გლაუკომა

გლაუკომა თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც თვალშიგა წნევის პერიოდული ან მუდმივი მატება ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება მხედველობის ნერვის ბოჭკოები, ვითარდება ოპტიკური ნეიროპათია, რაც მხედველობის ფუნქციათა დარღვევას იწვევს.
გლაუკომა თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. შეძენილი ფორმა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ხანშიშესულ ადამიანებს უდასტურდებათ.
თუ ახალშობილებს შორის თანდაყოლილი გლაუკომა ყოველ 10-20 ათასზე 1-2-ს შეადგენს, 40-45 წლის ასაკში პირველადი გლაუკომა უკვე მოსახლეობის 0,1%-ს აღენიშნება, 50-60 წლის ასაკში - 1,5%-ს, 75 წელს გადაცილებულთაგან კი 3%-ია დაავადებული.
დაავადების მიზეზები
გლაუკომა მულტიფაქტორული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარებისთვის მრავალი ფაქტორის ერთობლიობაა საჭირო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მემკვიდრეობა, თვალის აღნაგობის ინდივიდუალური თავისებურებანი და ანომალიები, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემათა პათოლოგიები.
ჯანმრთელ თვალში თვალშიგა წნევის მაჩვენებელი სითხის ნორმალური ცირკულაციის წყალობით მუდმივია. როდესაც დაბალანსებულია თვალის კაკალში სითხის მიდინება და გადინება, იგი 18-22 მმ ვწყ. სვ-ს შეადგენს. გლაუკომის დროს სწორედ ეს ბალანსი ირღვევა და თვალის კაკალში ჭარბი სითხე გროვდება. შედეგად იზრდება თვალშიგა წნევა, რის გამოც მხედველობის ნერვი და თვალის სხვა სტრუქტურები დამატებით დატვირთვას განიცდიან. ირღვევა თვალის სისხლმომარაგება. თვალის ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გართულება მხედველობის ნერვის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში თავდაპირველად ჰიპოქსიას (ჟანგბადის უკმარისობას) და იშემიას იწვევს, მოგვიანებით კი კომპრესიას (თვალის კაკლიდან გამომავალი მხედველობის ნერვის ბოჭკოებზე ზეწოლას), რასაც ნერვის დისტროფია (კვების მოშლა) მოჰყვება. ვითარდება გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათია, რასაც მხედველობის ნერვის თანდათანობითი კვდომა და მხედველობის დაკარგვა მოსდევს.
ნერვის ბოჭკოები თანდათანობით ზიანდება. ამის კვალდაკვალ ბოჭკოთა ნაწილი პარაბიოზის - ერთგვარი ძილის - მდგომარეობაში გადადის. მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობით შესაძლებელია მათი გააქტიურება, ამიტომ გლაუკომის მკურნალობისას მხედველობის აღდგენის ალბათობა სწორედ მხედველობის ნერვის გადარჩენილ ოპტიკურ ბოჭკოთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.
დაავადების ფორმები
წარმოშობის კვალობაზე განასხვავებენ გლაუკომის რამდენიმე ფორმას: თანდაყოლილს, იუვენილურს ანუ ახალგაზრდულს, მოზრდილთა პირველადს და მოზრდილთა მეორეულს.
თანდაყოლილი გლაუკომა გენეტიკურად არის დეტერმინებული და გამოწვეულია ნაყოფის დაზიანებით ემბრიონული განვითარების პერიოდში ან მშობიარობის დროს. დაავადება თავს იჩენს სიცოცხლის პირველსავე კვირებში, თუმცა გამორიცხული არ არის, რამდენიმე წლის შემდეგაც გამოვლინდეს. ეს საკმაოდ იშვიათი ფორმაა. მისი გამოწვევა შეუძლია დედის მიერ ორსულობისას გადატანილ ინფექციურ დაავადებებს: წითელას, ყბაყურას, პოლიომიელიტს, ტიფს, ათაშანგს, ასევე - თირეოტოქსიკოზს, მექანიკურ ტრავმას, მოწამვლას, მაიონიზებელ გამოსხივებას და ავიტამინოზს.
