როდის სკდება ფილტვისა და ბრონქის ქსოვილი
რა კლინიკური ნიშნები იჩენს თავს ამ დროს და როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას, ამის შესახებ თორაკოაბდომინური კლინიკის გულმკერდის ქირურგი კობა კობიძე გვესაუბრება.
- ბატონო კობა, როდის არის მოსალოდნელი ფილტვის გახეთქვა?
- გულმკერდის ჩვეულებრივი ტრავმის დროს ფილტვის გახეთქვა იშვიათია. პლევრა და ფილტვი უმეტესად სკდება ნეკნების მოტეხილობის დროს. თვით ნეკნების მოტეხილობა, რომელიც ფილტვის ჭრილობას იწვევს, ჩვეულებრივ მძიმე ტრავმის - საავტომობილო კატასტროფის, სიმაღლიდან ვარდნის - შედეგია.
- მძიმე მდგომარეობაა ეს?
- მდგომარეობის სიმძიმე ჭრილობის სიღრმესა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტად არის დაშორებული ჭრილობა ფილტვის ფესვს (ფილტვის პარენქიმის პერიფერიული ჭრილობა), მით უფრო მსუბუქია კლინიკური სურათი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ფილტვის პერიფერიულ უბნებზე ზიანდება მხოლოდ წვრილი ბრონქები და სისხლძარღვები, ასეთ ტრავმას კი, წესისამებრ, არ მოჰყვება კარდიოპულმონური სისტემის მძიმე მოშლილობა. ამის საპირისპიროდ, ფესვის არეში ფილტვის პარენქიმის ჭრილობას მძიმე კლინიკური გამოვლინება ახასიათებს.
- სახელდობრ, როგორი?
- სისხლიანი ხველა ფილტვის დაზიანებაზე მიუთითებს. ფილტვის ჭრილობის დროს ვითარდება ჰემოპნევმოთორაქსი. პერკუსია და აუსკულტაცია ამ ვარაუდს ადასტურებს. კლინიკური სურათი დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე - ფილტვის პარენქიმის დაზიანების ლოკალიზაციასა და სიღრმეზე. ავადმყოფი წრიალებს, სუნთქვისას ზოგავს გულმკერდის დაზიანებულ მხარეს, პულსი გახშირებულია, ხველა - მტანჯველი და ტკივილიანი, სისხლიანი გამონაყოფით, ვითარდება ციანოზი, მკვეთრი ქოშინი და კანქვეშა ემფიზემა. ყოველივე ეს ფილტვის პარენქიმის დაზიანებაზე მიუთითებს.
უახლოესი ორი საათის განმავლობაში სურათის დინამიკაზე დაკვირვება ექიმს საშუალებას აძლევს, განსაზღვროს დაზიანების ხარისხი და ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა.
აფეთქების ტალღით გამოწვეული ფილტვის დაზიანებისას სხვადასხვა სიმძიმის კლინიკური სურათის ჩამოყალიბებაა მოსალოდნელი. ის დამოკიდებულია აფეთქების ცენტრამდე არსებულ მანძილზე, აფეთქების ინტენსივობასა და სხვა ფაქტორებზე.
საშუალო სიმძიმის დაზიანებისას უშუალოდ ტრავმის შემდეგ მოსალოდნელია ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა, რაც აფეთქების ტალღის თავის ტვინზე ზემოქმედებით არის გამოწვეული. დაშავებული, მას შემდეგ, რაც გონს მოვა, უჩივის სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის არეში ზომიერ ტკივილს, ყურებში ხმაურს, სისხლიან ხველას, ცხვირიდან და ყურებიდან სისხლდენას. ზოგჯერ აღინიშნება სუნთქვის უკმარისობის ნიშნები: ქოშინი, ციანოზი; ცხვირ-პირიდან შეიძლება გადმოდიოდეს სისხლით შეფერილი ქაფისებური სითხე; პულსი გახშირებულია, არტერიული წნევა - რამდენადმე დაქვეითებული. გულმკერდის დათვალიერებისას დაზიანება შესაძლოა ვერც შევნიშნოთ.
ფილტვების გამოკვლევისას მიღებული ფიზიკალური მონაცემები, ჩვეულებრივ, მწირია და არ შეესაბამება სუბიექტურ მოშლილობებსა და ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვან დარღვევებს. ჩვეულებრივ, ისმინება მხოლოდ გაფანტული, სველი ხიხინი. მძიმე შემთხვევებში აღინიშნება პნევმოთორაქსი ან ჰემოთორაქსი.
- როგორია ასეთ დროს გადაუდებელი დახმარების ტაქტიკა?
