სუნთქვის სიხშირე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

სუნთქვის სიხშირე

სუნთქვის სიხშირე

ვიდრე უშუალოდ სუნთქვის სიხშირესა და მის თავისებურებებს შევეხებოდეთ, შეგახსენებთ, რომ სუნთქვა აირთა ცვლის ფიზიოლოგიური პროცესია. ფილტვისმიერი სუნთქვა ალვეოლების ჰაერიდან სისხლის მიერ ჟანგბადის ათვისება და ალვეოლებში ნახშირორჟანგის (და წყლის) გაცემაა, ქსოვილოვანი ანუ შინაგანი სუნთქვა კი ქსოვილების მიერ სისხლიდან ჟანგბადის შეთვისება და მასში ნახშირორჟანგის გამოყოფა. ფილტვების ვენტილაცია (ანუ გარეგანი სუნთქვა) გარემოსა (ატმოსფეროსა) და ალვეოლებს შორის ჰაერის გაცვლა-გამოცვლაა.

ვენტილაციის მექანიზმს საფუძვლად უდევს სუნთქვითი აქტი, რომელიც ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისგან შედგება. იგი გულმკერდის ყაფაზის რიტმული მოძრაობებით, გაგანიერებითა და დაშვებით (დაწევით) ხორციელდება. ჩასუნთქვისას სასუნთქი კუნთები აქტიურად

მუშაობენ. ეს სუნთქვის აქტიური ფაზაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემიდან წამოსულ იმპულსს მოჰყვება. გულმკერდის ყაფაზის მოცულობის გადიდებას მისი ღრუსა და პასიურად ფილტვების მოცულობის მომატებაც მოჰყვება. ამ დროს ალვეოლური წნევა იკლებს, ამიტომაც ატმოსფეროს ჰაერი ალვეოლებში შედის. ამოსუნთქვა პასიურად ხდება სასუნთქი კუნთების მოდუნებისა და გულმკერდის ყაფაზის დაშვების შედეგად.
ალვეოლების ელასტიკური ქსოვილი, რომელიც ჩასუნთქვისას დაჭიმული იყო, ამოსუნთქვის დროს ეშვება. ამ დროს ალვეოლებში ჰაერის წნევა ატმოსფეროსას სჭარბობს და ჰაერი გარეთ გამოდის.

სუნთქვის სიხშირე

ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში 44-ია, 6 წლის ბავშვისა - 26, 15-25 წლის ახალგაზრდისა კი - 18-20. სუნთქვის სიხშირე მაჯისცემასთან ასეთ თანაფარდობაშია - 1:4. ქალის სუნთქვა უფრო ხშირია. სუნთქვის სიხშირე იმატებს წამოდგომის, მოძრაობის, ჭამის, აღელვების, გარემოს ტემპერატურის აწევის შედეგად. სუნთქვის სიხშირეს შემდეგნაირად იკვლევენ: პაციენტს მარცხენა ხელისგულს ადებენ გულმკერდის ზედა ნაწილზე (ქალებს) ან გულმკერდისა და მუცლის შუაში (მამაკაცებს), მეორე ხელს მაჯას წაავლებენ ხოლმე, თითქოს პულსის დათვლა სურთ (ავადმყოფს ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებენ, რომ არ მოხდეს სუნთქვის ნებითი შეცვლა), სინამდვილეში კი აკვირდებიან და ითვლიან გულმკერდის აწევა-დაშვების (ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის) რაოდენობას წუთში, რაც ნორმაში 16-18-ს უნდა უდრიდეს. პათოლოგიაში სუნთქვა შეიძლება გაიშვიათდეს ან გახშირდეს. გაიშვიათება (ბერძნ. ბრადიპნოე) შეიძლება განვითარდეს შხამიანი ნივთიერებების მოქმედების (მოწამვლის, თირკმლის ფუნქციის უკმარისობის, დიაბეტური ან ღვიძლის კომის დროს) ან ქალასშიგა წნევის მომატების (ტვინის სიმსივნე, სისხლის ჩაქცევა) შედეგად. ბრადიპნოესგან განასხვავებენ ოლიგოპნოეს, რომელიც სუნთქვის წუთმოცულობის შემცირებას წარმოადგენს. სუნთქვის გახშირება (ბერძნ. ტაქიპნოე) სისხლში ჟანგბადის უკმარისობისა და ნახშირორჟანგის დაგროვების შედეგად ვითარდება. ფიზიოლოგიურად იგი ფიზიკური შრომისა (დაქანცვის) და ემოციების შემთხვევაში აღინიშნება, პათოლოგიაში კი:

  • სუნთქვიდან ფილტვის სასუნთქი ზედაპირის დიდი ნაწილის გამოთიშვისას;
  • სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოების დაავადებებისას;
  • ძლიერი სისხლნაკლებობისას;
  • ცხელებითი მდგომარეობისას;
  • ძლიერი ტკივილისას (ღრმად ჩასუნთქვის შეუძლებლობის გამო ავადმყოფი იძულებულია, ზერელედ ისუნთქოს);
  • ისტერიისას (სუნთქვა ხშირდება წუთში 60-80-მდე და მეძებარი ძაღლის სუნთქვას ჰგავს).

