თვალის ბადურა გარსის პათოლოგიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის ბადურა გარსის პათოლოგიები

ქუჩაში ფრთხილად, ჯოხის კაკუნით მოძრავი, უსინათლო ადამიანი, რომ მაშინვე ვხვდებით, როგორი დახვეწილი და რთული ორგანოა თვალი და რამდენად ძვირფასია იგი ჩვენთვის.

სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ მესამე ადამიანს აღენიშნება მხედველობის გაუარესების სხვადასხვა ფორმა. ახლომხედველობასა და შორსმხედველობას ისეთივე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორიც თავად სამყაროს. კაცობრიობა მთელი თავისი არსებობის მანძილზე ეძებს მხედველობის პრობლემებთან ბრძოლის გზებს.

თვალის გადაძაბვა, ახლო მანძილზე მხედველობის ხანგრძლივი და ინტენსიური დატვირთვა, სამუშაო ადგილის ცუდი განათება, წერისა თუ კითხვის დროს არასწორი ჯდომა, ტელევიზორითა და კომპიუტერით გადამეტებული გატაცება... დაუმატეთ ამ სიას სტრესული სიტუაციები და თამბაქოს მოხმარებაც. ასე რომ, მხედველობის გაუარესების გამომწვევი ფაქტორი ნამდვილად ძალიან ბევრია.

მხედველობის გაუარესების პირველსავე ნიშნებზე უნდა მივმართოთ ოფთალმოლოგს. თვალის ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიც არის კატარაქტა, გლაუკომა ან ბადურას ჩამოშლა, ექიმის დროული ჩარევის გარეშე შეუქცევად ხასიათს მიიღებს და სიბრმავის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს, ამიტომ ჩვენი მხედველობა პროფესიონალებს უნდა ვანდოთ. ისეთი დაავადებები, როგორიც არის გლაუკომა და კატარაქტა, უხსოვარი დროიდან არის ცნობილი, მაგრამ დღეს ყურადღებას გავამახვილებთ ბადურა გარსზე მიმდინარე პროცესებზე, რომლებზე სასაუბროდაც თვალის კლინიკა "ახალი მზერას" ექიმს, ოფთალმოლოგ თეკლა მამაგეიშვილს ვესტუმრეთ.

- ქალბატონო თეკლა, რას წარმოადგენს და რა ფუნქცია აკისრია თვალის ბადურა გარსს?

- ბადურა გარსი არის ქსოვილი, რომელიც ამოფენს თვალის ფსკერს. იგი სისქით 2 მმ-ია და წარმოადგენს ძირითად ნაწილს იმ სტრუქტურათა შორის, რომლებიც მონაწილეობს სინათლის შეგრძნებაში და გადასცემს მხედველობით ინფორმაციას თავის ტვინის შესაბამის აღმქმელობით ცენტრებს.

იგი სტრუქტურულად ურთულესი წარმონაქმნია, რომელიც 12 შრისაგან შედგება. ბადურა გარსის გარეთა შრე, სადაც ხდება მხედველობითი ინფორმაციის საწყისი გენერაცია, შეიცავს 130 მილიონ რეცეპტორს. ხოლო შიგნითა შრე, რომელიც შეიცავს მილიონ ორასი ათას უჯრედს, ქმნის მხედველობით ნერვს, რომელიც ფუნქციურად და სტრუქტურულად ყველაზე რთული ნერვია ადამიანის ორგანიზმში.

- როგორ ვლინდება ბადურა გარსზე მიმდინარე პათოლოგიური პროცესი?

- ბადურა გარსის ნებისმიერი პათოლოგია მხედველობითი ფუნქციის დარღვევით ვლინდება. ბადურა გარსის დაავადებათა რაოდენობა 1000-ს აღემატება. ყველაზე გავრცელებული პათოლოგიები, რომლებიც საფუძვლად უდევს მხედველობის დაქვეითებას, არის:

  • მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია;
  • დიაბეტური რეტინოპათია;
  • ბადურას რეგმატოგენული ჩამოცლა.

- რა არის მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია?

- მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია არის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ფიზიოლოგიურ დაბერებასთან და ვლინდება 50-55 წელს გადაცილებულ პაციენტებში. მას საფუძვლად უდევს ბადურა გარსის გარეთა შრეებში მიმდინარე დეგენერაციული ცვლილებები. არსებობს დაავადების ორი ძირითადი ფორმა: მშრალი, რომლის დროსაც პროცესი შეუქცევადია და უჯრედების ატროფიით მიმდინარეობს და სველი, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მშრალი ფორმის განგრძობითი სტადია, რომელშიც ბადურა გარსის ქვეშ წარმოიქმნება ახალი სისხლძარღვები, რომლებიც იწვევს ბადურას ლოკალურ აშრევებას, სისხლჩაქცევებს, შორს წასულ შემთხვევაში - დანაწიბურებას. უ

დაავადების ორივე ფორმა მხედველობის დაქვეითებას იწვევს. თავდაპირველად პაციენტი აღნიშნავს ფორმული მხედველობის გაუარესებას, კითხვის გაძნელებას, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას. მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, რათა სწორად მოხდეს ამა თუ იმ ფორმისთვის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. მშრალი ფორმის სამკურნალოდ მოწოდებულია სხვადასხვა სახის ვიტამინთერაპია, თუმცა ის მხოლოდ ანელებს მიმდინარე პროცესს, ხოლო სველი ფორმის მკურნალობა მოიცავს ლაზერულ და ქირურგიულ ჩარევას.

- სამწუხაროდ, შაქრიანი დიაბეტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მისი ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა დიაბეტური რეტინოპათია.

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, მსოფლიოში ყოველ 2 წუთში ერთი ადამიანი ავადდება დიაბეტით. ამ დაავადების დროს ადგილი აქვს გენერალიზებულ ვასკულოპათიას.

დიაბეტური რეტინოპათია იწყება ბადურა გარსის სისხლძარღვების დაზიანებით. თავდაპირველად ხდება კაპილარებისა და წვრილი სისხლძარღვების ობლიტერაცია, რაც საფუძვლად უდევს იშემიური უბნების გაჩენას ბადურა გარსის სხვადასხვა რეგიონში. აღნიშნულ კლინიკურ გამოვლინებას არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. ეს არის ამ დაავადების პირველადი ფორმა.

მომდევნო ფორმა გამოიხატება იშემიურ უბნებში ახალი არასრულფასოვანი სისხლძარღვების გაჩენით. დიაბეტური რეტინოპათიის დროს მხედველობის გაუარესება აღინიშნება როგორც პროლიფერაციულ, ასევე არაპროლიფერაციულ სტადიებში და ის შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:

  • ბადურას ცენტრალური უბნის (ყვითელი ხალის) შეშუპებით;
  • ყვითელი ხალის იშემიით;
  • სისხლჩაქცევით მინისებურ სხეულში;
  • მხედველობის ნერვის იშემიითა და შემდგომ - ატროფიით.

ისევე როგორც ყველა სხვა დაავადების დროს, აღნიშნულ შემთხვევაშიც ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიაბეტით დაავადებულ ყველა პაციენტს უნდა ახსოვდეს, რომ დიაბეტი მუდმივად პროგრესირებადი პროცესია და მხედველობის დაქვეითება უმეტესად გვიან სტადიებში აღინიშნება, ამიტომ პაციენტი არ უნდა დაელოდოს მხედველობის დაქვეითებას და დროულად მიმართოს ბადურას სპაციალისტს.


- როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ დიაბეტურ რეტინოპათიას?

- დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობა სტადიისა და კლინიკური გამოვლინების შესაბამისად შეირჩევა და მოიცავს ლაზერულ და ქირურგიულ ინტერვენციებს. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მკურნალობის თანამედროვე და დახვეწილი მეთოდებისა, დაგვიანებულ სტადიაში მოსულ პაციენტთა 5%-ს მაინც ემუქრება მხედველობის დაქვეითების შეუქცევადი პროცესი.

- ზემოთ ბადურას რეგმატოგენული ჩამოცლა ახსენეთ. რა არის ეს?

- არსებობს ბადურას ჩამოცლის სამი ძირითადი სახე. ერთ-ერთი მათგანია რეგმატოგენული ჩამოცლა. ამ ტიპის ჩამოცლას საფუძვლად უდევს ბადურა გარსზე ნახეთქის ჩამოყალიბება, ამ პროცესში მთავარ როლს ასრულებს თვალის მინისებურ სხეულში მიმდინარე დეგენერაციული ცვლილებები - კოლაფსი ანუ შეჭმუხვნა, რის შემდეგაც ბადურა გარსზე ხდება ტრაქციული ზემოქმედება ანუ მექანიკური მოქაჩვა და ყალიბდება ნალისებური ან სარქვლოვანი ნახეთქი. აღნიშნული ცვლილებები უვითარდებათ ჯანმრთელ ადამიანებს 45-50 წლის შემდეგ და ფიზიოლოგიური დაბერების პროცესთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, არსებობს პათოლოგიები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პაციენტებს მაღალი რისკი ემუქრებათ. ესენია:

1) მაღალი ახლომხედველობა;

2) თვალის ტრავმა;

3) თვალშიგა გარსების ანთებით მიმდინარე პროცესები;

4) გენეტიკური განწყობა.

