როდის ვაჩვენოთ ბავშვი თვალის ექიმს
როდის მივიყვანოთ ბავშვი თვალის ექიმთან, ამის შესახებ გვესაუბრება კლინიკა “კარაპს მედლაინისა” და “ბალტიკ კლინიკის” ექიმი ოფთალმოლოგი მარიკა ცერცვაძე.
-ქალბატონო მარიკა, რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკაში ბავშვთა მხედველობის პრობლემები?
- კარგი მხედველობა ბავშვის სრულფასოვანი განვითარების აუცილებელი პირობაა. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ექიმთა კონსტატაციით, მკვეთრად იმატა იმ ბავშვების რიცხვმა, რომლებსაც აქვთ მხედველობის სისტემის ესა თუ ის პათოლოგია - მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), სიელმე, ასტიგმატიზმი, ამბლიოპია (ზარმაცი თვალი)...
-რამდენად მნიშვნელოვანია, ადრეულ ასაკშივე ვაჩვენოთ ბავშვი ოფთალმოლოგს?
- მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მთავარია მხედველობის სისტემის სწორი განვითარება. მოზარდებთან სხვა პრობლემებს ვაწყდებით: თვალების ჭარბი დატვირთვა იწვევს მხედველობით გადაღლას, რომელსაც შეუძლია, სერიოზულ დაავადებებს დაუდოს სათავე.
ოფთალმოლოგები მშობლებს აფრთხილებენ: რაც უფრო ადრე დავიწყებთ ზრუნვას მხედველობის პრობლემების მოსაგვარებლად, მით მეტია სასურველი შედეგის მიღების შანსი.
ბავშვობაში მხედველობის სისტემა ძალიან მოქნილია. ზრდასრულებისგან განსხვავებით, მათზე ზემოქმედება ადვილია, მთავარია, ხელიდან არ გავუშვათ მომენტი და არ დავაგვიანოთ.
მხედველობის ორგანოს ფუნქციური განვითარება იწყება დაბადებიდან და გრძელდება 12-14 წლამდე. ადრეულ ასაკში მრავალი დაავადება შეიძლება ქირურგიული ჩარევის გარეშეც დავამარცხოთ, ამიტომ იმაზე, როდის აღმოვაჩენთ მათ, ბევრი რამ არის დამოკიდებული. არ უნდა ველოდოთ, სანამ ფარული პრობლემები ხილული გახდება.
-როგორია ოფთალმოლოგის მიერ ბავშვის გასინჯვის ვადები?
- თვალის პირველად შემოწმებას სამშობიაროში ატარებს ნეონატოლოგი. ღრმა ოფთალმოლოგიური კვლევა თვალის პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკისთვის უნდა ჩატარდეს 3-4 თვის ასაკში, ოფთალმოლოგთან შემდგომი პროფილაქტიკური გადამოწმება კი ჯანმრთელმა ბავშვებმა უნდა გაიარონ 3, 5, 7, 10 და 14 წლის ასაკში.
კვლევა მოიცავს:
- მხედველობის განსაზღვრას;
- რეფრაქციის დადგენას, თვალის მდებარეობისა და მოძრაობის შეფასებას;
- თვალის წინა და უკანა სეგმენტების შემოწმებას.
ყველაზე რთულია ამ მანიპულაციების ჩატარება 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან, რომლებსაც სადიაგნოსტიკო აპარატურასთან ვერ დასვამ, რომ მიიღო ობიექტური მონაცემები თვალის ოპტიკური სისტემის შესახებ.
- ალბათ, ეს აპარატურასაც განსაკუთრებულს მოითხოვს...
- ცხადია არსებობს აპარატურა, რომელსაც შეუძლია დაადგინოს ჩვილი ბავშვის რეფრაქცია (აქვს თუ არა ბავშვს “+”, “-” ან ასტიგმატიზმი), გვაჩვენოს, როგორია გამოსახულების ფიქსაცია თვალის ფსკერზე, სიელმის კუთხე (მისი არსებობის შემთხვევაში), გუგების ზომა, ცენტრებს შორის მანძილი და მოგვაწოდოს ბევრი სხვა ინფორმაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თვალის პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკისთვის.
აპარატის მთავარი ღირსება ის არის, რომ პროცედურის ჩატარება და საჭირო მონაცემების მიღება შესაძლებელია გარკვეულ დისტანციაზეც, არ მოითხოვს პაციენტის განსაკუთრებულ მობილიზაციას და ყურადღებას, რადგან ხმოვანი სიგნალები და მხიარული გამოსახულებები, რომლებითაც აღჭურვილია აპარატი, თავისთავად იპყრობს ბავშვის ყურადღებას.