ტაქიპნოესგან განსხვავებით, პოლიპნოე სუნთქვის წუთმოცულობის მომატებაა. სუნთქვა შეიძლება გაღრმავდეს ქოშინის დროს. განსაკუთრებით ღრმაა კუსმაულის დიდი სუნთქვა. ამ დროს აღინიშნება დიდი ამპლიტუდის სუნთქვითი მოძრაობები (მაგალითად, ღრმა დიაბეტური კომის შემთხვევაში). სუნთქვის დათვლით ან დახედვით შეიძლება სუნთქვის ტიპის განსა-ზღვრა და რიტმის დარღვევის დადგენა. ქალებს გულმკერდის ტიპის სუნთქვა აქვთ, მამაკაცებს - მუცლის ანუ დიაფრაგმული ტიპის. გვხვდება შერეული ტიპის სუნთქვაც. პათოლოგიის შემთხვევაში სუნთქვის ტიპი შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, მუცლის ფარის გაღიზიანების ან დაზიანების (პერიტონიტი, აპენდიციტი და სხვა) დროს მუცლის ტიპის სუნთქვა გულმკე-რდის ტიპის სუნთქვად გარდაიქმნება, ხოლო პლევრისა და ფილტვების დაზიანების (პნევმონია, ტუბერკულოზი, პლევრული შეხორცებები, ნეკნთაშუა ნევრალგია) დროს - პირიქით, რაც დაზიანებული ორგანოს დაზოგვით აიხსნება.

სუნთქვის რიტმის დარღვევის სახეებია:

  • ბიოტის სუნთქვა - ცვალებადია სუნთქვის ამპლიტუდები, სიხშირე და აპნოეს პერიოდები. აღინიშნება თავის ტვინის დაავადებების (მენინგიტის და სხვა) დროს  და მძიმე მდგომარეობის ნიშანია.
  • ჩეინ-სტოქსის სუნთქვა - სუნთქვითი მოძრაობის სიღრმე თანდათანობით იმატებს, მაქსიმუმს აღწევს, შემდეგ თანდათა-ნობით მინიმუმამდე იკლებს და რამდენიმეწამიან პაუზამდეც კი ქვეითდება. ავადმყოფმა შესაძლოა გონიც კი დაკარგოს. სუსტად გამოხატული ასეთი სუნთქვა ჯანმრთელებს ძილის დროს აღენიშნებათ, პათოლოგიის შემთხვევაში კი ის სერიოზული, ზოგჯერ მძიმე პროგნოზის მაჩვენებლია. გვხვდება გულის დეკომპენსაციის მძიმე სტადიაში, თავის ტვინის დაავადებათა დროს (სიმსივნე, აბსცესი და სხვა), მოწამვლისას.
  • გროკოს სუნთქვა - სასუნთქი კუნთების მუშაობის დისოციაციის შედეგია. დიაფრაგმა ჩასუნთქვას ახდენს, ნეკნთაშუა კუნთები კი - ამოსუნთქვას, ამიტომ გულ-მკერდის ქვედა ნაწილი ფართოვდება, ზედა ნაწილი ჩაიდრიკება და პირიქით. ასეთი სუნთქვა უმძიმესი სიმპტომია და აღინიშნება თავის ტვინისა და მისი გარსების დაავადებათა, აგრეთვე - მძიმე ინტოქსიკაციების დროს.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ზოგიერთ პაციენტს აწუხებს ხველა არა რამდენიმე დღის, არამედ თვეების და წლების მანძილზე.
გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევისას ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს ფილტვის სურათის გაძლიერება.
გთავაზობთ 4 ეფექტურ საშუალებას, თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხდებით, 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს.
პირის ღრუს ჰიგიენას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კბილების, არამედ ფილტვების ჯანმრთელობისთვისაც
ვიდეო დაგეხმარებათ პნევმონიის არსის გაგებაში და მისგან განკურნების მართვაში.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად