ყური - სმენისა და წონასწორობის ორგანო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყური - სმენისა და წონასწორობის ორგანო

გარეთა ყური

გარეთა ყური ყურის ნიჟარასა და გარეთა სასმენ მილს მოიცავს. ნიჟარა კანის ერთგვარი ნაკეცია, რომელშიც ელასტიკური ხრტილოვანი ფირფიტაა მოთავსებული. მისი საშუალებით ადამიანის ყური ბგერების ერთგვარ მოგროვებას ახერხებს, რომ შემდგომ მათი განსხვავება და აღქმა მოხდეს. გარეთა სასმენი მილი მილოვანი ორგანოა, რომელიც ამოფენილია მუქი სეკრეტით - გოგირდის გამომყოფი ჯირკვლებით. გოგირდსა და გარეთა სასმენ მილში არსებულ ბუსუსებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ: ისინი იცავენ გარეთა სასმენ მილს უცხო სხეულისგან და ხელს უშლიან დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების შუა და შიგნითა ყურში მოხვედრას.

შუა ყური

იგი წარმოადგენს დაფის ღრუს, რომლის გარეთა კედელი დაფის აპკია. შუა ყურის არსებით ნაწილს ქმნის სასმენ ძვალთა კომპლექსი, რომელიც სამი წევრისგან: ჩაქუჩისგან, გრდემლისა და უზანგისგან - შედგება. ისინი  დაფის აპკის რხევებს შიგნითა ყურს გადასცემენ. სასმენი ძვლები ბერკეტების ერთგვარ სისტემას ქმნიან, რითაც ბგერით რხევებს 60-ჯერ მაინც აძლიერებენ. ამასთან, ისინი ამცირებენ დაფის აპკზე მაღალი ბგერების წნევის ძალას.

დაფის აპკი

გარეთა და შუა ყურის საზღვარზე გადაჭიმულია დაფის აპკი. მისი სისქე 0,1 მმ-ია. ცენტრში იგი შეზნექილია, ვინაიდან ამ ადგილას მას უკავშირდება ჩაქუჩის ტარის ბოლო. დაფის აპკი დრეკადია. ამის წყალობით იგი წინააღმდეგობას უწევს ჰაერის ტალღების წნევას. დაფის აპკის რხევები სწრაფად ქრება, რის გამოც ტალღებს არ ამახინჯებს.

შიგნითა ყური

შიგნითა ყური საფეთქლის ძვლის პირამიდაში მდებარეობს. იგი შედგება რთული აგებულების ძვლოვანი არხებისგან - ლაბირინთისგან. ლაბირინთი, თავის მხრივ, სმენის ანალიზატორს - ლოკოკინას - და ვესტიბულურ აპარატს მოიცავს. ეს უკანასკნელი წონასწორობის ანალიზატორია, ამიტომ ყური მხოლოდ სმენის კი არა, წონასწორობის ორგანოცაა.

ვესტიბულური აპარატი

ეს არის აპარატი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი სივრცეში წონასწორობის შენარჩუნებას ახერხებს. იგი ლოკოკინასგან, კარიბჭისა და სამი ნახევარრკალოვანი არხისგან შედგება. ნახევარრკალოვანი არხები სწორი, სამ პერპენდიკულარულ სიბრტყეში განლაგებული ვიწრო სავალებია. ზედა არხი - ფრონტალურ სიბრტყეში მდებარეობს, უკანა - საგიტალურში, გარეთა კი ჰორიზონტალურში. ცალი ბოლო ყოველ მათგანს გაფართოებული აქვს და ამ ნაწილს ამპულა ეწოდება. ძვლოვანი ლაბირინთი თითქმის ანალოგიური ფორმის აპკისებრ ლაბირინთს შეიცავს, რომელიც კარიბჭის მიდამოში ორ საკნად იყოფა. ერთი ლოკოკინასთან უფრო ახლოს არის, მეორე კი - ნახევარრკალოვან არხებთან. ძვლოვან და აპკისებრ ლაბირინთებს შორის დარჩენილი მცირე სივრცე ამოვსებულია სითხით - ენდოლიმფით. ასეთივე სითხით არის ამოვსებული აპკისებრი ლაბირინთიც. ენდოლიმფა წყალზე 2-3-ჯერ ბლანტია და უხვად შეიცავს კალიუმის, ნატრიუმისა და ქლორის იონებს. ენდოლიმფის რაოდენობა მუდმივია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გარეგანი თუ შინაგანი მიზეზების გამო იგი იმატებს ან იკლებს, რაც აუცილებლად აისახება წონასწორობის უნარზე და განსაზღვრული პათოლოგიური სიმპტომებით გამოვლინდება. ენდოლიმფას მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. ერთი მხრივ, იგი ასუფთავებს წონასწორობის რეცეპტორებსა და მათ ბუსუსებს, მეორე მხრივ კი უზრუნველყოფს ელექტროლიტურ ბალანსს ვესტიბულური აპარატის შიგნით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წონასწორობის ცვლილებათა აღქმისას.

ოტოლიტური აპარატი

აპკისებრი ლაბირინთის ორივე საკანში მოთავსებულია ე.წ. ოტოლიტური აპარატი - საკმაოდ რთული სტრუქტურის მქონე წარმონაქმნი, რომელიც სხეულის მდგომარეობის ცვლილებას აფიქსირებს.


