თვალებისა და ქუთუთოების მოვლა
წინა თავებში ჩვენ უკვე ვთქვით, რომ თვალების გარშემო კანი ყველაზე მგრძნობიარეა. იგი ძალიან თხელია (0,005 მმ) და დამცველი ჰიდროლიპიდური შრე პრაქტიკულად არ აქვს, მის ქვეშ ცოტაა კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედები. დატვირთვა კი საკმაოდ დიდია. ადამიანი თვალებს დღეში დაახლოებით 10 000-ჯერ ახამხამებს. გარდა ამისა, თვალის ჩაკვრა, თვალების მოფშვნეტა, თვალების მოჭუტვა (მაგალითად, მზიან ამინდში, ქარის დროს), ტკივილის დროს შეჭმუხვნა, ტირილი, სიცილი - ეს ყოველივე კანზე თავის კვალს ტოვებს და ნაადრევად აჩენს ნაოჭებსა და ღარებს. ასაკთან ერთად, როცა კანი უწყლოვდება, ეს პროცესი გაცილებით სწრაფად და ინტენსიურად მიმდინარეობს.
კიდევ ერთი პრობლემა თვალების ქვემოთ ტომრებია. ამაში „დამნაშავეა“ ცხიმოვანი კომპონენტების შემცველი ბალიშები, რომელებზეც თვალებია განლაგებული. თხელი კანის დაჭიმვისას მათ შეუძლიათ მცირე შებერილობის წარმოქმნა. რასაკვირველია, თვალების ქვეშ ტომრების განვითარებისადმი მემკვიდრული წინასწარგანწყობაც არსებობს, ბავშვებთანაც და მოზარდებთანაც. მაგრამ ასაკთან ერთად თვალების ქვეშ შეშუპება ძლიერდება და დასვენების შემდეგაც კი არ ქრება. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა ვქნათ, აღარ გავიცინოთ და გავიღიმოთ? არა მგონია, ნაოჭების შიშით ვინმემ სახე უსიცოცხლო ნიღბად გადააქციოს.
თვალებს და მათ გარშემო კანს ახალგაზრდობიდანვე უნდა გაუფრთხილდეთ, 20 წლის შემდეგ კი მათზე დიდი სიყვარულით უნდა იზრუნოთ. შეეცადეთ დაიცვათ შემდეგი წესები:
1. არასოდეს დაიძინოთ ბალიშში სახეჩარგულმა, რადგან ეს თვალების გარშემო ღრმა ნაოჭებს აჩენს. შეეცადეთ ზურგზე და გვერდზე დაიძინოთ. მიიღეთ ღამით დამამშვიდებელი აბაზანა (გვირილის, შვიტას, ცაცხვის ყვავილების, ვალერიანის ფესვების, პიტნის) და დალიეთ თაფლიანი თბილი წყალი (ერთ ჭიქა თბილ წყალზე 1 ჩაის კოვზი თაფლი);
2. ძალიან მაღალმა ბალიშმა შეიძლება დაარღვიოს ქუთუთოების ვენური მიმოქცევა და თვალების ქვეშ ტომრები გააჩინოს;
3. დილით, ახალგაღვიძებულზე, რამდენადაც უნდა გექავებოდეთ თვალები, მაინც არ მოიფშვნიტოთ ისინი. ასეთი ქმედებით ადრეულ ასაკში ნაოჭების გაჩენას გამოიწვევთ. დილით აუცილებელია ქუთუთოების (და მთელი სახისაც კი) სამკურნალო მცენარეების (გვირილის, კრაზანის, პიტნის გაყინული ნაყენი) ყინულის კუბებით მასირება. ამის შემდეგ კი დაიტენიანეთ თვალების გარშემო კანი ქუთუთოებისთვის განკუთვნილი სპეციალური კრემით. ქავილი აღარ შეგაწუხებთ;
4. მზიან დღეებში არ დაგავიწყდეთ მუქი სათვალის ტარება;
5. დილა-საღამოს აუცილებელია წყლის პროცედურები. ჩაასხით პატარა თასში გვირილის სუსტი ნაყენი (1 ლ წყალზე 1 სუფრის კოვზი გვირილა), მიიტანეთ ეს თასი ღია თვალებთან და დაახამხამეთ თვალები სითხეში. ნაყენის ტემპერატურა უნდა იყოს 36 გრადუსი.
6. მოიხმარეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის კოსმეტიკური საშუალებები. თვალების გარშემო კანის მოსავლელ ნებისმიერ საშუალებას უნდა ჰქონდეს მარკირება - „გაიარა ოფთალმოლოგიური კონტროლი“. ასევე დაიმახსოვრეთ: რაოდენ არაჩვეულებრივიც უნდა იყოს თქვენი დღის (დამატენიანებელი, მკვებავი, მატონიზებელი, დამარბილებელი, აღმდგენი) კრემი, მას არ შეუძლია თვალების გარშემო კანზე არსებული პრობლემების მოგვარება, გარდა ამისა, ამ მიდამოში არსებულმა მეტად მგრძნობიარე ეპიდერმისმა შეიძლება ცუდი რეაგირება მოახდინოს ამ კრემის მოქმედებაზე. თვალების გარშემო კრემი უნდა წაისვათ არათითით, თანაც ძალიან ფაქიზად, თვალის შიდა კიდიდან გარეთა კიდისკენ და არ უნდა გაწელოთ თხელი და ნებისმიერი მექანიკური ზემოქმედებისადმი მგრძნობიარე კანი. კრემის უკეთ შეწოვის მიზნით თითის ბალიშები მსუბუქად ირტყით ქვედა ქუთუთოებზე.