ხილული და ფარული თვალი
ხილული ნაწილი მხედველობის ორგანოს ოპტიკური სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ხდება სინათლის სხივების ფოკუსირება და საგანთა მკაფიო გამოსახულების მიღება.
ფარული ნაწილი რეცეპტორული აპარატია, მას გარეგან და შინაგან გამღიზიანებელთა აღქმა და მიღებული ინფორმაციის უმაღლეს ინსტანციამდე - თავის ტვინამდე - მიტანა ევალება.
-
ოპტიკური სისტემა
მისი ცენტრალური ნაწილი ბადურაა, რომელზეც უშუალოდ მიიღება გამოსახულება. მისი შემადგენელი ნაწილებია რქოვანა გარსი, ბროლი და მინისებური სხეულის ზედაპირები, რომლებზეც გაივლიან სხივები, ვიდრე ბადურაზე მოხვდებოდნენ.
-
თვალის კაკალი
თვალის კაკალი 78-80 გრამს იწონის, მთელი სხეულის დაახლოებით 0,01%-ს, თუმცა გარემოდან მიღებული ინფორმაციის 80-85%-ს სწორედ იგი აღიქვამს. თვალის კაკალი სფერული ფორმისაა, თვალბუდეშია მოთავსებული და წინა და უკანა პოლუსები აქვს.
წინა ნაწილი რქოვანაა, გამჭვირვალე და ძალიან წააგავს საათის მინას. იგი ძლიერ მგრძნობიარეა, ამიტომ მასზე სულ პაწაწინა უცხო სხეულის მოხვედრაც კი ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს.
თვალის კაკლის კედლის შუაში თვალის ფერის განმსაზღვრელი ფერადი გარსი - ირისი მდებარეობს. ცენტრში მას საშუალოდ 2-4 მმ დიამეტრის ხვრელი - გუგა აქვს, რომელმაც თვალში სინათლე უნდა გაატაროს. გუგას ბადურა გარსი მოსდევს.
-
ბადურა
ბადურას უკანა ნაწილი მხედველობის აღმქმელ სპეციალურ ნერვულ უჯრედებს: კოლბებსა და ჩხირებს შეიცავს. კოლბები სინათლეზე რეაგირებენ და იწყებენ მუშაობას, ჩხირები კი სიბნელეში მოქმედებენ.
ბადურას ერთი ნაწილი გაცილებით მდიდარია ნერვული უჯრედებით. ეს მხედველობის ყველაზე აქტიური უბანი - ყვითელი ხალია. იგი კოლბებითაა სავსე, ამიტომ მასში საუკეთესო ხილვადობაა. გარემოდან თვალის კაკალში შესული სხივები წინააღმდეგობის გარეშე გაივლიან გამჭვირვალე გარემოში და გარდატყდებიან ისე, რომ გამოსახულების ფოკუსირება მოხდეს ზუსტად ბადურაზე და არა მის წინ ან უკან. ამას მხედველობის ორგანოში თვალის ბროლი ახორციელებს.
-
თვალის ბროლი
თვალის ბროლი ბიოლოგიური ლინზაა, ორმხრივ ამოდრეკილი, დისკოს ფორმის მკვრივი, გამჭვირვალე სხეული, რომელიც წყლის, ცილებისა და მინერალური ნივთიერებებისგან შედგება. იგი განუწყვეტლივ იკვებება თვალშიგა სითხით.
ბროლი, ხახვის ბოლქვივით, ფენებისგან შედგება. განარჩევენ ცენტრალურსა და გარეთა ფენებს, რომლებიც უშუალოდ გარდატეხს სხივებს სხვადასხვა კუთხით: ცენტრალური ფენები - უფრო ძლიერად, გარეთა - შედარებით სუსტად.
ბროლი ადამიანს საგნების მკაფიოდ დანახვის საშუალებას აძლევს, რადგან სინათლის სხივების ფოკუსირება და სუფთა გამოსახულების წარმოქმნა მასზეა დამოკიდებული.
