რჩევები ბრონქიტით დაავადებულებს
.
- სვით ბალახებისგან დამზადებული ნაყენები. ისინი ნაცადი და საიმედო, ამასთანავე, სრულიად უსაფრთხო საშულებები გახლავთ.მიირთვით ქათმის ნახარშები და ბულიონები, აუცილებლად ჩაამატეთ ბულიონში ცხარე სანელებლები - პილპილი, ნიორი, წითელი წიწაკა და დარიჩინი. ამგვარად შენელებული ბულიონი ერთიათად აძლიერებს ბრონქებიდან ლორწოს გაწოვასა და ამოხველებას.
- ნურც სავლებ საშუალებებსა და პროცედურებს დაივიწყებთ. გთავაზობთ ერთ რეცეპტს: ჭიქა წყალი დაასხით ს/კ პირშუშხას და ს/კ ნატურალურ თაფლს. კარგად მოურიეთ და ყელში გამოივლეთ, შემდეგ კი ჩაყლაპეთ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ. შესაძლოა, ის არც ისე სასიამოვნო გეჩვენოთ, მაგრამ ეფექტი ნამდვილად ექნება: ცხარე სანელებლები ნაწილობრივ ილექება ყელში და ბრონქულ მილებში წყლის სეკრეციას ასტიმულირებს, რაც საბოლოოდ ლორწოს გათხელებას უწყობს ხელს.
- ოთახი დღეში ორჯერ გაანიავეთ, რათა ამოხველებული მიკრობებით გაჯერებული ჰაერი გაიწმინდოს.
ანტიბიოტიკებთან სიფრთხილეს გირჩევთ
ბრონქიტის პირველივე სიმპტომების შემჩნევისას ანტიბიოტიკებს ნუ მივარდებით. ბრონქიტს, ჩვეულებრივ, ვირუსული ინფექცია იწვევს, ანტიბიოტიკები კი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ არის ეფექტიანი. საჭიროების გარეშე მიღებულ ანტიბიოტიკს კი ზიანი უფრო მოაქვს, ვიდრე სარგებლობა. ამ დროს ყველაზე მეტი ზიანი სასუნთქ გზებში მობინადრე სასარგებლო ბაქტერიებს ადგებათ. გახსოვდეთ: ბრონქიტისას ანტიბიოტიკების დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გზა აღარ რჩება, როცა მკურნალობის ყველა მეთოდი ამოწურულია, დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები კი არ ქრება.
მედიკამენტური უსაფრთხოება
თავი არიდეთ ხველის საწინააღმდეგო წამლებს. ხველა ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი მექანიზია, სწორედ მისი მეშვეობით თავისუფლდება სასუნთქი გზები ლორწოსა და ნახველისგან. როცა ავადმყოფი ხველის დამთრგუნველ აბებს იღებს, ორგანიზმის დამცავი ფუნქცია ითრგუნება, რაც გამოჯანმრთელებას აგვიანებს.
დაავადება ქრონიკულ ფორმაში რომ არ გადაიზარდოს
თუ ბრონქიტი ერთხელ დაგემართათ, დიდია ალბათობა, კვლავ დაავადდეთ. მწვავე ბრონქიტი ქრონიკულში რომ არ გადაიზარდოს:
- ყოველდღიურად მიირთვით ნიორი და ცხარე სანელებლები. თუ მათი სუნი არ გსიამოვნებთ, შეგიძლიათ ნივრის აბები დალიოთ.
- აკეთეთ ვარჯიშები ფილტვებისა და გულმკერდის კუნთების მოსამაგრებლად. იცურეთ, იარეთ, ირბინეთ. ამ დროს ძლიერდება სასუნთქი კუნთების შეკუმშვის ძალა, რაც ლორწოს ცირკულაციას აადვილებს. ჩაიტარეთ სუნთქვითი ვარჯიშები იოგასა და ტაი-ჩის პრინციპით, რომლებიც ფილტვების ვენტილაციურ ფუნქციას აძლიერებს.
- ნუ მოსწევთ. მწეველებს მწვავე ფორმა განსაკუთრებით ადვილად გადასდით ქრონიკულში.
- მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული. მათში უხვად არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც ფილტვებისთვის დამცავ ბარიერს ქმნის და, ამასთანავე, აფერხებს საკმაოდ ბევრი დაავადების, მათ შორის - ბრონქიტის განვითარებას.
ბრონქიტით დაავადებულ პატარებს მიეცით რაც შეიძლება მეტი სითხე - ის ათხელებს ლორწოს და აადვილებს ამოხველებას, არბილებს ყელის ლორწოვან გარსს, რომელსაც ხველა ძლიერ აზიანებს. 8 წლის ასაკიდან ბავშვმა დღეში ლიტრამდე სითხე მაინც უნდა მიიღოს. ბრონქიტით დაავადებული ბავშვის ოთახში გაზარდეთ ტენიანობა. ტენიანი ჰაერი არბილებს ბრონქების გაღიზიანებულ მემბრანებს. ამისთვის ბავშვის დაწოლამდე ნახევარი საათით ადრე დახურეთ პატარას საძინებლის კარი და ჩართეთ ჰაერის დამატენიანებელი სპეციალური ხელსაწყო. ხელსაწყო დილამდე ჩართული დატოვეთ. ის ოთახის ჰაერში ტენიანობას 70%-მდე გაზრდის. თუ ასეთი ხელსაწყო არ გაქვთ, შეგიძლიათ, გამათბობელ ბატარეაზე სველი პირსახოცი გადაფინოთ. ნურავის მისცემთ შინ თამბაქოს მოწევის უფლებას - მისი კვამლი ძლიერ აღიზიანებს ბრონქებს.
დატვირთეთ ბავშვის მენიუ წვნიანი კერძებით, განსაკუთრებით კი - უკვე ნახსენები ქათმის ცხელი ბულიონით, რომელიც ყველა სხვა საშუალებაზე უკეთ ათხიერებს ლორწოს და აადვილებს ბრონქებიდან მის გამოდევნას.