ფიბროსკანი - ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკის მეთოდი
მართალია, სისხლდენა იშვიათი გართულებაა, მაგრამ ძალზე სარისკო. გარდა ამისა, ბიოფსია იწვევს დისკომფორტს, მისი ჩატარებისას პაციენტს ნახევარი დღის სტაციონარში გატარება უწევს, ზოგჯერ მონაცემთა ზუსტ ინტერპრეტაციას ართულებს საკვლევი მასალის მიღებისას დაშვებული შეცდომა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მკვლევრის სუბიექტური აზრის გამო.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მეცნიერები მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავენ ღვიძლის ფიბროზის დასადგენი არაინვაზიური კვლევის მეთოდის შესამუშავებლად. ამჟამად არსებობს ორი სახის რადიოლოგიური კვლევა ღვიძლის ფიბროზის შესაფასებლად. ორივე მათგანი ემყარება ღვიძლის სიმკვრივის (ფიბროზის) ზეგავლენას მასში ულტრაბგერის გავრცელების სიჩქარეზე. ულტრაბგერითი ელასტოგრაფია, რომლის კომერციული სახელწოდებაა ფიბროსკანი, ემყარება გადამწოდების ვიბრატორულ ზედაპირზე წარმოქმნილი ულტრაბგერის ღვიძლში გავრცელების სიჩქარის ცვლილებას ამ ორგანოში ფიბროზული პროცესის არსებობის გამო. დადგენილია, რომ ამ მეთოდით (და არა ჩვეულებრივი ულტრასონოგრაფიით - ექოსკოპიით) განსაზღვრული ღვიძლის ექოსიმკვრივის ცვლილება პირდაპირპროპორციულ კავშირშია ღვიძლის ფიბროზის სტადიასთან. ულტრაბგერითი ელასტოგრაფია შეიძლება ჩაუტარდეს პაციენტთა დაახლოებით 95%-ს, თუმცა ხანში შესული და სიმსუქნით დაავადებული პაციენტების გამოკვლევა შედარებით რთულია. გამოკვლევა ჭირს ასციტის (მუცლის ღრუში სითხის დაგროვების) შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, რომ ღვიძლის ფიბროზის კვლევის აღწერილი მეთოდი ყველაზე უკეთ არის შესწავლილი ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებთან. მაგნიტურ-რეზონანსული ელასტოგრაფია საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ბგერის წყაროს მიერ წარმოქმნილი აკუსტიკური ტალღის გავრცელებით მიღებული გამოსახულება და ამის საფუძველზე ვისაუბროთ ღვიძლში ფიბროზული პროცესის არსებობის შესახებ. გამოკვლევის ორივე ტექნიკის მნიშვნელობა ფიბროზის შეფასების თვალსაზრისით დაახლოებით ერთი და იგივეა, თუმცა მაგნიტურ-რეზონანსული ელასტოგრაფიით მიღებული შედეგები ნაკლებად ვარიაბელურია განმეორებითი კვლევისას. კვლევის ხანგრძლივობა ორივე შემთხვევაში თითქმის ერთნაირია და იშვიათად აღემატება 10 წუთს. ულტრაბგერითი ელასტოგრაფიით მიღებული შედეგი უშუალოდ მიემართება ფიბროზის ხარისხს ქრონიკული ჰეპატიტის დროს. მისი მეშვეობით შეიძლება ერთმანეთისგან განვასხვაოთ მინიმალური ფიბროზის მქონე ან დაავადების არმქონე პაციენტები შორს წასული ფიბროზით ან ციროზით დაავადებულთაგან. ვინაიდან ფიბროსკანი არაინვაზიური ტესტია, ის შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს, არ იწვევს ტკივილს და სხვაგვარ დისკომფორტს, არ მოითხოვს გაუტკივარებას და მომზადებას, არ ქმნის გართულების რისკს. რადიოლოგიურ ტესტებთან ერთად ღვიძლის ფიბროზის დასადგენად გამოიყენება სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტი, რომელთა მეშვეობითაც შრატში არსებულ განსაზღვრულ ბიომარკერებზე დაყრდნობით მსჯელობენ მის არსებობა-არარსებობაზე. ტესტი ეფუძნება ფაქტს, რომ ღვიძლში ფიბროზული პროცესის პროგრესირების პარალელურად იცვლება მასში გამომუშავებული განსაზღვრული ნივთიერებების, ბიომარკერების, კონცენტრაცია სისხლში. სხვადასხვა ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შემუშავებულია ქულათა სისტემა, რომელიც ფიბროზზე მსჯელობის საშუალებას გვაძლევს. სხვადასხვა გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, ამჟამად მიღებულია, რომ ფიბროსკანი და ბიომარკერების კვლევა ურთიერთგამომრიცხავი არ არის. ფიბროზის შესაფასებლად რეკომენდებულია მათი ერთდროული ჩატარება.