-
გუგის რეფლექსი
გუგა თვალის ფერადი გარსის ცენტრში მდებარე სწორი წრიული ფორმის ხვრელია. მას მხედველობისთვის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ფუნქცია აკისრია - ხვრელის დიამეტრის ცვლილებით არეგულირებს თვალში გამავალი სინათლის სხივების რაოდენობას. თუ გარემოში საჭიროზე მეტი სინათლეა, გუგის ხვრელის კუნთები იკუმშება, ავიწროებს მის დიამეტრს, არასაკმარისი განათებისას კი დუნდებიან და გუგის დიამეტრს ზრდიან, რათა მასში საგანთა დანახვისათვის საჭირო სხივებმა გაიაროს.
თვალის გუგების შევიწროებას მიოზი ეწოდება, ხოლო გაფართოებას - მიდრიაზი. ორივე ეს მოვლენა რეფლექსურად მიმდინარეობს. ჯანმრთელ ადამიანს ორივე გუგა ერთნაირად აქვს გაფართოებული ან შევიწროებული. ცალი თვალის განათების დროს ვიწროვდება მეორის გუგაც.
გარდა ძლიერი განათებისა, გუგა ვიწროვდება ახლომდებარე საგნების თვალიერებისას, ძილის დროს, ფართოვდება სუსტი განათებისას, ემოციების, მოხრჩობის, ნარკოზის პირობებში.
გუგის დიამეტრს ცვლის ზოგიერთი ჰორმონიც. ატროპინი მას აფართოებს, რის გამოც მას აქტიურად იყენებენ თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკაში, ადრენალინი კი, პირიქით, გუგის ხვრელის დიამეტრის საგრძნობ შემცირებას იწვევს.
-
თვალის მამოძრავებელი კუნთები
თვალის კაკალს 6 კუნთის დახმარებით ნებისმიერი ღერძის გარშემო მოძრაობა შეუძლია. თვალს პირვანდელი მდებარეობიდან (როდესაც ის პირდაპირ და წინ იყურება) შეუძლია მობრუნდეს გარეთ 420-ით, შიგნით - 450-ით, ზევით - 540-ით და ქვევით - 570-ით. თვალი ყოველთვის შეთანხმებულად მოძრაობს, ყოველი საგნის დათვალიერებისას ჩვენთვის შეუგრძნობელ განუწყვეტელ ნახტომებს აკეთებს, რის შედეგადაც გამოსახულება ბადურაზე განუწყვეტლივ გადაადგილდება ერთი წერტილიდან მეორეზე. თითოეული ნახტომის ხანგრძლივობა წამის მეასედის ტოლია, ხოლო მისი ზომა 200-ს არ აღემატება. ნახტომის სიჩქარე მერყეობს წამში 200-დან 400 გრადუსამდე, ნახტომიდან ნახტომამდე ინტერვალი კი, ე.ი. დასათვალიერებელ საგანზე ან განათებულ წერტილზე თვალის მიპყრობის ხანგრძლივობა, დაახლოებით 0,2-0,5 წამს უდრის, თუმცა ზოგჯერ გაცილებით, 10-ჯერ მეტიც კია. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ თვალი სამყაროში ყველაზე სწრაფია.
-
თვალის დამცავი აპარატი
თვალს კაკალს საიმედოდ იცავს მის ზემოთ და ქვემოთ არსებული ქუთუთოები. მათი რიტმული, შეთანხმებული დახურვა ის მოძრაობაა, რომელსაც თვალების ხამხამს ვუწოდებთ. ამით თვალის კაკალი, ჯერ ერთი, გარეგანი მავნე ფაქტორებისგან არის საიმედოდ დაცული, მეორე - ხამხამისას სველდება და ტენიანდება რქოვანა გარსის წინა ზედაპირი, რაც მხედველობის სიმახვილისთვის მეტად საჭირო ფაქტორია.
თვალები ყოველთვის ერთანირად როდი ხამხამებენ - ხამხამი ძლიერდება კაშკაშა სინათლის მოქმედების, რქოვანა გარსის, კონიუნქტივის ან წამწამების გაღიზიანებისას. მნიშვნელოვანი დამცავი ფაქტორია ცრემლდენაც - თვალის ლორწოვანი გარსის დასველება თვალის ზედა ნაწილის გარეთა კუთხეში მოთავსებული საცრემლე ჯირკვლების სეკრეტით, რომლის დროსაც თვალის ოპტიკური ნაწილი იწმინდება და სუფთავდება, მეორე მხრივ კი ცრემლდენისას ორგანიზმიდან სტრესის ჰორმონები გამოეყოფა.