თანდაყოლილ გლაუკომას სამედიცინო ლიტერატურაში ჰიდროფთალმს - თვალის წყალმანკსაც უწოდებენ. ამ დროს ახალშობილს თვალშიგა წნევის მატების პარალელურად აღენიშნება რქოვანას ორმხრივი გადიდება და ზოგჯერ თვალის კაკლის ჰიპერტროფიაც.
იუვენილური ფორმა 3 წლის შემდეგ ვითარდება. მისი ასაკობრივი ზღვარი 35 წელია.
მოზრდილთა პირველადი გლაუკომა გლაუკომის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც თვალში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებებით არის განპირობებული.
მოზრდილთა მეორეული გლაუკომა თვალის ან რომელიმე ისეთი ორგანოს/ორგანოთა სისტემის დაავადებით არის განპირობებული, რომელიც თვალშიგა წნევის ნორმალიზებაში მონაწილეობს.
გლაუკომის განვითარებაში განარჩევენ 3 ფაზას: წინარეს - პრეგლაუკომას, მწვავეს - გლაუკომის მწვავე შეტევას - და ქრონიკულს. პრეგლაუკომის დროს ადამიანს დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს, მაგრამ თვალის გამოკვლევისას უვლინდება საწყისი პათოლოგიური პროცესები, უჩივის მცირე მხედველობით დისკომფორტს ემოციური აგზნებისას ან გადაღლისას.
მწვავე შეტევა თვალშიგა წნევის მკვეთრი და უეცარი მატების შედეგია, რომელიც არღვევს თვალის სისხლმომარაგებას და იწვევს მხედველობის შეუქცევად დარღვევას. იგი იწყება ისეთ მაპროვოცირებელ ფაქტორთა გავლენით, როგორიც არის ნერვული გადაღლა, გადაქანცვა, სიბნელეში დიდხანს ყოფნა, გუგის მედიკამენტით გაფართოება, თავდახრილი ხანგრძლივი შრომა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ზოგჯერ შეტევა ერთი შეხედვით უმიზეზოდაც იწყება. შეტევისას თვალი წითლდება, წარბები და ქუთუთოები შუპდება, რქოვანა იმღვრევა, გუგა ფართოვდება, არანორმალურ ფორმას იღებს და წითელ ან მოცისფრო ფერს დაიკრავს. ამ დროს იგი სინათლეზე არ რეაგირებს. თვალშიგა წნევის მაჩვენებელი 60-80 მმ ვწყ.სვ-ს აღწევს. მხედველობა მკვეთრად ქვეითდება.
ხელით შეხებისას თვალი ქვასავით მაგარია, რადგან თვალშიგა წნევის გადინება აბსოლუტურად შეწყვეტილია. პაციენტები უჩივიან თვალისა და თავის შესაბამისი ნახევრის ტკივილს (განსაკუთრებით - კეფის არეში), ზოგად სისუსტეს, მხედველობის დაბინდვას, სინათლის წყაროს შეხედვისას მხედველობის არეში ცისარტყელას რგოლების გაჩენას. ძლიერი შეტევისას მოსალოდნელია გულისრევის შეგრძნება და ღებინება, გულსა და მუცლის არეში გადამცემი ტკივილი, რაც გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიის იმიტაციას იძლევა.
გლაუკომის შეტევა ხშირად ერევათ შაკიკში, ჰიპერტონიულ კრიზსა და ინტოქსიკაციაში. შეტევისას აუცილებელია ოფთალმოლოგის დაუყოვნებელი ჩარევა - თვალშიგა წნევა რამდენიმე საათში თუ არ დაუბრუნდა ნორმას, შესაძლოა, ეს პაციენტს მხედველობის შეუქცევად დაკარგვად დაუჯდეს.