- როდის უნდა მიმართოს ადამიანმა ბადურას სპეციალისტს?

- არებობს სუბიექტური სიმპტომები, რომლებზეც ყველა ადამიანმა უნდა გაამახვილოს ყურადღება და შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ბადურას სპეციალისტს. ეს სიმპტომებია: თვალწინ მცურავი, მოძრავი შავი წერტილების გაჩენა და პერიოდული ელვა. ბადურას ჩამოცლის ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მხედველობის ფუნქციის სარეაბილიტაციოდ და ოპტიმალური შედეგების მისაღწევად.

- როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ბადურას ჩამოცლას?

- ბადურას ჩამოცლას ქირურგიული და ლაზერული ჩარევით მკურნალობენ. ჩამოცლის ადრეულ, გაურთულებელ ეტაპზე ქირურგიული მკურნალობა ასიდან 90 შემთხვევაში შედეგიანია. გართულებული ფორმა, რომელიც ვიტრეორეტინოპათიით ვლინდება, უფრო მასშტაბურ თვალშიგა ჩარევებს მოითხოვს და უფრო უარესი პროგნოზი აქვს.

უნდა ითქვას, რომ ბადურა გარსის დაზიანებით მიმდინარე დაავადებათა დიდი ნაწილი ქირურგიული დაავადებაა. საბედნიეროდ, დღეს არსებობს დიაგნოსტიკისა და ქირურგიული მკურნალობის სრული სერვისი. ამიერკავკასიაში - რამდენიმე, ხოლო საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში დგას ოპტიკოკოჰერენტული ტომოგრაფი, რომელსაც დიდი როლი ენიჭება დაავადებათა დიაგნოსტიკასა და დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში. იგი საშუალებას გვაძლევს, დროის უმცირეს მონაკვეთში გავაკეთოთ ბადურა გარსის შრეობრივი ინსპექცია და აღმოვაჩინოთ დაავადებათა ადრეულ სტადიაზე ისეთი სტრუქტურული ცვლილებები, რომელთა განსაზღვრაც კვლევის სხვა მეთოდებით შეუძლებელია. ეს გვეხმარება, დროულად და სწორად დავგეგმოთ მკურნალობის ტაქტიკა.

ბადურა გარსზე ქირურგიული ჩარევა კომპლექსური პროცედურაა, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა სახის ლაზერის, ულტრაბგერის, მიკროსკოპების და დამხმარე ოპტიკური ლინზების გამოყენებას. ოპერაციების 30-ზე მეტი სახესხვაობა არსებობს. უკანასკნელ ათწლეულში ნანოკალიბრიანი ინსტრუმენტაციის დახვეწამ საშუალება მოგვცა, ბადურა გარსზე ვაწარმოოთ უნაკერო ოპერაციები. ეს გამოგონება ბადურას თანამედროვე ქირურგიაში რევოლუციურ ინოვაციად ითვლება. მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე ვიტრეორეტინულ ქირურგიაში დანერგილი ბადურას უნაკერო ოპერაციები პოსტსაბჭოთა სივრცეში - სულ რამდენიმე, ხოლო საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ხორციელდება.

- ჩვენ ვსაუბრობთ თვალის ბადურა გარსის პათოლოგიებზე, მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე. ალბათ ეს ყველაფერი დიდ დანახარჯს მოითხოვს. ანაზღაურებს თუ არა სადაზღვევო პაკეტები ამ დაავადებებს და რამდენად ხელმისაწვდომია ჩვენი მოსახლეობისთვის მათი მკურნალობა?

- ცხადია, ასეთი სახის დიაგნოსტიკური თუ ქირურგიული მომსახურება დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. სადაზღვევო მომსახურება აქტიურად შემოიჭრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მრავალი კლინიკა, მათ შორის ჩვენიც, აქტიურად თანამშრომლობს თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიასთან. საბედნიეროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ უნაზღაურებენ სადაზღვევო კომპანიები, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს, დროულად მიმართოს ექიმს, ხოლო ჩვენ - ადრეულ ეტაპზევე მოვახდინოთ დაავადებათა დიაგნოსტიკა და დროულად ჩავატაროთ შესაბამისი მკურნალობა.