტალებიც კი თვალნათლივ ჩანს. ჯანსაღი ორგანოები დაავადებულისგან ფერით განსხვავდება. იოლი შესამჩნევია ანთებითი პროცესიც. პეტი უფრო ეფექტურად მიიჩნევა, ვიდრე მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. კვლევის პოზიტრონემისიური ტომოგრაფიული მეთოდი უკვე საქართველოშიც არის დანერგილი.