- თუ პაციენტს ფილტვის პარენქიმა პერიფერიულ წილებში აქვს დაზიანებული, კონსერვატიული მკურნალობა უმეტესად შესაძლებელია. ხშირად ტარდება პლევრის ღრუს დრენირება და ზოგადი ინტენსიური თერაპია. თუ, მიუხედავად მედიკამენტური ღონისძიებებისა, მდგომარეობა დამძიმდა (გაძლიერდა ქოშინი, გარეგანი სისხლდენა, განვითარდა ციანოზი), დაისმის ფილტვის დაზიანებულ პარენქიმაზე ოპერაციული ჩარევის საკითხი. ქირურგმა, ვიდრე ამა თუ იმ ქირურგიული ღონისძიების გატარებას გადაწყვეტს, გულდასმით უნდა გააანალიზოს შემდეგი მომენტები:
- ფილტვის პარენქიმის ჭრილობის ლოკალიზაცია (პერიფერიულად მდებარეობს თუ ფილტვის ფუძესთან ახლოს);
- ჭრილობის სიმძიმე (ზედაპირულია თუ ღრმა);
- სისხლდენისა და ბრონქის ჭრილობის ხასიათი;
- გართულება პლევრისა და ფილტვის მხრივ (პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი და განგრენა).
თავისთავად ცხადია, ქირურგიული ჩარევის ხასიათისა და მოცულობის შერჩევისას გადამწყვეტია საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე პაციენტის ორგანიზმის მდგომარეობა. ფილტვის ჭრილობის ოპერაციის შემდეგ პლევრის ღრუში 24-48 საათით იდგმება დრენაჟი და ტარდება ზოგადი მკურნალობა, მათ შორის - ანტიბიოტიკოთერაპია.
ექიმი ყურადღებით აკვირდება ავადმყოფის მდგომარეობას: ტემპერატურას, პულსს, პერკუტორულ და აუსკულტაციურ მონაცემებს. პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში გვეხმარება რენტგენოლოგიური კვლევაც.
- როგორია კლინიკური სურათი ბრონქის გახეთქვის დროს?
- მსხვილი ბრონქების გახეთქვისას დროული დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამაზეა დამოკიდებული ფილტვის ბედი და ზოგჯერ ავადმყოფის სიცოცხლეც. ბრონქის გახეთქვისას შეინიშნება ხრტილის მთლიანობის დარღვევა. თავად ბრონქის დაზიანების კლინიკური სურათი შეიძლება იყოს ძალიან მწირი. მხოლოდ ტრავმის მწვავე პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ვიეჭვოთ ბრონქის დაზიანება ფილტვის მყარი ატელექტაზის გამო. ტრავმის შემდეგ კლინიკურ სურათში დომინირებს შუასაყრის მკვეთრად მზარდი ემფიზემა, რომელიც ვრცელდება კისრის, თავის და ხერხემლის მთელი ზედა ნახევრის კანქვეშ, ანდა ვითარდება სარქვლოვანი პნევმოთორაქსი. ხშირად ორივე გართულება ერთდროულად შეინიშნება. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად და პროგრესულად უარესდება სუნთქვის უკმარისობის, შუასაყრის სისხლძარღვებზე ზეწოლის, გულის გადანაცვლების და სხვა მიზეზთა გამო.
მსხვილი ბრონქების გახეთქვისას, როგორც ადრეულ, ისე მოგვიანებით პერიოდში, დიაგნოზის დასადგენად მეტად მნიშვნელოვან მონაცემებს გვაწვდის ბრონქოსკოპიული გამოკვლევა. ის საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავადგინოთ დაზიანების ხასიათი და ლოკალიზაცია.
- როგორია მკურნალობის ტაქტიკა?
- დახურული ტრავმის დროს, რომელიც მსხვილი ბრონქული ღეროს დაზიანებასთან არის დაკავშირებული, პირველ საათებში მკურნალობა მიმართული უნდა იყოს მედიასტინალური ემფიზემისა და სარქვლოვანი პნევმოთორაქსის კუპირებისკენ, რადგან ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია. საჭიროა პლევრის ღრუს დრენირება. პნევმოთორაქსის დროს პლევრის ღრუს დრენირების შემდეგ შუასაყრის ემფიზემა ხშირად ნელ-ნელა მცირდება. პარალელურად უნდა განხორციელდეს სათანადო სამკურნალო ღონისძიებები.
რენტგენოლოგიური და ბრონქოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, რომელიც ადასტურებს ბრონქის გახეთქვის დიაგნოზს, ზოგადი გაუტკივარების თანხლებით იკერება დეფექტი, ხდება პლევრის ღრუს დრენირება.