ყურის კვება და მგრძნობელობა

ყურს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს გარეთა საძილე არტერიის სამი ტოტი და ყურის ღრმა არტერია. ცხოველქმედების შედეგად უჯრედებში დარჩენილი უვარგისი ნივთიერებები ყურის უჯრედებიდან არტერიების თანამოსახელე ვენებს გამოაქვს. ყურის წინ, ქვევით და უკან მდებარეობს ლიმფური ჯირკვლები, საიდანაც ლიმფა უფრო ღრმა ლიმფურ ავზებში გაედინება. ყურის მგრძნობელობას უზრუნველყოფს სახისა და ყურის დიდი ნერვი, რომელიც კისრის წნულიდან გამოდის. ყველა ჩამოთვლილი სისხლძარღვი ნერვი ყურის გარდა რამდენიმე სხვა ორგანოსაც ემსახურება. ყური რამდენიმე გასასვლელითა და არხით ცხვირისა და პირის ღრუებს, აგრეთვე ქალას ძვლოვან წიაღებს უკავშირდება, ამიტომაც სასმენ ორგანოში არსებული პათოლოგიის უშუალო მიზეზი შესაძლოა მის გარეთ იმალებოდეს.

როგორ გვესმის?

ბგერების გადაცემასა და აღქმაში ყურის ბგერის გამტარი გზები და თავის ტვინში არსებული სმენის ცენტრალური ანალიზატორი მონაწილეობს.

ბგერის გამტარი გზები

ლოკოკინას, გარეთა და შიგნითა ყურის საშუალებით აღიქმება ბგერითი რხევები და რთული გამტარი გზებით ნერვულ სისტემაში (თავის ტვინი) მდებარე ცენტრალურ რეცეპტორამდე მიდის. ბგერის გამტარი გზები სმენის რეცეპტორის პერიფერიული განყოფილებაა, რომლის ცენტრალური ნაწილიც თავის ტვინის ქერქში მდებარეობს. ბგერის გამტარ გზებს საკმაოდ კარგად განვითარებული კანქვეშა შრე აქვთ, რომელიც, განსაკუთრებით - გარეთა ყურის არეში, გამოყოფს ყურის გოგირდს. ჭარბად დაგროვებისას ის ზოგჯერ გოგირდოვან საცობს ქმნის.

დაბალი და მაღალი ტონები

ადამიანის ყური სხვადასხვა ტონის გარჩევის საკმაოდ დახვეწილი მექანიზმით არის აღჭურვილი. დაბალი ტონების შესახებ ინფორმაცია სმენის ნერვის ბოჭკოებით ცენტრალურ ანალიზატორს გადაეცემა და ადვილად განირჩევა, რამდენადაც მათი სიხშირე შეესაბამება ლოკოკინას მიერ აღქმულ ბგერათა სიხშირეს, მაღალი ტონების მოქმედებისას კი ხდება სივრცობრივი კოდირება - ტონის ყოველ სიმაღლეს აღიქვამს რეცეპტორთა გარკვეული რაოდენობა და რეცეპტორების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც მათი ზემოქმედებით ყველაზე მეტად ღიზიანდება.

სმენის ადაპტაცია

სმენის ორგანოს ბგერითი გაღიზიანებებისადმი ადაპტირება შეუძლია. როცა ყურზე ხანგრძლივად მოქმედებს ძლიერი ბგერა, სმენის მგრძნობელობა მცირდება. ამ მოვლენას დიდი შეგუებითი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - ზოგიერთ ხმაურიან საწარმოში მომუშავეთათვის.

ვესტიბულური აპარატის გამღიზიანებლები

წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ნერვულმა სისტემამ სხეულის უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. ეს კი წარმოუდგენელია იმ გამღიზიანებლების გარეშე, რომლებიც ნერვული სისტემის ფუნქციათა შესრულებას იწვევს. ლოკოკინას ოტოლიტური აპარატის რეცეპტორების გამღიზიანებლებია:

  • სხეულის აჩქარებული ან შენელებული სწორხაზოვანი მოძრაობანი;
  • ნჯღრევა;
  • რწევა;
  • სხეულის ან თავის გვერდზე გადახრა, რაც ოტოლიტური მემბრანის რეცეპტორების ბუსუსებზე ზეწოლას ცვლის.

ზოგიერთს ვესტიბულური აპარატისა და მასთან დაკავშირებული ნერვული ცენტრების მომატებული აგზნებადობა ახასიათებს, რაც გემზე, თვითმფრინავში ან მანქანაში გარკვეული სიმპტომოკომპლექსით: თავბრუხვევით, გულისრევით, მაჯის აჩქარებით და წნევის დაქვეითებით ვლინდება.

წონასწორობის შენარჩუნების მექანიზმი

სივრცეში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნებას მხოლოდ ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები როდი უზრუნველყოფს - დიდი მნიშვნელობა აქვს მხედველობის რეცეპტორებიდან, მყესებში, კუნთებსა და იოგებში განლაგებული პროპრიორეცეპტორებიდან და კანის რეცეპტორებიდან წამოსულ სიგნალებსაც, რომლებიც ვესტიბულური აპარატიდან მომავალ სიგნალებთან ერთად იკრიბება თავის ტვინის ქერქში. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი რთული, კოორდინირებული მოძრაობების განხორციელება სივრცეში სხეულის ნებისმიერი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.